აშშ ბევრს არაფერს ამბობს, როდესაც რუსეთი საქართველოს საზღვრებს არღვევს

აშშ ბევრს არაფერს ამბობს, როდესაც რუსეთი საქართველოს საზღვრებს არღვევს

17 სექტემბერს, როდესაც სულ რაღაც სამი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც გამოცხადდა, რომ აშშ და რუსეთი შეთანხმდნენ სირიის ქიმიური იარაღის პროგრამაზე, მოსკოვმა პატარა, მაგრამ ისეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, როგორიც, ჩვეულებრივ, ვაშინგტონს განარისხებს ხოლმე. რუსმა სამხედროებმა საქართველოს სეპარატისტული რეგიონის, სამხრეთ ოსეთისთვის პაწაწინა ტერიტორიების ანექსირება დაიწყეს.

რუსეთი რომ ისევ არღვევს 2008 წლის სამშვიდობო ხელშეკრულებას საქართველოსთან, არ აკვირვებს რეგიონულ ექსპერტებსა და ამერიკელ კანონმდებლებს. არადა, სამშვიდობო ხელშეკრულების თანახმად, რუსეთი ვალდებული იყო, ჯარი იმ პოზიციებზე დაებრუნებინა, რომელიც ომის დაწყებამდე ეკავა. მაგრამ ვაშინგტონი შედარებით ჩუმად ხვდება ამ დარღვევას. აშშ-ს, რომელიც, როგორც ამტკიცებენ, საქართველოს ყველაზე მტკიცე მხარდამჭერია დასავლეთში, არ გამოუცია არცერთი ოფიციალური განცხადება. ევროპის კავშირმა, პირიქით, საჯაროდ გამოთქვა პროტესტი „სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე ღობეებისა და სხვა ბარიერების აღმართვის“ გამო. ხოლო ოთხშაბათს, ნატოს სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიაში, ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა, რომ „ეს არღვევს შეთანხმებას და პოლიტიკურ პროგრესს კიდევ უფრო ართულებს“. სახელმწიფო დეპარტამენტმა The Cable-ის თხოვნა უყურადღებოდ დატოვა, თუმცა საქართველოს ოფიციალურმა პირებმა აღნიშნეს, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩის, რიჩარდ ნორლანდის ხუთშაბათის განცხადების თანახმად, შემოჭრა „წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის დარღვევას“.

ეს ჩუმი რეაქცია „უჩვეულოა“, ამბობს არიელ კოენი, Heritage Foundation-ის მთავარი მკვლევარი რუსეთისა და ევრაზიის საკითხებში. „მაგრამ ეს, ალბათ, უკავშირდება სწორედ ახლა მიმდინარე თანამშრომლობას აშშ-სა და რუსეთს შორის სირიის საკითხებში. „ეს შედარებითი მდუმარება აშფოთებს ზოგიერთ ქართველ ჩინოვნიკს. ისინი შიშობენ, რომ მათ პრობლემებს გვერდზე გადადებენ, რადგან ამერიკისა და რუსეთის მთავრობა ცდილობს, ერთობლივი ძალისხმევით სირია ქიმიური იარაღისგან გაათავისუფლოს. ცნობები იმის შესახებ, რომ რუსული ჯარი დიცის საზღვართან მავთულხლართებს ავლებს, სამშაბათს გამოჩნდა. სწორედ ამ დღეს ჟურნალისტების ჯგუფი ცდილობდა სამხრეთ ოსეთში გადასულიყო და მაშინ შენიშნეს, რომ ღობეებს მავთულხლართებს ახვევენ. ქართველებმა რუსულ ჯარს იმაში დასდეს ბრალი, რომ ისინი ცდილობენ ქართველთა მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის 500 კვ. მეტრის ანექსირებასა და ადგილობრივი მცხოვრებლების წინააღმდეგ ძალადობას სჩადიან, ხოლო რუსეთი ისევ დაჟინებით ამტკიცებს, რომ იცავს მშვიდობას იმ ქვეყანაში, რომელსაც ჯერაც ვერ მოუშუშებია ჭრილობები საქართველოსთან 2008 წლის ხუთდღიანი ომის შემდეგ. ტერიტორია დიდი არ არის, რაღა თქმა უნდა, მაგრამ კოენის თქმით, დარღვევა ისეთია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის პასუხი გარანტირებულია. „ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი აშშ-ის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი პრინციპია. ის ვერ აიტანს ქვეყნების მიერ სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე შეჭრას და საზღვრების ცალმხრივად დადგენას“, უთხრა მან The Cable-ს. „გარდა ამისა, თუ ევროპული ქვეყნები პროტესტს გამოთქვამენ, ვაშინგტონმაც უნდა აუბას მხარი“. რაღა თქმა უნდა, საქმე მხოლოდ საქართველოს როდი ეხება. გასულ კვირას სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი შეთანხმდნენ სირიასთან დაკავშირებული თანამშრომლობის ჩარჩოზე. ამ თანამშრომლობამ შეიძლება ათწლეული ან უფრო მეტი გასტანოს, თუ გავითვალისწინებთ იმ ლოგისტიკურ სირთულეებს, რომელიც ამ საქმეს თან სდევს.

ანალიტიკოსები მიესალმნენ რუსეთის შუამავლობით შეთავაზებულ შეთანხმებას. მათ მიაჩნიათ, რომ ეს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ეშმაკური მანევრია, რომლის მიზანია, აიცილოს სამხედრო თავდასხმა და ხელი შეუშალოს აშშ-ს შეიარაღების კონტროლის ვერიფიკაციისა და განადგურების პროცესში. გარიგების მხარდამჭერების თქმით, ამერიკელი დიპლომატები ძალიან ჩქარობდნენ ასადის დასჯას ქიმიური იარაღის გამოყენებისთვის. ამ შესაძლებლობის გამოყენების შემდეგ აშშ აღარ ჩაერეოდა ამ არასასიამოვნო კონფლიქტში. რუსეთი კი განაგრძობს თავისი გავლენის განმტკიცებას ახლო აღმოსავლეთში და ყოფილ საბჭოთა სამეზობლოში. ზოგიერთები კონგრესში ამას უკვე ამჩნევენ. სულ ახლახან, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის წინ, რუსეთი ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს აიძულებდა უარი ეთქვათ ევროპის კავშირთან ასოცირებულ ხელშეკრულებაზე. გარდა ამისა, ის აიძულებდა უკრაინას, სომხეთსა და მოლდოვას, საბაჟო კავშირში გაერთიანებულიყვნენ, რის წინააღმდეგაც გუშინ კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის მაღალჩინოსანმა, ელიოტ ენგლმა ილაპარაკა. „მე მოვითხოვ სახელმწიფო დეპარტამენტისგან, მტკიცედ გააპროტესტოს რუსეთის ბოლოდროინდელი მცდელობები, რომელთა მიზანია ხელი შეუშალოს უკრაინას, მოლდოვას, საქართველოს, სომხეთსა და სხვებს ევროპასთან პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების განმტკიცებაში“, ნათქვამია ენგლის განცხადებაში. „დაშინებისა და ზეწოლის რუსული კამპანია თავხედურად არღვევს ამ ქვეყნების ძირეულ სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. ყველა ქვეყანას აქვს იმის უფლება, რომ იყოლიოს საკუთარი პარტნიორები, თავისი ინტერესებისა და ღირებულებების შესაბამისად“. მოვლენათა განვითარება შემდეგ კითხვას აყენებს დღის წესრიგში, რამდენად შეუძლია აშშ-ს, წარმატებით დაყოს სეგმენტებად დიპლომატიური პრობლემები რუსეთთან იმ დროს, როდესაც ის დამოკიდებულია მოსკოვზე, რომელიც უნდა დაეხმაროს მას და უარი ათქმევინოს ასადს ქიმიურ იარაღზე

foreignpress.ge