თამბაქოს ნედლეულისა და ნაწარმის იმპორტი, 2015 წლის 1-ელ იანვრამდე, იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლდება. ამასთან დაკავშირებით „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები შედის, რომლის ავტორიც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძეა.
დეპუტატის განმარტებით, 2006 წლიდან თამბაქოს მზა ნაწარმზე 12 პროცენტიანი იმპორტის გადასახადის განაკვეთია შემოღებული, რომლის მოქმედების გადავადებაც ყოველწლიურად, პერმანენტულად მიმდინარეობდა. შესაბამისად, მომწოდებლები ამ პროდუქციის იმპორტს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, წლების განმავლობაში ნულოვანი დაბეგვრის რეჟიმით ახორციელებდნენ.
„თუ თამბაქოს მზა ნაწარმის იმპორტის 2013 წლის იანვარ-ივნისი-ივლისის იმპორტის სტატისტიკურ მონაცემებს გავაანალიზებთ, იმპორტის წილები, როგორც რეგიონალურ ჭრილში, ასევე ქვეყნების მიხედვით, რადიკალურად შეიცვალა. კერძოდ, ევროკავშირის ქვეყნებიდან თამბაქოს იმპორტი 2013 წლის ივლისში წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით, 71 პროცენტით შემცირდა. ძირითადი იმპორტიორი ქვეყნებიდან (ბულგარეთი, ჩეხეთი და საფრანგეთი) მისი იმპორტი საერთოდ არ განხორციელებულა. ამავე პერიოდში, რუსეთიდან თამბაქოს ნაწარმის იმპორტი 79 პროცენტით შემცირდა და მისი ხვედრითი წილი 5,2 პროცენტიდან 1.2 პროცენტამდე შემცირდა. ამასთან, ივლისში, თამბაქოს იმპორტის მთლიან მოცულობაში, უკრაინის ხვედრითი წილი 16.7 ერთეულით გაიზარდა და 87.1 პროცენტით განისაზღვრა, რამაც თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობის სექტორში უკრაინის დომინანტური მდგომარეობა გააუმჯობესა. ყოველივე ზემოთ აღნიშნული თამბაქოს მზა ნაწარმის იმპორტიორებს არანათაბარ პირობებში აყენებს“, - განუმარტავს for.ge-ს ტყემალაძე.
კანონმდებელის ინფორმაციით, თამბაქოს ნედლეულის იმპორტზე სატარიფო განაკვეთის ამოღებას ევროკავშირის ქვეყნებიდან უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა.
„DG Trade და ევროკომისია თხოვნით მოგვმართავს, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ამოქმედებამდე, შეჩერებულ იქნას თამბაქოს მზა ნაწარმზე 12 პროცენტიანი იმპორტის გადასახადის მოქმედება. ანალოგიური თხოვნა აქვთ ჰოლდინგ BULGARTABAC-ს და ასევე ევროკავშრის სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, რადგან აღნიშნული არაკონკურენტულ პირობებში აყენებს იმ ქვეყნებიდან განხორციელებულ იმპორტიორებს, რომლებიც თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით ახორციელებენ საქართველოში თამბაქოს მზა ნაწარმის იმპორტს“, - განმარტავს ტყემალაძე.
აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება პარლამენტში დღეს შევიდა და მისი განხილვა სავარაუდოდ, ნოემბერში დაიწყება, რადგან საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, უწყება 4 ოქტომბრიდან ტაიმ-აუტს იღებს.