„რუსი სამხედროები საკუთარ თავს ნაცისტური გერმანიის იდეოლოგიის გამტარებლებად წარმოაჩენენ“

„რუსი სამხედროები საკუთარ თავს ნაცისტური გერმანიის იდეოლოგიის გამტარებლებად წარმოაჩენენ“

„ეს ფოტოები აჩვენებს, რა ღირებულებების დასაცავად შევიდა რუსეთი სამხრეთ ოსეთში“, - ასე უპასუხა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილი for.ge-ს კითხვას, სააგენტოს „ნიუპოსტის“ მიერ დღეს გავრცელებულ ფოტოებს, რომელიც ცხინვალის რეგიონშია გადაღებული. ერთ-ერთ ფოტოზე რუსი სამხედროა აღბეჭდილი, რომელსაც ჩაფხუტი ახურავს და ადოლფ ჰიტლერის მსგავსი ულვაშები აქვს დახატული. ფოტოების ნაწილი ოკუპირებული აფახაზეთის ტერიტორიაზეა გადაღებული, მეორე ნაწილი კი „სამხრეთ ოსეთში“.  ცხინვალის რეგიონში გადაღებულ ერთ-ერთ ფოტოზე რუსი სამხედროა აღბეჭდილი, სადაც მას „SS”- წარწერიანი ჩაფხუტი ახურავს და ჰიტლერის პაროდირებას აკეთებს. 

ამ სურათებიდან ჩანს, რომ რუსი სამხედროები 2008 წელს რუსეთ–საქართველოს ომის დროს დანგრეული ქართველების სახლების აივნებზე ფოტო ობიექტივის წინ პოზირებენ, ქართული სოფლების მიტოვებულ ვენახებსა და ხეხილის ბაღებში მოწეულ მოსავალს აგემოვნებენ და მიტოვებულ საფლავებზე სანგრებს თხრიან. მეტიც, ისინი ქართული წარწერების მქონე საფლავებთან სამახსოვრო ფოტოს გადაღებასაც აუცილებლად მიიჩნევენ.

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ეს ფოტოები კიდევ ერთხელ აჩვენებს, რა ღირებულებების ადამიანები მსახურობენ რუსეთის ჯარებში, რა ღირებულებების დასაცავად შევიდა რუსეთი სამხრეთ ოსეთში და „იცავს“ თითქოსდა, ქართული აგრესიისგან.

მისივე თქმით, რუსი სამხედროები საკუთარ თავს წარმოაჩენენ ნაცისტური გერმანიის იდეოლოგიის გამტარებლებად, არ ერიდებათ სადამსჯელო რაზმების - „SS“-ის ჩაფხუტის თავზე დაფარება და ჰიტლერის სახის მიღება.

„ასე პოზირებენ „რუსეთ-სამხრეთ ოსეთის თანამშრომლობის“ ამსახველ სტენდთან. მიმაჩნია, რომ ცივილიზებულმა სამყარომ კიდევ ერთხელ უნდა დაინახოს, რა ღირებულებების გამო განახორციელა რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და რა ფასეულობებით ეწინააღმდეგება ის საქართველოს დასავლურ ორიენტაციას.

ამის მაგალითია არა მხოლოდ ნაცისტური გერმანიის მიმართ სიმპატიების დადასტურება, არამედ საქართველოს ორიენტაციის უარყოფითად გაიგივება ამერიკულ და დასავლურ მიმართულებასთან, რაც ასევეა ასახული ერთ-ერთ ფოტოზე“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილმა.