„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, საპრეზიდენტო კანდიდატ, ნინო ბურჯანაძის მტკიცებით, უმცირესობასა და უმრავლესობას შორის გარიგება დაიდო, რომ „რადაც არ უნდა დაუჯდეთ, ბურჯანაძის გაპრეზიდენტება არ დაუშვან“.
პარლამენტის ექს-სპიკერმა ხელისუფლებასა და ნაციონალებს შორის დადებულ გარიგებაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც NDI-ის კვლევებს გაეცნო, რომლის მიხედვითაც, კითხვაზე - „ყველაზე მეტად ვის ისურვებდით საქართველოს შემდეგ პრეზიდენტად“, 39%-ით გიორგი მარგველაშვილი ლიდერობს, რომელსაც 18%-ით დავით ბაქრაძე მოჰყვება, ხოლო 7%-ით ნინო ბურჯანაძე. 16%-მა კი, ამ ეტაპზე არ იცის, ვის დაუჭერს მხარს, ხოლო 4% მხარს სხვა კანდიდატებს უჭერს.
ნინო ბურჯანაძე ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევებს უნდობლობას უცხადებს, ერთიანი სოციოლოგიური საბჭოს შექმნის ინიციატივით გამოდის და ამბობს, რომ NDI-ის კვლევის შედეგებს რეალობასთან საერთო არაფერი აქვს.
მისი თქმით, გაყალბებული სოციოლოგია არჩევნების გაყალბების ისეთივე საფუძველია, როგორიც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. კერძოდ - „კარუსელი“.
„ძალიან კარგად ვიცით, რომ გამოქვეყნებულ კვლევებს საერთო არაფერი აქვს სინამდვილესთან. ერთხელ და სამუდამოდ, საქართველოში გაყალბებულ სოციოლოგიასთან დაკავშირებით საკითხი უნდა გადაწყდეს. პარლამენტს ვთავაზობ, რომ არჩევნების გაყალბებისათვის პასუხისმგებლობის გამკაცრების თაობაზე, სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები მიიღოს. თუ თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები გვინდა, პასუხისმგებლობა უნდა გამკაცრდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აშკარა გახდება, რომ ყველაფერი კეთდება, რათა მანიპულირებადი იყოს არჩევნები და გაცოცხლდეს „ნაციონალური მოძრაობა“, რაც ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. ამასთან, ინფორმაცია გამაჩნია, რომ „ქართული ოცნებასა“ და „ნაციონალებს“ შორის არის გარიგება, რომ რადაც არ უნდა დაუჯდეთ, ბურჯანაძის გაპრეზიდენტება არ დაუშვან“, - აღნიშნავს პარლამენტის ექს თავმჯდომარე, რომლის ინფორმაციასაც პოლიტიკურ წრეებში გამოხმაურება უკვე მოჰყვა.
მმართველი ძალა აცხადებს, რომ ნინო ბურჯანაძე გაღიზიანებულია, რადგან იცის, რომ არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს. უმცირესობა კი, „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერს კანონების წაკითხვას ურჩევს.
როგორც for.ge-ს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ზვიად ძიძიგურმა განუცხადა, ნინო ბურჯანაძეს საკუთარ თავსა და პერსპექტივებზე გადაჭარბებული წარმოდგენა აქვს.
მისი თქმით, ნინო ბურჯანაძე არჩევნებში რომ ვერ გაიმარჯვებს, ეს თავადაც იცის, რის გამოც, მეორე ტურის ჩატარებას ებღაუჭება.
„ქალბატონი ნინო გაღიზიანებულია, რადგან მას წინასაარჩევნო კამპანია აქვს, მის გამარჯვებას კი, მისი წარმომადგენლებიც არ ახსენებენ. ბურჯანაძის გუნდის წევრები ამბობენ, რომ მეორე ტური ჩატარდება და ბურჯანაძე ვერ მოიგებს. ეს თავადაც კარგად იცის და ამიტომ, იმას ებღაუჭება, რომ იქნებ ხალხი პასიური იყოს და არჩევნებზე ცოტა ამომრჩეველი მივიდეს. ფაქტია, რომ ისეთი პოლიტიკური ვითარება არ არის, რომელიც ნინო ბურჯანაძეს კომფორტულ სიტუაციაში ამყოფებს. რაც შეეხება გარიგებას, რა გარიგებაზეა ლაპარაკი? წინა ხელისუფლების წარმომადგელებთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გვქონდა და ამას თვალ-ყურს მთელი მსოფლიო ადევნებდა. ნინო ბურჯანაძის გადაჭარბებული წარმოდგენაა, თითქოს, მასზე ვნერვიულობთ, რომ პრეზიდენტი არ გახდეს და მეორე ტური არ ჩატარდეს“, - აცხადებს ძიძიგური, რომლის პათოსსაც დავით ბერძენიშვილიც იზიარებს.
კანონმდებელის შეფასებით, შეიძლება, ნინო ბურჯანაძეს კვლევების მიმართ პრეტენზიები ჰქონდეს, მაგრამ საქმის ისე წარმოჩენა, თითქოს, კოალიცია რომელიმე კანდიდატის წინააღმდეგ მუშაობს და ნაციონალებთან გარიგებაშია, ეს არასერიოზულია.
„ეს განცხადებები ღიმილის მომგვრელი გახდა, რადგან სალომე ზურაბიშვილი გვაბრალებს, რომ მის წინააღმდეგ გამოვდივართ, ბურჯანაძე გვაბრალებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გარიგებაში ვართ. ამ დროს, ერთმანეთს აბრალებენ, რომ მათ წინააღმდეგ ვართ შეკრულნი და სჯობს, ეს საკითხები ერთმანეთთან გაარკვიონ. რაც შეეხება რომელიმე სოციალოლოგიური კვლევის მიმართ კანონმდებლობის გამკაცრებას, ეს სერიოზული მიდგომა არ არის“, - აცხადებს დეპუტატი.
დავით ბერძენიშვილი კვლევის შედეგებსაც ეხმაურება და აცხადებს, რომ მარგველაშვილის უპირატესობა დიდია და მეორე ტურის ჩატარება გამორიცხულია.
„არჩევნები პირველი ტურით დამთავრდება. მარგველაშვილის უპირატესობა გაცილებით დიდი იქნება, თუმცა, ჩვენ არ გვეყოლება 90%-ანი პრეზიდენტი და ეს კარგია, მაგრამ ჩვენ არც 53%-ანი პრეზიდენტი გვეყოლება, რომელსაც 2008 წელს 13%-ანი მიხმარება დასჭირდა. კოალიციის მიმართ როგორიც არის ნდობა, მარგველაშვილის რეიტინგიც ისეთი იქნება. როცა მარგველაშვილი იქნება გამოკვეთილი, ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს მეორეზე ბურჯანაძე გავა, თუ ბაქრაძე. ეს არჩევნები 27 ოქტომბერს დამთავრდება და რაიმე საპროტესტო ტალღის აგორებას ვერავინ შეძლებს“, - დასძენს ბერძენიშვილი.
მმართველი გუნდის ლიდერებისგან განსხვავებით, პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ბარამიძე მეორე ტურის ჩატარებას არ გამორიცხავს და ამბობს, რომ ხელისუფლების მოტივაციაა, რომ არჩევნების გაყალბებას მიმართოს და პირველ ტურში გიორგი მარგველაშვილი გააძვრინოს.
„ეს საფრთხე ძალიან დიდია. რაც შეეხება ნინო ბურჯანაძეს, ცნობილია, რომ რუსეთის ხელისუფლების ამოცანაა, საქართველოში პროდასავლური ძალები დასუსტდეს და წინა პლანზე ისეთმა ძალამ წამოიწიოს, რომელსაც ბურჯანაძე წარმოადგენს. ბურჯანაძე პუტინს დაუფარავად შეხვდა და დღემდე უარს აცხადებს, ტერმინ „ოკუპაციის“ გამოყენებაზეც. ფაქტია, რომ ნინო ბურჯანაძე პუტინის დასაყრდენ ძალას წარმოადგენს და ის დემოკრატიული პროცესებით ღიზიანდება“, - განუცხადა for.ge-ს ბარამიძემ, რომელიც გარიგების თაობაზე ნინო ბურჯანაძის ინფორმაციას არასერიოზულს უწოდებს.
ვიცე-სპიკერი აცხადებს, რომ ხელისუფლების მიზანი, „ნაციონალური მოძრაობის“ განადგურებაა.
„რომელ გარიგებაზეა საუბარი, როცა ათი ათასი ადამიანი პროკურატურაშია დაბარებული, ადგილობრივი ხელისუფლების 80%-ზე მეტი შეცვლილია და ასი პირი პასუხისგებაშია მიცემული, მათ შორის ვანო მერაბიშვილი?! ეს რამდენად ჯდება ნორმალური ურთიერთობის ფარგლებში, ეს თავად სააზოგადოებამ განსაზღვროს. რაც შეეხება ბურჯანაძის განცხადებას, რომ არჩევნების გაყალბება დასჯადი ქმედება უნდა გახდეს, სჯობს, ქალბატონმა ნინომ კანონები წაიკითხოს, რადგან ეს ქმედება დასჯადი უკვე დიდი ხანია არის“, - დასძინა ბარამიძემ.