„ვინც ამბობს, რომ არ ენდობა, იმან გამოაქვეყნოს საკუთარი კვლევის შედეგები“

„ვინც ამბობს, რომ არ ენდობა, იმან გამოაქვეყნოს საკუთარი კვლევის შედეგები“

„ქართული ოცნების“ კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, იგი ყურადღებით აკვირდება კვლევების დინამიკას, რომლებიც პერიოდულად ქვეყნდება. თუმცა, მისი თქმით, „ქართულ ოცნების“ შიდა კვლევების მონაცემები უფრო ოპტიმისტურია. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევას პოლიტიკურ დაკვეთად აფასებს „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი. ბურჯანაძის განცხადებით, NDI-ის კვლევის მიზანი „ნაციონალური მოძრაობის“ გაცოცხლებაა. კვლევის შედეგებს ეჭვქვეშ არ აყენებს „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატი, დავით ბაქრაძე.

პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრას“ უფროსი კონსულტანტი სოსო გალუმაშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ კვლევის ნდობა-არნდობაზე საუბარი შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, თუ კი იქნება ერთი, ან რამდენიმე სხვა კვლევის შედეგები.

რამდენად დამაჯერებელია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიების რეიტინგები?

- კვლევის საველე ნაწილი ჩატარებულია იმ დროს, როდესაც საპრეზიდენტო კანდიდატების აქტივობა დაბალი იყო. გახსოვთ, რომ მმართველი კოალიციის კანდიდატმა საარჩევნო კამპანია მხოლოდ 7 აგვისტოს დაიწყო, უფრო მოგვიანებით გააქტიურდნენ სხვა კანდიდატები. კვლევის საველე ნაწილი კი 18 აგვისტოდან 3 სექტემბრამდე გრძელდებოდა. უფრო მაღალი აქტივობით გამოირჩეოდა სექტემბერი და რასაკვირველია, აქტივობა უფრო გაიზრდება ოქტომბერში. იმისათვის, რომ გავცეთ პასუხი კითხვას, ვენდობით თუ არა ამა თუ იმ კვლევას, ჩვენ უნდა გვქონდეს რაღაცა შესადარებელი - ერთი ან რამდენიმე სხვა კვლევის შედეგი.

დღეს, ამ სიტუაციაში, სტატისტების როლში გვიწევს ყოფნა, რადგან ჩვენ არ შეგვიძლია შევადაროთ სხვა მონაცემებს და იძულებული ვართ ეს რეიტინგები მოცემულობად მივიღოთ.

ამ კვლევის მიხედვით, მეორე ადგილზე 18% აქვს დავით ბაქრაძეს, ხოლო 7% აქვს ნინო ბურჯანაძეს. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს ციფრები ასახავს რეალობას?

- შესაძლებელია. მითუმეტეს, თუ კვლევის ჩატარების პერიოდს გავიხსენებთ. თუმცა, გასათვალისწინებელია კანდიდატის რეიტინგის დინამიკა და დინამიკაში თუ შევხედავთ, ვნახავთ, რომ ნინო ბურჯანაძის რეიტინგი ორჯერ არის გაზრდილი, მაშინ, როდესაც დავით ბაქრაძის რეიტინგი გაზრდილია მხოლოდ 50%-ით. რეიტინგის ციფრებში და მის აბსოლუტურ გამოსახვაში ბაქრაძე უსწრებს ბურჯანაძეს, რეიტინგის ზრდის ტემპით კი - ბურჯანაძე ბაქრაძეს.

მაგალითად, ბურჯანაძეს 7% აძლევს ხმას, მაგრამ მომწონებელთა რაოდენობა 21-დან 33 პროცენტამდე გაიზარდა, ეს რამდენად არის რეალობასთან ახლოს?

- რაც შეეხება მოწონების საკითხს... რამდენჯერმე გავაკრიტიკე კვლევის ეს კომპონენტი, რადგან არავითარ ღირებულ ინფორმაციას ეს პარამეტრი არ იძლევა. უფრო დამაბნეველი მნიშვნელობა აქვს, რადგან რეალურ რეიტინგს და კანდიდატის რეალურ პროცენტულ მაჩვენებელს არ ასახავს. როდესაც ამ კვლევის ავტორებს ამ პარამეტრის სარგებლიანობის შესახებ დავუსვი კითხვა, სამწუხაროდ, პირდაპირი პასუხი ვერ მივიღე. რეალურად, შეიძლება, ვიღაცა მოგწონდეს, მაგრამ მას ხმას არ აძლევდე. ამიტომ, ეს ზედმეტი ინდიკატორია, რომელსაც შემდგომი საქმიანობისთვის ვერც კამპანიის დამგეგმავები და ვერც ანალიტიკოსები ვერ გამოიყენებენ.

 ფაქტია, რომ უნდობლობა NDI- კვლევის მიმართ არსებობს, რადგანაც, ხშირად, კვლევა არ ასახავს რეალურ შედეგებს. ეს დადასტურდა 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ. მიუხედავად ამისა, თქვენ თვლით, რომ კითხვის ნიშნები არ არსებობს?

- სათუო საკითხია. ერთი მხრივ, ეს არის 3, 800 ადამიანის გამოკითხვის შედეგის გადმოტანა ქაღალდზე და ეს უნდა გავითვალისწინოთ. მეორე მხრივ, სრულყოფილი ინფორმაციის არქონის გამო, ვერ ვიტყვი რა პრობლემები იყო ანალიზის დროს, რამდენად სწორად იყო კითხვარი შექმნილი, რამდენად შეიძლებოდა თავიდან აეცილებინებინათ კვლევის ავტორებს რესპოდენტების უარი პასუხებზე. სრულყოფილად კვლევის მეთოდოლოგიას იცნობს მხოლოდ კვლევის ჩამტარებელი. ის ორი ფურცელი, რომელიც კვლევის პასპორტის სახით არის წარმოდგენილი, არ იძლევა სრულ სურათს. კვლევისადმი უნდობლობა, გარკვეულ პრობლემებზე თვალის დახუჭვის ტოლფასად მიმაჩნია. ამიტომაც დადებითად ვაფასებ ამ საკითხზე პრეზიდენტობის კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის დამოკიდებულებას და შეფასებას.

როგორ ფიქრობთ, რატომ ანიჭებს ქართული პოლიტიკური ელიტა მნიშვნელობას ლუის ნავაროს მიერ ჩატარებულ კვლევას, რატომ არ ატარებენ ამ კვლევებს ადგილობრივი ორგანიზაციები?

- იმისათვის, რომ მოხდეს ამ კვლევის შეფასება, ამ კვლევის სიზუსტის დადგენა, საჭიროა სხვა კვლევების მონაცემები. ფაქტია, რომ ამ ორგანიზაციის მიერ 2012 წელს ჩატარებული წინასაარჩევნო კვლევების შედეგები არ დაემთხვა არჩევნების საბოლოო შედეგებს. ეს ბუნებრივიცაა, რადგან ამომრჩეველზე ზეწოლისა და შიშის ფაქტორების გამო, გამოკითხულთა 40 პროცენტმა დასმულ შეკითხვებს პასუხი, ფაქტობრივად, არ გასცა. სამწუხაროდ, იმ კომპანიამ, რომელიც ატარებს ამ კვლევებს, არ იზრუნა იმისათვის, რომ სხვა, უფრო დახვეწილი მეთოდიკით მიეღო ის ინფორმაცია იმ ადამიანებისგან, რომლებიც არ ასახელებენ თავის რჩეულ კანდიდატებს, თუნდაც უკვე საპრეზიდენტო არჩევნების წინ. პასუხგაუცემელია კითხვარის 26 პროცენტი. ეს, რასაკვირველია, ძალიან ბევრ კითხვას ბადებს. მაგრამ, კითხვები ჩნდება, მხოლოდ და მხოლოდ, ემოციის დონეზე, რადგან, ჯერჯერობით, არ გვაქვს სხვა კვლევის მონაცემები. ჯერ კიდევ ივნისში, NDI-ს საგაზაფხულო კვლევის შედეგების ანალიზის დროს, გაჩნდა იდეა და რამდენიმე კვლევითმა ორგანიზაციამ ალტერნატიული კვლევის ჩატარების ინიციატივა გამოიჩინა. კვლევა პარტიებს უნდა დაეფინანსებინათ. სამწუხაროდ, ამ ინიციატივას გამოხმაურება არ მოყვა პოლიტიკური სპექტრიდან. დღეს კი მივიღეთ ისევ ის, რაც მივიღეთ. ქალბატონ ნინო ბურჯანაძის ინიციატივა შეიქმნას დამოუკიდებელ მკვლევართა ჯგუფი, რომელიც ალტერნატიულ კვლევას ჩაატარებს, სამწუხაროდ, დაგვიანებულია. ვერც ასეთი ჯგუფი შეიქმნება და რომ შეიქმნას, უბრალოდ დრო აღარ არის საკმარისი საფუძვლიანი კვლევის ჩასატარებლად.

NDI-ის კვლევისთვის ამხელა მნიშვნელობის მინიჭება, ესეც არის კოჰაბიტაციის შედეგი?

- მთელმა საქართველომ და პოლიტიკურმა პარტიებმა იციან რა პერიოდში ტარდება NDI-ის და IRI-ის კვლევები. ნებისმიერ პარტიას შეუძლია ამ პერიოდებში გამოაქვეყნოს ალტერნატიული კვლევის შედეგები. რა უშლით ხელს? მაშინ, უკვე, ჩვენ გვექნება არა ერთი კვლევა, რომელზეც მიდის ჭიდილი „ვენდობი - არ ვენდობი“-ს ტერმინებში, არამედ რამდენიმე და გვექნება შესადარებელი სიდიდეები. სამწუხაროა, რომ საზოგადოებრივი აზრის გაზომვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, სპეკულაციის საგნად იქცა.

ორგანიზაცია, რომელსაც ხელმძღვანელობს ნავარო, ასეთი ტიპის კვლევას დებს, სხვამ დადოს სხვანაირი. ერთმა, მეორემ, მესამე პარტიამ გამოაქვყნოს თავისი შიდა კვლევების შედეგები. შეიქმნება კონკურენტული გარემო და მერე ამომრჩეველი თავად გადაწყვეტს, ვის ენდოს და ვისი ანალიზი გაითვალისწინოს. პოლიტიკური ჯგუფები რატომღაც დაკავებული არიან მხოლოდ იმით, რომ განაცხადონ ენდობიან თუ არ ენდობიან კვლევას. ვინც ამბობს, რომ არ ენდობა, გამოქვეყნოს საკუთარი კვლევა.

ჩემთვის NDI-ს კვლევაში არის ძალიან ბევრი საინტერესო მონაცემი და ტენდენცია, რომელიც გარკვეული ტიპის არაპოლიტიკური კამპანიების დაგეგმვაში შეიძლება გამოვიყენო. პრეზიდენტობის კანდიდატებსაც ვურჩევ გამოიყენონ ეს მონაცემები საკუთარი პიარ-კამპანიის დასაგეგმად, ანალიზისათვის, კონკრეტულ პრობლემებზე ფოკუსირებისთვის. კოაბიტაცია კვლევებთან კავშირში არ არის, ის პოლიტიკური პროცესის ნაწილი იყო.