ლარის მიმართ სპეკულაციური პროცესები ქვეყანაში უკვე მესამე დღეა მიმდინარეობს. ეროვნული ბანკში აგორებულმა მინი სკანდალმა ეროვნულ ვალუტას დაღი მაინც დაასვა. 20 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 3.38 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6750 ლარი გახდა. 20 სექტემბრის საღამოს სებ-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც სავალუტო აუქციონზე 20 000 000 დოლარი გაყიდა. ამის შემდეგ ეროვნულმა ბანკმა, დღეს გასაყიდად კიდევ 50 მლნ დოლარი გამოიტანა, საიდანაც ბაზარმა 37.1 მლნ დოლარი აითვისა.
„გალტ ენდ თაგარტში“ მიიჩნევენ, რომ ლარის რყევა არსებული ვითარებიდან გამომდინარეობს, თუმცა ინტერვენციების ხანგრძლივ დროში განხორციელება არაეფექტიანი იქნება.
„ეს ბაზარზე არსებული ვითარების გამო მოკლევადიანი ეფექტის და სენტიმენტების გასანეიტრალებლად ხდება. რამდენად გაგრძელდება ეს ნეგატიური მოლოდინები, შეიძლება ჩაცხრეს ეს ნეგატიური მოლოდინები... თუ ლარი ძალიან გაუფასურდა და მერე ყველაფერი ჩაწყნარდა, ვფიქრობ, ლარი ნელა დასტაბილურდება.
თუ ბაზარი ახლა არ დაწყნარდება და ნეგატიური სენტიმენტები გაგრძელდა, ინტერვენციების ხანგრძლივად გამოყენება არაეფექტიანი იქნება“, - განაცხადა ორგანიზაციის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა ევა ბოჭორიშვილმა.
მისი აზრით, ლარზე ნეგატიური გავლენა დიდხანს არ გაგრძელდება. „ერთი ვერსიით ეს პანიკა გაგრძელდება და ლარი კიდევ გაუფასურდება და მეორე ოპტიმისტური სცენარია, რომ ლარის კურსი გაჩერდება და წლის ბოლომდე 2.7 ლარის ნიშნულზე დასტაბილურდება“, - აღნიშნა „ბიემთან“ საუბრისას ბოჭორიშვილმა.
კიდევ უფრო ოპტიმისტურია სხვა ანალიტიკოსების შეფასებები. „პიემსი“ კვლევითი ცენტრის დირექტორის გიორგი ხიშტოვანი სტაბილურობის თვალსაზრისით, საფრთხეს ვერ ხედავს. როგორც კი დასტაბილურდება ვითარება, ეროვნული ვალუტა წონასწორობის წერტილს დაუბრუნდება.
„ვიმედოვნებ, ეს პროცესი მალე დასრულდება და ლარს ამ მხრივ საფრთხე არ ემუქრება, რადგან ეს უფრო ინსტიტუციური პრობლემაა. ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორებიდან გამომდინარე არ არის. აქედან გამომდინარე, როცა ეს სიტუაცია დაწყნარდება, ლარიც მალე თავის წონასწორობას დაუბრუნდება.
ის, რომ საფინანსო სექტორი შეირყევა, გადაჭარბებული ნათქვამია, ამის რისკს დღეს ვერ ვხედავ, თუმცა სწორი დასკვნა თუ არ გამოვიტანეთ ამ ბოლო ორი დღის მოვლენებიდან, არაფერი არ არის გამორიცხული“, - განაცხადა ხიშტოვანმა.
ვითარებას აფასებს საქართველოს საერთაშორისო პროგნოზირებისა და კვლევის ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი ნიკა შენგელიაც და ისიც მიიჩნევს, რომ ლარის გაუფასურება, რა თქმა უნდა, უკავშირდება ეროვნული ბანკის ბოლო გადაწყვეტილებას.
„საბჭოს წევრები რომ არ წასულიყვნენ, ლარის ირგვლივ ასეთი აჟიოტაჟი არ შეიქმნებოდა, მაგრამ მათ გადადგომას მიეცა პოლიტიკური კონტექსტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ინვესტორები და მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ ფულადი დეპოზიტები ლარში, უკვე ცდილობენ თანხების დოლარში გადაყვანას. მიუხედავად იმისა, რომ გუშინ ეროვნულმა ბანკმა 20 მილიონი დოლარი გაყიდა, ამას ბაზრის სტაბილიზაცია არ მოჰყოლია“, - განაცხადა მან.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ მომდევნო კვირის დასაწყისისთვის სიტუაცია დასტაბილურდება, თუ ამ ყველაფერს არ მოყვა სანქციები აშშ-ის, კერძოდ კი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან.
მიუხედავად იმისა, რომ ერთ დღეში ლარი თითქმის 1%-ით გაუფასურდა, „თიბისი კაპიტალის“ ანალიტიკოსი ოთარ ნადარაია მიიჩნევს, რომ ეს დროებითია და ეროვნული ვალუტა მალე დასტაბილურდება.
„მიმდინარე პროცესი გარკვეულწილად ლარზეც მოქმედებს, ცხადია, რომ ეროვნულმა ვალუტამ გარკვეული ზეწოლა განიცადა, მაგრამ მასშტაბური რყევა არ არის. ვფიქრობ, საკმაოდ ბევრია რესურსია, ასევე მაკროეკონომიკური თვალსაზრისითაც, რეზერვების კუთხითაც კარგი პერიოდია, რაც სავალუტო ბაზარს სტაბილურობის შენარჩუნებაში დაეხმარება“, - აღნიშნა ოთარ ნადარაიამ.