კერძო ბიზნესის ერთ ნაწილს დასაქმების მიზნით უცხო ქვეყნის მოქალაქეები უკვე შემოჰყავს, სხვები კი იგივე ნაბიჯის გადასადგმელად ემზადებიან. რა თქმა უნდა, ცვლილების ავანგარდში სამშენებლო სექტორია, რომელიც კადრების მწვავე დეფიციტზე საუბრობს და პრობლემის რამდენიმე ძირითად მიზეზს ასახელებს.
„მონოლით ჯგუფის“ გენერალური დირექტორი ამბობს, რომ მუშახელის უცხოეთიდან შემოყვანის გადაწყვეტილება თავად ჯერ არ მიუღიათ, რადგან პროცესი საკმაოდ რთულია, თუმცა მდგომარეობა თუკი არ გამოსწორდება სხვა გამოსავალს ვეღარ ხედავენ.
„სექტორმა სცადა სახელფასო ანაზღაურების ზრდით დაებალანსებინა ეს პრობლემა, თუმცა ამან შედეგი ვერ გამოიღო. კადრების დეფიციტი ძალიან მწვავეა და მწვავედ გვეხება თითოეულ კომპანიას. რაც შეეხება უცხოეთიდან კადრების შემოყვანას, ამაზე იყო საუბარი. რამდენიმე კომპანიამ სცადა ეს, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ სპეციფიკურია სამშენებლო სფერო, ეს ასეთი მარტივი არ არის. საუბარია იმაზე, რომ კანონმდებლობასთან არის წინააღდეგობები.
მათთვის განსაკუთრებული დაზღვევის მექანიზმები მოქმედებს სამშენებლო ობიექტებზე მომუშავე პერსონალისთვის. რიგ შემთხვევებში, საჭიროა მოქალაქეობა ან ცხოვრების უფლების მოწმობა, ამიტომ საკმაოდ რთული პროცესია.
ჯერჯერობით ჩვენი კომპანია ამ მიმართულებით არ წასულა, თუმცა ვფიქრობ, ეს სიტუაცია თუ გაგრძელდა მომავალი წლიდან, უკვე ვიფიქრებთ კადრების უცხოეთიდან შემოყვანაზე“, - განაცხადა თორნიკე მაისურაძემ.
ის ნაბიჯი, რაზეც სამომავლოდ აკეთებს აქცენტს „მონოლითი ჯგუფი“, უკვე გადადგა კომპანია „არალმა“. მან სხვა ქვეყნის მოქალაქეები საკუთარ ბიზნეში უკვე ჩააბა.
„ამ ეტაპზე, მშენებლობის ინდექსი ძალიან არის გაზრდილი. მიზეზი, მუშახელის გაძვირებაა. ადამიანები მასობრივად წავიდნენ ემიგრაციაში, რამაც ბაზარზე დეფიციტი შექმნა. მეზობელი ქვეყნებიდან შემოგვყავს მუშახელი, რომლებსაც შემდეგ ვასაქმებთ. ეს უფრო ხელსაყრელია, რადგან სპეციფიკური ვიზით შემოსული ადამიანი, სხვაგან ვეღარ მიდის და ვალდებულია შენთან იმუშაოს. ამ ზაფხულს მუშახელის დაბალანსება მოვახდინეთ, რადგან ადგილობრივ ბაზარზე ვერ ვპოულობდით შესაბამის კადრებს.
ბუნებრივია, ესეც ზრდის კომპანიის ხარჯს, რადგან ხელფასის მიღმა გვიწევს მათი კვებით და საცხოვრებლით უზრუნველყოფა. ასევე, უამრავი სხვა ხარჯია“, – განაცხადა „არალის“ დირექტორის მოადგილემ, ეკატერინე თათეშვილმა.
ეკონომისტებს ეეჭვებათ, რომ ასეთი ანაზღაურების პირობებში ბიზნესი მასობრივად უცხოელი კადრების შემოყვანას ბიზნესი შეძლებს. ანალიტიკოს ზურაბ კუკულაძის აზრით, რატომაც ქართველი მუშახელი გადის ბაზრიდან, ზუსტად იგივე მიზეზით წავა და არ იმუშავებს უცხოელიც.
„მთავარი არის ის, რომ ბიზნეს არ უნდა ხელფასის გაზრდა, არც ნორმალური ანაზღაურების გადახდა, არადა ვხედავთ, რა სიტუაციაც გვაქვს იმ პროდუქტთან დაკავშირებით, რომელსაც კონკრეტული სეგმენტი ყიდის. თუ უძრავი ქონების ბაზარზე ფასები კატასტროფულად მომატებულია, რატომ არ უნდა გაიზარდოს მუშახელის ანაზღაურება?!
ამ ხელფასების პირობებში, მასობრივად უცხოელთა შემოყვანას ისე, რომ ადგილობრივი მუშახელის გადინება დაბალანსდეს, ბიზნესი ვერ შეძლებს. რა მნიშვნელობა აქვს ქართველს გააქცევენ ბაზრიდან, თუ უცხოელს? შეიძლება ბიზნესმა ერთჯერადად, კონკრეტული პირობებით, შემოყვანოს უცხოელები, მაგრამ, ეს ვერ მიიღებს მასობრივ ხასიათს. რატომაც ქართველი მუშახელი გადის ბაზრიდან (დაბალი ხელფასის და არასათანადო პირობების გამო), ზუსტად იგივე მიზეზით წავა და არ იმუშავებს უცხოელიც. ბიზნესი ამით პრობლემას ვერ მოაგვარებს“, - განაცხადა კუკულაძემ.