საქართველო ნავთობპროდუქტების დეფიციტის საფრთხის წინაშეა. მართალია, ჯერჯერობით განგაშის ზონაში არ ვიმყოფებით, თუმცა პრობლემები შიდა ბაზარზე უკვე ყველასათვის აშკარაა. ბიზნესი არსებული მარაგის ხარჯზე აგრძელებს საცალო ქსელის მომარაგებას, მაგრამ თავად იმპორტიორები დეფიციტის ნიშნებზე უკვე აშკარად საუბრობენ.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვახტანგ იობაშვილი ყველას წინასწარი პროგნოზების გაკეთებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ საწვავი მოიმატებს თუ არა, ან სად, რა ფასში იყიდის მას ქვეყანა, ეს არავინ იცის.
„რუსეთის ქმედება თვითონ რუსეთისთვის არ არის კარგი. რადგან ასეთი დადგენილება გამოსცა რუსეთმა, ეს ყველას შეეხება, ამ დადგენილებამდე რუსეთმა ექსპორტის ღირებულება გააძვირა, ამას დაემთხვა საუდის არაბეთის განცხადება, რომ ნედლი ნავთობის მოპოვებას ამცირებს, აქედან გამომდინარე, რუსეთმაც შეამცირა.
საქართველოში პრობლემა და დეფიციტი არ შეიქმნება. ფასების დათვლა კი მხოლოდ მაშინ უნდა დავიწყოთ, როცა ესა თუ ის კომპანია პროდუქტს შემოიტანს, ანუ რა ფასი იქნება შემოტანის დროს. მსოფლიოში არავინ მეგულება, ვინც ამას იწინასწარმეტყველებს.
ზღვით, ე.წ. ტანკერებით გადმოტანა უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე მატარებლით გადმოტანა. რუსეთიდან საწვავი ვაგონებით მოდიოდა. ზღვით რომ შემოვა, ტერმინალიზაცია უნდა გაიაროს, ეს ყველაფერი ფინანსებია, დასათვლელია, ვერ დავითვლით, სანამ არ გვეცოდინება, რამდენად ვიყიდეთ.
მოგეხსენებათ, მსოფლიოს უზარმაზარი ქვეყნები თავის მარაგებს ფლობენ და ეს მარაგები სტრატეგიულია, ის ნელ-ნელა მცირედი დოზებით უნდა შეუშვან, რომ რაღაც პატარა ბალანსი მოახდინოს. სანავთობო ბაზარზე რყევები ყოველთვის იქნება.
შეიძლება სანავთობო ბაზარზე მსოფლიოში ნავთობის ფასმა დაიკლოს, ხომ მომხდარა ხშირად ასეთი რაღაც? ამიტომ არ მიყვარს მოვლენების წინ გასწრება, თუმცა, უკვე საკმაოდ მოიმატა რუსული სინდრომიდან გამომდინარე. ჯერ არაფერს ველოდები, შეიძლება მოხდეს ისეც, რომ უფრო უკეთესი და შედარებით იაფიანი ბაზა აღმოვაჩინოთ“, - განაცხადა იობაშვილმა.
რუსეთის მიერ საწვავის ექსპორტის აკრძალვის შემდეგ, საწვავის გარკვეული მარაგი უკვე გზაში იყო და ახლა საქართველოს, ძირითადად, სწორედ ეს მარაგები აქვს. შესაბამისად, „სენტა ოილის“ დამფუძნებლის ზაალ იაკობიძის განცხადებით, აუცილებელია სხვა ბაზრებზე გადართვა, რასაც, ალბათ, გარკვეული დრო დასჭირდება. ამიტომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს ახალი კავშირების დამყარება.
„21 სექტემბერს, არათუ შეზღუდვები იყო, საერთოდ შეწყდა (რუსეთის მიერ) მოწოდება (საწვავის) საქართველოს მიმართულებით. რაც გზაში იყო საქონელი, შედარებით მცირე რაოდენობით, ის შემოვიდა და რაღაც რაოდენობა ისევ გზაშია. ეს არის რუსეთიდან მიღებული და ცოტაოდენი კიდევ მისაღები საწვავი. ძირითადად საწვავის ეს მარაგი გვაქვს, მცირე რაოდენობით.
ამას ალბათ, დრო დასჭირდება და აუცილებლად მოხდება სხვა ბაზრებზე გადართვა. ეს ის ქვეყნებია, რომლებთანაც ადრეც გვქონდა ურთიერთობა: ბულგარეთი, რუმინეთი, თურქმენეთი, საბერძნეთი... ამ დროისთვის მართლაც შეინიშნება დეფიციტი, რამაც გამოიწვია ფასის ზრდა.
არის ერთ კარგი ინფორმაციაც, საერთაშორისო ბაზარზე, ბოლო რამდენიმე დღეა ფასები ქვემოთ ჩამოვიდა. თუ ჩვენ უკვე საერთაშორისო ბაზარზე არსებული ფასებითაც კი (რომელიც უფრო მაღალია, ვიდრე რუსული) საწვავს შევიძენთ, ეს გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ფასების მატება რაღაც პერიოდში, არ იქნება კატასტროფული“, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ იაკობიძემ.
მას შემდეგ, რაც რუსეთმა საწვავის ექსპორტი აკრძალა, თუ სხვა ქვეყნებზე „გადაწყობა“ და გარკვეული პრობლემების მოგვარება არ მოხდა, არა მარტო ფასების კიდევ უფრო ზრდა იქნება გარდაუვალი, არამედ ქვეყანაში შესაძლოა, ნავთობპროდუქტების დეფიციტი შეიქმნას. ექსპერტი გია არაბიძე ვარაუდობს, რომ ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები შეიქმნება.
„თუ დროზე არ გადავეწყვეთ, ბუნებრივია, მოხდება ფასების ზრდა. ევროპული ნავთობპროდუქტები ძვირია, რუსულთან შედარებით. ახლა თუ საკითხი დადგა ისე, რომ ევროპული და რუსული პროდუქტის ფასები ერთი და იგივე უნდა იყოს, ბუნებრივია, სახელმწიფომ სტაბილური მომწოდებელი უნდა ნახოს.
ვფიქრობ, სწრაფად უნდა მოხდეს აზერბაიჯანზე და ევროპაზე გადაწყობა. როგორც ჩანს, გაიზრდება აზერბაიჯანის წილი იმიტომ, რომ იქ უფრო ადვილია ამ საკითხების მოგვარება. კი, აზერბაიჯანის ნავთობპროდუქტები, განსაკუთრებით, საავტომობილო საწვავის ხარისხი გაცილებით დაბალია, ვიდრე რუსული, ევროპულზე აღარ ვსაუბრობ, მაგრამ ახლა ამის დროს არ არის. თუ ეს დროში გაჭიანურდა, შეიძლება დეფიციტთან გვქონდეს საქმე, რაც რთული ამბავი იქნება ქვეყნისთვის.
სასწრაფოდ უნდა აღვადგინოთ ძველი კავშირები, რაც იყო დაახლოებით 7-9 წლის წინ, აზერბაიჯანი, რუმინეთი, ბულგარეთი და ა.შ.“, - განაცხადა არაბიძემ.
რამდენიმე დღეა რუსეთმა, რომელიც საქართველოში ნავთობპროდუქტების მთავარი იმპორტიორია ბენზინისა და დიზელის ექსპორტი აკრძალა. ეს შეზღუდვა არ ეხება ევრაზიული კავშირის წევრ ქვეყნებს. იგივე რუსეთი გეგმავს ელექტროენერგიაზე საექსპორტო გადასახადის დაწესებასაც.