საწვავის გაძვირებამ გარკვეული ასახვა უკვე მოახდინა ბიზნესის იმ სფეროზე, რომელიც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ნავთობპროდუქტებზე. ასეთი, პირველ რიგში, გადაზიდვა და დისტრიბუციაა. ორივე დარგის წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ ახლო მომავალში ტარიფების გადახედვა გარდაუვალი გახდება.
საწვავის გაძვირების გამო, ზოგიერთი მიმართულებით უახლოეს პერიოდში საქალაქთაშორისო მგზავრობა გაძვირდება. ბაზარზე მომუშავე კომპანიების ნაწილი ფასის ზრდას ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის აანონსებს.
კომპანია „ომნიბუს ექსპრესის“ დირექტორი ირაკლი კაბულაშვილი აცხადებს, რომ თუ საწვავზე ფასი არსებულ ნიშნულზე შენარჩუნდა, მგზავრობის ტარიფი, საშუალოდ, 15-20%-ის ფარგლებში გაიზრდება.
„საწვავის გაძვირება იწვევს ლოგისტიკური ხარჯების გაზრდასაც, რაც გულისხმობს კომპანიისთვის ირიბი ხარჯების მატებას. ეს არის შეკეთება, ავტონაწილების იმპორტი, იგივე თანამშრომლების გადაადგილების ხარჯი, რაც ბუნებრივად იწვევს ჯამში ფასების დაკორექტირებას. თუ ფასი დაბლა არ წამოვიდა და თუნდაც ამ ნიშნულზე შენარჩუნდა, ჩვენ მოგვიწევს ტარიფების 15-20%-ით გაზრდა. საწვავის ფასმა ბოლო 1 თვის განმავლობაში ჩვენთვის მოიმატა 35%-ით, ამიტომ ამ ყველაფერს რომ გავუძლოთ, უბრალოდ, შეუძლებელია. ვფიქრობთ, რომ ეს ასახვა უკვე ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის გვექნება“, - განუცხადა „ბიემს“ კაბულაშვილმა.
ტარიფების გადახედვის მოთხოვნით ამ დრომდე არ მიუმართავთ მძღოლებს „დიდუბის ავტოსადგურისთვის“. ავტოსადგურის დირექტორი ნესტორ მიქატაძე აცხადებს, რომ საკითხი გათვალისწინებული მხოლოდ მათი მიმართვის შემთხვევაში იქნება.
ტარიფების ცვლილებას ადასტურებენ საერთაშორისო გადამზიდავებიც. ჩანს, საწვავის გაძვირება გლობალური მასშტაბითაც იწვევს პრობლემებს. როგორც „კაიროს ლოგისტიკის“ დირექტორმა მიხეილ ნამადოვმა განაცხადა, გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლებს მოლოდინი აქვთ, რომ მიმდინარე სეზონზე ტარიფები აიწევს. მართალია, აგვისტოს მეორე ნახევარში ფასები შედარებით შემცირებული იყო, თუმცა ამჟამად მატება უკვე დაწყებულია. მიზეზად გაზრდილი მოთხოვნა და საწვავის მაღალი ფასი სახელდება.
„საქართველოს პორტებში ტვირთბრუნვა კიდევ უფრო გაიზრდება, ვინაიდან არა მხოლოდ ამიერკავკასიის, ცენტრალური აზიის მიმართულებითაც, ქართული პორტები ერთ-ერთი წამყვანია მსოფლიო ბაზარზე. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩინეთიდან და ინდოეთიდან იმპორტიც უკვე თითქმის მთლიანად გადასულია საზღვაო გადაზიდვებზე“, - აღნიშნა ნამადოვმა საუბრისას.
რაც შეეხება შიდა დისტრიბუციას. ბიზნესის ერთი ნაწილი ცვლილებას უკვე ადასტურებს, რასაც დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია ჯერჯერობით ნაადრევად მიიჩნევს, მაგრამ იქვე იმასაც აღნიშნავს, რომ საწვავზე ფასების ზრდის ტენდენცია თუ შენარჩუნდება, გადაზიდვა გაძვირდება.
„საწვავის გაძვირების გამო ამ ეტაპზე ფასები გაზრდილი ნამდვილად არ არის, თუმცა ტენდენცია შემაშფოთებელია. ამ დროისთვის 15-17%-ით არის საწვავი გაძვირებული, რაც ნამდვილად უარყოფითად იმოქმედებს.
ველოდებით, რა ტენდენცია იქნება, თუ ადგილზე გაძვირდა პროდუქტები, იმ შემთხვევაში მოხდება ტრანსპორტირების ტარიფების გადახედვა. ამ დროისთვის გაძვირებას ვერ დავადასტურებ, ყოველ შემთხვევაში, ჯერ არ ასახულა. საწვავი არის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტრეტული დისტრიბუციისთვის და ფასი თუ მოიმატებს, იძულებული გახდებიან, გარკვეული კორექტირება მოახდინონ“, - აღნიშნა ჭყონიამ.
ჯერჯერობით ნავთობპროდუქტების ბაზარზე არასახარბიელო სიტუაციაა. გამორიცხული არ არის, საწვავი დაახლოებით კიდევ 20-25 თეთრით გაძვირდეს, თუკი მიწოდების იაფი წყარო სრულად დაიკეტება.