სოხუმის დაცემის 20 წლისთავთან დაკავშირებით გმირთა მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით მსვლელობა მოეწყო. საქართველოს შეიარაღებული ძალების I და IV ქვეითი ბრიგადების მე-12 და 41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა სპეციალურად დაწერილი ხატი "ყოველთა მწუხარეთა სიხარული" ტაძარში მიაბრძანეს. ხატი სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით შეიქმნა და ქართველთა და აფხაზთა შერიგების სიმბოლოს წარმოადგენს.
სამების საკათედრო ტაძარში მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული მეომრების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა და ქართველთა და აფხაზთა შერიგების ხატი აკურთხა. ილია მეორემ ქადაგებაში ღრმა რწმენა გამოთქვა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა შვიდობიანი გზით აღდგება.