მთავრობამ პარლამენტს  2013 წლის ბიუჯეტის შესრულების თაობაზე მოხსენება  წარუდგინა

მთავრობამ პარლამენტს 2013 წლის ბიუჯეტის შესრულების თაობაზე მოხსენება წარუდგინა

პარლამენტში 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი და  2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების თაობაზე, საქართველოს მთავრობის მოხსენება შევიდა. აღნიშნული დოკუმენტები პარლამენტის ბიუროს დღეს ოფიციალურად წარედგინება.

კანონმდელები მომავალ წლის ბიუჯეტის პროექტს არ იცნობენ და  მხოლოდ იმას ამბობენ, რომ საბიუჯეტო პროექტი სქელტანიანია.

იქედან გამომდინარე, რომ 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი ბიუროს უნდა წარედგინოს, დოკუმენტი მედიის წარმომადგენლებისთვის ხელმიუწვდომელია, მაგრამ for.ge ექსკლუზიურად მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების თაობაზე მთავრობის მოხსენებას გთავაზობთ.

აღნიშნულ დოკუმენტში საუბარია ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე და ნათქვამია, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2013 წლის იანვარ-ივნისში მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 1.9% იყო და ნომინალურ გამოხატულებაში 12.3 მილიარდი ლარი შეადგინა.

„მიმდინარე წლის ორ კვარტალში, მშპ-ის ზრდაში ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს -  სოფლის მეურნეობის და დამამუშვებელი მრეწველობის დარგებმა. ამ დარგებმა  მშპ-ის 1.8%-ით ზრდა განაპირობეს, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის საერთო ზრდის 92%-ს შეადგენს.  2013 წლის ორ კვარტალში, 2012 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, წარმოების მოცულობის ყველაზე მეტი ზრდა დაფიქსირდა - სამთომომპოვებელი მრეწველობის (7.9%), საფინანსო საქმიანობის (7.7%), სოფლის მეურნეობის (6.7%) და დამამუშავებელი მრეწველობის (6.2%) დარგებში“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

მთავრობის მიერ წარდგენილ მოხსენებაში ასევე საუბარია მონეტარულ მაჩვენებლებზე.

აღმასრულებელი ხელისუფლების ცნობით, 2013 წლის იანვარ-აგვისტოში სამომხმარებლო ფასები 1.0 პროცენტით შემცირდა, ხოლო აგვისტოში წინა თვესთან შედარებით, სამომხმარებლო ფასების კლებამ 0.01 პროცენტი შეადგინა.

„2013 წლის იანვარ-აგვისტოში ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ უმნიშვნელო რყევებით ხასიათდებოდა. 2013 წლის აგვისტოში 2012 წლის დეკემბერთან შედარებით, ლარის საშუალო თვიური გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 0.1%-ით გაუფასურდა და 1.662 ლარი შეადგინა ერთ აშშ დოლარზე. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2013 წლის აგვისტოში 2012 წლის დეკემბერთან შედარებით M3 ფართო ფულის აგრეგატი 11.7%-ით გაიზარდა და 8 826.6 მლნ ლარის ექვივალენტი შეადგინა, ხოლო M2 ფულის მასა 15.0%-ით გაიზარდა და 4 677.8 მლნ ლარის დონეზე დაფიქსირდა.  2013 წლის იანვარ-აგვისტოში დეპოზიტების მოცულობა გაიზარდა 13.3%-ით, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში 21.1%-ით, ხოლო უცხოურ ვალუტაში 8.2%-ით“, - განმარტავს მთავრობა.

ამას გარდა, მოხსენებაში საუბარია საგარეო სექტორზეც და ნათქვამია, რომ 2013 წლის იანვარ-აგვისტოში, საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 6 640,0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, აქედან ექსპორტი წინა წელთან შედარებით 14%-ით გაიზარდა და 1 761,0 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო იმპორტი კი 4%-ით შემცირდა და 4 879,0 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

„საქონელბრუნვის მოცულობის მიხედვით, საქართველოს უმსხვილეს პარტნიორ ქვეყნებს შორის პირველი ადგილი თურქეთს უკავია, რომლის წილი 2013 წლის 8 თვის მონაცემებით, მთლიანი საქონელბრუნვის 14.3%-ს შეადგენს. მას მოსდევს აზერბაიჯანი (12.7%), უკრაინა (7.4%) და ა.შ. ექსპორტში 26.6%-ით პირველ ადგილზე აზერბაიჯანია, მეორეზე სომხეთი 11.3%, მესამეზე თურქეთი 6.9%, მეოთხე პოზიციაზე იმყოფება აშშ  6.0% და ა.შ. იმპორტში პირველი ადგილი 17.0%-ით თურქეთს უჭირავს, შემდეგ მოდიან უკრაინა (7.9%), ჩინეთი (7.7%), აზერბაიჯანი (7.6%), და ა.შ. რაც შეეხება ვაჭრობის სასაქონლო სტრუქტურას, ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეინიშნება. საქონლის ექსპორტში პირველ ადგილზე 25.7%-ით მსუბუქი ავტომობილებია, შემდეგ პოზიციებზე იმყოფებიან ფეროშენადნობები (9.3%), სპილენძის მადნები და კონცენტრატები (5.5%), აზოტოვანი სასუქები (4.8%) და ა.შ.  იმპორტის სასაქონლო სტრუქტურაში პირველ ადგილზე 11.5%-ით ნავთობი და ნავთობპროდუქტებია, შემდეგ მოდის მსუბუქი ავტომობილები (9.5%), ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები (3.6%), სამკურნალო საშუალებები (3.6%)“, - განმარტას მთავრობა.

მთავრობა პარლამენტს 8 თვის საშემოსავლო ნაწილის შესრულების შესახებაც საუბრობს და აცხადებს, რომ 2013 წლის იანვარ-აგვისტოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების  ფაქტიურმა მაჩვენებელმა 4 288.4 მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიური საპროგნოზო მაჩვენებლის (7 422.5 მლნ ლარი) 57.8%-ია. გადასახადების სახით მობილიზებულია 4 012.1 მლნ ლარი, რაც წლიური საპროგნოზო მაჩვენებლის 58.0%-ია.

„2013 წლის 1-ელი იანვრისათვის ხაზინის ერთიან ანგარიშზე სახელმწიფო ბიუჯეტის ფულადი სახსრების ნაშთმა 332.4 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო 2013 წლის 1 სექტემბრისათვის ხაზინის ერთიან ანგარიშზე - 398,5 მლნ ლარი, შესაბამისად საანგარიშო პერიოდში ფულადი სახსრების ცვლილებამ (ნაშთის დაგროვება) შეადგინა 66.1 მლნ ლარი. გარდა ამისა, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან არსებული ვალდებულების დაფარვის მიზნით, ხაზინის ერთიანი ანგარიშის შესაბამის ქვეანგარიშზე განთავსებულია 341.5 მლნ ლარი  და 8,9 მლნ აშშ დოლარი. 2013 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვრა 8 748.5 მლნ ლარით, ხოლო 8 თვის საკასო შესრულებამ შეადგინა 4 603.7 მლნ ლარი, რაც წლიური გეგმის 52.6%-ია. მათ შორის: ხარჯების გეგმა სახელმწიფო ბიუჯეტით განისაზღვრა 7 147.6 მლნ ლარის ოდენობით, ხოლო 8 თვის საკასო შესრულებამ შეადგინა 3 826.3 მლნ ლარი, რაც წლიური გეგმის მაჩვენებლის 53.5%-ია“, - აღნიშნავს მთავრობა.

აღმასრულებელი ხელისუფლება ბიუჯეტის რვა თვის ხარჯებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ არაფინანსური აქტივების ზრდა განისაზღვრა 799.6 მლნ ლარით, ხოლო 8 თვის საკასო შესრულებამ შეადგინა 307.0 მლნ ლარი, რაც წლიური გეგმის მაჩვენებლის 38.4%-ია.

„ფინანსური აქტივების ზრდა  განისაზღვრა 242.8 მლნ ლარით, ხოლო 8 თვის საკასო შესრულებამ შეადგინა 145.5 მლნ ლარი, რაც წლიური გეგმის მაჩვენებლის 59.9%-ია.  ვალდებულებების კლება  განისაზღვრა 558.5 მლნ ლარით, ხოლო 8 თვის საკასო შესრულებამ შეადგინა 324.9 მლნ ლარი, რაც წლიური გეგმის მაჩვენებლის 58.2%-ია“, - განმარტავს მთავრობა.

მთავრობის განმარტებით, საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების ხაზით გაწეულმა საკასო ხარჯმა შეადგინა 943.1 მლნ ლარი, რაც წლიური გეგმიური მაჩვენებლის (1 956.8 მლნ ლარი) 48.2%-ია. აღნიშნული თანხიდან 568.2 მლნ ლარი (60.2%) წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისა და ავტონომიური რესპუბლიკებისათვის გადაცემულ ტრანსფერებს.

რაც შეეხება უწყებების ხარჯვით ნაწილს, მოხსნების მიხედვით, თავდაცვის ღონისძიებების დასაფინანსებლად 8 თვეში მიმართული იყო 365.1 მლნ ლარი, რაც წლიური გეგმიური მაჩვენებლის (632.5 მლნ ლარი) 57.7%-ია. საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების დასაფინანსებლად 8 თვეში მიმართული იყო 495.4 მლნ ლარი, რაც წლიური გეგმიური მაჩვენებლის (861.9 მლნ ლარი) 57.5-ია%;   

„ეკონომიკური საქმიანობის ხაზით გაწეულმა საკასო ხარჯმა შეადგინა 450.9 მლნ ლარი, ანუ წლიური გეგმიური მაჩვენებლის (1 019.0 მლნ ლარი) 44.3%. გარემოს დაცვის ხაზით დაზუსტებული გეგმით გათვალისწინებულია 31.0 მლნ ლარის გამოყოფა, ხოლო 8 თვეში გაწეულმა საკასო ხარჯმა შეადგინა 12.1 მლნ ლარი, ანუ გეგმიური მაჩვენებლის 39.0%. საბინაო-კომუნალური მეურნეობის დაფინანსებაზე დაზუსტებული გეგმით გათვალისწინებულია 79.1 მლნ ლარის გამოყოფა, ხოლო 8 თვეში გაწეულმა საკასო ხარჯმა შეადგინა 24.5 მლნ ლარი, ანუ გეგმიური მაჩვენებლის 30.9%. ჯანმრთელობის დაცვის ხაზით დასაფინანსებლად 8 თვეში მიმართული იყო 285.2 მლნ ლარი, რაც წლიური გეგმიური მაჩვენებლის (682.7 მლნ ლარი) 41.8-ია%. საქმიანობა კულტურის, დასვენებისა და რელიგიის სფეროში დაფინანსდა 93.3 მლნ ლარით, რაც წლიური გეგმიური მაჩვენებლის - 145.6 მლნ ლარის, 64.1%-ს შეადგენს. განათლების ხაზით დასაფინანსებლად 8 თვეში მიმართული იყო 388.3 მლნ ლარი, რაც წლიური გეგმიური მაჩვენებლის (681.3 მლნ ლარი) 57.0-ია%. სოციალური დაცვის ხაზით დასაფინანსებლად 8 თვეში მიმართული იყო 1 075.4 მლნ ლარი, რაც წლიური გეგმიური მაჩვენებლის (1 846.4 მლნ ლარი) 58.2-ია%“, - აცხადებს მთავრობა.

აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ წარდგენილ მოხსენებაში საგარეო ვალებზეც არის საუბარი და ნათქვამია, რომ სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვისათვის  8 თვეში სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიმართა 343.0 მლნ ლარი. აქედან, ვალების მომსახურებისათვის (პროცენტების გადახდა) გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 82.7 მლნ ლარი, ხოლო ვალების დაფარვისათვის  მიიმართა 260.4 მლნ ლარი.

„საშინაო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვისათვის  8 თვეში სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიმართა 90.3 მლნ ლარი. აქედან, ვალების მომსახურებისათვის (პროცენტების გადახდა) გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 69.5 მლნ ლარი, ხოლო ვალების დაფარვისათვის  მიიმართა 21.0 მლნ ლარი“, - განმარტავს მთავრობა.

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტში საუბარია ასევე მთავრობისა და პრეზიდენტის ფონდებზეც და ნათქვამია, რომ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ასიგნებების მოცულობამ შეადგინა 30 275.8 ათასი ლარი, ხოლო საკასო შესრულებამ - 17 324.7 ათასი ლარი. პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ასიგნებების მოცულობამ კი,  9 995.5 ათასი ლარი შეადგინა, ხოლო საკასო შესრულებამ - 7 028.4 ათასი ლარი.

„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი ასიგნებების მოცულობამ შეადგინა 366 261.3 ათასი ლარი, ხოლო საკასო შესრულებამ -  56 528,2 ათასი ლარი. წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან გამოყოფილი ასიგნებების მოცულობამ შეადგინა 21 851.0 ათასი ლარი, ხოლო საკასო შესრულებამ - 21 843.5 ათასი ლარი. ამასთან, შესაბამისი სააღსრულებო ბიუროების საინკასო დავალებებით, სახაზინო სამსახურის ანგარიშებიდან წინა პერიოდში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვაზე სასამართლო გადაწყვეტილებებით დაკისრებული თანხების სახით ავტომატურ რეჟიმში, იძულების წესით ჩამოჭრილი იქნა 6 887.2 ათასი ლარი“, - აცხადებს მთავრობა.

2013 წლის ბიუჯეტის შესრულების თაობაზე, მთავრობის მოხსენებას დეპუტატები თავდაპირველად, კომიტეტებში მოისმენენ, შემდეგ კი, სესიაზე.