თანაინვესტირების ფონდში უკვე, 6 მილიარდი დოლარია აკუმულირებული

თანაინვესტირების ფონდში უკვე, 6 მილიარდი დოლარია აკუმულირებული

საქართველოს თანაინვესტირების ფონდი ოფიციალურად დარეგისტრირდა. მისი პრეზიენტაცია კი სასტუმრო „შერატონში“ გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ მინისტრიც ესწრებოდა. თანაინვესტირების ფონდი მობილიზებული კაპიტალის მოცულობა ამჟამად 6 მილიარდ დოლარს უტოლდება, ხოლო ფონდში ბიძინა ივანიშვილის კაპიტალი მაქსიმუმ 1 მილიარდი ამერიკული დოლარია, რაც ფონდის დაახლოებით 15 პროცენტს შეადგენს.

5 წლიანი საინვესტიციო პერიოდის განმავლობაში, ფონდი თანაინვესტორებთან ერთად, 10 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტების განხორციელებას გეგმავს. ფონდის შექმნის იდეა ბიძინა ივანიშვილმა 2012 წლის დეკემბერში გააჟღერა, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია ქვეყანაში მოქმედ ბიზნესმენებსა და უცხოელ ინვესტორებში.

მმართველი გუნდი 10 თვის განმავლობაში მუშაობდა ფონდის ჩამოყალიბების პროცესზე, რომელიც შემდეგ ეტაპებს მოიცავდა - 1. ფონდის კონცეფციის შემუშავება, 2. პოტენციური ინვესტორების მოძიება და მათთან მოლაპარაკებების წარმოება, 3.საერთაშორისო კონსულტანტებთან ერთად ფონდის სტრუქტურის ჩამოყალიბება, და მისი პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტება.

ფონდის გენერალური დირექტორი, გიორგი ბაჩიაშვილი აცხადებს, რომ ამ პროცესის პარალელურად, ისინი აქტიურად მუშაობდნენ პოტენციურ საინვესტიციო პროექტებზე. ამჟამად განიხილება ათამდე პროექტი, რომლებიც ენერგეტიკის, ტურიზმის, წარმოებისა და სოფლის მეურნეობის სექტორებს მოიცავს და მათი ჯამური ღირებულება ნახევარ მილიარდ დოლარს აღწევს. დღეიდან „საქართველოს თანაინვესტირების ფონდი“ ღიაა ქართველ და უცხოელ პირებთან სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობისთვის. ფონდის ჩამოყალიბება საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია და მისი ერთ-ერთი უმთავრესი ნაწილი ინვესტორებთან ინტენსიურ თანამშრომლობას გულისხმობს.

„ფონდის შექმნის იდეა, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ეკონომიკის განვითარებისა და ბიზნეს გარემოს გაუმჯებესების სურვილიდან გამომდინარე გაჩნდა. საქართველოს თანაინვესტირების ფონდი შექმნილია ქართველი და უცხოელი ინვესტორებისაგან მოზიდული სახსრების კომერციულად მიმზიდველ პროექტებში ინვესტირებისთვის. ეს არის კერძო, პირდაპირი ინვესტიციების ფონდი, რომელიც დასავლური პრაქტიკისა და სტანდარტების გათვალისწინებით ჩამოყალიბდა. ბოლო 8 თვის განმავლობაში ჩვენ ვაწარმოეთ მოლაპარაკებები უამრავ პოტენციურ ინვესტორთან, რომელთა ნაწილიც ჩვენი ინიციატივით დაინტერესდა“, - აცხადებს გიორგი ბაჩიაშვილი.

დღევანდელი მდგომარეობით ჩვენი ინვესტორები, ანუ ფონდის შეზღუდული პარტნიორები არიან: აბუ დაბი ჯგუფი (Abu Dhabi Group) და რას ალ ხაიმას საინვესტიციო სამმართველო არაბთა გაერთიანებული საემიროდან (Ras Al Khaimah Investment Authority from UAE), მაილსტოუნ ინთერნეიშენელ ჰოლდინგსი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან (Milestone International Holdings from the People’s Republic of China), ბიძინა ივანიშვილი (Mr. Bidzina Ivanishvili), ალექსანდრე მაშკევიჩი (Mr. Alexander Moshkevich), ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი (Estate of Badri Patarkatsishvili), ყაზტრანსოილის (KazTransOil), შვილობილი კომპანია – ბათუმის ინდუსტრიული ჰოლდინგი (Batumi Industrial Holdings Limited), ჩალიკ ჰოლდინგზი თურქეთიდან (Chalik Holdings), და აზერბაიჯანის სახელმწიფოს ნავთობის ფონდი (State Oil Fund of Azerbaijan). აღნიშნული ინვესტორები ფონდში შეზღუდული პარტნიორები არიან, რაც იმას ნიშნავს რომ ისინი მართვაში არ იღებენ აქტიურ მონაწილეობას. ფონდის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს ასევე წარმოადგენენ ფინანსური, იურიდიული და რისკებისა და ანალიზის დეპარტამენტები.

თანაინვესტირების ფონდის ძირითად მიზანია, ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი და კომერციულად მომგებიანი პროექტების განხორციელება, ფონდის ქართველ და უცხოეულ ინვესტორებზე მაღალი უკუგების მაჩვენებლის უზრუნველვყოფა საერთაშორისო მასშტაბებით მოღვაწე, მსხვილი კომპანიების მოზიდვა და ქართულ ბაზარზე შემოყვანა. საინვესტიციო პროექტების მინიმალური ღირებულება 5 მილიონ დოლარს შეადგენს, ხოლო ფონდის თანამონაწილეობა 25-დან 75%-მდე განისაზღვრება. ფონდის გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, მსგავსი მოქნილი შეთავაზება ფონდს უფრო მიმზიდველს გახდის პოტენციური პარტნიორებისთვის.

პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით „თანაინვესტირების ფონდის“ დაარსებით საქართველოში კაპიტალის ზრდის საშუალება დიდი იქნება. როგორც ივანიშვლმა აღნიშნა, თანაინვესტირების ფონდის პარალელურად ფუძნდება ვენტურული ფონდი, რომელიც ინოვაციურ პროექტებს დააფინანსებს. საპარტნიორო ფონდის ბაზაზე კი დაფუძნდება სუვერენული ფონდი, რომელიც იქნება უფრო დახვეწილი და გასაგები ინვესტორებისთვის. პრემიერის განცხადებით, სამივე ფონდის დაფუძნება აუცილებლად დამატებით სტიმულს მისცემს საქართველოში ინვესტიციების შემოდინებას.

„ეს არ არის საკმარისი, აუცილებელია ეკონომიკური სტაბილურობა, რომ ბიზნესი იყო დამოუკიდებელი, ვაპირებ ბიზნესმენებთან შეხვედრას. ბიზნესი საქართველოში უნდა იყოს ხელშეუხებელი. საქართველო გახლავთ სატრანზიტო ქვეყანა, ჩვენ ეს ფუქნცია იდეალურად უნდა შვეასრულოთ, ამისათვის უნდა აშენდეს პორტი, რომელსაც ექნება წელიწადში 110 მილიონ ტონამდე გამტარიანობა, რომლესაც პარალელურ რეჟიმში განვიხილავდით. სამი პროექტის ვარიანტი გვქონდა, ეს არის საუკეთესო, რომელიც იმუშავებს 12 თვის განმავლობაში 24 საათი.

პორტის მშენებლობა იქნება გაცილებით გაიოლებული. პორტებზე სულ საუბრობდა წინა ხელისუფლება და მისი აშენების არც პროექტი არსებობდა და არც დაფინანსების ვარიანტი. ჩვენ ეს შეგვიძლია სრულყოფაში მოვიყვანოთ. თქვენ იცით სააკაშვილის აკვიატებული იდეა ლაზიკის პროექტთან დაკავშირებით, ჩვენმა ეკონომიკურმა ჯგუფმა გაარჩია სამი ვარიანტი - ლაზიკა ძალიან აგებს ანაკლიის პორტთან, რომელიც არის სიმძლავრით რამდენჯერმე უფრო დიდი, ამავე დროს არ გვირჩიეს, ჭაობის ამოშრობამ, შესაძლოა, ძალიან დიდი ბუნებრივი კატაკლიზმები გამოიწვიოს. შესაბამისად, ასეთი პორტის მშნებელობის დაწყებისთვის მიდის სერიოზული მზადება დოკუმენტაციის დამუშავება, პროექტის სტრუქტურირებაზე და შესაბამის დაფინანსებაზე. ეს შეიძლება ყველაზე რეალისტური პროექტი გახდეს საქართველოში“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, თანაინვესტირების ფონდი ხელს შეუწყობს ეკონომიკის აღმავლობას.

„რკინიგზა, რომლითაც ნავთობროდუქტები გადაიზიდებოდა ყველა წელიწადს მცირდებოდა და ეს 2 მილიონ ნახევრამდე დავიდა 8 ტონიდან. ჩვენ წელს გავზრდით და გავაორმაგებთ და გაისისთვის უკვე გვექნება 5 მილიონი ტონა, შემდგომ გავაგრძელებთ ამის ზრდას და შესაძლებლობა გვექნება 16 მლნ ტონამდე ავიყვანოთ. საპროექტო გამტარიანობა უნდა გავზარდოთ 100 მილიონ ტონამდე. ამის შესაძლებლობა ჩვენ გვაქვს, ესეც განიხილება და ამაზე ვმუშაობთ.

შემოვლით რკინიგზას რომ აკეთებდნენ ის 25%-ით ამცირებდა  ჩვენი რკინიგზის გამტარუნარინაობას. ეს აბსოლუტურად გაუთვლელი იყო ისევე, როგორ გვირაბების მშენებლობა, ის ცალმხრივი იყო და ორმხირვი მატარებელი არ გადიოდა და შესაბამისად, პრობლემა ჰქონდა. ჩვენ პროექტებს მოვიყვანთ ეკონომიკის ჭკუაზე და ნორმალურ პროექტებს გავაგრძელებთ. ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია მაქსიმალურად უდნა ავითვისოთ და მაქსიმალური სარგებელი უნდა ჰქონდეს ამით ეკონომიკას“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა და აქვე დასძინა, რომ თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, იგი აქტიურად იქნება ჩართული საქართველოს ეკონომიკის აღმშენებლობის საქმეში. 

თანაინვესტირების ფონდის მმართველი კომპანიის დამფუძნებელთა სიაში ბიზნესმენი ლევან ვასაძეც შედის. როგორც ვასაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, იგი მრჩეველთა საბჭოს წევრადაც მოიაზრება. ვასაძის განმარტებით, თანაინვესტირების ფონდის მრჩეველთა საბჭოს სრული შემადგენლობა ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა იგი მზად არის, ფონდს შეძლებისდაგავრად დაეხმაროს. 

„რითაც შემეძლება, დავეხმარები ამ საჭირო საქმეში. ინვესტორებს შორის არ გახლავართ, რადგან როგორც ბიზნესმენი ცალკე ვმუშაობ. რაც შეეხება თანაინვესტირების ფონდს, ეს ძალიან დიდი საქმეა. ეს არის ის, რაც ქვეყანას სჭირდება“, - განაცხადა ლევან ვასაძემ და აღნიშნა, რომ ფონდს კვალიფიციური გუნდი უძღვება.

თანაინვესტირების ფონდის პრეზენტაციას აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და ბიზნესმენები ესწრებოდნენ. ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებით, საქართველოში უახლოესი 3-4 წლის განმავლობაში 10-12 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. მისივე თქმით, ფონდი ძალიან დაეხმარება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას.

რაც შეეხება ისეთ გლობალურ პროექტს როგორიცაა ანაკლიის პორტი, ეკონომიკის ექსერტი დემურ გიორხელიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ეს ქართული ინტელექტის ნაყოფია და მისი რეალიზაცია აუციელებელია.

„ეს არაა უბრალოდ შავი ზღვის პორტი, ეს იქნება უზარმაზარი ინფრასტრუქტურა დაკავშირებული დიდ რეგიონალურ ინფრასტუქტურასთან, მათ შორის ევროპის შესაბამის ინფრასტუქტურასთან. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და მისი განხორციელება საქართველოსთვის ძალიან დიდი სერიოზული შდეგების მომტანი იქნება. ეს იქნება პორტი, რომელიც მოემსახურება აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით ტვირთების მოძრაობას. მსგავსი მასშტაბის პროექტი საქართველოში ჯერ არ განხორციელებულა“, - აცხადებს გიორხელიძე.

მისივე თქმით, ამ ფონდის მონაწილეობით განხორციელებული პროექტები ბევრი მოქალაქის დასაქმებას შეძლებს. როგორც ექსპერტი ამბობს, ასეთი ფონდები მრავალი უნდა იყოს, მაგრამ ამ ფონდს არ შეუძლია გადაწყვიტოს ყველა ის პრობლემა რომელიც ქვეყნის წინაშეა.

„რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას. ამ ფონდს ჰყავს თავის დამფინასებლები, უმსხვილესი არაბული კომპანიები, კერძო ოჯახები, ჩინური კომპანია, რომლებმაც ძალიან დიდი ფული ჩადეს. რაც შეეხება საპარლამენტო ოპოზიციის განცხადებას, რომ ქვეყანა იქცევა, ქვეყანა მათი ცხრა-წლიანი მმართველობისას მივიდა დაქცევის პირას.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ 6 მილიარდი უკვე აკუმლირებულია იმ ფონდში, რომელიც კონკრეტულ პროექტებზე უნდა წავიდეს. გააკეთეთ შედარება წინა ხელისუფლების დროს რა ინვესტიცებია შემოსული და ახლა შეადარეთ ის 6 მილიარდი დოლარი, რომელიც უკვე აკუმლირებულია ამ ფონდში“, - აცხადებს დემურ გიორხელიძე.

ეკონომიკის ექსპერტი ვაჟა ბერიძე თვლის, რომ თუ ფონდი მოახერხებს თავისი სტრატეგიული მიზნების განხორციელებას, ეს მნიშვნელოვანწილად გამოაცოხლებს საინვესტიციო ბაზას და საინვესტიციო მიმართულებას საქართველოში, რომელიც ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, მართალია, არ შემცირებულა, მაგრამ არც მნიშვნელოვნად არ გაზრდილა.

„ეს იქნება ძალიან კარგი და ქმედითი ინსტრუმენტი ინვესტიცების მოსაზიდად. ეს ფონდი თავისთავად არის კარგი მექანიზმი, მაგრამ თუ ბიძინა ივანიშვილი შეასრულებს თავის დანაპირებს და მთავრობიდან საზოგადოებაში გადავა, უკვე, ამ ფონდის პრესპექტივებზე, მე ვფიქრობ, რომ ბატონ ბიძინასთან ერთად ახალმა პრემიერმა უნდა იზრუნოს.

ამ ფონდის პრესპექტივა და ამ ფონდის მოცულობა, რომელიც სახელდება, როგორც ინვესტიციის მოცულობა, პირდაპირ დამოკიდებულია ივანიშვილის ფაქტორთან და ავორიტეტთან. ის პოტენციური ინვესტორები რომლებიც მოიაზრებიან ამ ფონდში, ძირითადად, საქართველოს განვითარების მყარ პრინციპებს და ივანიშვილის ფაქტორს ეფუძნებიან. შესაბამისად, ამ ფონდის პრესპექტივები მე მეჩვენება ცოტა ბუნდოვნად, იმდენად რამდენადაც ივანიშვილის ფაქტორი გადამწყვეტია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვაჟა ბერიძემ.