„ვიღაცა ფრონტის ხაზზე იყო, ვიღაცა დუბაიში“

„ვიღაცა ფრონტის ხაზზე იყო, ვიღაცა დუბაიში“

1992 წლის 14 აგვისტოს, 12 საათზე აფხაზეთში პოლიციის ძალები გამოჩნდნენ, ამას მოჰყვა სამხედრო შენაერთების შესვლა, სოხუმის თავზე გამოჩნდნენ ვერტმფრენები. სეპარატისტები სასწრაფოდ იწყებენ მაუწყებლობას და აცხადებენ, რომ ქართული შეიარაღებული ფორმირებები თავს დაესხნენ აფხაზებს. პარალელურად, აფხაზეთში რუსული ჯარიც შევიდა და ომი დაიწყო. ურთიერთგამომრიცხავი ცნობები მოდის ტყვარჩელიდან - ერთი, რომ იქ სიმშვიდეა, მეორე - დაიწყო ქართველი მოსახლეობის დარბევა. პარალელურად, გუდაუთას და გაგრას ტოვებენ ქართველები. ჩვენი ჯარი კი სოხუმში მდინარე გუმისთასთან გაჩერდა. სოხუმი დღედაღამ იბომბება.

აფხაზეთში ჩადიან ედუარდ შევარდნაძე, თენგიზ სიგუა და ჯაბა იოსელიანი. იწყება პირველი მოლაპარაკებები. აფხაზებთან შეხვედრაზე მიდიან ჯაბა იოსელიანი, თენგიზ სიგუა, ლორიკ მარშანია, ავთანდილ იოსელიანი და ორი ადგილობრივი დეპუტატი. არც ერთ მოლაპარაკებას არ ესწრება თამაზ ნადარეიშვილი. მინისტრთა კაბინეტში კი მათ ბაღაფში, ანქვაბი, ლაბახუა, ზურაბ აჩბა და დავით ფილია ხვდებიან. ელოდებიან არძინბას, მაგრამ ის არ ჩანს. მოლაპარაკება უშედეგოდ მთავრდება.

სოხუმში უკვე გამოჩნდნენ ჩრდილოკავკასიელები. გუდაუთაში შეყვანილ იქნა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 345-ე პოლკი. მოგვიანებით დადგინდა, რომ 345-ე პოლკი აზერბაიჯანიდან, კონკრეტულად კი განჯიდან იქნა შეყვანილი აფხაზეთში. 345-ე პოლკი ყველა ბრძოლაში წინა ხაზზეა. 345-ე პოლკის შემდეგ კი თავგანწირვით იბრძვის შამილ ბასაევისა და გილაევის დაჯგუფება.

მაშინდელი პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა ამბობს, რომ მან მაშინვე დაურეკა რუსეთის თავდაცვის მინისტრს, პაველ გრაჩოვს და ჰკითხა, თუ ვინ მისცა რუსეთს იმის ნებართვა, რომ სხვა სახელმწიფოდან გუდაუთაში დაუკითხავად 345-ე პოლკის შემოეყვანა. გრაჩოვმა კი უპასუხა, ამის შესახებ ინფორმირებული იყო შევარდნაძე.

„ჩვენ რომ გვცოდნოდა რუსეთის 345-ე პოლკის შემოყვანის შესახებ, სახელმწიფოს მეთაურის ამ გადაწყვეტილებას ვეტოს დავადებდით, მაგრამ ეს ჩუმად გააკეთა. სწორედ 345-ე პოლკის მებრძოლებს მიუძღვით უდიდესი წვლილი ქართველთა დახოცვაში“, - აცხადებს თენგიზ სიგუა.

„345-ე პოლკი აზერბაიჯანში, განჯაში იყო განლაგებული, განჯიდან გადმოიყვანეს და დააყენეს გუდაუთაში ბომბორას აერდრომზე. სოჭში მოლაპარაკებაზე ვიყავით საქართველოს დელეგაცია, მათ შორის - მე და თენგიზ სიგუა, ეს კითხვა დავუსვით პაველ გრაჩოვს. ერთხელ რომ შევეკითხეთ, გრაჩოვმა ხმა არ გაგვცა, მეორედაც ვკითხეთ დ იგნორირება მოახდინა. მაგრამ, მესამედ რომ შევეკითხეთ, შემოგვხედა და გვითხრა, თქვენ როგორ გგონიათ, თქვენი სახელმწიფოს ხელმძღვანელის გარეშე ჩვენ ამას გავაკეთებდითო? - მან მოგვცა ამის ნებართვაო. რასაც მე გეუბნებით, სიმართლეა და შეგიძლიათ, ეს დეტალები გადაამოწმოთ“, -აცხადებს for.ge-სთან საუბრისას უშიშროების ყოფილი მინისტრი ანზორ მაისურაძე.

შავნაბადას ბატალიონის ყოფილი მეთაური, ეროვნული გვარდიის დაზვერვის ყოფილი უფროსი აკია ბარბაქაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მაშინდელი პოლიტიკური ელიტა ვალდებული იყო ომი თავიდან აეცილებინა.

აკია ბარბაქაძე: სისხლი, რომელიც ორივე მხრიდან დაიღვარა აფხაზეთში, ეს სისხლი არ მოხმარდა განვითარებას და ქვეყნის გაძლიერებას. სამწუხაროდ, ვერც აფხაზებმა და ვერც ქართველებმა ამით ვერაფერი მოვიგეთ. ჩვენ, აფხაზებს და ქართველებს გასაყოფი არაფერი გვქონდა.

კონფლიქტის მონაწილე მხრაეები დღეს საუბრობენ იმაზე, რომ ქართველებს და აფხაზებს გასაყოფი არაფერი გვქონდა. მაშინ რა მოხდა 20 წლის წინ? შეიძლებოდა ამ კონფლიქტის თავიდან აცილება?

- შეიძლებოდა და მაშინდელი პოლიტიკური ელიტა ვალდებულიც იყო, რომ ომი თავიდან აეცილებინა. ქართველებს დაგვემართა ერთი რამე, საქართველოში სამოქალაქო ომი იყო, სწორედ, რომ სამოქალაქო ომის ფსიქოლოგიით შევედით აფხაზეთში. აფხაზებმა ეს ვერ აღიქვეს როგორც სამოქალაქო ომის გაგრძელება აფხაზეთის ტერიტორიაზე. ომის დაწყების მიზეზიც ეს იყო, ეს იყო სამოქალაქო ომის გადატანა აფხაზეთის ტერიტორიაზე. რა თქმა უნდა, რუსეთმა ეს შეგნებულად გააკეთა, რომ დაპირისპირება, რომელიც საქართველოში იყო, გადასულიყო აფხაზეთის ტერიტორიაზე. სამოქალაქო ომის ფსიქოლოგიით შევედით აფხაზეთში და არ გვქონდა გაიგივებული თუ რას ნიშნავდა ეს ომი, რა უნდა ყოფილიყო ომის საბოლოო შედეგი. ვერავინ ვერ დამაჯერებს იმას, რომ ქართველები იქ აფხაზების მოსაკლავად შევიდნენ.

სახელმწიფოს ყოფილი მეთაური ედურად შევარდნაძე აცხადებს, რომ თენგიზ კიტოვანმა ეროვნული გვარდია მისგან დამოუკებლად შეიყვანა აფხაზეთში რკინიგზის დასაცავად, რაც საომარი მოქმედების დაწყების მიზეზი გახდა...

- კიტოვანს ჰქონდა იმის ძალა, რომ მარტო, განყებენულად მიეღო ასეთი გადაწყვეტიელბა? მე ამაში ეჭვი მეპარება. აფხაზეთის ომის შეჩერება შეიძლებოდა ყველა ეტაპზე, სანამ სიღრმეში შევიდოდა კონფლიქტი. სამხედროების ბრალეულობა აქ ყველაზე დაბალია.

ფაქტია, რომ ჩვენ მაშინ არ გვყავდა ჯარი. შეიძლებოდა იმ ჯარისთვის ამდაგვარი ამოცანის დასმა?

- გეთანხმებით, რომ ჩვენ ჯარი არ გვყავდა. ეს იყო შეიარაღებული დაჯგუფებების ჩამოყალიბების პერიოდი. სამოქალაქო ომმა თავისი დაღი დაასვა ყველაფერს, მათ შორის შეიარაღებულ ძალებსაც. ჩვენ ვიცით რა სისხლისმღვრელი შეტაკებები მიმდინარეობდა მთელი საქართველოს მასშტაბით. პოლიტიკოსებს ხომ უნდა სცოდნოდათ, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე სამოქალაქო ომის პროვოცირება კარგს არაფერს მოგვიტანდა?! მეორეც - პოლიტიკოსებმა ბრწყინვალედ იცოდნენ, რომ აფხაზური კონფლიქტის უკან რუსეთი იყო მოკალათებული. აფხაზეთამდე ხომ რეპეტიცია გავიარეთ ცხინვალის რეგიონში... ეს იყო კონფლიქტში შეტყუება, რომელიც აწყობდა რუსეთის რეაქციულ ძალებს. 3 სექტემბრამდე განისაზღვრა ტერიტორიის სწრაფად დაკავება, რომელსაც ქართულმა არმიამ თავი გაართვა, მაგრამ ამის შემდეგ ამოცანა არ არსებობდა - ამოცანა უნდა ყოფილიყო ამ დაკავებული ტერიტორიის უზრუვნელყოფა.

რატომ ვერ შეძლეს მაშინ პოლიტიკოსებმა ამის უზრუნველყოფა? რა მიზეზით შეიცვალა პოზიცია?

- ეს იყო პოლიტიკური მოთხოვნილება, რომელიც მაშინდელ ხელმძღვანელობას უნდა დაეკმაყოფილებინა, თუ არ ვცდები, ეს იყო „ეს-ენ-გე“, რომელშიც მოგვიანებით დიდი სისხლისა და ტრაგედიების მერე მაინც აღმოვჩნდით - არათანაბარი ბრძოლა იყო. ჩვენ მაშინ არ გვქონდა იმის ფუფუნება, რაც დღეს აქვს ჩვენს შეიარაღებულ ძალებს. მთლიანად დამოკიდებული ვიყავით რუსეთის შეიარაღებული ძალების კაპრიზებზე. თუ მოისურვებდნენ - მოგვაწვდიდნენ საბრძოლო მასალებს, როცა კი სჭირდებოდათ, უარს გევუბნებოდნენ საბრძოლო მასალის მოწოდებაზე, ეს იყო რეალობა. წარმატებას რომ მიაღწევდა ქართული შეიარარებული ძალები, მაშინვე სამხედრო ძალები შემოჰყავდათ. ეს იყო პოლიტიკოსების შეცდომა. მაშინ მათ ვერ მოახერხეს და ომის გარეშე ვერ დაალაგეს რუსეთთან ურთიერთობა, რასაც მოჰყვა ქართველებისა და აფხაზების უაზრო სისხლისღვრა.

ომის დასრულების შემდეგ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო ამ საქმის გამოძიება, მაგრამ პასუხისგებაში არავინ მიუციათ. დადგა დრო, რომ გამოძიემამ თქვას რა მოხდა 1992 წელს აფხაზეთში?

- აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება. მაშინ იყო სამხედრო პროკურატურტა, ალე შუშანაშვილი იყო საქმის გამომძიებელი, ომის ყველა მონაწილე დაგვკითხა. სხვათაშორის იყო დაპირისპირებებიც. არსებობს დაკითხვის ოქმები და თუ სურვილი იქნება - არსებობს ჩანაწერებიც. მაშინ, თანამდებობის პირები გამოდიოდნენ პირდაპირ ეთერში, მათ შორის სოხუმიდან ჩამოსული პარლამენტის წევრები და მოუწოდებდნენ ამ ხალხს, რომ იარაღით ხელში ებრძოლათ. ის ფაქტი, რომ სოხუმზე და ფოთზე ერთდოულად დაიწყო შეტევა, ეს რამეს მიანიშნებს თუ არა?

ეს იყო ხელის შემშლელი ფაქტორი ქართული შეიარაღებული ძალებისათვის, რომ დროზე შესულიყვნენ აფხაზეთის ტერიტორიაზე და დაეკავებინათ გუმისთის ხაზი?

- რა თქმა უნდა, - იყო. გნებავთ ამას შეთქმულების თეორია დაარქვით, გნებავთ სამოქალაქო ომის დაპირისპირების შედეგი, ფაქტია, რომ ჩვენ მარტო ჩრდილოკავკასიელებთან და აფხაზებთან არ ვომობდით. მაშინ ჩვენ, ქართველი ქართველსაც  ვეომებოდით, - რუსსაც, აფხაზსაც და კაზაკსაც, მაგრამ მთელი საქართველო არ ომობდა. ვიღაცა ფრონტის ხაზზე იყო, ვიღაცა დუბაიში. ეს იყო არასწორი ქმედებების ლოგიკური დაბოლოება. სამწუხაროდ, ამას შეეწირა ხალხი, რაც გახდა ქართველებისა და აფხაზების დღემდე გადაუჭრელი ტრაგედია.მე როგორც მეომარი, ყველაფერს ვიზამ იმისთვის, რომ ომი არასოდეს განმეორეს ჩვენ ქვეყანაში. დღეს ქართველებს და აფხაზებს მოგვიწევს გადაწყვეტილების მიღება, ჩვენი გაფუჭებული საქმე, ჩვენ უნდა გამოვასწოროთ. ეს ტერიტორია ათვისებული უნდა იყოს ქართველებისა და აფხაზების მიერ.

დადგა ის დრო, რომ ქართველი და აფხაზი მეომრები ერთმანეთის პირისპირ დადგნენ?

- დიალოგის გარეშე არაფერი გამოვა. აფხაზეთში უნდა ისმოიდეს ქართულ-აფხაზური გალობა. სამწუხაროდ, მოხდა ის, რაც მოხდა. სამოქალაქო ომიც არ გვინდოდა, მაგრამ მოხდა. ერთმანეთს თუ სამოქალაქო ომი ვაპატიეთ და შევუნდეთ ერთმანეთს, რატომ არ შეიძლება ქართველებმა და აფხაზებმაც შევუნდოთ ერთმანეთს? თუ გერმანელები და რუსები ერთამანეთს ელაპარაკებიან, რატომ არაა შესაძლებელი, რომ ქარველებმა და აფხაზებმა, ქართველებმა და ოსებმა ველაპარაკოთ ერთმანეთს. ჩვენ დაუშვით დიდი შეცდომა, როდესაც იარაღის ძალით შევეცადეთ რაღაცა სახის პრობლემის მოგვარებას. მე დღემდე არ ვიცი რას ითხოვდნენ მაშინ აფხაზები ისეთს, რომელიც დიალოგითა და პოლიტიკური ნებით არ მიიღწეოდა.

სოხუმში არის მეომრების საერთო სასაფლაო, ამ დრომდე ვერ ადგენენ ეს სამარხი ქართველებს ეკუთვნით, თუ აფხაზებს. მიდის ლაპარაკი, რომ „დნმ“-ის საშუალებით მოხდეს მათი იდენტიფიკაცია. კარგი იქნება, რომ ამ დაუდგენელი მიცვალებული ბიჭების სამარხი ხელუხლებელი დატოვონ და წელიწადში ერთხელ, ქართველ დედებს, ვისაც შინმოუსვლელი შვილი ჰყავს, მეცეთ საშუალება, რომ ჩავიდნენ და აფხაზ დედასთან ერთად დაიტირონ ის მიცვალებულები, რაც შეიძლება შერიგების დასაწყისი გახდეს.