თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი, შესაძლოა, გაგრძელდეს

თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი, შესაძლოა, გაგრძელდეს

შემოვლითი რკინიგზის პროექტმა დედაქალაქს ვერაფრით შემოუარა, სამაგიეროდ, მთავრობას ათასგვარი თავსატეხი გაუჩინა. მშენებლობა ამჟამად გაჩრებულია, მის განახლებამდე კი მთავრობა პროექტის ეკონომიკურ დასაბუთებაზე მუშაობს.

შემოვლით რკინიგზასთან დაკავშირებით კომენტარი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თანაინვესტირების ფონდის დაფუძნების ცერემონიაზე გააკეთა. მისი თქმით, შემოვლითი რკინიგზის პროექტი „გაუთვლელად და ბავშვების დონეზე გააზრებულად“ ხორციელდებოდა და რკინიგზის გამტარუნარიანობას რეალურად 25%-ით ამცირებდა. ამასთან, ადგილზე მშენებარე გვირაბები ცალმხრივი იყო, რაც დამატებით გაუგერობას ქმნიდა.

„შემოვლით რკინიგზას, რომელსაც აკეთებდნენ, 25%-ით ამცირებდა რეალურად გამტარუნარიანობას. ეს აბსოლუტურად გაუთვლელი და ბავშვების დონეზე იყო გააზრებული. ისევე როგორც გვირაბები შენდებოდა, თითქოს, მაგრამ ცალმხრივი იყო. ორმხრივი მატარებელი არ გადიოდა და შესაბამისად აქაც დიდი გაურკვევლობა გვქონდა.

ჩვენ პროექტებს მოვიყვანთ ეკონომიკურ ჭკუაზე და განვახორციელებთ ისე, რომ რკინიგზის სიმძლავრე და გამტარუნიარიანობა გაიზარდოს, რამეთუ, ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ“, - განაცხადა ივანიშვილმა.

პრემიერ-მინისტრს სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა, რომ დედაქალაქის მერი რელსებზე შედგა და მთავრობას თავისივე ჩაგდებული პროექტის გაცოცხლება კიდევ ერთხელ შესთავაზა.

„დღეს მე მოვისმინე პრემიერის განცხადება, რომელიც საუბრობს, რომ თითქოს 8 ტონიდან 2.5 მილიონამდე დავიდა ნავთობპროდუქტების გადაზიდვა, შემდეგ ამბობს, რომ გაისად 5 მილიონი იქნება და 16 მილიონ ტონამდე აჰყავს და ბოლოს საერთოდ ფანტასმაგორიულ ციფრს ასახელებს - 100 მილიონ ტონამდე. მე არ ვიცი, ვინ აძლევს ასეთ ციფრებს. ეს არის აბსოლუტური ნონსენსი,100 მილიონ ტონამდე საქართველოს რკინიგზის გადაზიდვა ვერასდროს ავა, ყოველ შემთხვევაში, უახლოესი 5-6 წლის განმავლობაში.

ასევე, პრემიერის განცხადებით, 25%-ით შემცირდება თითქოს რკინიგზის გამტარუნარიანობა, თუ რკინიგზის შემოვლითი გზა გაკეთდება, ესეც აბსოლუტურად დაუსაბუთებელი განცხადებაა. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს რკინიგზა არ არის მარტო თბილისის ეს მონაკვეთი, საქართველოს რკინიგზა არის მთელ საქართველოს საზღვარზე გაწელილი რკინიგზა და მთავარი პრობლემა არის რიკოთი.

რიკოთის მაქსიმალური გამტარუნარიანობა დღეს არის 27 მილიონი ტონა, შესაბამისად, ჩვენ აქ რაც უნდა გავაკეთოთ, 27 მილიონ ტონაზე მეტს ამჟამინდელი რკინიგზა ვერ გადაზიდავს რიკოთის გამო და ამის საპრევენციო ღონისძიებები წინა მთავრობას რკინიგზაში დაწყებული ჰქონდა, მაგრამ საერთოდ რა 100 მილიონ, რა 5 მილიონ გადაზიდვებზე ვსაუბრობთ?!“ - განაცხადა უგულავამ.

იგი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, ერთობლივად გააკეთონ ამ საკითხებზე საერთაშორისო კონფერენცია, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ურბანისტები, რკინიგზის წარმომადგენლები, ეკონომისტები, ფინანსისტები, ეკოლოგები, რკინიგზის გარშემო მაცხოვრებელი მოსახლეობის საინიციატივო ჯგუფი, რათა მუშა რეჟიმში განიხილონ ის საკითხები, რაც რკინიგზის გადატანასთან არის დაკავშირებული.

თბილისში შემოვლითი რკინიგზის მშენებლობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო. კომპანიას მშენებლობა 2012 წლის ივლისის თვეში უნდა დაესრულებინა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, შემოვლითი რკინიგზის მშენებლობა შეჩერდა. მის წინააღმდეგ ეკონომიკს მინისტრი და შპს „საქართვლოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კოკა გუნცაძე გამოვიდნენ. გუნცაძე თვლის, რომ თბილისის შემოვლითი სალიანდაგო გზის მშენებლობის უკან ყოფილი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის პირადი ინტერესები უფრო დგას.

„ყოველწლიურად 50%-ით გაიზრდება მოვლა-შენახვის და საოპერაციო ხარჯები. მოძრაობის ორგანიზება ტექნიკურად გართულდება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოს რკინიგზაზე გამტარუნარიანობა კიდევ უფრო შემცირდება და კიდევ ერთი მალიმიტირებელი მონაკვეთი გაჩნდება რიკოთის უღელტეხილის გვერდით.

ასე რომ, ერთ მხარესაა ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია, რომლის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტიც საქართველოს რკინიგზაა და მეორე მხარეს კი დგას ყოფილი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის ინტერესები, რათა გამოთავისუფლებული მიწები საკუთრებაში მიეღოთ“, - განაცხადა გუნცაძემ.

ახლა „საქართველოს რკინიგზაში“ აცხადებენ, მშენებლობა განახლდება და მშენებელ კომპანიებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.