„ჯიჰადის“ სახელით გავრცელებულ ვიდეოებთან დაკავშირებული საქმე გახსნილია“, - ეს განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, ეს საქმე, უკვე, ერთი თვეა გამოძიებული და გახსნილია. ამ საკითხზე ბრიფინგი შსს-ში ხუთშაბათს გაიმართება.
პირს, რომელმაც ჯიჰადის სახელით ვიდეოები გაავრცელა, წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. შესაბამისად, დადგენილია ისიც, ვინც ეს ჩაიდინა და სასამართლოს მეშვეობით პატიმრობა უკვე შეეფარდა.
შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნინო გიორგობიანის თქმით, საქმე დიდი ხანია გახსნილია, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ ხმაურდებოდა. რაც შეეხება აღნიშნულთან დაკავშირებით თავდაცვის მინისტრის გუშინდელ განცხადებას, ნინო გიორგობიანი facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ განცხადების გაკეთებამდე სჯობდა, ალასანიას ეს ინფორმაცია კოლეგა მინისტრთან გადაემოწმებინა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ შესაძლოა, ჯიჰადის სახელით გავრცელებული ვიდეორგოლების საკითხი მისმა უწყებამ გამოიძიოს. მისი თქმით, სამწუხაროა, რომ დღემდე, ვიდეორგოლების გამოძიების კუთხით, არანაირი სიახლე არ არსებობს. ალასანიას განმარტებით, თუ პროგრესი არ იქნება გამოძიებაში, რომელსაც შსს აწარმოებს, თავდაცვის სამინისტრო, როგორც საერთაშორისო, ისე საკუთარ რესურსებს გამოიყენებს.
„დიდი იმედი მაქვს, რომ უახლოეს პერიოდში ამ საკითხს ნათელი მოეფინება. ყოველ შემთხვევაში, შეიარაღებულ ძალებსა და თავდაცვის სამინისტროს ექნება ინფორმაცია, რამდენად შესაძლებელია პროგრესი ამ კუთხით, რადგან ჩვენ ჩვენი სადაზვერვო შესაძლებლობები გაგვაჩნია, ჩვენ ჩვენი პარტნიორები გვყავს იმ საქმეში, რასაც ვაკეთებთ და ამიტომ ალტერნატიულ გზებს მივმართავთ ჭეშმარიტების დადგენაში“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
ალასანიას შეფასებით, ამ კლიპებით საქართველოს შეიარაღებულ ძალებზე პირდაპირი თავდასხმა მოხდა. მისივე თქმით, მას ჰქონდა მოლოდინი, რომ გამოძიება შეიძლებოდა ვადებში გაწელილიყო.
„მე მესმის, რომ გამოძიება რთულია, ამიხსნეს ღარიბაშვილმა და სხვებმა, მაგრამ უნდა გამოვიძიოთ“, - განაცხადა მინისტრმა.
იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, მან დანამდვილებით იცოდა, რომ ე.წ. ჯიჰადის სახელით გავრცელებულ ვიდეოებთან დაკავშირებით შსს ინტენსიურ გამოძიებას აწარმოებდა. ჟურნალისტების შეკითხვაზე, მართებულია თუ არა, რომ ერთი თვის განმავლობაში საზოგადოებამ არ იცოდა გამოძიების შედეგების შესახებ, თეა წულუკიანმა უპასუხა, რომ ამასთან დაკავშირებით მისმა კოლეგებმა უნდა გააკეთონ კვალიფიციური კომენტარი.
„შედეგებს მეც ველოდები, როგორც ნებისმიერი მოქალაქე“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
უშიშროების ყოფილი მინისტრი, ანზორ მაისურაძე აცხადებს, რომ თუ კი საქმე გამოძიებეული იყო, შსს ვალდებული იყო, რომ ინფორმაცია მიეწოდებინა თავდაცვის სამინისტროსთან, რომლის უშუალო უწყებას ეხებოდა „ჯიჰადის“ სახელით გავრცელებული ვიდეოები.
„ერთმანეთს უნდა აწვდიდნენ ინფორმაციას. როდესაც შსს და თავდაცვის სამინისტრო ამას არ აკეთებს, ეს ძალიან ცუდია. სამხედროებს არ უნდა სცოდნოდათ, რომ საქმე ერთი თვის გამოძიებულია და მეტიც - დამნაშავე, რომ დაკავებულია? - რა თქმა უნდა, უნდა სცოდნოდა. თავდაცვის უწყებას გამოძიების მსვლელობის დეტალებიც უნდა სცოდნოდა. მათ შორის ინფორმირებული უნდა ყოფილიყო საზოგადოება, მითუმეტეს ამ ვიდეოს დიდი რეზონანსი მოჰყვა საზოგადოებაში და შსს ვალდებული იყო, რომ ეს ინფორმაცია გაეხმაურებინათ. როცა ამბობდა, გამოვიძიებთ და ყველას გავაგებინებთო, რატომ არ გააგებინეს, რა მოხდა?“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ანზორ მაისურაძე.
„ჯიჰადის“ სახელით გავრცელებულ ვიდეოებთან დაკავშირებით, წარმოებული საქმის გახსნას შეფასებები პოლიტიკურ წრეებში უკვე მოჰყვა. უმრავლესობა შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას მიესალმება და გამოძიების შედეგებს ელის. უმცირესობა კი, საქმის გახსნის თაობაზე, მთავრობაში განვითარებულ მოვლენებს, სასაცილოს უწოდებს.
როგორც for.ge-ს ირაკლი ალასანიას თანაგუნდელმა, ვიცე-სპიკერმა ზურაბ აბაშიძემ განუცხადა, როგორც ჩანს, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, საჭირო არ იყო, რომ საქმის გახსნაზე რაიმე თქმულიყო.
„ეს გასაგებია და როცა შესაბამისი ვითარება იქნება, ამ საკითხზე საზოგადოების ინფორმირება მოხდება. ამ ამბის ირაკლი ალასანიას განცხადებასთან რაღაცით დაკავშირება, არ მგონია სწორი იყოს, რადგან თავდაცვის მინისტრმა მკაფიოდ თქვა, რომ მზად არის, გამოძიების პროცესებში ჩაერთოს და გამოძიებას დაეხმაროს. ეს ბუნებრივი პროცესია, რაც მთავრობაში უნდა იყოს“, - განმარტავს აბაშიძე, რომლის მსგავსადაც, ზაქარია ქუცნაშვილიც მოკრძალებულ კომენტარს აკეთებს.
დეპუტატი მხოლოდ იმას აცხადებს, რომ შს მინისტრის განცხადებას მიესალმება და გამოძიების შედეგებს დაელოდება.
აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებაზე უმრავლესობის რამდენიმე წევრმა შეფასების გაკეთება არ ისურვა, მათ შორის ვიცე-სპიკერმა, ზვიად ძიძიგურმა, რომელმაც მოიმიზეზა, რომ საკითხზე ინფორმაციას არ ფლობს.
რაც შეეხება უმცირესობას, ოპოზიციონერებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ ერთი თვეა, რაც „ჯიჰადის“ სახელით გავრცელებული ვიდოების წარმომავლობის შესახებ წარმოებული გამოძიება გახსნილია.
for.ge-სთან საუბარში ნაციონალი სერგო რატიანი აცხადებს, რომ ეს საქმე სერიოზულია, რადგან საკითხი ქართულ არმიას ეხებოდა და თან ტერორიზმს, რომელიც მთელ მსოფლიოში ნომერ პირველი პრობლემაა.
„ამ საქმის გამოძიებისას, გაცილებით უფრო პასუხისმგებლობით უნდა მოქცეულიყო ირაკლი ღარიბაშვილი. ეჭვი მაქვს, რომ ეს საქმე სერიოზული სკანდალია. თუ საქმე გახსნილი იყო, ეს თავდაცვის მინისტრს აუცილებლად უნდა სცოდნოდა, რადგან ეს საქმე უშუალოდ მას ეხებოდა. თუ ეს ინფორმაცია საიდუმლო იყო, ეს ირაკლი ალასანიას მაინც უნდა სცოდნოდა. როგორც მინიმუმ, ეს არის სერიოზული დისკორდინაცია და უფლებამოდილებების აღრევა. ამ სკანდალურ საქმეზე სერიოზული მსჯელობა უნდა გაიმართოს“, - განუცხადა for.ge-ს რატიანმა, რომლის პათოსსაც ლევან ბეჟაშვილიც იზიარებს.
კანონმდებელი მიიჩნევს, რომ საქმის გახსნას საზოგადოება ელოდა და თუ საქმე გახსნილი იყო და ის არ გასაჯაროვდა, ეს საზოგადოების შეურაცხყოფაა.
„ეს იყო ერთ-ერთი მნიშნელოვანი მოვლენა, რომელმაც საზოგადოება შეძრა. ამ ფაქტს ჩვენი ჯარისკაცების დაღუპვა მოჰყვა და მოლოდინი იყო, რომ შს სამინისტრო ამ საქმეს სათანადოდ გამოიძიებდა. ღარიბაშვილის უწყება აცხადებდა, რომ ამ საქმის გახსნა რთული იყო, მაგრამ ირაკლი ალასანიას განცხადება მოვისმინეთ, რომ ის ამ პროცესით უკმაყოფილო იყო და ამას მოჰყვა ღარიბაშვილის რეაქციაც. რასთან გვაქვს საქმე? - შეუთანხმობლობასთან და არაკორდინირებულ მუშაობასთან? თუ ამ თემას მინისტრები აფასებენ როგორც კონკურენციას, მაშინ კიდევ უფრო მძიმედ ყოფილა საქმე, რადგან ივანიშვილის კარზე ღარიბაშვილი უკონკურენტოა, მაგრამ მეფის კარზე ვინ იქნება უკონკურენტო, ამას ქვეყნისთვის რა მნიშვნელობა აქვს?! მთავრობაში განვითარებული მოვლენები სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს“, - განუცხადა for.ge-ს ბეჟაშვილმა.