„მოდის ძალიან დიდი დაბნეულობის პროცესი ამისთვის უნდა იყოს საქართველო და ქართველი ხალხი მზად“ – ასეთია სალომე ზურაბიშვილის სამომავლო პროგნოზი. „საქართველოს გზის“ ლიდერი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში გზიდან ჩამოიშორეს, პოლიტიკური სამკუთხედის არსებობაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ბურჯანაძე, ბაქრაძე და მარგველაშვილი ერთი ძალის სამი სხვადასხვა კანდიდატია. For.ge სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა
როგორია წინასაარჩევნო გარემო და რას უნდა ველოდოთ საპრილს ესაუბრაეზიდენტო არჩევნებისგან?
- რეალურად, არჩევნები არ ტარდება. არჩევანი არის ძალიან შეზღუდული. გარემოზე საუბარი ნაკლებადაა საინტერესო. ამ არჩევნებში გაყალბებას არ უნდა ველოდოთ, მაგრამ ფაქტია ის, რომ არჩევნები საზოგადოების დიდი ნაწილისათვის აზრის გამოხატვის უფლების წართმევით დაიწყო. საზოგადოებას უტოვებენ არჩევანს, რომელიც პრაქტიკულად მიუღებელია - ერთი გზა „ნაციონალურ მოძრაობის“ პერიოდში დაბრუნებაა, რაც არავის არ უნდა ამ ქვეყანაში, მეორე კი არის პრორუსული ძალა, რომელიც საზოგადოების დიდი ნაწილისათვის მიუღებელია. მესამე დანიშნული პრეზიდენტია.
თქვენი გამოთიშვა საარჩევნო პროცესებიდან, გარკვეულწილად, ნიშნავდა თუ არა არჩევნების გაყალბებას?
- ეს არის არჩევნებისა და არჩევანის გაუქმება, მაგრამ არა იმ სტილითა და იმ ფორმით რომელიც ჩვენ ადრე ვიცოდით. ეს არის პოლიტიკური ჩარევა და უსამართლო გადაწყვეტილება.
საკმაოდ ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ „ნაციონალურ მოძრაობასა და „ქართულ ოცნებას“ შორის გარკვეული შეთანხმება შედგა, თუნდაც იგივე კოჰაბიტაციის სახით. ასევე საუბრობენ შეთანხმებაზე ბურჯანაძესა და „ოცნებას“ შორისაც. როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ეს პოლიტიკური სამკუთხედი?
- ამის გარკვეული ნიშნები ჩნდება. თავდაპირველად მოვაშოროთ ამ ყველაფერს სიტყვა კოჰაბიტაცია, ეს არ არის კოჰაბიტაცია. ჩვენ ვლაპარაკობთ გარიგებაზე. საზოგადოებას აწუხებს ის, რომ მათი გარიგებები არის ფარული. ხალხი ითხოვს სასამართლოს და ცდილობს იმის გარკვევას თუ რა და როგორ ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს. მაგალითად ციხეში წამების ფაქტები, ბიზნესების წართმევა, თუნდაც არჩევნების გაყალბება, ერთი სამაგალითო სასამართლოც კი არ გამართულა, არავინ არ დასჯილა. ძალიან საინტერესო იქნებოდა იმის გამოძიება რა ხდებოდა არჩევნებზე. უამრავი ფაქტი არსებობს და მე მგონი „რესპუბლიკურ პარტიას“ უნდა ჰქონდეს შენახული დამადასტურებელი დოკუმენტები თუ როგორ აყალბებდა წინა ხელისუფლებაარჩევნებს. ძალიან საინტერესო იქნებოდა ეს ყველაფერი თუნდაც საპრეზიდენტო არჩევნებამდე. ესეც არ მოხდა. არც ერთი ეკონომიკური საქმე არ გახსნილა, რომ ადამიანებს დაბრუნებოდათ ხელისუფლების მიერ წართმეული თანხები, გარდა ერთი - ბიძინა ივანიშვილის საქმისა. ამ ყველაფრის მერე როდესაც ისმის საკმაოდ დადებითი შეფასებები ადეიშვილის მიმართ ქმნის განცდას საზოგადოებაში, რომ ამ თამაშს იქით ხდებარაღაც, რაც არაა იმ დაპირებების შესატყვისი, რომელსაც „ოცნება“ იძლეოდა და რის გამოც ის ჩვენ, ყველამ ავირჩიეთ.
მეორე მხრივ, ის ხელოვნური დისტანცია, რომელიც შეიქმნა დასაწყისში, როდესაც ბიძინა ივანიშვილი იძახდა: მიუღებელია ბურჯანაძე ჩემთვის და მელაპარაკეთ ზურაბიშვილზე. თვითონ შექმნა დისტანცია და ბურჯანაძის პარტიის გარდა ყველა პარტია მისაღები იყო კოალიციისთვის. რატომ იყო ის მიუღებელი მისთვის, როდესაც საკმაოდ ბევრი ადამიანი თვითონ კოალიციაში დაკავშირებულია ბურჯანაძესთან. თუნდაც მარგველაშვილი, ხადური და ა.შ. გაუგებარია ეს ყველაფერი და ხალხში ჩნდება განცდა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ საჩვენებლადაა რეალურად კი სხვა კავშირები არსებობს. ივანიშვილის გადადგმული, ფაქტობრივად, ყველა ნაბიჯი აძლიერებს ბურჯანაძის კანდიდატურას. როდესაც ივანიშვილი ლაპარაკობს წასვლაზე, ამით ასუსტებს მარგველაშვილს, აქებს ადეიშვილს. ეს ზრდის ადამიანების ბირთვს, რომლებიც უკმაყოფილოები არიან დღევანდელი ხელისუფლებით და სწორედ ამ უკმაყოფილების გამო აძლევენ ხმას ბურჯანაძეს. ორივე ძალასთან იკვეთება გარიგებების ნიშნები. დიდ სხვაობას მე ამ სამ ძალას შორის ვერ ვხედავ. მეგონა, რომ ივანიშვილს დემოკრატიისადმი უკეთესი მიდგომა ჰქონდა, მაგრამ სამწუხაროდ რასაც ბოლო პერიოდში ვხედავ, ის ბევრად ემსგავსება წინა რეჟიმს. ბუნდოვანი სიტუაცია შეიქმნა, რაც ხალხისთვის იკითხება - ერთი ძალა სამი კანდიდატით.
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუკი ბურჯანაძე გაიმარჯვებს?
- არ გაიმარჯვებს ბურჯანაძე.
რატომ?
- იმიტომ, რომ ეს არ არის სცენარი, რომელიც დაწერილია.
როგორი სცენარია დაწერილი, თქვენი აზრით?
- მარგველაშვილი გაიმარჯვებს პატარა პროცენტით, რაც „ქართულ ოცნებას“ იმის თქმის საშუალებას მისცემს, რომ ყველაზე ღია და დემოკრატიული არჩევნები ჩაატარეს. ალბათ გაიმარჯვებს პირველი ტურით, არა მგონია, მეორე ტური შედგეს. არ ვარ დარწმუნებული ვინ იქნება მეორე და ვინ მესამე. ნაციონალების დაბრუნების შიში არსებობს. ვფიქრობ, პროცენტულად დიდი განსხვავება არ იქნება ბაქრაძესა და ბურჯანაძეს შორის. ბურჯანაძის მიზანი არის თავისი პარტიის გაძლიერება ადგილობრივი და საპარლამენტო არჩევნებისთვის. ბურჯანაძეს მხოლოდ ფიქტიური პოსტი არ უნდა, მას ძალაუფლება უნდა. ასე, რომ ის სამომავლოდ პრემიერობისა და პარლამენტში საკუთარი ადგილის დამკვიდრებისათვის იბრძოლებს. მას უფრო მეტი შანსი აქვს რეგიონებში ადგილობრივ არჩევნებზე. მარგველაშვილი კი როგორც პრეზიდენტი ბურჯანაძეს არაფერში არ შეუშლის ხელს. გახსოვთ თქვენ ალბათ, ის მისი ყოფილი მრჩეველი იყო.
2005 წელს თქვენ იყავით სააკაშვილის გუნდის ერთ-ერთი პირველი წევრი, რომელმაც მასთან თანამშრომლობაზე უარი თქვა, ახლა გაემიჯნეთ ივანიშვილს. როგორია მაშინდელი და ახლანდელი დემოკრატია. რა შეიცვალა ამ კუთხით?
- 2006 წლის ადგილობრივი არჩევნების მერე გადაიდგა ის ნაბიჯები, რომელმაც დაგვაშორა არსებითად დემოკრატიას. 2005-2006 წლამდე იყო ძალიან მძიმე ფაქტები, ჟვანიას, გირგვლიანის საქმეები, რომლებზეც გამოძიება სად გაჩერდა - არ ვიცით. იმ დრომდე ამ ყველაფერს არ ჰქონდა სისტემური ხასიათი. არადემოკრატიული სისტემა შეიქმნა 2006 წლის მერე მაშინ დაკარგა ჩვენმა დემოკრატიამ არსებითი პრინციპები, მაგრამ ფორმა შეინარჩუნა. გარედან საქართველო ისევ ჩანდა დემოკრატიული, ჯერ კიდევ არ განიხილავდნენ შიდა ქმედებებს საერთაშორისო არენაზე. დღეს არ ამოქმედებულა არც ერთი დემოკრატიული ინსტიტუტი არ არის დამოუკიდებელი სასამართლო, ცესკო, ყველაფერი ერთი პარტიის ხელშია პარლამენტიც აღმასრულებელი ხელისუფლებაც და ამ დროს როცა ჯერ არ მიუღია ამ ყველაფერს დემოკრატიის ფორმა ბოლომდე, იცვლება ყველაფერი. თუ ხვალ შენ არავინ არ გეყოლება არჩეული და ყველა იქნება დანიშნული. დანიშნული დემოკრატია კი არ არსებობს.
თქვენ ახსენეთ, რომ გარედან დემოკრატიული ჩანდა საქართველო წინა ხელისუფლების დროს. ახლა როგორ ჩანს?
- პირველი წელი არაფერი არ ხდებოდა, ფაქტობრივად გაყინული იყო ყველაფერი. არავის უცდია სააკაშვილის დროს დამახინჯებული ინსტიტუციური ფუნქციონირება გამოსწორება. რასაც ვუყურებთ, ვხედავთ, რომ გადაწყვეტილებებს მხოლოდ ერთი ადამიანი იღებს და რეალურად არავითარი როლი არ გააჩნია პარლამენტს როგორც დამბალანსებელს. ეს მახინჯი სისტემა შენარჩუნდა. ამ ფონზე ემატება დანიშნული პრეზიდენტი, დანიშნული პრემიერი და დანიშნული უმრავლესობა პარლამენტში. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ივანიშვილი მიდის, მისი წასვლით იმ კოალიციას, რომელიც რჩება პარლამენტში, აღარ აქვს ლეგიტიმურობა. იმიტომ, რომ კოალიციაში მყოფი ადამიანები პირადად ბიძინა ივანიშვილის არჩეულები არიან. პარტიულად იქ არავინ არ ყოფილა არჩეული,არც პიროვნული თვისებებისა და პროფესიონალიზმის გამო.
ფიქრობთ, რომ საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაც აუცილებელია?
- არჩევნები აუცილებელი გახდება, როგორც გითხარით, ის ადამიანები და მათი პარტიები არ არიან არჩეულები. ისინი არიან მოყვანილები ივანიშვილის კუდად. ეს დიდხანს ვერ გაძლებს. თუმცა საპარლამენტო არჩევნები არასტაბილურ ვითარებას კიდევ უფრო გაამწვავებს. მეორე მხრივ არავინაა მზად საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისთვის. ახალი ძალები არ გამოკვეთილა. პარტიები, რომლებიც ივანიშვილმა შეიყვანა კოალიციაში პარტიულად ვერ განვითარდნენ. ამდენად ქვეყანა არის პარტიებისგან ფაქტობრივად დაცლილი, თუ არ ჩავთვლით ბურჯანაძის პარტიას და ნარჩენებადქცეულ „ნაციონალურ მოძრაობას“.
ამ პროცესების პარალელურად, საქართველოში დაბრუნდნენ შევარდნაძის გუნდის წევრები. თუნდაც ლევან პირველი, რომელმაც უკვე გააჟღერა საკუთარი პოლიტიკური გეგმები. არის თუ არა ეს ნაბიჯი წარსულისაკენ? შევარდნაძის გზის გაგრძელება?
- ცხადია, სააკაშვილიც თავისი ოდნავშეცვლილი ფორმითა და განცხადებებით მაინც იყო შევარდნაძის სისტემის გაგრძელება. წყვეტა არ ყოფილა. რევოლუცია დაარქვეს, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ ბევრი წევრი იყო შევარდნაძის მთავრობის მთავარი ბირთვი და ასევე, დღეს ამ ადამიანების დაბრუნება და თანაც ასეთი პრეტენზიებით, რომ პირდაპირ შემოვიდნენ პოლიტიკაში, ძალიან დამაფიქრებელია. იგივე ნაცვლიშვილი, რომელზეც ძალიან დადებითი აზრი აქვს პრემიერს. ამ ყველაფრის ფონზე პრემიერი ამბობს - მენდეთ და მე დავნიშნავ ადამიანებს. თუ ის ისევე ერკვევა ადამიანებში, როგორც ასახელებს ადეიშვილს, ნაცვლიშვილს, მაშინ გაუგებარია, რატომ უნდა ენდოს საზოგადოება მას. ასევე შეიძლება დააფასოს ლევან პირველიც და თქვას რომ ის ძალიან წარმატებულია. ქვეყანა სერიოზულად დასუსტებისკენ. ამ დროს გარედან რუსეთი ყველაზე ცუდი ფორმით მოიწევს და საზოგადოებას დიდი საფრთხის განცდას უქმნის. ამაზე არასტაბილური ომის გარდა აღარაფერია. ამის საწინააღმდეგოდ კი არაფერი კეთდება, არა მხოლოდ არაფერი არ კეთდება, ხელისუფლება საერთოდ არაფერს არ გეუბნება.
ამ ყველაფრის გათვალისიწინებით რა უნდა გაეკეთებინა საგარეო საქმეთა სამინისტროს და რა უნდა გააკეთოს ახლა?
- საგარეო საქმეთა სამინისტროს უნდა ეაქტიურა იმიტომ, რომ როცა ხარ პატარა ქვეყანა, ხარ მარტო, დაუცველი, შენ გჭირდება სხვები. იმათ კი არ სჭირდები. ჩვენ ყოველთვის ვფიქრობთ, რომ ვართ სტრატეგიული ცენტრი, მაგრამ რეალურად არსებობს რაღაც ინტერესები სხვა ქვეყნების რომელიც სხვათა შორის დღეს მცირდება. ის ენერგეტიკული ინტერესები რაც ევროკავშირსა თუ ამერიკას ჰქონდა, ნელ-ნელა კლებულობს. ჩვენ გვჭირდება უცხოეთი, რათა არ დავრჩეთ რუსეთთან პირისპირ, მარტო. აუცილებელია, რომ გარშემორტყმული ვიყოთ პარტნიორებით ამას უნდა ძალიან დიდი აქტიურობა, მეტადრე დღევანდელ მსოფლიოში, როცა არსებობს უამრავი სხვა ბევრად უფრო მწვავე კრიზისი სირია, ერაყი, ავღანეთი თუ სხვა, საქართველო არის არ ვიცი მერამდენმე ხარისხოვანი სხვა ქვეყნების და მით უმეტეს - ამერიკის პრიორიტეტებში. ჩვენ თუ არ ვიაქტიურეთ არავინ არ მოვა და არ გვეტყვის, რა გიჭირთ, რა გაგიკეთოთო. ამ დროს ეს ერთი წელი საგარეო საქმეთა სამინისტრომ აბსოლუტურად არაფერი გააკეთა. პრემიერმაც არაფერი გააკეთა სულ სამი ვიზიტი ჰქონდა – ერთი სტრასბურგში, ერთი ბრიუსელში და ახლა ბალტიისპირეთში, რაც არასერიოზულია. ეს არ არის ის ადგილები სადაც გადაწყვეტილების მიღება ხდება. თუნდაც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პრემიერის არჩასვლა ჩემთვის სრულიად გაუგებარია ან მთლიანად სააკაშვილს უთმობს ასპარეზს, ან თვლის რომ სათქმელი და ასახსნელი არაფერია.
შესაძლებოდა, რომ პრემიერი და პრეზიდენტი ერთად წასულიყვნენ გაეროში?
- პრემიერს არც კი უცდია იმის გაგება, შეიძლებოდა თუ არა მისი იქ წასვლა. ახლა ვერ ვიხსენებ იყო თუ არა მსგავსი პრეცენდენტი, მაგრამ იმ დროს როცა ლაპარაკია კოჰაბიტაციაზე, როცა უცხოელები ხელს უწყობენ ამ პროცესს, ცხადია, არავინ იტყოდა უარს მათ ერთობლივ ვიზიტზე. ამ შემთხვევას ორივე კარგად გამოიყენებდა. სხვათა შორის, ისიც უნდა ითქვას, რომ სააკაშვილი ცუდად არ გამოსულა, როგორც ჩანს მას ოპოზიცია უფრო უხდება ვიდრე ხელისუფლებაში ყოფნა.
ამ ყველაფრის ფონზე რისთვის უნდა იყოს ქართული საზოგადოება მზად?
- მოდის ძალიან დიდი დაბნეულობის პერიოდი. ამისთვის უნდა იყოს საზოგადოება მზად.