„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ბიუჯეტის 70% სადარბაზოების კოსმეტიკურ რემონტებზეა გახარჯული“

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ბიუჯეტის 70% სადარბაზოების კოსმეტიკურ რემონტებზეა გახარჯული“

საკრებულოს თავმჯომარე ირაკლი შიხიაშვილი, ბინათმესაკუთრეების ამხანაგობების თავმჯდომარის საკითხებთან დაკავშირებით, გიგი უგულავას დებატებში იწვევს. ირაკლი შიხიაშვილმა for.ge-ს პრეს-კლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე წარმოადგინა ფოტო მასალა, რომელიც მისი განმარტებით ადასტურებს, რომ ამხანაგობების თავმჯდომარეთა გარკვეული ნაწილი „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები და საუბნო კომისიის წევრები არიან. ირაკლი შიხიაშვილი აცხადებს, რომ აქცია, რომელიც საკრებულოს წინ იმართება, მისი ორგანიზატორები თბილისის მერი და ბაჩო დოლიძეა.

„ქალაქ თბილისის მერი ურცხვად აგრძელებს ცრუ ინფორმაციის გავრცელებას საზოგადოებაში, თუმცა თავად წარმოადგენს ტყუილის სათავეს. იგი ბინათმესაკუთრების ამხანაგობების თავჯდომარეების ხელით ცდილობს წამოიწყოს ახალი ბინძური პიარკამპანია, როგორც ეს გააკეათა 8 თებერვალს, სადაც მზად იყო სისხლისღვრამდე მიეყვანა დაპირისპირებული მხარეები. მან თავად მოაწყო პროვოკაცია და შემდეგ თავადვე აწია ხელები. იმისათვის, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავჯდომარეები დღესაც არ იყვნენ გამოყენებულნი თბილისის მერის, გიგი უგულავას მიერ მოწყობილ ბინძურ პიარკამპანიაში, მე მივმართავ მათ, გონს მოეგონ და არ გახდნენ პროვოკაციის იარაღი“, - აცხადებს შიხიაშვილი.

მისი თქმით, როდესაც საკრებულო ცდილობს შეჯერდეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წახალისებისა და ზოგადად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მოქმედების წესთან დაკავშირებით, უგულავა ისტერიულად ცდილობს ამ პროცესის ჩაშლას.

„იმისათვის, რომ საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ დაინახოს ქალაქის მერის სახე, მე მას დებატებში ვიწვევ. უგულავას ვაძლევ უფლებას, თავად აირჩიოს ადგილი და დრო, მე კი მას საზოგადოების წინაშე დავუმტკიცებ, რომ არის მატყუარა და ნებისმიერი დაწყებული კამპანია სიცრუეზე აქვს აგებული. დავუსაბუთებ, თუ რამდენჯერ მოატყუა მოქალაქეები და დღესაც აგრძელებს მათ შეცდომაში შეყვანას. უკვე ათასზე მეტი ადამიანი პირადად მყავს მიღებული, გიგი უგულავამ თქვას, რამდენ ადამიანს შეხვდა პირადად ერთი წლის განმავლობაში და რამდენ ადამიანთან გააჩნია უფლება ილაპარაკოს ზოგადად საქმეზე.

დღეს გიგი უგულავა „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ აქტივისტებთან ერთად, გეგმავს აქციას საკრებულოსთან, ვითომდაც, საკრებულოს მიერ, ბინათმესაკუთრეების ამხანაგობის ხელშემწყობი პროგრამის შეჩერების გამო. ეს არის მტკკნარი სიცრუე. მე მინდა წარმოგიდგინოთ დოკუმენტალური მასალა, ეს არის სურათები ადამაინების, რომლებიც თავს ასაღებენ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარედ, რეალურად კი, არიან „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები და საარჩევნო კომისიის წევრები. ამით ყველაფერია ნათქვამი.

მინდა იცოდეს საზოგადოებამ, რომ აუცილებლად შეიქმნება სწორი წესი. აქამდე არსებობს უგულავას უწესო წესი, როდესაც მხოლოდ გამგებლის ნება სურვილზე და „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორის რეკომენდაციაზეა დამოკიდებული, თუ რომელ ამხანაგობის თავმჯდომარეს მისცემდნენ წახალისებას. ჩვენ შევქმნით წესს, რომლითაც წახალისდება ის ამხანაგობის თავმჯდომარე, რომლიც უკეთესად იშრომებს.

როდის ამოქმედდებს ეს ახალი წესი?

- ჩვენ ვფქირობდით, რომ ეს გაგვეკეთებინა სწრაფად, მაგრამ ვინაიდან ბიუჯეტში ცვლილების შეტანა შეუძლებელია საარჩევნო კამპანიის დამთავრებამდე, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვცდილობთ, რომ ბოლომდე დახვეწილი ვერსია შევთავაზოთ საზოგადოებას და მერე გავხადოთ საჯარო განხილვის საგანი. რა თქმა უნდა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ჩართულობით მოხდეს ამის გარკვევა. მინდა გთხოვოთ მედია საშუელებებს, იქნებ, მოვახერხოთ, რომ საკრებულოს თავმჯდომარის და ქალაქ თბილისის მერის დებატი შედგეს. საზოგადოების ინტერესი ძალიან მაღალია. მინდა, რომ ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვას გიგი უგულავას ფარსს და ვეღარ მოახერხოს მან თბილისელების შეცდომაში შეყვანა. მივმართავ უგულავას თუ აქვს ასეთი რამ, რასაც გამბედაობა ჰქვია, შემხვდეს და ერთი-ერთზე ვისაუბროთ, თავი დაანებოს ხალხის მოტყუებას.

თქვენ ფიქრობთ, აქცია რომელიც იმართებოდა საკრებულოსთან ეს მიზანმიმართული პროვოკაციაა?

- რა თქმა უნდა, - იმართებოდა ზონისა და პარტიის ხელმძღვანელების მიერ. იმის დასადასტურებლად, რომ ისინი არიან საარჩევნო კომისიის წევრები, მე წარმოვადგინე სია. მაგალითად, მარგიევი ნოდარი 71-ე საარჩევნო კომისიის წევრია, გაბაძე მადონა საბურთალოს მე-14 საარჩევნო უბნის უფროსი და ესენი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის სახელით მესაუბრებოდნენ.

თუ შეხვდებით აქციის მონსაწილეებს?

- თუ ექნება მოსახლეობას ამის სურვილი, შევხვდები. მაგრამ თუ ეს იქნება მიზანმიმართული პროვოკაცია - არა. დღეს გამოჩნდება რამდენი პარტიული აქტივისტი ჰყავთ ქალაქში „ნაციონალურ მოძრაობას“ დიდი-დიდი 500 კაცი მოაგროვონ. ამ შავი პიარაქციის უშუალო ხელმძღვანელი არის ბაჩო დოლიძე. დაბარებული ჰყავდათ მუნიციპალიტეტის თავმჯდომარეები და დაავალდებულეს, რომ თითოეულმა მინიმუმ 30 კაცი წარმოადგინოს აქციაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარეების სახელით. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაწერეთ განცხადებებიო. ეს მუქარა ეხება მუნიციპალიტეტის თავმჯდომარეებს.

არსებობს ინფორმაცია, რომ თავად გიგი უგულავაც შეხვდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებს და პარტიულ აქტივისტებს...

- თბილისის მერი ბოლო პერიოდში მხოლოდ თავის აქტივს ხვდება. მე ისიც ვურჩიე მას, რომ ერთად ჩავატაროთ მიღება, მგონია, რომ იმდენი ავტორიტეტი მაქვს მოსახლეობაში, რომ ჩემს მიღებაზე მას შეურაცხოფას არ მიაყენებენ, ოღონდ, ერთხელ მაინც, თავის მოქალაქეებს მუშა რეჟიმში შეხვდეს და დაელაპარაკოს. ამ აქციების მიზანია, რომ წინასაარჩევნოდ შექმნან ისეთი აურა, რომ თითქოს, საკრებულომ მოსახლეობის საწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროგრამის გაუქმება უნდა. პროგრამები არ გაგვიჩერებია, მათ არამიზნობრივად გახარჯეს თანხები, ამას სარევიზიო კომისია შეისწავლის და დადებს შესაბამის დასკვნას. არ შეიძლება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ბიუჯეტიდან 70 პროცენტი სადარბაზოების კოსმეტიკურ რემონტებზე გახარჯო.

ეს ხომ მათი პრეროგატივაა?

- თქვენ ხართ ამხანაგობის თავმჯდომარე, გააკეთეთ ლიფტი, სახურავი და სადარბაზო დაგრჩათ გასაკეთებელი. მოხვედით გამგებელთან და გპასუხობთ - ყოჩაღო. მაგრამ მე დამრჩა რაიონში სახურავი და წყალგაყვანილობა გასაკეთებელი, რომ არ მივიღო ავარიული კორპუსები. ამიტომ, ამ თანხას, ჯერ, პირველ რიგში, მოვახმარ ამ პრობლების მოგვარებას და მერე ერთდროულად დავიწყებთ მთელს რაიონში კოსმეტიკური რემონტს. მარტო სამგორის რაიონში 1,4 პროცენტი დახარჯულია ლიფტის გამაგრებაზე და 70 პროცენტი სადარბაზოების რემონტში. როგორ ლიფტი არ არის გასაკეთებელი სამგორში?

მაგრამ, ჩემი ასარჩევია არაა რა მინდა?

- გასაგებია, მაგრამ ფულს მე გავცემ 80 პროცენტს. გზა რომ დასაგებია, მოსახლეობა მოდის ჩემთან და მეუბნება, რომ აქაც დამიგეო. გამგებელმა უნდა განსაზღვროს პრიორიტეტები და პირველ რიგში, აფინანსოს ის პროგრამები, რომელიც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია რაიონისთვის.

ანუ, კვალიფიკაციის პრობლემაა, თუ ფინანსურ მახინაციას აქვს ადგილი?

- ამას ვერ ვამტკიცებ, ამიტომ არ ვლაპარაკობ. ამას შეისწავლის სარევიზიო კომისია და თუ იქნება შესაბამისი ნიშნები, გადააგზავნის შესაბამის უწყებაში. წინმსწრებად ამაზე საუბარი არ მინდა. 8 თვის განმავლობაში, სულ, 4 მილიონი იხარჯება, ვინ უშლიდა ხელს ამ 8 თვის განმავლობაში ეკეთებინათ ის, რაც გასაკეთებელი ჰქონდათ? 8 თვის გასვლის შემდეგ, აგვისტოში რატომღაც 18 მილიონზე შემოდის განაცხადი და 70 პროცენტი სადარბაზოს რემონტს ეხება, ლოგიკა არის ამაში? შეიძლებაზე ფულს ვერ გადავყრი. ჩვენ არ ვართ ისეთი მდიდარები, რომ გადასაყრელი ფული გაგვაჩნდეს.