ერთხელ, ერთ-ერთი წაგებული მატჩის შემდეგ საქართველოს დამსახურებულმა მწვრთნელმა რევაზ ძოძუაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ფეხბურთი სექსი არ არის, ორივე მხარე კმაყოფილი რომ იყოსო და წესით, დამარცხებულს თუ მაზოხიზმისკენ მიდრეკილება არ აქვს, წაგება არც უნდა სიამოვნებდეს.
არადა, დღეს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ისეთი მდგომარეობაა შექმნილი, რომ წაგებულ ნაციონალებს მიმდინარე პროცესები და თავს თუ ტანს მოხვეული კოჰაბიტაცია აშკარად სიამოვნებთ. არა, „ნაცმო“ მაზოხიზმთან შორს რომ არ არის, ფაქტია, მაგრამ ის, რომ ნაციონალებს საპრეზიდენტო არჩევნებში ყველაზე მეტად სწორედ მეორე ადგილი სურთ, ფაქტია. მეორე იმიტომ, რომ პირველობის შანსი ნულს ქვემოთ არის, პირველის შემდეგ კი მეორეა და... მეორეობა პარტიას, რომელიც ცოტა ხნის წინ „ყვაოდა“, ახლა კი ლეშის სუნი ასდის, სუნთქვის საშუალებას მისცემს. ჰოდა, ნაცებს ახლა სუნთქვა სჭირდებათ იმისთვის, რათა ოთხი წელი ღიღინით გაატარონ, მერე კი... მერე მერემ იკითხოს.
მეორეობისთვის იბრძვის ნინო ბურჯანაძეც და საამისოდ მასაც თავისი მიზეზი აქვს. მეორე იმიტომ, რომ პირველობის შანსი აქაც ნულს ქვემოთ არის, პირველის შემდეგ კი მეორეა და... თუ ბურჯანაძე მეორეზე გავა, სრულიად სამართლიან კითხვას დასვამს - რატომ არის, რომ რეალურად პირველ ოპოზიციურ ძალას პარლამენტში ერთი კაცი რა არის, ისიც არ ჰყავსო და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვს. ასეთ შემთხვევაში ვერც ნაციონალები იტყვიან ომახიანად, ჩვენ ხალხმა მოგვანიჭა ნდობის მანდატიო და ვინძლო ის ამბავიც გაქექონ, კულუარებში ახლაც რომ ამბობენ, ნაცებს ის 40% საპარლამენტო არჩევნებზე რომ მიიღეს, ადმინისტრაციული რესურსის და გაყალბების ხარჯზე აქვთო. საზომი კი სწორედ საპრეზიდენტო არჩევნები იქნება და თუ ბაქრაძემ საპარლამენტოდ მიღებული ხმების ნახევარი მაინც ვერ მოაგროვა (და სავარაუდოდ თავადაც იცის, რომ ეს შეუძლებელია), აშკარად ლეშის სუნი დადგება...
მეორეობა ურიგო სხვა კანდიდატებისთვისაც არ უნდა იყოს, მაგრამ ახლა საქმე ისეა, რომ არც გიორგი თარგამაძე, არც კობა დავითაშვილი, არც ნესტან კირთაძე და არც შალვა ნათელაშვილი (შალვა, არ გეწყინოს, მაგრამ რა ვქნა?!) და არც პრეზიდენტობის დანარჩენი 40 მაძიებელი, მეორეობისთვის ვერ იბრძოლებს. მეორეს ვინ ჩივის, 3%-იანი ბარიერი თუ გადალახეს, ორივე ხელით ტაშს დავუკრავ. ახლა არ მითხრათ, ერთი ხელით ტაშის დაკვრა არ გაგვიგაო. სმენა უნდა დაგეძაბათ, ბატონებო და მთელი ცხრა წლის განმავლობაში, ნაცები ღიპზე რომ იტყაპუნებდნენ ხელს, გაიგონებდით...
და გიორგი მარგველაშვილი... სიმართლე გითხრათ, როცა ფეისბუქით მარგველაშვილის და გიგა ბოკერიას ერთად გადაღებული ფოტო გავრცელდა, კი ვიფიქრე, ესენი თუ ბავშვობის მეგობრები არიან, კოჰაბიტაცია მარგველაშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ ნახე-თქო. აქამდე ხომ ასე მეგონა, დემოკრატიის შუქურა ვანო ჯავახიშვილი ახალ სეზონს იწყებს და ალექსანდრიის შუქურა - გიგა ბოკერია ბოლო სეზონს ითვლის მეთქი. მერე იყო, მარგველაშვილის სხვა ფოტო რომ გავრცელდა გიო მგელაძესთან, ირაკლი კაკაბაძესთან და ლევან ვასაძესთან ერთად და... ყველა ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ, არა?!
მოკლედ, მარგველაშვილის მთავარი დაპირება ის არის, რომ 27 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ კოჰაბიტაცია დასრულდება. რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნების“ კანდიდატი გაიმარჯვებს და რეალურად, ეს ამ ეტაპზე აქსიომად ჩანს. მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის სურვილიც კოჰაბიტაციის დასრულებაა, რადგან ხალხს მწარედ ახსოვს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრთა მიერ მათთან დაწყებულმა და დაუსრულებელმა კოჰაბიტაციამ ბოლოს რა მასშტაბები შეიძინა და სწორედ იმავე მასშტაბებით სურს სამართლიანობის აღდგენა. სწორედ ამ სამართლიანობის ეშინიათ „ნაცმოს ელიტის“ წევრებს და ამიტომაც არის, ჯიუტად რომ ცდილობენ დასავლეთსა და ამერიკას თავი მოაწონონ. ამიტომ იყო, საპრეზიდენტო კანდიდატის გამოსავლენად პრაიმერი რომ ჩაატარეს და... შოთა მალაშხია რომ საპრეზიდენტო კანდიდატი არ იქნებოდა, თავიდანვე ყველამ იცოდა, მაგრამ მას გიორგი ბარამიძესა და ზურაბ ჯაფარიძესთან ერთად სხვადასხვა შეხვედრებზე დაატარებდნენ. ხალხი ამას კი ხვდებოდა, მაგრამ იმას ვერ ხვდებოდა და მერწმუნეთ, ვერც ახლა ხვდება, არჩევნებამდე გია ბარამიძე „ქართული ოცნების“ კოალიციაში შემავალი სხვადასხვა პარტიების წევრებისთვის რატომ იყო აფრასიძეების მკვლელი და რატომ გახდა არჩევნების შემდეგ მათი კოლეგა...
მთავარი კითხვა მაინც ის არის, შეასრულებს თუ არა მარგველაშვილი დაპირებას და დაუსვამს თუ არა კოჰაბიტაციას მსუქან წერტილს?! მას რამდენიმე მიზეზი აქვს იმისა, რომ წერტილი დასვას და რამდენიმე იმისა, რომ ყველაფერი უცვლელი დატოვოს. მარგველაშვილი წერტილს იმ შემთხვევაში არ დასვამს, თუ მართალია ის, რასაც ამბობენ - კოჰაბიტაციისა და ზეწოლის გამო ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდისო. ამ ხმების ჭეშმარიტებაში საფუძვლიანი ეჭვის შეტანა იმიტომ შეიძლება, რომ არაა ივანიშვილი ის კაცი, სხვის დაკრულზე იცეკვოს და ეს სხვა თუნდაც ამერიკა და ევროპა იყვნენ. არც ის გვგონია, ხელისუფლების შეცვლა ამ ორიდან რომელიმე მხარეს დიდად სდომოდა, მაგრამ ივანიშვილმა თავისი გაიტანა და პოლიტიკურ ასპარეზზე დარჩენა რომ სურდეს, მარტივად დარჩებოდა. თანაც, ახლა სულ უფრო ნაკლებად ახსენებენ იმას, რაც ივანიშვილმა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, მოგებული საპარლამენტო არჩევნების მერე თქვა - პოლიტიკაში დიდი ხნით დარჩენას არ ვაპირებ, სამოქალაქო სექტორში უნდა წავიდეო და მაშინ მასზე ზეწოლას კი არა, დროის სიმცირის გამო, ბევრი გამარჯვების მილოცვას ვერ მოასწრებდა.
მეორე მიზეზი ის არის, რომ ნაციონალებმა რეგიონებში სახე იცვალეს და ახლა ზოგი კონსერვატორია, ზოგი „თავისუფალ დემოკრატებში“ გაწევრიანდა, ნაწილმა რესპუბლიკელთა მანტია მოირგო და... ნაცები აშკარად ერიდებიან „ოცნების“ წევრობას და იმის გათვალისწინებით, რომ მარგველაშვილი „ოცნების“ წევრია, იმის რიდი ნაკლებად ექნება, შემორიგებული ნაცები არ გაგვინაწყენდნენო...
ესეც არ იყოს, კოჰაბიტაციას წერტილი თავისთავადაც დაესმება, რადგან პრეზიდენტი ნიშნავს გუბერნატორებს და რეგიონების საკრებულოებში მოკალათებული ნაციონალები გაქსუებული მფარველების იმედად არ იქნებიან. სააკაშვილისეული გუბერნატორები რომ გაქსუებულები იყვნენ, მაგალითად მარტო ზაზა გოროზია გამოდგება, რომელსაც სამეგრელოში ცა ქუდად არ მიაჩნდა და... მხოლოდ იმას ნერვიულობდა, ზუგდიდელები „მჭამენ“, მარტვილელი კაცი გუბერნატორი რატომ უნდა იყოო...
დასასრულ - გიორგი მარგველაშვილს იმავე ბაქრაძისა და ბურჯანაძისგან განსხვავებით ერთი დიდი პლუსი აქვს. ის არ არის ისეთი ცნობადი სახე, მერე ბელადად რომ იქცეს და თუ უკვირდებით, მოსახლეობასთან შეხვედრის დროს არც გიორგი, გიორგის ყვირის ვინმე, არც „ბელა ჩაოს“ მღერის და ივანიშვილის კიდევ ერთი დაპირება, ბელადომანია უნდა დასრულდეს და ამას მე უზრუნველვყოფო, თავისთავად სრულდება. ბელადების დრო მართლა აღარ არის და ზოგადად, დროა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ იმაზე კი არ წეროს მედიამ, სად და როგორ ისვენებს ქვეყნის პირველი პირი და რას ჩუქნის პარტიის წევრ ქალბატონებს, არამედ საქმე გაკეთდეს... არც ის გვინდა, დილა პრეზიდენტის სახით იწყებოდეს და საღამოსაც პრეზიდენტი გვაძინებდეს. მახსოვს ერთხელ რადიო „პალიტრაში“ სტუმრობისას, ვიღაცამ დარეკა და ლექსი წაიკითხა პრეზიდენტზე, რომელიც ასე დაასრულა - „მე პრეზიდენტი თეთრეულს მიგებს, მე პრეზიდენტი ლოგინში მაწვენს“... მაშინ ვკითხე, იმაზე თუ გიფიქრია, ლოგინში რომ გაწვენს, რას გიპირებს თქო და არა, არ მიფიქრიაო და გათიშა... დრომ გამოაჩინა, რომ სააკაშვილის მიერ გაშლილი თეთრეული ტკბილი ძილისთვის სულაც არ იყო განკუთვნილი და ძალიან საეჭვოა, ჩვენს ტკბილ ძილზე ნაცებმა მომავალში იფიქრონ.
რა ვიცი, მე მაინც მგონია, რომ 27-ის მერე სამართლის აღდგენა უნდა დაიწყოს, რადგან ტყუილი ქართველ ერს, საბოლოო ჯამში, არავისთვის უპატიებია და ეს ყველაზე კარგად ფილოსოფოსმა მარგველაშვილმა უნდა იცოდეს.