გარემოსდამცველები ჰესების მშენებლობის „დამანგრეველი შედეგების“ წინააღმდეგ გააფთრებულნი იბრძვიან. მათ ამჯერად მიზანში ონის ჰესების კასკადი და ნამოხვანჰესი ამოიღეს. ექსპერტების განსაკუთრებული კრიტიკა ონის რაიონში დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობამ გამოიწვია. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ელექტროენერგიის წარმოება გამომუშავება ქვეყნის განადგურების ხარჯზე მოხდება.
სპეციალურად ამ საკითხს მიეძღვნა მრგვალი მაგიდა, რომლის მონაწილეებმაც ონის ჰიდროელექტროსადგურების კასკადების დაგეგმილი მშენებლობელობის სავარაუდო პროექტები განიხილეს.
ექსპერტების ვარაუდით, ონის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის დღეისათვის არსებული პროექტების მიხედვით მშენებლობა უარყოფით ზეგავლენას მოახდენს ბიომრავალფეროვნებაზე, მინერალური წყლების საბადოების ხარისხისხობრივ და რაოდენობრივ მაჩვენებლებზე, ადგილობრივ მიკროკლიმატზე, რაჭის ტურისტულ პოტენციალზე, დემოგრაფიულ სიტუაციაზე. ასევე მშენებლობის არეალში მოქცეულ ეროზიულ და მეწყერსაშიშ ზონებზე.
წყალსაცავის შეტბორვის ზონაში მოექცევა მდ. ჭანჭახის აუზის მდინარეების, მათ შორის, მდ. ნოწარულას ხეობის დიდი ნაწილი. კაშხლებზე ავარიული სიტუაციის შემთხვევაში საფრთხე დაემუქრება არა მარტო რაჭა-ლეჩხუმს, არამედ ქ. ქუთაისს და მთლიანად რიონის ხეობას.
მდინარე რაიონის 47-კილომეტრიან მონაკვეთზე 4-5 წელიწადში სადგურების კასკადი უნდა აშენდეს, რომლის ღირებულება 664 მილიონი დოლარს შეადგენს. მდინარე რიონზე ჰესების კასკადის გამომუშავებული ელექტროენერგიის 16% საქართველოსთვის, დანარჩენი კი იმპორტისთვის არის გათვალისწინებული.
„ეს არის ენერგეტიკული პოლიტიკიდან გამომდინარე სრული სიბეცე. ჩვენ, ვინც ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ვერ გავიგეთ სახელმწიფოს რა პოლიტიკა აქვს ამ საკითხისადმი. თუ გვინდა, რომ საქართველო, როგორც მცირემიწიანი ტერიტორია, თავისი უნიკალური ბიომრავალფეროვნების მქონე ქვეყანა განვავითაროთ, მსგავსი გადაწყვეტლებები უნდა შევცვალოთ“, - აცხადებს დეპუტატი და „მწვანეთა მოძრაობის“ ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძე.
ენერგეტიკის სამინისტრო, ჯერჯერობით, კვლავ უპასუხოდ ტოვებს, 26 გარემოსდაცვითი და საზოგადოებრივი ორგანიზაციის განცხადებას ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენელობლობასთან დაკავშირებით, რომელიც ცაგერისა, ტყიბულისა და წყალტუბოს რაიონებში უნდა აშენდეს.
პროექტის მიხედვით, სოფლებში: ტვიშში, ჟონეთსა და ნამოხვანში აშენდები სამი - 56, 31 და 111-მეტრიანი კაშხალი. მდინარე რიონზე წყალსაცავის საერთო სიგრძე 28 კილომეტრი იქნება. მთლიანად დაიტბორება რვა სოფელი, კიდევ ექვსი სოფელი ავტომატურად დაცარიელდება, ვინაიდან დატბორვის არეალში 700 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწა მოხვდება, მათ შორის ტვიშის მიკროზინის უნიკალური ლეჩხუმური ცოლიკაურის ვენახები. აღსანიშნავია, რომ ამოქმედების შემდეგ, ნამოხვანის ჰესების კასკადი მხოლოდ ექსპორტზე იმუშავეს, წარმოებული ელექტროენერგიას ინვესტორი 20 წლის განმავლობაში თურქეთში გაყიდის.
ლეჩხუმში 1960 წლიდან უკვე ფუნქციობს ლაჯანურჰესი, რომელმაც ულამაზეს მეღვინეობის მხარეს უმძიმესი პრობლემები შეუქმნა. ცაგერის რაიონის 58 სოფლიდან 57 დამეწყრილია, იქ მცხოვრები 900-ზე მეტ ოჯახს კი უპირობო გადასახლება სჭირდება. მეწყერი, ღვარცოფი და წყალდიდობა ლეჩხუმს ყოველწლიურად ანგრევს.
„რამდენად გამართლებულია ეს ყველაფერი ეკონომუკური და ეკოლოგიური თვალსაზრისით?! მით უმეტეს, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან მწარე გამოცდილებები. მაგალითად, შეგვიძლია მოვიყვანოთ, ლაჯანურჰესი და ცაგერის დამბა. ბუნებრივია, სარგებელი ნახა სახელმწიფომ ამ პროექტით, მაგრამ რამდენიმე ათეულ წელიწადში ამ პროექტმა გამოიწვია ცაგერის სანახევროდ დაცლა, ათამდე სოფლისთვის მთლიანად საარსებო წყაროს დაკარგვა და ბუნებრივი კატასტროფების ისეთ დონეზე გააქტიურება, რომ დღეს მთელი ცაგერის რაიონი, მთელი ლეჩხუმი არის რისკის ზონა და ძალიან ბევრი ადამიანი აუცილებელად უნდა გადასახლდეს მამა-პაპისეული ადგილებიდან. ნამოხვანის კასკადის აშენებით ჩვენ მივიღებთ საქართველოს კიდევ ერთ დაცარიელებულ ტერიტორიას“, - აცხადებს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის წარმომადგენელი რეზო გეთიაშვილი.