რატომ გვჭირდება ჰიდროენერგეტიკის განვითარება

რატომ გვჭირდება ჰიდროენერგეტიკის განვითარება

მსოფლიო დგას ორი ძირითადი პრობლემის წინაშე, ესენია: გლობალური დათბობა და ენერგეტიკული კრიზისი. საქართველო ცდილობს ფეხი აუწყოს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს.

საერთაშორისო ექსპერტების მიერ აღიარებულია, რომ გლობალური დათბობის პროცესის პარალელურად XXI საუკუნის ბოლოსთვის დედამიწის მოსახლეობის რიცხვი გაორმაგდება, შესაბამისად გაიზრდება ენერგიაზე მოთხოვნა და შეიქმნება ენერგო დეფიციტი. ამის პრევენციის მიზნით, აუცილებელია სუფთა, განახლებადი ენერგიის წყაროების, იგივე ჰიდრო ენერგიის მაქსიმალურად ათვისება და არაგანახლებადი, გარემოს დამაბინძურებელი ენერგიის წყაროების მოხმარების შემცირება.

2010 წელს ქართული მხარე შეუერთდა „მერების შეთანხმებას“, რომელიც ითვალისწინებს ენერგოდამზოგავი და სუფთა, განახლებადი ენერგიების წყაროების გამოყენებას კლიმატის ცვლილების შესამცირებლად.

2013 წელს „მსოფლიო ბანკმა“ 20 წლიანი პაუზის შემდეგ შეიცვალა პოზიცია და დაიწყო კაშხალიანი, დიდი ჰესების მშენებლობის აქტიური მხარდაჭერა და მათი მშენებლობისთვის თანხის გამოყოფა.

მსოფლიოში არსებულ აი ამ ფონზე კი ქართული მხარე საერთაშორისო ექსპერტების პოზიციას სიტყვით ეთანხმება და მხარს უჭერს, თუმცა საზოგადოების ნაწილი საქმით საპირისპიროდ მოქმედებს, თუნდაც იმით, რომ აქტიურად ეწინააღმდეგებიან ჰესების მშენებლობას, რასაც საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს გამოცხადებული მსოფლიო მასშტაბით. ამის მაგალითისთვის მოვიყვან „მსოფლიო ბანკში“ ჰიდროელექტროსადგურების მთავარი სპეციალისტის ჟან-მიშელ დევერნეის განცხადებას, რომელშიც ირწმუნება, რომ: “ნებისმიერი სიდიდის ჰესის მშენებლობას აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა კლიმატის ცვლილებაზე ზემოქმედებაში, რადგან ჰესებს გააჩნია სუფთა და განახლებადი ენერგიის ყველაზე დიდი პოტენციალი, რითიც განსაკუთრებით მდიდარია მსოფლიოს ღარიბი რეგიონები“.

საქართველოში მთელი საზოგადოება ვთანხმდებით და გვინდა ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა, გვინდა გავხდეთ ენერგოდამოუკიდებელი ქვეყანა, რაც თავისთავად ნიშნავს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფას და ქვეყნის სიძლიერეს. როგორ უნდა მოვახერხოთ საზოგადოების ამ საყოველთაო სურვილის შესრულება იმ ფონზე, როდესაც ელ.ენერგიაზე მოსახლეობის მზარდი მოთხოვნილება (რასაც გრაფიკულად ასახავს ქვეყნის ენერგო ბალანსი და ამასთანავე აღსანიშნავია ის, რომ ელ.ენერგიის მოხმარება წინ უსწრებს ენერგო გენერაციას) და ახალი საწარმოების შექმნა (რაც თავისთავად ნიშნავს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას) საჭიროებს დამატებით სიმძლავრეებს, რომლის უზრუნველყოფაც დღეს საქართველოს ენერგოსექტორს შესაბამისი სიმძლავრეების არ არსებობის გამო იმპორტირებული ელ.ენერგიის გარეშე არ შეუძლია.

უდავოა, რომ ძვირადღირებულ იმპორტირებულ ელ.ენერგიას სჯობია ქვეყნის შიგნით გავზარდოთ ელ.ენერგიის გენერაცია, რომელიც გაცილებით იაფი ჯდება. შიდა მოთხოვნილების სრულად დაკმაყოფილების შემდეგ შესაძლებელია ელ.ენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა გავხდეთ იმის გათვალისწინებით, რომ გაგვაჩნია განახლებადი ჰიდრორესურსის უზარმაზარი აუთვისებელი ჰიდროენერგეტიკული პოტენციალი და ჰეს-ზე გამომუშავებული ელ.ენერგია არის სუფთა და გაცილებით იაფი, ვიდრე სხვა ალტერნატიული ენერგიის წყაროებით მზის, ქარის და ა.შ. გენერირებული ელ.ენერგია, შესაბამისად უდავოა, რომ საქართველოსთვის პრიორიტეტულია ახალი ჰესების მშენებლობა.

ცალკე რომ ავღნიშნოთ, საქართველოსთვის არსებობს მინიმუმ სამი მიზეზი თუ რატომ გვესაჭიროება დამატებითი სიმძლავრეები და ახალი ჰესების აშენება, ესენია:

მიზეზი I - ევროპა ენერგო დეფიციტის საფრთხის წინაშე დგას. 2011 წლის ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგურის კატასტროფის შემდგომ, რის შედეგადაც გამოწვეული ზიანის აღწერა და მონაცემების განახლება დღესაც მიმდინარეობს, უარი განაცხადა ევროპის ქვეყნების უმრავლესობამ ახალი აეს-ების მშენებლობაზე და თანდათანობით, ეტაპობრივად მიმდინარეობს არსებული აეს-ების დემონტაჟი და დაკონსერვება, რადგან გარკვეული პერიოდი სჭირდება ასეთი ელექტრო სადგურის ე.წ. „ჩაქრობას“. თუ ევროპაში დაიწყება ენერგო კრიზისი, მაშინ საქართველოს ევროპიდან რაიმე სახის ენერგიის მიღების ილუზია არ უნდა ჰქონდეს. ასე რომ, ძალაუნებურად, მეტწილად გავხდებით ენერგო მონოპოლისტი რუსეთის ფედერაციაზე დამოკიდებული, რაც მძიმე შედეგების მომტანი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. აქედან გამომდინარე, საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისა და ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გვესაჭიროება ახალი ჰეს-ების მშენებლობა.

მიზეზი II - თუ სახელმწიფო განვითარების სტრატეგია არის ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა-განვითარება და ზრდა და რა თქმა უნდა არის კიდევაც, ამისათვის აუცილებელია თუნდაც იგივე ახალი სამუშაო ადგილებისა და ახალი საწარმოების შექმნა, რომლებიც საჭიროებენ დამატებით სიმძლავრეებს და რომელიც ამჟამად არ გაგვაჩნია. ასე რომ სასიცოცხლო მნიშვნელობისაა საქართველოსთვის არსებული ჯერ კიდევ აუთვისებელი ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის ათვისება ანუ ახალი ჰეს-ების აშენება და საჭიროა სასწრაფოდ დავიწყოთ მოქმედება.

მიზეზი III - ენგურჰესი არის კონფლიქტის ზონაში და რუსეთ-საქართველოს შორის დავის საგანია, თუმცა სიტუაცია თითქოს დაწყნარებულია და არ ხდება სიტუაციის გამწვავება. თუ გავითვალისწინებთ, რომ არსებობს იმის რეალური საშიშროება, რომ ენგურჰესიდან ელ.ენერგიის მიწოდება შეგვიწყდეს - მე მგონი ყველასთვის ნათელი უნდა იყოს, თუ რა საფრთხის და კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდებით. ეს არის კიდევ ერთი მიზეზი იმისა თუ რატომ არ უნდა ვიყოთ მშვიდად იმის გამო, რომ მოსახლეობას ელ.ენერგიის მიწოდება 24 საათიანი გვაქვს და რატომ არის საჭირო ახალი ჰესების აშენება.

ზემოთ აღნიშნულ სიტუაციაში შესაძლებელია, გათვითცნობიერებულები არ იყვნენ მაგალითად სოფ. ხაიშის მაცხოვრებლები, რაც დასაძრახი არ არის, მაგრამ გარემოს დამცველ ორგანიზაციებს ძალიან კარგად მოეხსენებათ, თუმცა იმის მაგივრად, რომ ქვეყნის განვითარებას და წინსვლას უწყობდნენ ხელს, თავიანთი ქმედებებით ხელს უშლიან და აფერხებენ ქვეყნის განვითარებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე პროცესებს, რაც გამოიხატება შემდეგში:

გარემოს დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები ცდილობენ და კარგადაც გამოსდით ადგილობრივი მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა და ჰეს-ის მშენებლობის პროექტის მიმართ უარყოფითად განწყობა. მაგალითად, იმის მაგივრად, რომ ადგილობრივ მოსახლეობას აუხსნან, თუ რას ნიშნავს მდ.თერგის კალაპოტში წყლის სანიტარული ხარჯის 10%-ის დატოვება, რომ ეს მაჩვენებელი არის საშუალო მრავალწლიური მონაცემებიდან აღებული, რომელიც გულისხმობს, რომ მთელი წლის განმავლობაში წყლის რაოდენობის მინიმუმ 10% მაინც იქნება დატოვებული მდინარის კალაპოტში ყოველ მიზეზ გარეშე, რაც გარემოს დაცვის ღონისძიებების გათვალისწინებით, მეცნიერების და დარგის სპეციალისტების მიერ შესწავლილია და განსაზღვრულია, როგორც სანიტარული წყალგაშვების აუცილებელი და საკმარისი ნორმა. (საქართველოს ენერგეტიკისა და ენერგეტიკულ ნაგებობათა სამეცნირო კვლევითი ინსტიტუტი, კვლევების ხელმძღვანელი - ტ.მ.კ. თენგიზ შველიძე, 1992-1995 წ წ.) (აღსანიშნავია ის, რომ ამავე კვლევებიდან განსაზღვრულია: საქართველოში მოქმედი ტექნიკური ნორმების შესაბამისად, რომელიც გარემოს დაცვის ღონისძიებების გათვალისწინებით არის შედგენილი, სანიტარული ხარჯი - საშუალო თვიური ხარჯების 95% უზრუნველყოფის ხარჯის ტოლია).

გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ წყალმოვარდნებისა თუ ღვარცოფების შედეგად მდინარის კალაპოტში წყლის რაოდენობა სავსებით შესაძლებელია რომ მეტ წილად იყოს 10%-ზე მეტი. გარემოსდამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებს კი შეცდომაში შეჰყავთ ადგილობრივი მოსახლეობა და შთააგონებენ, რომ მდ.თერგი “მოკვდება“ რადგან მდინარის კალაპოტში წყლის 10%-ს ტოვებენ, დანარჩენს კი “მილში ამწყვდევენ“ და ამას აჯერებენ ადამიანებს, რომელთა ნაწილსაც სავსებით შესაძლებელია წარმოდგენაც კი არ აქვს, თუ რას ნიშნავს 10% (უნდა აღინიშნოს, რომ დასაძრახი არ არის თუ სოფლის მოსახლეობის ნაწილმა არ იცის პროცენტის ანგარიში). არ უნდა ხდებოდეს სიტუაციის ხელოვნურად გამწვავება, როგორც ამას გარემოსდამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები. მათი საქციელიდან გამომდინარე გვიჩნდება რეალური ეჭვი იმისა, რომ პირადი ინტერესებიდან გამომდინარე ძაბავენ სიტუაციას.

ნებისმიერი სამშენებლო კომპანია, დეველოპერი, ინვესტორი (რომლის მოძებნაც ძალიან რთულია) ვალდებულია და იცავს კიდეც ვალდებულებას და მთელ რიგ ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შემამსუბუქებელ ღონისძიებებს ახორციელებს, რომელსაც წინასწარ აღწერს ბსგზშა-ში. გარემოსდამცველი არასამთავრობო ორგანიზაციებიდან კი ღებულობს კატეგორიულ მოთხოვნას, რომ ჰეს-ის მშენებლობის პროექტი არ განხორციელდეს, რაც თავისთავად გულისხმობს დიდი შრომითა და ჯაფით მოძებნილი ინვესტორის მიერ განსახორციელებელ კოლოსალური ინვესტიციის დაკარგვას.

იმის მაგივრად, რომ გარემოსდამცველმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ინვესტორს ჰეს-ის მშენებლობაზე უარი კი არ განუცხადონ, არამედ მშენებლობისას მოითხოვონ ინვესტორისგან ბსგზშა-ში აღწერილი ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შემამსუბუქებელი ღონისძიებების დაცვა და ჰეს-ის მშენებლობის პროცესში მოახდინონ მშენებლობის პროექტთან შესაბამისობის მონიტორინგი და კონტროლი. ასევე ადგილობრივ მოსახლეობას, რომ აუმაღლონ ცნობიერება და აუხსნან თუ რატომ არის საჭირო ქვეყნის კეთილდღეობისთვის ჰეს-ის მშენებლობა და თუ რა სარგებელს ნახავენ ადგილობრივი მოსახლეები ჰეს-ის აშენებით იმის მიუხედავად, რომ მოუწევთ ვთქვათ იგივე საცხოვრებელი ადგილის გამოცვლა, მათი ეს სულგრძელი და მამულიშვილური საქციელი რაოდენ აუცილებელია ჩვენი სამშობლოსთვის და რატომ არის საჭირო გავიღოთ მსხვერპლი გარემოზე მინიმიზირებული ზიანის სახით, რომ ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნისა და ხალხის, ჩვენი შთამომავლობის საკეთილდღეოდ ხდება.

აი ეს არის ჭეშმარიტება, რომელსაც თუ ჩვენ ყველა ერთად ავუხსნით მათთვის მარტივად გასაგებ ენაზე ადგილობრივ მოსახლეებს, რომლებსაც თავიანთი სარჩო-საბადებლის, შრომის, ჩვენი მიწა წყლის სიყვარულის, და მშვიდობის გარდა სხვა საფიქრალი არ აქვთ და სურთ ქვეყნის კეთილდღეობა, - დარწმუნებული ვარ, რომ ხატზე კი არ დაიფიცებენ, რომ ჰეს-ს არ აგაშენებინებთ და თავს შეგაკლავთ თან წინ წაგიმძღვარებთო, არამედ დაფიქრდებიან იმაზე, რაზეც აქამდე არ უფიქრიათ, შესაბამისად ისინი მიხვდებიან და გაიგებენ თუ რითი შეუძლიათ დაეხმარონ უფრო მეტად საკუთარ ქვეყანას, ხალხს და შთამომავლობას, თანაც ისე, რომ თვითონ არ დაზარალდნენ და მიიღონ სიკეთე, სარგებელი ყოფა-ცხოვრების გაუმჯობესება.

ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამ არსებულ სიტუაციას გააცნობიერებს, იმის მიუხედავად თუ რა ცოდნა, გამოცდილება ან პროფესია აქვს და ელემენტარული ლოგიკა მაინც გააჩნია, ბუნებრივია გაუჩნდება ლოგიკური კითხვები გარემოსდამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ:

1) ნუთუ ისინი შეგნებულად იქცევიან ასე ქვეყნისა და ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ???

2) თუ შეგნებულად არ მოქმედებენ, მაშინ რატომ არ სურთ დაინახონ რეალური სურათი???

3) ნუთუ ვერ ხვდებიან, თუ როგორ აფერხებენ ქვეყნის წინსვლა-განვითარებას???

4) თუ ხვდებიან, მაშინ რატომ იქცევიან ასე???

ამ კითხვებზე პასუხის გაცემა ისევ და ისევ ხალხზე და საზოგადოებაზე მიმინდვია.

მე მინდა ყველამ საკუთარ თავს დაუსვას ეს კითხვა: - რას არ გვაპატიებს შთამომავლობა???

- იმას, რომ მინიმალურად შევუცვალეთ სახე გარემოს და სანაცვლოდ მათ დავუტოვეთ ენერგოდამოუკიდებელი, ეროვნული უსაფრთხოებით უზრუნველყოფილი, ეკონომიკურად ძლიერი და განვითარებული ქვეყანა და აქტიურად ვმონაწილეობდით კლიმატის ცვლილების შესამცირებელ პროცესში;

 - თუ იმას, რომ თავის დროზე არ ვიზრუნეთ იმაზე, რომ განგვევითარებინა ქვეყნის ეკონომიკა, ენერგო ვითარება და გავხდით ენერგომონოპოლისტ ქვეყანაზე დამოკიდებული სახელმწიფო, რომელიც იძულებულია იყოს იმ ქვეყნის ბორკილებ ქვეშ, რომელიც პოლიტიკური ზეწოლის იარაღად იყენებს თავის ენერგო რესურსებს, სამაგიროდ კი “უცვლელი სახით“ შემოვუნახეთ მათ გარემო, რომელიც სიმართლეს რამდენად შეესაბამება საკითხავია, რადგან გლობალური დათბობა თავისას შვება და იწვევს უამრავ სახეცვლილებას, რომლის ადაპტაციას ახლაც კი გავდივართ.

 

და ბოლოს, მინდა აღვნიშნო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც ხუდონ ჰესის კაშხალის დადებით მხარეს წარმოადგენს და რომელზეც არავინ საუბრობს.

ეს ფაქტი ეხება ხუდონ ჰესის კაშხალის ზემოქმედებას მდ.ენგურის წყლის რეჟიმზე. ხუდონ ჰესსა და ენგურ ჰესს შორის მდ.ენგურის წყლის ნაკადის რეჟიმის კონტროლი განხორციელდება ხუდონ ჰესის ჰიდრავლიკური პარამეტრების რეგულირების გზით.

დაგეგმილი კაშხალის ქვედა ბიეფში სეზონური ჰიდროლოგიური მახასიათებლების შეცვლა გამოიწვევს მნიშვნელოვან დადებით ეფექტს და ზემოქმედებას ენგურ ჰესის წყალსაცავში წყლის დონის რეგულირების და სეზონური პარამეტრების ცვლილების კუთხით. კერძოდ, გვიანი გაზაფხულის და ადრეული ზაფხულის წყალუხვობის პერიოდში ხუდონ ჰესის წყალსაცავის შევსების აუცილებლობის გამო ენგურ ჰესის წყალსაცავის შესავსებად საჭირო იქნება უფრო მეტი დრო, ვიდრე ახლა, მაგრამ ეს არ იქნება პრობლემატური საქართველოსთვის, რადგან ამ პერიოდში ენერგო დეფიციტი არ გვაქვს.

ზამთრის თვეებში წყალმცირობის პერიოდში, როდესაც ქვეყანა განიცდის სერიოზულ ენერგო დეფიციტს, ენგურ ჰესის წყალსაცავზე წყლის დონე დაიკლებს უფრო ნაკლებად, ვიდრე ახლა, რადგან ხუდონ ჰესზე ტურბინების წყლის ხარჯი ბუნებრივ მოდინებაზე მეტია, ანუ სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ ხუდონ ჰესის წყალსაცავიდან წამოსული წყალი, რომელიც ზამთარში მდინარეში ბუნებრივად არსებულ წყლის დონეზე გაცილებით მეტია, ჩაედინება ენგურ ჰესის წყალსაცავში და შესაბამისად უფრო ნაკლებად მოხდება მასში წყლის დონის კლება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ზამთრის თვეების გარკვეულ მონაკვეთში შეგვეძლება ვაწარმოოთ ელ.ენერგია ანუ შევამცირებთ ექსპორტირებული ელ.ენერგიის რაოდენობას, შესაბამისად საქართველო ნახავს იმდენჯერ მეტ მოგებას, რამდენჯერ იაფიც გვიჯდება ქვეყნის შიგნით წარმოებული ელ.ენერგია ექსპორტირებულთან შედარებით.

 

ნიკოლოზ ჯავშანაშვილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის დოქტორანტი არასამთავრობო “ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების ეფექტურად გამოყენების მხარდამჭერი ახალგაზრდული ორგანიზაციის“ პრეზიდენტი