შეთახმების ამოწურვამდე 1 თვით ადრე, მთავრობამ მეხორბლეებისა და წისქვიკომბინატების პოზიცია გაითვალისწინა. ფქვილზე, ქერზე და უკვე ქატოზეც დამატებითი გადასახადი დადგინდა და ვადა 2024 წლის მარტამდე გახანგრძლივდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ფერმერებს, რომლებიც ჩართულნი არიან ხორბლის წარმოებაში, დაეხმაროს. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ მიმართულებით ბევრი მხარდამჭერი ღონისძიება განხორციელდა, თუმცა მთავრობა კიდევ დამატებითი ზომების მიღებაზე შეთანხმდა.
„მინდა ძალიან მოკლე ინფორმაცია მინდა გავაცნო საზოგადოებას, ხორბლის წარმოებაში ჩართულ ჩვენს მოქალაქეებს. ჩვენ კარგად ვიცით, რომ საკმაოდ შემცირებულია ფასები ხორბალზე. ეს არ არის ჩვენზე დამოკიდებული, ვინაიდან, ეს არის საერთაშორისო ბაზრებზე არსებული მდგომარეობის გამოძახილი. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფერმერებს, რომლებიც ჩართულნი არიან ხორბლის წარმოებაში, დავეხმაროთ. ჩვენ მანამდე უკვე გადავდგით კონკრეტული ეფექტური ნაბიჯები, 4000-მდე ფერმერს ჩვენ დავეხმარეთ შეღავათიანი აგროკრედიტით, დავუფინანსეთ საბრუნავი სახსრები და მივეცით სტიმული, მარცვლოვანი კულტურების წარმოება გაეზარდათ.
ასევე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფქვილის იმპორტზე დაწესებულიყო დამატებით საფასური, რამაც კონკურენტულ მდგომარეობაში ჩააყენა წისქვილკომბინატები საქართველოში. ამის შემდეგ მათ განახორციელეს ქართული ხორბლის შესყიდვა და პურის მწარმოებლებისთვის ისეთი პირობებით მიწოდება, რომ პური არ გაძვირდა. ფქვილის საფასურის დაწევის შემდეგ 35 000 ტონა ხორბალი მიიღეს ადგილობრივმა წისქვილკომბინატებმა. დროებითი ღონისძიებები განხორციელდა ღერღილი ხორბლის იმპორტის მიმართულებითაც. თუმცა მსოფლიო ბაზარზე ხორბალთან დაკავშირებული არასტაბილური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენ დამატებითი ზომების მიღებაზე შევთანხმდით. ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარებით ყველა ფერმერს. ასე რომ, მათ საფიქრალი და სანერვიულო არ ექნებათ“, - განაცხადა პრემიერმა.
ამ განცხადების შემდეგ მალევე სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მთავრობის დეტალები გაახმოვანა. ფქვილზე საიმპორტო საფასური გაზარდა, ქატოსა და ქერზე კი, ახალი საფასური დააწესა, 100 ლარის ოდენობით. გადაწყვეტილება მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი. რეგულაცია 2024 წლის 1-ელ მარტამდე იმოქმედებს.
„მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, ძალიან არასტანდარტული ვითარებაა შექმნილი ხორბლის ფასის ფორმირების და ლოჯისტიკის კუთხით. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, 250 ლარამდე გავზარდოთ ფქვილის იმპორტის საფასური. გარდა ამისა, სამწუხაროდ, წლევანდელმა წელმა სტიქიის და კლიმატური პირობების გათვალისწინებით შედარებით მეტია საფურაჟე ხორბალი. შესაბამისად, ამ კუთხითაც საჭიროა გარკვეული მექანიზმების შემუშავება და დღევანდელი გადაწყვეტილებით, ქერზე ასევე დაწესდება 100 ლარი დამატებითი იმპორტის საფასური და ასევე ქატოზე, რომელიც ხორბლის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტია. ქატოს შემთხვევაშიც 100 ლარით განისაზღვრება, რომელიც, ვფიქრობთ, ძალიან დაეხმარება ადგილობრივი ხორბლის მწარმოებლებს, ხორბლის რეალიზაციაში, იმ ფასად, რომ მათ მოახერხონ საქმიანობის გაგრძელება და ქვეყნის ეკონომიკაში იმ წვლილის შეტანა, რაც აქამდეც მზარდი ტენდენციით ხასიათდებოდა“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ თენგიზ ნასარიძემ.
შეგახსენებთ, 12 ივნისს საქართველოში ფქვილის იმპორტზე დროებით საიმპორტო საფასური დაწესდა, რომელიც ძალაში 5 თვე უნდა ყოფილიყო. აღნიშნული გადაწყვეტილებით ერთ ტონა ფქვილზე საიმპორტო გადასახადი 200 ლარით განისაზღვრა.
ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა მთავრობის გადაწვვეტილებით კმაყოფილი დარჩა. მის აზრით, ამით ბაზარზე არსებული პარამეტრები ქართულ რეალობასთან შესაბამისობაში მოვიდა.
„ამ გადაწყვეტილებით სისტემაში მოვიდა პარამეტრები, რომლებიც დღევანდელ რეალობას შეესაბამება საქართველოს ბაზარზე, რადგან მსოფლიო ბაზარზე ბოლო თვეებში ფასები გადალაგდა. ვგულისხმობ იმ პერიოდის შემდეგ დროს, როცა პირველი გადაწყვეტილება იქნა მიღებული და 200-ლარიანი საფასური დაწესდა. იქიდან გამომდინარე, რომ ფასები შეიცვალა და რუსულ ბაზარზე ნედლეულიც და უკვე პროდუქციაც ჭარბი მოსავლის პირობებში ძალიან გაიაფდა, ჩვენ ვერ ვიღებდით ადგილობრივი ფერმერებისგან პროდუქციას იმ ფასად, რაც მათ აკმაყოფილებდათ. რეალურად თვითღირებულებაზე ნაკლებად უხდებოდათ გაყიდვა. დღევანდელი გადაწყვეტილებით, ფაქტობრივად, პარამეტრები ნორმალიზდა რეალობასთან, იმისთვის, რომ კონკურენციის სწორი პირობები დარჩენილიყო იმპორტირებულ და ადგილობრივად გამოშვებულ ფქვილს შორის.
ის რომ, 1-ელ მარტამდე გაგრძელდა რეგულაცია, მისასალმებელია. ეს ბაზარს სტაბილურობას შესძენს. ჩვენც ვფიქრობთ, რომ კიდევ დიდი რყევები თუ იქნება ბაზარზე, არსებული მექანიზმი ძალიან მოქნილია იმისთვის რომ გარკვეული ცვლილებები შევიდეს“, - განაცხადა სილაგავამ „ბიზნესპრესნიუსთან“.
სილაგავამ განმარტა, თუ რატომ გახდა აუცილებელი ქატოზე საიმპორტო გადასახადის შემოღება.
„წისქვილი 2 პროდუქტს უშვებს, ფქვილსა და ქატოს. ბოლო პერიოდში, რუსული ქატო, რომელიც ადრე სრულად ირანს მიჰქონდა, არ გაიტანა და დიდი ოდენობით შემოვიდა საქართველოში, ამან ადგილობრივი წარმოება და ბაზარი ძალიან დააზიანა. სწორედ ამან განაპირობა აუცილებლობა, ქატოს იმპორტზეც დაწესებულიყო საფასური“, - უთხრა სილაგავამ „ბიზნესპრესნიუსს“.