„...ასე, თითო-თითოდ გვაუბედურებენ“  - რეპორტაჟი დვანიდან

„...ასე, თითო-თითოდ გვაუბედურებენ“ - რეპორტაჟი დვანიდან

ფეხით გათელილი ბოსტნეული, მიწაზე უწესრიგოდ დაყრილი ვაშლი და მოჭრილი მსხმოიარე ხეხილის ხეები, გაჩეხილი ვაზი... ოკუპაციის ახალი ხაზის გავლების მოლოდინში დვანელები აუღებელ მოსავალს საკუთარი ხელით ანადგურებენ, მამა-პაპისეულ სახლებს  აგურ-აგურ შლიან და  ნანგრევები „სამშვიდობოს“ გადმოაქვთ.

მერაბ მეკარიშვილს ერთხელ უკვე დამწვარი ორსართულიანი სახლიდან მოძველებული საოჯახო ტექნიკისა და საშენი მასალების გამოტანაში მეზობლები ეხმარებიან. რუსი და ოსი  სამხედროების მიერ წაყენებული ულტიმატუმის ვადა რამდენიმე საათში ამოიწურება და  ის საკუთარ ეზოში შესვლასაც ვეღარ შეძლებს. მეკარიშვილების გარდა  ახალი მავთულხლართების მიღმა ამჯერად კიდევ ორი ოჯახის - მახაჭაშვილებისა და კორაშვილების კარ-მიდამო მოექცევა. ახალი საოკუპაციო ხაზი, დაახლოებით, 50 მეტრით გადმოიწევს.

"ამას ისევ ომი სჯობს. ომის დროს იცი, რომ უნდა გაიქცე, ან - მოვლენ და შეებრძოლები. ახლა კიდევ ვდგავართ და საკუთარ სახლებს ვანგრევთ. იქ, სადაც თქვენ ცხოვრობთ, ბევრმა არც კი იცის რა ხდება ჩვენთან - ასე, თითო–თითოდ გვაუბედურებენ. შვილიშვილები მოვიყვანე აქ და მათ დავამტვრევინე ბოთლები, რომ ეს ტკივილი დაიმახსოვრონ, სამშობლოს წართმევის ტკივილი, ტკივილი და შიში,“- გვითხრა დვანის მკვიდრმა ნიკოლოზ მეკარიშვილმა.

ადგილობრივები გვიყვებიან, რომ  ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლება და რუსი სამხედროები „ახალ საზღვრებს“ გასული საუკუნის ე.წ. რუკების მიხედვით ავლებენ.

„ამ დღეებში ახალ საზღვარს გაავლებენ. სახლების ნაწილი იქით მოექცევა, ჯერჯერობით სამ სახლზეა საუბარი.  იქეთ მხარეს რჩება ჩვენი წმინდა გიორგის ეკლესია, მე-6 საუკუნის ეკლესიაა. არ ვიცი, რას იზამენ, ნაკვეთებსაც იქით მოაქცევენ თუ არა, თუა ასე გადაჭრეს, ნახევარი სოფელი იქითა რჩება. ამბობენ რუკებით ვხელმძღვანელობთო. ესა მთავრობის დონეზე უნდა გაირკვეს, ჩვენა რა ვიცით... განა, საკითხი არ ვიცით და ვერ ვერკვევით, უბრალოდ, ვინ გვაკითხებს?,“- გვითხრა დვანის მცხოვრებმა ციცინო მურაჩაშვილმა.

ქარელის რაიონის სოფელ დვანში ოკუპანტებმა დაახლოებით სამი თვის წინ სოფლის საძოვრების ტერიტორიაზე მყარი, რკინის კონსტრუქციებიც მოაწყვეს. სოფელში, სადაც ორი ათასი მცხოვრებია, ხელოვნური საზღვრების გარდა ყურადღებას დაუმუშავებელი მიწების სიმრავლეც იქცევს.

„ჩვენ ამ ნაკვეთების იმედი გვქონდა, მაგრამ წყლის სათავე  იქით მოექცა, სარწყავებიც აღარ გვაქვს. ურწყავად კიდევ მოსავალი არ მოდის. 2008 წლის შემდეგ ვაშლები გაგვიხმა. სასმელი წყლის პრობლემაც შეგვექმნა. მთელი სოფელი ამ დღეშია, რა ვქნათ, ხომ დაგვეხოცება შვილები, მომავალზე ხომ უნდა ვიფიქროთ“- ამბობს დვანელი ლევან ლაზარაშვილი

ადგილობრივები ამბობენ, რომ რუსი სამხედროებისგან მავთულხლართების მიღმა მცხოვრებლებთან კონტაქტიც აკრძალული აქვთ. მათი თქმით,  ბაღებში მუშაობის დროს ხალხს  მისალმებასაც  უშლიან  ე.წ. საგუშაგოებზე მყოფნი, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე პროცესებს დურბინდებით აკვირდებიან.

ამგვარ პირობებში მცხოვრები დვანელები ყველაზე მეტად ადამიანურ ურთიერთობებს აფასებენ.  „გვიხარია და მადლობლები ვართ,  ჟურნალისტები რომ ამოვიდნენ დვანში და გვგულშემატკივრობენ. მსოფლიოს გააგებინებენ ჩვენს ამბებს და რაღაცა იქნება ალბათ. ვიდრე  არ გამოცდის თავის თავზე ადამიანი, სხვის ტკივილს ვერ გრძნობს. რომ გამოცდის, მერე გამწარდება, მაგრამ მერე გვიან იქნება. საზღვრის გადმოწევა მარტო ჩვენ ხომ არ გვეხება, ყველას ტკივილია“- ამბობს ლევან ლაზარაშვილი.

დვანელებთან ჟურნალისტების სტუმრობა და მცოცავი ოკუპაციის გაპროტესტება სოციალურ ქსელში დაიგეგმა. 28 სექტემბერს ასამდე ჟურნალისტმა ხელოვნურად გავლებული საზღვრის კიდევ რამდენიმე მეტრით გადმოწევა ოკუპაციის საწინააღმდეგო წარწერებიანი პლაკატებით გააპროტესტა. მშვიდობიანი აქციის მონაწილეებმა საოკუპაციო ხაზთან ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს და სახელმწიფო ჰიმნი შესრულეს. ჟურნალისტების დვანში ყოფნის დროს ქართველ სამართალდამცავებს უსაფრთხოების ზომები განსაკუთრებით გაძლიერებული ჰქონდათ. პროცესებს აკვირდებოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც.

რკინის კონსტრუქციებით მონიშნული საზღვრის მიღმა დე-ფაქტო ხელისუფლებისა და რუსი სამხედროების ერთი ჯგუფი რამდენიმე ჟურნალისტთან ერთად გამოჩნდა. თუმცა, მათ ტერიტორია მალევე დატოვეს. ქართველმა ჟურნალისტებმა კი პროტესტის გამოხატვის შემდეგ საკუთარ კოლეგებთან აქციაში ჩართვის მიზეზები განმარტეს.

„მე ვარ საქართველოს ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე, რომელიც  აქ, ამ კონკრეტულ ტერიტორიაზე, საქართველოში მცოცავ ოკუპაციას აპროტესტებს. ჩვენ, ქართველი ჟურნალისტები, ვაპროტესტებთ იმ ყველაფერს, რასაც რუსეთი  ჯერ კიდევ ახორციელებს.  უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ერთი მტკაველი მიწაც კი არ დაიკარგოს ჯერ კიდევ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან. აი, ამიტომ ვარ დღეს აქ“, - გვითხრა ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ.

დვანში ჟურნალისტებს დიდი ნაწილი თბილისიდან ორგანიზებულად ჩავიდა. საოკუპაციო ზოლთან მათ  საქართველოს რეგიონებიდან ჩამოსული ჟურნალისტებიც დახვდნენ.

 „ბათუმიდან დვანამდე არ არის დიდი მანძილი. ამ მანძილის გავლა  მინიმალურია იმასთან შედარებით, რაც თითოეულ ქართველს გვმართებს სამშობლოს წინაშე. ვფიქრობ, მხოლოდ  ერთიანობით  შევძლებთ  ჩვენი სამშობლოს თითოეული მტკაველი მიწის დაცვას,“- თქვა „აჭარის ტელევიზიის“ პროდიუსერმა ტარიელ ცეცხლაძემ.

დვანის პარალალურად ოკუპაციის საწინააღმდეგო აქცია ჟურნალისტებმა ქუთაისშიც გამართეს. 28 სექტემბერს დვანის ამბები მედიაში ერთ-ერთი  ყველაზე ცხელი თემა იყო. დვანელების მწვავე პრობლემის შესახებ საზოგადოებამ კიდევ ერთხელ შეიტყო.