ხელისუფლების ერთი წელი

ხელისუფლების ერთი წელი

„ჩვენ გვინდოდა თავისუფლება, ეს იყო მუხტი, ამ მუხტმა იმუშავა და ჩვენ შედეგიც მივიღეთ“, - ეს ბიძინა ივანიშვილის შეფასებაა. საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნების“ გამარჯვებიდან და ახალი მთავრობის მოსვლიდან ერთი წლის შემდეგ For.ge-მ საზოგადოებასა და პოლიტოლოგებს ახალი მთავრობის საქმიანობის შეფასება სთხოვა.

ქუჩის გამოკითხვაში მოსახლეობამ ხელისუფლების ცვლილებით მიღებულ შედეგებზეც ისაუბრა.

ლია ტუღუში: „ცოტა ამოვისუნთქეთ, ცოტა მეტი თავისუფლებაა. ამ ერთი წლის ყველაზე დიდი მონაპოვარი მაინც იმედია. ძალიან მძიმე მდგომარეობაა ტერიტორიული მთლიანობის კუთხით. ვიცი, რომ ეს ერთ და ორ წელიწადში არ გამოსწორდება, მაგრამ დაწყებულია უკვე მოლაპრაკებები. იმედი მაქვს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა გამოსწორდება, ინვესტორები შემოვლენ. მომწონს მთავრობა და ამიტომაც ვარ იმედით“.

სალომე მოისწრაფიშვილი: „ამ ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებამ იმატა, შესაბამისად, ყველამ გამოთქვა თავისი ცუდი თუ კარგი მოსაზრება. ცუდი უფრო მეტი ითქვა, ალბათ, და რაც უარყოფითი იყო, ყველაფერი გამოაშკარავდა. გაჩნდა შეგრძნება, რომ ცუდ გარემოში ვცხოვრობთ, თუმცა ეს მანამდეც ასე იყო, უბრალოდ, ხელოვნურად იყო ყველაფერი შელამაზებული. შეიცვალა ის, რომ ვიტყვით რასაც გვინდა ქვეყნის პირველ პირებზე და ცემის, ან დაპატიმრების აღარ გვეშინია. ეს თავისუფლება დასაფასებელია. რაც შეეხება ეკონომიკას, ჩემი აზრით, ეკონომიკური აღმავლობა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს იყო, ხუხულა აღმოჩნდა, ზრდა დამოკიდებული იყო კონკრეტულ პირებზე და ის პირები რომ გამოიცვალნენ, ეს ზრდაც შეჩერდა. თუკი ასეთი ძლიერი ეკონომიკა იყო, ასე უცებ როგორ დაინგრა? ვფიქრობ, იგივე ეხება კრიმინალსაც - ხელოვნურად, შიშითა და ძალადობით იყო შეკავებული კრიმინალი და როგორც კი ის მეთოდები აღმოიფხვრა, კრიმინალმაც იმატა. თუმცა, ახალმა მთავრობამ ზომები უნდა მიიღოს და ეს პრობლემები აღმოფხვრას. ფაქტია, რომ ამ მთავრობისგან უფრო მეტს ველოდი. ერთი წელი არაა ცოტა დრო. ვფიქრობ, რომ კადრებს არ არჩევენ კარგად. სამთავრობო უწყებებში უფრო მეტი პროფესიონალი უნდა იყოს და არა მხოლოდ ზედა რგოლებში. პრემიერ-მინისტრს სჭირდება კარგი ე.წ. სპიჩ-მეიქერი და პოლიტიკური გამოცდილება“.

ჯიმი გოგლიძე: „ის რეპრესიები არ არის როგორიც სააკაშვილის დროს იყო. ცოტა პენსია მოუმატეს, ცოტა დაზღვევას მიხედეს. ამ ერთ წელიწადში, თანაც, კოაბიტაციით არაფერი არ გამოვიდოდა. ვნახოთ, ახლა ვინ მოვა პრეზიდენტი და, ალბათ, მერე უფრო გამოსწორდება მდგომარეობა. ნაციონალები ხელს უშლიან მთავრობას. ბიუჯეტი ცარიელი დატოვეს, ამას ხომ უნდა გათვალისწინება. ახალმა მთავრობამ მიწები დახნა, ყურძენი ჩაიბარა. კი, მეტს ველოდით, მაგრამ არჩევნების მერე უკეთესი ცხოვრება იქნება“.

ირინა ჩილაგაძე: „ჩემთვის არაფერი შეცვლილა. საყოველთაო დაზღვევას აქებს ბევრი, მაგრამ მე როგორც პენსიონერს, ისედაც მქონდა დაზღვევა. ბევრია უკმაყოფილო იმით, რომ სამსახურის შოვნა კიდევ უფრო გართულდა, ვიდრე ადრე. მე ასე მგონია, რომ ვინც მთავრობაში მიდის ივიწყებს დაპირებებს, ასე იქცევა ყველა მთავრობა“.

For.ge-სთან საუბარში პოლიტოლოგებმა გასული წელი შეაჯამეს. ნაწილი მიიჩნევს, რომ სამართლიანობის აღდგენა და დამნაშავე პირთა დასჯის პროცესი ასე არ უნდა გაწელილიყო, ნაწილის აზრით კი, ხელისუფლების შეცდომა ექსპრემიერ მერაბიშვილის დაკავება და ადგილობრივ ხელისუფლების საქმინობაში ჩარევაა. თუმცა, ექსპერტები ერთხმად თანხმდებიან, რომ საქართველოში დემოკრატიული ინსტუტიტები ჯერ კიდევ სუსტია.

ნიკა ჩიტიძე: „ახალი მთავრობის მიღწევებს თუ შევაფასებთ, ეს ალბათ, ჯანდაცვისა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას უკავშირდება. კერძოდ, პენსიის გაზრდა, საყოველთაო დაზღვევის პროგრამა, რომელიც მსოფლიოს ორასი ქვეყნიდან მხოლოდ 35-მდე ქვეყანაში მოქმედებს. ასევე ვიტყოდი განათლების სფეროში განხორციელებულ ცვლილებებს. უმაღლეს სასწავლებლებში თექვსმეტ სპეციალობაზე სწავლას სახელმწიფო აფინანსებს, დაახლოებით ხუთასი ათასი საჯარო სკოლის მოსწავლე კი უფასო სახელმძღვანელოს მიიღებს. გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა განათლებისა და ჯანდაცვის სფეროში.

საგარეო პოლიტიკაში არის საკმაოდ დიდი პრობლემები, ვგულისხმობ რუსეთის ქმედებებს. ვფიქრობ, მთავრობა დარწმუნდა, რომ რუსეთი ებრძვის არა სააკაშვილსა და შევარდნაძეს, არამედ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს. მიუხედავად იმისა, რომ ქართული პროდუქცია რუსულ ბაზარზე გავიდა.

ვითარება გააუარესა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის დაკავებამ, ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობაში ჩარევამ, ამ ყველაფერმა, გარკვეულწილად პრობლემები შექმნა საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე, მთავრობას რეკომენდაციები მისცა ევროკავშირმაც. ამას ართულებს 17 მაისის მოვლენებიც. ეს ყველაფერი დაკავშირებულია ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებასთან. აშკარად იკვეთება, რომ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა ჩარევის მცდელობა ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში. რიგ შემთხვევაში, ჩვენ ვერ წავიწიეთ წინ დემოკრატიის კუთხით, თუნდაც პენიტენციალურ სისტემაში. წინა ხელისუფლებამ დაუშვა შეცდომა და მოქმედებდა გარკვეული ადამიანების ჯგუფი, რომელიც შემდეგ ადამიანების წამებაში იქნენ მხილებულნი. თუმცა წამებაში მხილებული ადამიანების მიმართ საკმაოდ მსუბუქი სადამსჯელო ღონისძიებები გატარდა ამ ერთი წლის განმავლობაში. რაც შეეხება ეკონომიკას, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა იყო ნული პროცენტი. რბილად რომ ვთქვა, ეს არის ეკონომიკური ზრდის დაქვეითება. ასევე იკლო ინვესტიციების რაოდენობამაც“.

კახი კახიშვილი: „ყველაზე მნიშვნელოვანი რაც გაკეთდა არის ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ არის ხელისუფლებაში, რაც თავისთავად, უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. ის, რომ თავისუფლებაა და რეალურად მოქმედების საშუალება აქვთ ადამიანებს. მედიასივრცე გათავისუფლდა ზეგავლენისგან. სახელმწიფო ცდილობს ბიზნესმენებისათვის ხელის შეწყობას, ეს ფაქტია, მაგრამ ამავდროულად რჩება ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემები, მაგალითად, უმუშევრობა. თავისუფლება იგრძნობა, ქვეყანაში აღარ არსებობს იმის შიში, რომ აზრის გამოხატვის გამო ვინმე დაგხვდება და აგურს ჩაგარტყამს, თუმცა, ამავდროულად, არ აღდგა სამართლიანობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა. ცუდია, რომ ხელისუფლებამ ვერ გამონახა მექანიზმი, რომლითაც უპირველესად საზოგადოება მოიგებს. ძირითადად, ორიენტაცია გაკეთებულია იმაზე, თუ რას იტყვის საერთაშორისო საზოგადოება. რას იტყვის ჩვენი ხალხი, ეს დიდად არ აინტერესებთ.

სამართლიანობის აღდგენაში არ იგულისხმება მხოლოდ ვიღაცების დაკავება, აქ საუბარია კომპენსაციებზეც, რომელიც უნდა გაიცეს საზოგადოების იმ წევრებზე, რომლებიც ცხრაწლიანი რეჟიმის განმავლობაში იყვნენ დაზარალებულები, ქონების დაბრუნებაზე. ამავდროულად, პარლამენტმა ვერ მოახერხა ეფექტიანი საკანონმდებლო ბაზის შექმნა, ან თუნდაც კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების ნაწილობრივ მაინც გამოსწორება. ჩვენ არ გვაქვს მყარი დემოკრატიული ინსტიტუტები, რომელიც დაიმორჩილებს თანამდებობის პირებს. დღეს თანამდებობის პირები იმორჩილებენ სისტემას. მესმის, რომ ამ ერთ წელიწადში ყველაფერს ვერ გააკეთებდნენ, მაგრამ ვფიქრობ, ახალ მთავრობას მეტის გაკეთება შეეძლო.“