პრემიერი უცხოელებზე მიწების გასხვისებას ემხრობა

პრემიერი უცხოელებზე მიწების გასხვისებას ემხრობა

უცხოელებზე მიწების გასხვისების შესახებ მორატორიუმი 31 დეკემბრის შემდეგ აღარ გაგრძელდება. არადა, ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება პარლამენტმა კანონად აქცია და იგი ქართული სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ბოლოდროინდელი მასობრივი გაყიდვის წინააღმდეგ იყო მიმართული. ახლა კანონის იგნორირებას თავად პრემიერ-მინისტრი ითხოვს და როგორც მისი განცხადებიდან ირკვევა, ეს საკითხი გადაწყვეტილი აქვს კიდეც.

პრემიერ-მინისტრთან გუშინდელ შეხვედრაზე მორატორიუმის გამოცხადების გამო, ინვესტირების შესაძლო შემცირების თაობაზე შეშფოთება ექსპერტმა სერგი კაპანაძემ გამოთქვა და ივანიშვილს ქვეყნის განვითარების სტრატეგიაზე ჰკითხა.

პრემიერმა კი ყოვლად აუღელვებლად უპასუხა, რომ მას ჰქონდა შეხვედრა ეკონომიკურ გუნდთან, ეკონომიკის მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან და ეს საკითხი უკვე გადაჭრილია.

„რაც მორატორიუმი გამოცხადდა მიწაზე, გამოსავალს ველოდებით. რატომ გამოცხადდა, ამას ბევრი მიზეზი აქვს. მორატორიუმი რომ არ გაგრძელდეს, გუშინ მივიღეთ ამაზე გადაწყვეტილება და ამას გამოქვეყნებულს თქვენ უახლოეს დროში ნახავთ. იჯარით მაინც სასწრაფოდ უნდა დავიწყოთ ყველაზე გაცემა.

რაც მეტი იქნება შეზღუდვა ეკონომიკაში და მორატორიუმები, მით ნაკლებად თავისუფალია ბაზარი. ეს ეკონომიკის განვითარებას და ინვესტიციების შემოსვლას ხელს უშლის, მაგრამ, სახელმწიფოა, მას სხვადასხვა ტიპის დაცვა სჭირდება და ამ შემთხვევაში ეს გამართლებული იყო“, - აღნიშნა პრემიერმა.

ივანიშვილის განმარტებით, ქვეყნის განვითარების ერთადერთი უნივერსალური მოდელი თავისუფალი კონკურენტუნარი ბაზრის ჩამოყალიბებაა. თუმცა ამასთან აღნიშნა, რომ მთავრობას სავალალო ეკონომიკური მდგომარეობა მემკვიდრეობით ერგო და წინა ხელისუფლების სტრატეგია, სახელმწიფო პროექტების ხარჯზე მშპ-ს სტატისტიკით პოზიტიური ფასადის შექმნა, მისი მთავრობისთვის მიუღებელია.

პარლამენტმა საგაზაფხულო სესიაზე მიიღო კანონი, რომლის საფუძველზეც, უცხოელებსა და უცხო ქვეყანაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში დაფუძნებულ იურიდიულ პირებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე საკუთრების მოპოვების უფლება შეუჩერდათ. პარლამენტის მიერ მიღებული კანონით ეს მორატორიუმი 2014 წლის 31 დეკემბრამდე მოქმედებს.

გარდა ამისა, მმართველმა გუნდმა ამ მიმართულებით კიდევ ერთი საკანონმდებლო ინიციატივა მიიღო და აღნიშნულ პერიოდამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებისთვის სტატუსის შეცვლა და მისი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებაში გადაყვანა შეაჩერა. პრეზიდენტმა აღნიშნულ კანონპროექტს ვეტო დაადო, თუმცა უმრავლესობამ პრეზიდენტის შენიშვნები არ გაითვალისწინა და ვეტო დაძლია.

პირველ და მეორე გადაწყვეტილებასაც ექსპერტი სასოფლო-სამეურნეო საკითხებში პაატა კოღუაშვილი თავიდანვე აკრიტიკებდა და ხელისუფლებას ასეთი გადაწყვეტილების მიღებას არ ურჩევდა.

„მორატორიუმი გამოსავალი არ არის, ამას ვამბობდი ჯერ კიდევ მაშინ, როცა აღნიშნული ინიციატივა გახმაურდა. მორატორიუმზე საუბარი ყოველთვის პრობლემებთან ასოცირდება. პრობლემები, რომელიც თავის დროზე აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებს შეექმნათ, უნდა ყოფილიყო მაგალითი. მიწათსარგებლობის კანონში სწორედ ის ცვლილებები უნდა შესულიყო, რაც რამდენიმე თვის წინ მოვამზადეთ და კანონპროექტის სახით პარლამენტში შევიტანეთ. ეს ასე არ მოხდა და მიიღეს მორატორიუმი, რაც ძალიან ცუდია“, - აღნიშნა კოღუაშვილმა.

საკითხვი ახლა ისაა, როგორ მოახერხებს ახლა მთავრობა პრემიერის მოულოდნელი განცხადების იურიდიულ ნორმად ქცევას.  მორატორიუმზე პარლამენტმა კანონი მიიღო და მისი შეცვლა მთავრობას არ ძალუძს. როგორ და რა ფორმით მოხდება პარლამენტის კანონის შეცვლა, ძალიან ძნელი სათქმელია. გამორიცხული არ არის, ამ საკითხზე საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის საერთო აზრი ვერ გამოინახოს.