საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრ „ფსიქოპროექტმა“ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები წარმოადგინა. კვლევა 16 სექტემბრიდან 23 სექტემბრის პერიოდში საქართველოს 11 რეგიონში მიმდინარეობდა. სულ გამოიკითხა 2201 სრულწლოვანი (18+) რესპოდენტი შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე. შერჩევის სიდიდე განისაზღვრა მონაცემთა 95 პროცენტიანი სანდოობით სტატისტიკური ცდომილების +2,5 პროცენტის ფარგლებში. კვლევა „ქართული ოცნების“ დაკვეთით ჩატარდა.
„ფსიქოპროექტის“ მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის 56,1 პროცენტით კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი ლიდერობს. კვლევის თანახმად, მარგველაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ დავით ბაქრაძეს თითქმის 45%-ით უსწრებს, შედეგების მიხედვით, ბაქრაძეს მხარს უჭერს რესპონდენტთა 11,9 პროცენტი, მესამე და მეოთხე ადგილებზე არიან - ნინო ბურჯანაძე 9,5 პროცენტით და შალვა ნათელაშვილი 3,0 პროცენტით.
საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრ „ფსიქოპროექტის“ მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, ინსტიტუტების ნდობის რეიტინგში ეკლესია ლიდერობს. 4 ქულიან შკალაში კვლევის ფარგლებში გამოკითხულმა რესპონდენტებმა ეკლესიას 3,5 ქულა მიანიჭეს, მეორე ადგილზე 3,24 ქულით მოდის შეიარაღებული ძალები, მესამე ადგილს კი 3,04 ქულით პატრული იკავებს, რომელიც თავისი რეიტინგით შსს-სადმი ნდობის მაჩვენებელს აღემატება. აღნიშნული კვლევის მიხედვით, ირაკლი ღარიბაშვილის უწყებას რესპონდენტებმა 4-ქულიან შკალაში 2,82 ქულა მიანიჭეს. რაც შეეხება სხვა ინსტიტუტების შეფასების მაჩვენებელს, მონაცემები ასე გადანაწილდა: მთავრობა - 2,67; არასამთავრობო სექტორი - 2,65; ცესკო - 2,60; პარლამენტი - 2,60; პროკურატურა -2,51; მასმედია - 2,44; სასამართლო 2,37 და პრეზიდენტი- 2,02.
ცენტრ „ფსიქოპროექტის“ მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, მინისტრების ეფექტურობის რეიტინგში შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლიდერობს. მეორე-მესამე ადგილს ირაკლი ალასანია და კახა კალაძე ინაწილებენ. ხუთეულში მეოთხე-მეხუთე ადგილები კი იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანსა და ეკონომიკის მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს უჭირავთ.
რაც შეეხება დანარჩენ მინისტრებს, მათ მინისტრების ეფექტურობის რეიტინგში ადგილები შემდეგი თანმიმდევრობით უკავიათ - თამარ სანიკიძე, დავით სერგეენკო, შალვა ფიფია, სოზარ სუბარი, დავით ნარმანია, ალექსი პეტრიაშვილი, პაატა ზაქარეიშვილი, ლევან ყიფიანი, მაია ფანჯიკიძე, ნოდარ ხადური, კოტე სურგულაძე, გურამ ოდიშარია, დავით დარახველიძე და ხათუნა გოგოლაძე. გამოკითხულთა 70% მიიჩნევს, რომ დღეს საზოგადოებრივი აზრის ღიად დაფიქსირების არ ეშინია. გამოკითხულთა 63,8 პროცენტი მიიჩნევს, რომ დღეს რიგით მოქალაქეს უკანონო დაჭერა არ ემუქრება, 18,9 პროცენტი კი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება.
გამოკითხულთა 11 პროცენტი სრულიად ეთანხმება, რომ ბიზნესი თავისუფალია, 36 პროცენტი კი ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველოში ბიზნესი თავისუფალია, არ ეთანხმება 22 პროცენტი, 9 პროცენტი კი სრულიად არ ეთანხმება. აღნიშნულ კითხვაზე პასუხის გაცემა რესპონდენტების 22 პროცენტს უჭირს.
გამოკითხულთა 36 პროცენტი თვლის, რომ ქვეყანის ხელმძღვანელობა სწორ საგარეო კურსს ატარებს, რასაც ასევე სრულაიდ ეთანხმება 12 პროცენტი. 18 პროცენტი არ ეთანხმება, ხოლო სრულიად არ ეთანხმება 7 პროცენტი. კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირს 26 პროცენტს.
საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრ „ფსიქოპროექტის“ დირექტორი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, მომდევნო კვლევა ოქტომბრიდან დაიწყება. ზურაბ ბიგვავას განცხადებით, მეორე ტურის ჩატარება გამორიცხულია.
„როგორც წინა კვლევამ აჩვენა, მეორე ტური იყო გამორიცხული, ახლა მითუმეტეს, გამოვრიცხავ მეორე ტურს. პირველ ტურში დამთავრდება ყველაფერი. დიახ, „ქართული ოცნების“ მიერ არის შეკვეთილი, მაგრამ კრიტერიუმი და რეალური შედეგებია ის, რაც ბოლოს იდება. ამ შედეგების მიხედვით ზუსტი პროგნოზი გავაკეთეთ წინა საპარლამენტო არჩევნებზე. მე ვარ პროფესიონალი და ვაკეთებ პროფესიონალურ კვლევებს და ამ შედეგებს ვდებ.
პირველ ადგილას არის გიორგი მარგველაშვილი, მისი რეიტინგი არის ძალიან მაღალი. წინა კვლევის მიხედვით მისი რეიტინგი იყო 53 პროცენტი, დღეს არის 56 პროცენტი. დაახლოებით თანაბარია ბაქარძე და ბურჯანაძის მონაცემები. როცა ჩვენ ეფექტურობას ვიკვლევთ და ეფექტურობის მიხედვით ვიკვლევთ მინისტრს, ამ შემთხვევაში სწორედ ასე დალაგდა: პირველ ადგილას გავიდა ირაკლი ღარიბაშვილი, მეორე ადგილას ირაკლი ალასანია, მესამე ადგილას არის კახი კალაძე და მეოთხე ადგილი დაიკავა თეა წულუკიანმა“, - აცხადებს ზურაბ ბიგვავა.