აქვს თუ არა შანსი სამხრეთ კავკასიას?

აქვს თუ არა შანსი სამხრეთ კავკასიას?

აქვს თუ არა შანსი სამხრეთ კავკასიას? ვგულისხმობ, შანსს რეალური, და არა ყალბი დამოუკიდებლობისა და ღია საზოაგდოების ჩამოყალიბებისათვის?

ეს ბუნებრივი შეკითხვაა, როდესაც აზერბაიჯანსა (16 ოქტომბერი) და საქართველოში (27 ოქტომბერი) საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდება. სომხეთის ვითარება ოპტიმიზმის საფუძველს ნალებად გვაძლევს. ერევანმა საპრეზიდენტო არჩევნები თებერვალში ჩაატარა, და იმის დემონსტრირება მოახდინა, თუ როგორ მუშაობს ელექტორალური ავტორიტარიზმი, რომლის საკვანძო აქსიომაა „განუსაზღვრელი თამაშის წესები და წინასწარ განსაზღვრული შედეგი“. არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა სერჟ სარგისიანმა გაიმარჯვა, რაშიც ეჭვი, როგორც ჩანს არავის ეპარებოდა. რამდენიმე საპრეზიდენტო კანდიდატი რბოლას ჩამოშორდა, ერთი დამარცხდა, და 60%-იანმა გამარჯვებულმა საბჭოთა დრო მოგვაგონა. სომხეთი ასევე ლაკმუსის ქაღალდია, ერთგვარი ტესტი, რომელიც წარმოაჩენს მანევრების თავისუფლების იმ ხარისხს, რომელიც სამხრეთ კავკასიას გააჩნია. ერევანი უმალ დაისაჯა მისი ფლირტისათვის ევროკავშირთან: მოსკოვმა თავისი უკმაყოფილება იმით გამოხატა, რომ აზერბაიჯანი $4 მილიარდის ღირებულების სამხედრო ტექნიკით მოამარაგა.

შეცვლის თუ არა მოდელს ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები აზერბაიჯანსა და საქართველოში? საპრეზიდენტო არჩევენებს ამ ორი ქვეყნისთვის სხვადასხვა დატვირთვა აქვს. ალიევის მმართველობა უწყვეტია და ის სულთანიზმში გადადის. ალბათ, არც ღირს აზერბაიჯანის არჩევნების შესაძლო შედეგების განხილვა, რადგან ის წინასწარ ცნობილია. როგორც ჩანს, მხოლოდ იმაზე შეიძლება მსჯელობა, თუ რამდენად უფრო რეპრესიული იქნება იგივე სულთანის მმართველობა მისი ახალი ვადის პერიოდში.

საქართველოში, ერთი ეპოქის დასასრული და მეორეს დასაწყისი ჩანს. სააკაშვილის „ზევიდან“ მოდერნიზაციის ეპოქა და ღიად პრო-დასავლური ვექტორი დასრულდა. ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა მისი ყველაზე დიდი მემკვიდრეობაა. მაგრამ არ არსებობს იმის გარანტია, რომ ეს მემკვიდრეობა ახალ ტრადიციად იქცევა საქართველოში. დღეს არსებული ძალთა ბალანსი, და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, მოქმედი მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციაში (რაც მნიშვნელოვან პოლიტიკურ რესურსებს აქცევს პრემიერმინისტრის და მთავრობის ხელში) ახალ სახელისუფლებო მონოპოლიას ქმნის. ყველა შემთხვევაში, შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ პრეზიდენტი გახდება მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი გიორგი მარგველაშვილი, რომელიც დიდწილად დეკორაციად იქცა. ნამდვილი ძალაუფლება ბიძინა ივანიშვილს დარჩება. შეასრულებს ის სრულად თავის დანაპირებს და დატოვებს პოლიტიკას მას შემდეგ რაც სააკაშვილი გადადგება? ამაზე თავს არ დავდებდი. ყველა შემთხვევაში, საეჭვოა ქართული პოლიტიკა ღია საზოგადოების პარადიგმისკენ მიემართებოდეს.

წარმატებული იქნება თუ არა თბილისის და ბაქოს საგარეო პოლიტიკური პროექტი – კარგი ურთიერთიერთობები ერთდროულად დასავლეთთან და რუსეთთანაც? უახლესი ისტორია ცხადყოფს, რომ ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების ლიდერები საკმაოდ წარმატებულად აჭენებდნენ ერთდროულად ორ ცხენს სხვადასხვა მიმართულებით. ვგულისხმობ უკრაინის ყოფილ ლიდერ კუჩმას, საქართველოს შევარდნაძეს და მამა ალიევს. თუმცა, დუალიზმისა და გაურკვეველი ლოიალობის ეპოქა წარსულს ჩაბარდა. პირველ რიგში იმის გამო, რომ პარალიზებული ევროკავშირი ვერ გადასცემს ენერგიას მის აღმოსავლელ პარტნიორებს, ხოლო ობამას ამერიკა ვერ უძღვება დასავლეთს. მეორე მიზეზი კი ის არის, რომ პუტინის კრემლს ახალი საგარეოპოლიტიკური სტრატეგია აქვს – „ვინც ჩვენთან არ არის, ჩვენი მტერია“ და ღიად განაცხადა თავისი მიზნის შესახებ, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში ახალი გალაქტიკის შექმნის ითვალისწინებს, სადაც ცენტრში იქნება რუსეთი, ხოლო დანარჩენები ირგვლივ, სატელიტების სახით. ძალიან სამწუხაროა, რომ სამხრეთ კავკასია კვლავ გეოგრაფიის მძევალია. ამის განჭვრეტა შესაძლებელი იყო იმ დროში როდესაც ფასეულობებზე აგებული ცივილიზაცია ვიწროვდება…

foreignpress.ge