ტყის დაცვა ჯარიმების გაათმაგებით იწყება

ტყის დაცვა ჯარიმების გაათმაგებით იწყება

თუკი სადმე უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყით დატვირთული მანქანა დააკავეს, მის მფლობელს ამიერიდან უზარმაზარი ჯარიმა ელის. ხე-ტყის უკანონო მოპოვება-გადატანისათვის ჯარიმის ოდენობა 500 ლარიდან 5 000 ლარამდე იზრდება.

„საგადასახადო კოდექსში“ შესატანი ცვლილების განხილვა პარლამენტმა უკვე დაიწყო და ის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. კომიტეტის თავმჯდომარის დავით ონოფრიშვილის განმარტებით, სანქციები იმიტომ მკაცრდება, რომ დარღვევის ჩამდენ პირებს მსგავსი საქმიანობის სურვილი დაუკარგონ. საკანონმდებლო ცვლილების პროექტი, რომელიც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ შეიმუშავა, პარლამენტში მთავრობამ წარადგინა.

ამჟამად მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ხე-ტყის ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების შემთხვევაში, თუ მისი საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს, სამართალდამრღვევს ეკისრება მხოლოდ 500-ლარიანი ჯარიმა ხე-ტყის კონფისკაციის გარეშე.

სამინისტროს მიერ შემუშავებული ცვლილების თანახმად, მკაცრდება სანქცია: ზედნადების გარეშე ხე-ტყის ტრანსპორტირებისათვის პირი დაჯარიმდება 5 000 ლარით, ხოლო ხე-ტყე დაექვემდებარება კონფისკაციას.

ხათუნა გოგალაძის უწყებაში განმარტავენ, რომ მოსახლეობას უფლება აქვს სრულიად უსასყიდლოდ, ყოველგვარი ნებართვის გარეშე, პირადი მოხმარების მიზნით შეაგროვოს ტყის არამერქნული რესურსები (სოკო, კენკრა, ხილი, სამკურნალო მცენარეები და ა.შ) და ხის მეორეხარისხოვანი მასალები (ფიჩხი).

როგორც ჩანს, დაპირებული ცვლილებები უკვე დაიწყო. გარემოს დაცვის სამინისტროში ახალი ხელმძღვანელების მოსვლისთანავე სატყეო პოლიტიკის ცვლილებაზე დაიწყო საუბარი. სამინისტროში ეროვნული სატყეო სააგენტო და სატყეო პოლიტიკის სამსახური შეიქმნა, რომელსაც სააკაშვილისგან დევნილი ბიძინა გიორგობიანი ჩაუდგა სათავეში.

სააგენტო პასუხისმგებელია ტყის ფონდის ტერიტორიაზე ბიოლოგიური მრავალფეროვნების კომპონენტების მდგრად გამოყენებაზე და იგი ტყით სარგებლობის რეგულირებას და კონტროლს განახორციელებს.

„პირველი ეტაპისთვის, ტყეების ფიზიკური დაცვის გაუმჯობესების მიზნით გაიზარდა ტყის მცველთა რაოდენობა. დაგეგმილია ის ძირითადი სატყეო ღონისძიებები, რომლებიც წარმოადგენენ ტყეების მდგრადი მართვის აუცილებელ პირობას (მაგ. ტყის ინვენტარიზაცია, მოვლის ღონისძიებები და ა.შ)”, - აცხადებენ გარემოს დაცვის სამინისტროში.

უკანონო ტყითსარგებლობის, უკანონო ჭრების და ბრაკონიერობის გამოვლენას და აღკვეთას განახორციელებს ზემოხსენებული გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი და მისი სტრუქტურული ქვედანაყოფები. ამ დეპარტამენტის კომპეტენციას წარმოადგენს ლიცენზიის მფლობელების შემოწმებაც და მათი მხრიდან დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, განხორციელდება კანონმდებლობით დაწესებული სანქციები - საჭიროების შემთხვევაში, ტყითმოსარგებლეებს ლიცენზიაც გაუუქმდებათ.

„ძალიან ბევრი რამ დაიკარგა და, პირველ რიგში, ფიზიკურად დავკარგეთ ტყეების მნიშვნელოვანი ნაწილი. მივიღეთ განადგურებული, დეგრადირებული ტყეები და ასეთივე განადგურებულ მდგომარეობაში, მათ მართვაზე პასუხისმგებელი უწყება. ეს არის სფერო, სადაც დაშვებული შეცდომები, ხშირ შემთხვევაში, ფატალურ შედეგამდე მიდის და, რა თქმა უნდა, გამოსწორების პროცესიც რთული და ზოგიერთ შემთხვევაში, ხანგრძლივი იქნება“, - აცხადებს ბიძინა გიორგობიანი.