ვის აუკრძალავენ ქვეყნიდან გასვლას

ვის აუკრძალავენ ქვეყნიდან გასვლას

საქართველოს მოქალაქეებს ქვეყნის დატოვების უფლება შეიძლება შეეზღუდოთ, თუკი ამას სახელმწიფო, ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესები მოითხოვს. ამას პარლამენტში წარდგენილი ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს და ამ კანონპროექტის ინიციატორები ირინე იმერლიშვილი და ზურაბ აბაშიძე არიან.

კერძოდ, უსაფრთხოების დაცვის კონტექსტში, ამიერიდან „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეს ქვეყნიდან გასვლაზე, პასპორტის გაცემაზე, პასპორტის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე, ასევე, საზღვრის გადაკვეთაზე უარი შეიძლება ეთქვათ.

დღემდე მოქმედი კანონი კი ქვეყნის დატოვების უარის თქმის საფუძველად პირის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნას ან მის მიერ ყალბი და ძალის არმქონე საბუთების წარდგენას ცნობდა.

აღნიშნულმა კანონპროექტმა საზოგადოების შეშფოთება გამოიწვია. ზოგიერთებმა ამაში შორსმიმავალი ზრახვები დაინახეს. გაჩნდა ლეგიტიმური კითხვაც - ვის აეკრძალება ქვეყნიდან გასვლა? ხომ არ იქნება ეს კანონპროექტი თავისუფალი ინტერპრეტაციის წყარო და ხომ არ შეეზღუდებათ საზღვარგარეთ გაადგილება განსხვავებულ პოლიტიკური აზრის მქონე ადამიანებს?

For.ge ამის შესახებ ექსპერტებს ესაუბრა.

სამხედრო ექსპერტ გიორგი თავდგირიძეს უკვირს, ნუთუ მეტი საქმე არ აქვს ჩვენს პარლამენტს, რომ წყლის ნაყვით არ იყოს დაკავებული?! მით უფრო, რომ ასეთი კანონმდებლობა საბჭოთა კავშირსაც არ ჰქონდა და თვით სტალინის კონსტიტუციაც არ ითვალისწინებდა ასეთ შეზღუდვას. მისთვის გაუგებარია, ადამიანს შეუზღუდო გარანტირებული თავისუფლება. ამასთან, იგი ფიქრობს, რომ ეს ბევრ გაუგებრობას გამოიწვევს, გაზრდის ჩინოვნიკის როლს. საქართველოში კი ბიუროკრატია ცდილობს, მონათმფლობელური წყობა დაამყაროს, მაგრამ რომის და სხვა მონათმფლობელური სახელმწიფოსგან განსხვავებით, ჩვენში ბიუროკრატები, ანუ ჩინოვნიკები გახდებიან მონათმფლობელები, მათ აბსოლუტური უფლება ექნებათ, თავისუფლად ისეირნონ და იმოგზაურონ, ხოლო მოსახლეობა მონად აქციონ.

„რა თქმა უნდა, არსებობს იურიდიული ნორმები, კანონმდებლობა, რომელიც, გარკვეულწილად, ზღუდავს ცალკეულ ადამიანებს, მაგრამ ეს არის მკაფიოდ გაწერილი. არანაირი დამატებითი რეგულაცია ამ საკითხს არ სჭირდება და ასეთი პრობლემა არ დგას ქვეყანაში. ახლა პრობლემაა, რომ ქვეყნის ეკონომიკა განიცდის კრიზისს იმის გამო, რომ პოლიტიკოსები უსაქმურები არიან. შესაბამისად, უსაქმური პოლიტიკოსების საგმირო საქმეების გამო, ქვეყანაში იმდენად დუხჭირი ცხოვრებაა, რომ საქართველოს მოქალაქეებს ლუკმა-პურის საშოვნელად უცხოეთში წასვლა უწევთ. ამიტომ რაღაც ხელოვნური რეგულაციები სრული იდიოტიზმია“, - აცხადებს გიორგი თავდგირიძე.

ექსპერტი ვახტანგ მაისაია ქვეყნის დატოვების უფლების შეზღუდვას აბსურდულად მიიჩნევს. მეტიც, თავის დროზე მან საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა სარჩელი სისხლის სამართლის კოდექსის 74-ე მუხლის შესახებ, რომლითაც საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის რაიმე ტიპის ინფორმაციის გადაცემა სახელმწიფო დანაშაული და ღალატის ტოლფასი გახლდათ. კონსტიტუციურმა სასამართლომ ეს სარჩელი დააკმაყოფილა და ამით ეს საკითხი საბოლოოდ უნდა ამოწურულიყო. თუმცა, ამჯერად, იმერლიშვილ-აბაშიძის ინიციატივა ეწინააღმდეგება ამ პრინციპს.

„ვინ განსაზღვრავს, რა არის სახელმწიფო უსაფრთხოება? რატომ არ არის საერთო ეროვნულ დონეზე კონსტიტუციური დოკუმენტი შემუშავებული, რომლითაც განსაზღვრული იქნებოდა, რა არის ეროვნული უსაფრთხოება და საფრთხეების კლასიფიკაცია?! აქედან გამომდინარე, როცა არ არის კონცეპტუალური ბაზა შექმნილი და არ არის დამუშავებული სახელმწიფოს მიდგომა პოლიტიკურ კონტექსტში, ასეთი კანონპროექტის მიღება უცნაურია“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.

მისი თქმით, თუ ეს საგარეო მოხმარების კუთხით გაკეთდა და საუბარია რუსეთთან ურთიერთობაზე, ეს გასაკვირია, რადგან დღევანდელი ხელისუფლება ცდილობს ამ ურთიერთობის გამოსწორებას, ხოლო, თუ ეს უკავშირდება კონფლიქტურ კერაში ჩვენი, ქართველი მოქალაქეების გადასვლას, გამოდის, რომ ჩვენ ვაღიარებთ ამ ე.წ. სუბიექტებს. ამიტომ ვახტანგ მაისაია ამ კანონპროექტის ახსნა-განმარტებასა და ტრანსპარანტულობას მოითხოვს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძე ამ კანონპროექტის რისკიანობაზე საუბრობს. მისი თქმით, საიას რამდენიმე კონკრეტული საქმე ჰქონდა, როცა მოქალაქეებს საზღვარზე არ უშვებდნენ და სათანადოდ არ უმარტავდნენ ამ შეზღუდვის მიზეზებს. ამდენად, ამ ზოგადი ნორმის დაკანონება ცუდ პრაქტიკას კიდევ უფრო გაამყარებს და ადამიანს მარტივად ეტყვიან - „შენი გაშვება უსაფრთხოებისთვის შეიძლება პრობლემატური აღმოჩნდეს“. ამის შემდეგ ადამიანს მხოლოდ ერთი გზა დარჩება, წავიდეს სასამართლოში, იდავოს და ამასობაში მისი თვითმფრინავი ძალიან ბევრი რეისის განხორციელებას მოასწრებს, სანამ სასამართლო პროცესს მოიგებს.

„ეს კანონი იძლევა საშუალებას, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა ცუდად გამოიყენონ ეს ნორმა და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებებით ხელი შეუშალონ ადამიანის თავისუფალ გადაადგილებას. არადა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტით გამყარებულია, რომ ნებისმიერი ამკრძლავი და შემზღუდავი ნორმა უნდა იყოს ნათელი და განჭვრეტადი“, - აღნიშნა კახა კოჟორიძემ.

ჟურნალისტ ირმა ინაშვილისთვის გაუგებარია, ასეთი სისულელის განხილვა რა საჭირო იყო?! მით უფრო, რომ ამ კანონპროექტის სულისკვეთება ძალიან ახლოსაა კომუნისტურ ეპოქასთან. ეს მაშინ, როცა ნებისმიერ ადამიანს გადაადგილების უფლებას აძლევს საერთაშორისო კანონმდებლობა და არავის აქვს უფლება, ვინმეს საზღვარგარეთ წასვლის უფლება წაართვას.

„აღნიშნული კანონპროექტი თავისუფალი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. ვინ იძლევა იმის გარანტიას, რომ ეჭვმიტანილებში არ მოხვდებიან სრულიად უდანაშაულო და პოლიტიკური ნიშნით შერჩეული ადამიანები?! ვინ დამაჯერებს, რომ თუნდაც მე, ან სხვა ჟურნალისტები არ მოხვდებიან ამ კატეგორიაში?! ჩვენ ევროპული ღირებულებებისკენ უნდა წავიდეთ და არა უკან - საბჭოეთში“, - გვითხრა ირმა ინაშვილმა.

ჩვენ კანონპროექტის ერთ-ერთ ინიციატორს, ირინე იმერლიშვილსაც დავუკავშირდით. მან გვითხრა, რომ ამ კანონპროექტში ერთი ერთზეა გადატანილი კონსტიტუციის ნორმა და კანონმდებლობა კონსტიტუციასთან შესაბამისობაშია.

„ეს არის კონსტიტუციის 22-ე მუხლი, რომელიც განსაზღვრავს, რომ გადაადგილების უფლება ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებაა, თუმცა ამ მუხლის მომდევნო პუნქტი განსაზღვრავს, თუ რა შემთხვევაში შეიძლება, შეიზღუდოს გადაადგილების უფლება, რაზედაც არის კონკრეტული ჩამონათვალი ამის შესახებ. ეს ცვლილებები საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამოქმედებას უკავშირდება“, - აღნიშნა ირინე იმერლიშვილმა.

მანვე განმარტა, რომ, რადგან ამდენი კითხვა გამოიწვია ამ კანონპროექტმა და კონსტიტუციური ნორმაც ძალიან ზოგადია, ამიტომ იურიდიულ კომიტეტზე ამ კანონპროექტის განხილვისას ის და ზურაბ აბაშიძე, ალბათ, დეტალურად გაწერენ, თუ რა შემთხვევაში შეიძლება შეიზღუდოს ადამიანისთვის ქვეყნის დატოვების უფლება. ამის შემდეგ ამ კანონის ინტერპრეტირების ან ბოროტად გამოყენების საშუალება არავის ექნება.