ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები რუსეთს ეწინააღმდეგებიან. რას გააკეთებს ამერიკა?

ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები რუსეთს ეწინააღმდეგებიან. რას გააკეთებს ამერიკა?

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ასადის რეჟიმის მხარდაჭერით გარკვეულ წარმატებას მიაღწია და ახლო აღმოსავლეთში მოსკოვის პოზიცია განამტკიცა. მაგრამ მისი წარმატება ამ ფრონტზე ნაკლებად მნიშვნელოვანია, რადგან მოსკოვს სულ უფრო მეტი პრობლემა ექმნება “ახლო საზღვარგარეთში”, რომელიც მისთვის სტრატეგიულად სასიცოცხლო არეალია.

ცივი ომისათვის დამახასიათებელი კლასიკური აღმოსავლეთ-დასავლეთის დაპირისპირების ჭრილში, მაგრამ შეერთებული შტატების აშკარა გვერდზე დგომით, რუსეთი იყენებს ეკონომიკურ და უსაფრთხოების ბერკეტებს და აშინებს პოსტკომუნისტურ ქვეყნებს, რათა აიძულოს ისინი, შეუერთდნენ მის ევრაზულ საბაჟო კავშირს. ამით ის ცდილობს, დაბლოკოს ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა, რომელიც მიმართულია სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის რეფორმირებისა და ამ ქვეყნების რეალური ინტეგრაციისკენ ევროკავშირის სტრუქტურებში. რუსეთის ზეწოლა ძლიერდება ვილნიუსის (ლიტვა) სამიტის მოახლოებასთან ერთად, რომელზეც რამდენიმე ქვეყანამ ხელი უნდა მოაწეროს ევროკავშირთან ასოცირების ან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას.

ჯერჯერობით რუსეთის წნეხს მხოლოდ სომხეთმა ვერ გაუძლო და დათანხმდა საბაჟო კავშირში გაწევრიანებას. მოსკოვი სომხეთისათვის უსაფრთხოების გარანტიაა მეზობელი აზერბაიჯანისგან, რომელთანაც კრემლმა $4 მილიარდის ღირებულების სამხედრო ტექნიკის მიწოდებაზე კონტრაქტები გააფორმა.

საქართველო წლების განმავლობაში რუსეთის ბოიკოტებისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მუქარების სამიზნე იყო. დღეს ამ ქვეყანას პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი მართავს, რომელიც, როგორც ამბობენ, ნაკლებად ანტირუსია, ვიდრე მიმავალი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მიუხედავად ამისა, საქართველოც აპირებს ვილნიუსში თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების პარაფირებას, რაც იმის ნიშანია, რომ ევროპული ინტეგრაცია ნაციონალური მისწრაფებაა და არა რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური პარტიის არჩევანი.

უკრაინა ყველაზე დიდი პრიზია, და რუსეთის მხრიდან მისი დაშინების მცდელობა განსაკუთრებით კონტრპროდუქტიული აღმოჩნდა. გარდა მუდმივი ეკონომიკური მუქარებისა და სავაჭრო სანქციებისა, რომელმაც უკრაინული შოკოლადის იმპორტის აკრძალვაც კი მოიცვა, პუტინმა შეურაცხყო უკრაინელები ამ ქვეყანაში ვიზიტის დროს ივლისში, განაცხადა რა, რომ ისინი და რუსები “ერთი ხალხია”, რომ უკრაინელები აყვავდნენ საბჭოთა მმართველობის დროს – სრული იგნორირება მოახდინა რა 1930-იანი წლების დასაწყისში შიმშილობის, რომელსაც უკრაინელები “გოლოდომორს”, ან “შიმშილით ამოხოცვას” უწოდებენ.

აგვისტოს ბოლოს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ გამოსვლაში, უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ევროკავშირთან ასოცირებას უწოდა “მნიშვნელოვანი სტიმული თანამედროვე ევროპული სახლმწიფოს ჩამოყალიბებისათვის”. მოკლე ვადებში, უკრაინის პარლამენტმა გაატარა რეფორმები, რომელსაც ევროკავშირი ითხოვდა, ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კორუფცია, ტარიფები და ციხეები; ყოფილი პრემიერმინისტრის იულია ტიმოშენკოს ქალიშვილმაც განაცხადა, რომ დედამისის გათავისუფლება, რომელიც დაპატიმრებულია და რომლის გამოშვებასაც ითხოვს ევროკავშირი, გარდაუვალია.

რუსული ელექტრონული გაზეთი “გაზეტა.რუ” ახლახან წერდა, რომ “შანტაჟი ყველაზე ცუდი გზაა ეკონომიკური თანამშრომლობის რეკლამირებისათვის”. მაგრამ რუსეთის პრობლემა უფრო სერიოზულია, ვიდრე ტაქტიკური. მისი პოსტსაბჭოთა მეზობლები ევროპის შედარებით დინამიზმს ამჯობინებენ (მთელი მისი ვალებითა და მზარდი პრობლემებით) რუსეთის უძრავ ეკონომიკას, და ისინი არ არიან დაინტერესებული მკვეთრად მზარდი ტარიფებით, რაც პროტექციონისტულ ევრაზიულ საბაჟო კავშირში გაწევრიანებას შეიძლება მოჰყვეს.

ევროპაში მიმდინარე პროცესმა ნაკლები ყურადღება მიიპყრო ამერიკული მედიის ან ობამას ადმინისტრაციის მხრიდან, რომელიც დიდწილად ახლო აღმოსავლეთისა და აზიის პრობლემებითაა დაკავებული. მაგრამ ვაშინგტონს დახმარებისათვის სერიოზული შესაძლებლობები და მნიშვნელოვანი გზები გააჩნია.

შეერთებულმა შტატებმა უნდა ითანამშრომლოს მთავრობებთან და სამოქალაქო საზოგადოებებთან უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში, რათა უზრუნველყოს, რომ რეფორმების პროცესი გაგრძელდეს და ის არა მხოლოდ ვაჭრობას და ეკონომიკურ განვითარებას შეეხოს, არამედ ხელი შეუწყოს ნაკლებად კორუმპირებული და საკუთარი საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული მთავრობების ჩამოყალიბებას. ასოცირების შეთანხმება ევროკავშირთან აღქმული უნდა იყოს არა როგორც თვითმიზანი, არამედ, როგორც რეფორმების გაღრმავებისა და უფრო ქმედითი დემოკრატიის ჩამოყალიბების დასაწყისი.

ეს პროცესი დადებითად აისახება რუსეთის დემოკრატიაზეც. უკრაინის არჩევანი, შეუერთდეს ევროპას, დააჩქარებს რუსული იმპერიალიზმის იდეოლოგიის დასასრულსაც, იდეოლოგიის, რომელსაც პუტინი წარმოადგენს. გაჩნდა ახალი რუსული ნაციონალიზმის დაბადების ნიშნები: მოსკოვის მერის ბოლოდროინდელ არჩევნებში ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის მაღალი მაჩვენებელი და კვლევები, რომელიც ცხადყოფს, რომ პუტინის მიმართ რუსულ პროვინციებში სერიოზული ოპოზიციური განწყობებია, პროვინციებში, რომელიც ტრადიციულად მის მთავარ საყრდენად მიიჩნევა. ეს ნაციონალიზმი უკავშირდება არა რუსეთის იმპერიული სიდიადის აღორძინების სურვილს, რაც წარმოუდგენელი იქნება, თუკი უკრაინა ევროპას შეუერთდება, არამედ კორუფციას და იმ სერიოზულ ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებს, რომელიც რუს ხალხს აწუხებს.

რუსებს ასევე აქვთ არჩევანი, და პუტინი შეიძლება დამარცხდეს არა მხოლოდ მის “ახლო საზღვარგარეთში”, არამედ რუსეთის შიგნით.

კარლ გერშმანი – “დემოკრატიის მხარდაჭერის ფონდის” პრეზიდენტი

foreignpress.ge