მთავრობა დარჩენილ ტყეებს ჭრის და ისე ყიდის

მთავრობა დარჩენილ ტყეებს ჭრის და ისე ყიდის

[თეონა ხარაბაძე]

ბოლო პერიოდში მთავრობა ყველაზე წარმატებულად ტყის ფონდიდან მიწის ფართობების ამორიცხვას და შემდეგ ამ მიწების გასხვისებას ახორციელებს. მთავრობის ბოლო ორი დადგენილებით 270 ჰექტარზე მეტი ტყის მასივი გაიჩეხება. საინტერესოა, რომ ამას ეკონომიკის განვითარების აუცილებლობით ხსნიან. თუმცა, უცნობია, რა პროექტების განხორციელებისთვის ხდება ამ გადაწყვეტილებების მიღება. სწორედ ამიტომ ექსპერტებს ეკონომიკურ სარგებელზე საუბარი უჭირთ. სამაგიეროდ, „მწვანეები“ აცხადებენ, რომ „ქვეყანა კატასტროფის წინაშე დგას“.

დაახლოებით ორი კვირის წინათ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ტყის ფონდიდან ზუსტად 2044440.2 კვადატული მეტრი ფართობი მიწის ამორიცხვის გადაწყვეტილება კახეთის გუბერნატორის მოთხოვნით მიიღო.

მთავრობის დადგენილების მიხედვით, სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული ყვარლის სატყეოდან - 396411.6 კვადრუტული მეტრი, საბუეს სატყეოდან - 1639288.5 კვადრატული მეტრი, შილდის სატყეოს მიმდებარე, ყოფილი საკოლმეურნეო ტყეებიდან კი 8740.1 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხეს დაყვარლისრაიონსმუნიციპალურ საკუთრებაშიგადასცეს.

დადგენილებაში არაფერია ნათქვამი იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ეს გადაწყვეტილება რის საფუძველზე იქნა მიღებული. მთავრობის ამ გადაწყვეტილებას ბეჭდვით მედიაში აქტიური კრიტიკა მოჰყვა. თუმცა, ეს მთავრობისთვის შემაფერხებელი არ აღმოჩნდა და რამდენიმე დღის წინათ კიდევ ახალი დადგენილება მიიღო, რომლის საფუძველზეც იმერეთში 626587,9 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი ტყის ფონდის საკუთრება აღარ არის.

მთავრობის დადგენილების თანახმად, ბაღდათის მუნიციპალიტეტში, კურორტ საირმის ტერიტორიაზე აღნიშნული ფართობი ტყის ფონდიდან ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივით ამოირიცხა. მიზნად კი ტურიზმის და საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარება სახელდება.

„მწვანეთა“ პარტიის ლიდერი გია გაჩეჩილაძე კი მიიჩნევს, რომ ამ ტერიტორიის პრივატიზება მოხდება და ამ ფაქტს საგანგაშოს უწოდებს.

„ცხადია, ეს იმისთვის ხდება, რომ ტყის ფონდის მიწის პრივატიზება კანონით აკრძალულია. ამათ კი კარგი გამოსავალი მონახეს იმით, რომ მიწებს ტყის ფონდიდან ამორიცხავენ და რას უზამენ, კაცმა არ იცის. აღარ ვიცი, რა ვთქვა. ეს ყველაფერი უკვე ბარბაროსობაა და მეტი არაფერი. მაინტერესებს, ამ რაოდენობის ტყე თუ განადგურდა, მერე რა მოხდება, ამაზე თუ ფიქრობენ. არ ვიცი, აქ რა უნდა გაკეთდეს ისეთი ან რა შემოსავალი უნდა მოიტანოს, რომ ეს დანაკარგი აანაზღაუროს“, - აცხადებს გია გაჩეჩილაძე.

ამასთან, მისი თქმით, თუ მთავრობა იმ არგუმენტს მოიშველიებს, რომ ამ ტერიტორიაზე ტყე უკვე განადგურებულია, ეს მიდგომა მაინც არ იქნება სწორი. „მთავრობის ერთ-ერთი ამოცანა ბუნებრივი რესურსების მოფრთხილებაცაა და თუ ტყე გაიჩეხა, ჯერ ერთი, ვისი ბრალია და მეორეც, მისი განახლება უნდა ხდებოდეს და არა პრივატიზება“.

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი გია ცაგარეიშვილი კი აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ, უბრალოდ, ტყეების განადგურება მიმდინარეობს და ამით ეკონომიკის განვითარება არ ხდება.

„ამ ხელისუფლებისგან გასაკვირი აღარაფერია და ეს რატომ უნდა გაგიკვირდეთ, არ ვიცი. პრობლემა ის არის, რომ ტყეების გაჩეხვის გარდა, ამ მოჩეხილ ხეებს რას უშვებიან, კაცმა არ იცის. ამის გადამუშავება რომ ხდებოდეს, კიდევ ვიფიქრებდი, რომ რაღაც გააზრებული პოლიტიკა გააჩნიათ. ახლა უბრალოდ ხეებს ჩეხავენ და იმ მიწებს ყიდიან. ეს არის და ეს. ამით ეკონომიკა როგორ უნდა განვითარდეს, არ ვიცი“, - აცხადებს ცაგარეიშვილი.

გია გაჩეჩილაძე კი აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ ასეთი მიდგომა განსაკუთრებულად იმიტომ ქმნის პრობლემას, რომ არ ხდება ამ რესურსის აღდგენა და საბოლოოდ ისეთ მძიმე შედეგებს მივიღებთ, რომ მისი გამოსწორება წარმოუდგენელი იქნება.