თხილის მოსავალი წელს, შარშანდელთან შედარებით, მცირედით გაიზარდა და 50 000 ტონას მიაღწია. პროდუქტის ძირითადი ნაწილი, 90% ევროპაში გადის. ხარისხი წელს გაუმჯობესებულია, თუმცა იმ დონეზე არა, რომ პრობლემები სრულად მოგვარებული იყოს. სახელმწიფომ წელს დახმარების პაკეტი აამოქმედა, მაგრამ ფერმერების ნაწილმა ვაუჩერები სხვა მიმართულებით გამოიყენა და შედეგმაც არ დააყოვნა.
როგორც თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი თოდუა ამბობს, ვინც კარგად მოუარა მოსავალს, კარგი ხარისხის თხილი მიიღო, თუმცა არიან ფერმერები, რომლებმაც აგროღონისძიებები არასწორად ან საერთოდ ვერ განახორციელეს, რადგან სახელმწიფო დახმარება არამიზნობრივად გამოიყენეს. ამან კი, როგორც თოდუა აღნიშნავს, ხარისხზე იმოქმედა.
დღესდღეობით პრემიუმ ხარისხის თხილის ფასი 7 ლარს აღწევს, საშუალო ხარისხის - 5-დან 6 ლარამდეა, რაც შეეხება დაბალი ხარისხის თხილს, 3,5 ლარი ღირს, მთავარია, ხალხმა მოსავალი დროულად ჩააბაროს, რადგან უხარისხო თხილის გაფუჭების მაღალი რისკია.
„თხილის მოსავალი წელს 50 ტონას შეადგენს. ფასმა ცოტათი მოიმატა და გატეხილი თხილის გულის ღირებულება 14 ლარს აღწევს, როცა შარშან ამ დროს 11 ლარი ღირდა. ამ ეტაპზე საშუალო ხარისხის თხილის ფასი 5 ლარამდეა, პრემიუმ ხარისხის - 6,5-7 ლარის ფარგლებში მერყეობს. შეუწამლავი - 3,5 ლარის ფარგლებშიც შეიძლება გაიყიდოს, თუ მოასწრებენ ფერმერები და დროულად ჩააბარებენ.
პრემიუმ ხარისხის თხილი ადრე კახეთში უფრო მოჰყავდათ, მაგრამ წელს იქაც ნაკლებადაა. პროდუქტის ძირითადი ნაწილი, 90%, ევროპაში გადის. ვინც შეძლო და აგროვადებში ჩაატარა 5-6-ჯერ წამლობა, თუნდაც ასოციაციის გრაფიკით და სქემით, აქვთ უმაღლესი ხარისხის მოსავალი, ამიტომ ყველამ უნდა მოინდომოს, რომ გაწეული დახმარება დარგის კეთილდღეობას მოხმარდეს და ყველა ოჯახამდე მივიდეს სარგებელი“, - განაცხადა „ბიზნეს ინსაიდერთან“ თოდუამ.
დაახლოებით იგივე ინფორმაციას ფლობს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ქარდავა. მისი შეფასებით, ვინც სახელმწიფოს ფინანსური დახმარება მიზნობრივად გამოიყენა, გარანტირებულად კარგი შედეგი მიიღო.
„თხილის ხარისხი სწორი აგროღონისძიებების ჩატარებით მიიღწევა. პირველ რიგში, ეს არის წამლობა. სამწუხაროდ, მავნებლის მიზეზით თუ ამინდის გავლენის გამო, თხილს ხარისხთან დაკავშირებული პრობლემა აქვს. პრევენცია კი სწორი წამლობაა და მოსავლის მოვლა-პატრონობა, რასაც ფერმერები თანდათან სწავლობენ.
სახელმწიფო ყველანაირად გვერდში უდგას ფერმერებს და ამ მხარდაჭერას, ალბათ, ყველა გრძნობს. მთავარია, სწორად იქნას რესურსი გამოყენებული. ვინც სწორად შეწამლა ბაღები და სუბსიდიის თანხა მიზნობრივად გამოიყენა, გარანტირებულად კარგი შედეგი მიიღო. თუმცა იყო პირიქითაც, რაც მერე უკვე ფასის მხრივ ქმნის პრობლემას, ამიტომ წამლობას დიდი ყურადღება ექცევა.
კლიმატური პირობები შეიცვალა, ფაროსანას ზემოქმედება ჯერ კიდევ მაღალია, ამიტომ თხილი საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას, რაც მთავრობის მიერ მხარდაჭერილია. ბოლო რამდენიმე წელიწადს თუ შევადარებთ, მეტი გამოცდილება დაგროვდა, კარგად თუ მოვუვლით მოსავალს, რაოდენობით თუ არა, ხარისხის თვალსაზრისით მაინც, თურქეთთან კონკურენციის გაწევა თავისუფლად შეგვეძლება“, - განაცხადა ქარდავამ.
2023 წელს თხილის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული იყო 90 ათასზე მეტი ფერმერი, რომელთაც ჰექტარზე 500 ქულა მიიღეს და შემდეგ პესტიციდებისა და სასუქებისთვის აგრომაღაზიებში გაანაღდეს. პროგრამის ფარგლებში ჯამში 20 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. ჯამში 43 ათას ჰექტარზე მეტი ბაღი დარეგისტრირდა. როგორც ჩანს, ყველა ფერმერმა ვაუჩერი მიზნობრივად არ გამოიყენა და მოსავალიც შესაბამისი ვერ მიიღო.