ქალაქ თბილისის მერი გიგი უგულავა თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მერის პოსტზე მეორე ვადით არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. ამის შესახებ განცხადება უგულავამ ინგა გრიგოლიას საავტორო გადაცემაში „პოლიტიკური კვირა“ გააკეთა.
მისი თქმით, საქმე მარტივად არის და იგი აპირებს მომდევნო ადგილობრივ არჩევნებზე იყაროს კენჭი, რათა გააგრძელოს ის პროგრამები, რაც დაიწყეს.
„ჩვენ შევდივართ რთულ და საქართველოსთვის უცხო მმართველობის სისტემაში. ეს არის სისტემა, სადაც პრეზიდენტი ინსტიტუციურად არის სუსტი. ეკონომიკა ჩერდება და დღეს ამის სერიოზული ნიშნები არსებობს. სწორედ ამიტომაც ჩემი ამოცანაა, რომ ქალაქი ფუნქციონირებდეს. მე ამას ვსაუბრობ როგორც აპოლიტიკური ქალაქის მერი“, - აცხადებს გიგი უგულავა.
საინტერესოა, რა შანსები აქვს გიგი უგულავას, როგორც ქალაქის მერს, ხელმეორედ კენჭისყრისთვის? მით უფრო, იმ ფონზე, როცა ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია რადიკალურად შეცვლილია და გასული წლის ოქტომბრის არჩევნებმაც ცხადყო ნაციონალებისადმი ხალხის დამოკიდებულება. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ პროკურატურაში გიგი უგულავა არაერთგზის იყო დაბარებული სხვისი ქონების მითვისების, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის თუ პარტიული აქტივის კანონსაწინააღმდეგოდ დასაქმების გამო, რომ არაფერი ვთქვათ, მისი მერობის დროინდელ საეჭვო ტენდერებზე.
თავის დროზე ნაციონალები ცდილობდნენ გიგი უგულავას დადებით ამპლუაში წარმოჩენას. მათ ისიც გათვალეს, რომ თბილისელებს მეურნე მერი სჭირდებოდათ და არა - პოლიტიკოსი. ამდენად, 2010 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის მათი წინასაარჩევნო კამპანია გიგი უგულავას, როგორც ქალაქის მეურნის, როლზე იყო მორგებული. თუმცა რიგითი თბილისელების თვალში ნაციონალების ამ მცდელობას აქარწყლებდა ის უსამართლობა, რომელიც ჩვენს ქვეყანას ამ გუნდის ხელისუფლებაში ყოფნამ დაატეხა. ამდენად, ცოტა ირონიულადაც კი გამოიყურებოდა, როცა გიგი უგულავა ხან მეპურის ამპლუაში გვევლინებოდა და თავად აცხობდა პურს, ხან - ბენზინგასამართ სადგურზე მუშაობდა, ხანაც მკერავის პროფესიას ირგებდა თუ ქალაქის მეეზოვის როლს იტვირთავდა.
ასე რომ, მომატებული გადასახადების ფონზე გიგი უგულავამ „გასაკეთებელი კიდევ ბევრი“ დაგვიტოვა.
პოლიტიკურ კულუარებში უკვე გაჩნდა მოსაზრებები, რომ გიგი უგულავას გარდა, ქალაქის მერობისთვის შეიძლება იბრძოლონ თვით მიხეილ სააკაშვილმა, გიორგი ვაშაძემ, ალექსანდრე კვიტაშვილმა. გარდა ამისა, ქართული მედიის ინფორმაციით, ამ პოსტზე შეიძლება პრეტენზია გაუჩნდეთ ლევან ვასაძეს, სალომე ზურაბიშვილს, ლევან გაჩეჩილაძეს და სხვებს.
თბილისის მერის პოსტზე გიგი უგულავას შანსების შესახებ for.ge საკრებულოს წევრებსა და ექსპერტებს ესაუბრა.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯაბა სამუშია მიიჩნევს, რომ გიგი უგულავას არანაირი შანსი არ აქვს, გახდეს თბილისის მერი, იმდენად ბევრი შეკითხვა აქვთ თბილისელებს მის საქმიანობასთან დაკავშირებით. ამდენად, მას არაერთ თემაზე პასუხის გაცემა მოუწევს.
„როცა ქალაქის მერი საკუთარი სკამის შესანარჩუნებლად მილიონებს ხარჯავდა თბილისელების ბიუჯეტიდან, ასეთ მერს მორალური უფლებაც არ აქვს, კენჭი იყაროს ამ პოსტზე“, - აცხადებს ჯაბა სამუშია.
ამასთან, აანონსებს, რომ თბილისის საკრებულოს ახლო მომავალში ექნება შეკითხვები ქალაქის მერთან და მას მოიწვევენ საკრებულოს სხდომაზე. უგულავას მოუწევს, პასუხი გასცეს შეკითხვებს ნაციონალი აქტივისტების ინტენსიურ დასაქმებაზე, უხარისხოდ გაკეთებულ ბევრ პროექტზე, მათ შორის, იმაზეც, რაც ხდებოდა ძველ თბილისში, ასევე, რიყესთან, გმირთა მოედანთან მიმართებით არსებულ შეკითხვებზე.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე გიგი უგულავას კონსტიტუციურ უფლებად მიიჩნევს, იყაროს კენჭი მერის არჩევნებში, რადგან მის წინააღმდეგ ჯერჯერობით არანაირი სასამართლო განაჩენი არ არის დამდგარი, რომელიც მას ამას აუკრძალავდა. თუმცა, ექსპერტის აზრით, ამ შემთხვევაში, გადამწყვეტი იქნება თბილისელთა განწყობა.
„ვფიქრობ, მას მხარდამჭერები საკმარისად ჰყავს. თქმა იმისა, რომ თბილისში ამ წლებში არაფერი გაკეთებულა, სწორი არ იქნება. მთავარია, რის ფასად გაკეთდა ეს ყველაფერი, რაზეც გიგი უგულავას პასუხი მყარად ჩამოსაყალიბებელი ექნება. მის შანსებზეც ვერაფერს გეტყვით, რადგან, როცა მომავალი წლის გაზაფხულის ბოლოს არჩევნების პერიოდი მოახლოვდება, რა განწყობა იქნება საქართველოში და რა პოლიტიკური სიტუაცია, ამას დღეს ვერავინ იტყვის. მთავარი პოლიტიკური პროცესი ჯერ დასრულებული არ არის. ყოველ შემთხვევაში, ხელისუფლების ცვლილება საბოლოოდ მოხდება თუ არა, ეს 27 ოქტომბერს გაირკვევა. გარდა ამისა, როგორი პოლიტიკური კონფიგურაცია იქნება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, ამაზეც ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. ჯერჯერობით ყველაფერი ჰაერშია გამოკიდებული და სულაც არ გამოვრიცხავ, რამდენიმე თვის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ გარკვეულ ურთიერთობაში იყოს რამდენიმე პოლიტიკურ ძალასთან“, - აცხადებს დემურ გიორხელიძე და თბილისის მერობისთვის ბრძოლას ძალზე სერიოზულად აფასებს.
მისივე შეფასებით, ახალი ხელისუფლება ძალიან სუსტია და ვერ ახდენს კადრების ჩანაცვლებას, ამიტომ გაურკვეველი სიტუაციაა.
აქვე ექსპერტი სოციალურ მდგომარეობასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ამ მხრივ წინა ხელისუფლების მიღწევები არ ჩანს და თბილისშიც ეს მაჩვენებელი არ არის მიმზიდველი. მისი თქმით, ამაში გიგი უგულავას ბრალი ნაწილობრივია, რადგან ეს პროცესი მთლიანად მერზე არ იყო დამოკიდებული. თუმცა ქალაქის მერს შეეძლო, გაცილებით მძლავრი პროგრამები განეხორციელებინა, მას მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მხრივ საამისო რესურსები ჰქონდა, რითაც მისი ავტორიტეტი დღეს გაცილებით მაღალი იქნებოდა.
საკრებულოს წევრი ზურაბ გაჩეჩილაძე (შონზო) მიიჩნევს, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება, პრეტენზია ჰქონდეს ქალაქის მერის პოსტზე. ამდენად, ეს თავად გიგი უგულავას გადასაწყვეტია და, როცა მერის პოსტის ხელმეორედ დასაკავებლად უგულავა განაცხადს აკეთებს, ეს ადასტურებს, რომ ამ ადამიანის პიარ-კამპანიაც უკვე დაწყებულია.
„არ გამოვრიცხავ, რომ დედაქალაქის ბევრ პატრიოტს ჰქონდეს სურვილი, ქალაქის მერობის საპასუხისმგებლო თანამდებობა იტვირთოს. ჯერჯერობით იქამდე ბევრი დროა დარჩენილი, თუმცა ვფიქრობ, პოზიტიური რეპუტაცია მაინც უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომელსაც ქალაქის მერობის პრეტენზია აქვს. თუ გადავხედავთ ბატონი გიგის და იმ გუნდის რეპუტაციას, რომელსაც ის წარმოადგენს, ყველაფერი კარგად რომ ყოფილიყო გათვლილი, მაშინ ის რეალობაც არ დადგებოდა, რაც 2012 წლის ოქტომბერში დადგა. ეს იყო სისტემური შეცდომები“, - აღნიშნა ზურაბ გაჩეჩილაძემ.
გიგი უგულავას შანსებზე საუბრისას „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა აცხადებს, რომ რამდენიმე თვის წინ გიგი უგულავას აღნიშნული განცხადება რომ გაეკეთებინა, ეს კომიკური და სასაცილო იქნებოდა და ყველა ადამიანი იტყოდა, რომ უგულავას მხოლოდ ნულოვანი შანსები ჰქონდა. თუმცა კახა კუკავას აზრით, ბიძინა ივანიშვილის ბოლოდროინდელმა განცხადებებმა, სამართლიანობის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ, „ქართული ოცნების“ რეიტინგი კიდევ უფრო დასწია. ამდენად, „ოცნება“ გაკოტრებულია და ქართული საზოგადოებისთვის არანაირი სიახლის შეთავაზებას არ გეგმავს. უფრო მეტიც, საპრეზიდენტო არჩევნები უკეთესისკენ შეტრიალება კი არა, ვითარების უარესობისკენ შეცვლა იქნება, რადგან დღევანდელი ხელისუფლება არჩევნების წინ მაინც ფრთხილობს, არჩევნების შემდეგ კი შევარდნაძის დროინდელი უმართავი ქაოსი აღდგება სახელმწიფო აპარატში.
ფრაქცია „დედაქალაქის“ თავმჯდომარეს კოკი იონათამიშვილს არ სურს, გიგი უგულავას შანსების შესახებ კომენტარის გაკეთება. მიიჩნევს, რომ სანამ უგულავა ქალაქის მერია, მას, როგორც საკრებულოს ერთ-ერთ რიგით წევრს, მასთან თანამშრომლობა ევალება. მეტიც, პრობლემების ეფექტურად გადასაწყვეტად ძალიან მნიშვნელოვანია ყოველდღიური ინტენსიური ერთობლივი მუშაობა მერიასა და საკრებულოს შორის. კერძოდ, კოკი იონათამიშვილის თქმით, მისმა ფრაქციამ უკვე მიმართა ქალაქის მერს, რათა მან მონაწილეობა მიიღოს მათი ფრაქციის სხდომაზე, სადაც განხილული იქნება თბილისელებისთვის პრობლემატური საკითხები, მათ შორის, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა, ავარიული სახლები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და სხვა.