საერთო უწონასწორობის თეორია. ალბათ ეს ყველაზე კარგი სათაური იქნება მომავალი წიგნისათვის, რომელიც მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ რა მოხდა ევროპაში ბოლო წლების განმავლობაში. ევროპა ყოველთვის იდგა სხვადასხვა ტიპის წონასწორობათა ერთობლიობაზე, როგორც აშკარა, ასევე ნაკლებად შესამჩნევ წონასწორობებზე: მსხვილი და პატარა სახელმწიფოები, საფრანგეთი და გერმანია, ჩრდილოეთი და სამხრეთი, ცენტრი და პერიფერია, მდიდრები და ღარიბები, ევროკავშირის დამფუძნებლები და ახალი წევრები, ატლანტისტები და ევროპეისტები. ეს წონასწორობები დაიმსხვრა, და საეჭვოა, რომ მისი აღდგენა შეიძლებოდეს. აუცილებელია სხვაგვარად წარმოვიდგინოთ ევროპა. ევროპა, სადაც წარმმართველი გერმანიაა (მისდა საუბედუროდ) და არ არსებობს საპირწონეები, ის ევროპა აღარ არის. მას შეუძლია და უნდა განაგრძოს კიდეც არსებობა, მაგრამ მისი სახელმწიფო ინსტიტუტები და პოლიტიკა უნდა შეიცვალოს. მაშ ასე, რა იკვეთება ჰორიზონტზე?
ლიდერობა. მსგავსი უფლებამოსილებებით რომ ყოფილიყვნენ აღჭურვილნი კოლი, მიტერანი, ჟისკარ დესტენი, ბლერი, გონსალესი, კლინტონი, ისინი საოცარ პროექტებს განახორციელებდნენ: ევროპაში შექმნიდნენ პოლიტიკური მმართველობის საერთო ორგანოებს, მოახდენდნენ ენერგეტიკულ რევოლუციას, საპილოტე კოსმოსურ ხომალდს მარსზე გაუშვებდნენ. მოკლედ, უამრავი რამის გაკეთება შეიძლება!
მაგრამ მერკელი თავის გამარჯვებას იმისთვის იყენებს, რომ შეამციროს ხარჯები, გაასწოროს ბიუჯეტი, ცოტა პენსიისთვის გადადოს და უდარდელად იმუშაოს გვიან ღამემდე. როგორც ჩანს, გერმანელები სწორედ აქეთკენ მიისწრაფვიან, და ამისთვის მათ ვერავინ უსაყვედურებს.
გადაწყვეტილებების მიღების უფლება? კი ბატონო. ვისაც უნდა, რომ ეს უფლება ჰქონდეს, მან წესრიგიც უნდა დაამყაროს თავის პოლიტიკურ ინსტიტუტებში. ევროზონის ქვეყნების ვერცერთმა ლიდერმა ვერ გაუძლო პირველ არჩევნებს, მერკელი კი ხელახლა აირჩიეს. სწორედ ეს არის ქმედითი დემოკრატია.
შეკავებისა და საპირწონეთა პოლიტიკა. მერკელის გამარჯვება სხვა კანდიდატების (როგორც გერმანიის შიგნით, ასევე მის საზღვრებს მიღმა) არარსებობით აიხსნება. ამ მომენტამდე ჩვენ ვჩიოდით, რომ გერმანიას საპირწონე არ ჰყავდა. ახლა კი წინ რვა წელი გვაქვს საპირწონეს გარეშე. გერმანიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიას არ აქვს საკმარისი ძალა, ლიბერალები გაქრნენ, ხოლო ევროსკეპტიკოსები უმცირესობაში არიან. თუ საქმე სხვაგვარადაა? თუკი მერკელმა რამით მაინც გამოიჩინა თავი ბოლო წლებში, ეს იყო უკიდურესი წინდახედულობა, და არ ღირს იმაზე ფიქრი, რომ გამარჯვება მას თავში აუვარდება. მერკელის საუკეთესო საპირწონე იქნება თავად მერკელი.
ისტორია. ისტორიკოსები ვერ ახსნიან იმას, რაც ევროპაში ხდება, მერკელის ამოცნობის გარეშე. მაგრამ მერკელის ამოცნობა იმდენად იოლია, რომ საქმე საქმეზე რომ მიდგება, ძალიან რთული ხდება. ბიოგრაფს შესწავლისათვის რთული ობიექტი სჭირდება, ისეთი, რომლის ცხოვრებისეული გზაც სავსეა საიდუმლოებებით, ღალატითა და სერიოზული გატაცებებით. თანაც, ობიექტი უნდა იყოს ცინიკური და იმავდროულად ღირსეული.
ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ეს მერკელის პორტრეტი არ არის. ისტორიკოსებს გაუჩნდებათ ეჭვი, რომ ახსნა ძალიან ყოფითია, მაგრამ აშკარაა, რომ ყველაფერი სწორედ ასეა. მერკელი სწორედ ისეთია, როგორ შთაბეჭდილებასაც ტოვებს.
foreignpress.ge