ბიზნესცენტრში გამართული შეხვედრის გარშემო, პოლიტიკურ წრეებში ვნებათაღელვა არ წყდება. უმცირესობა ბიძინა ივანიშვილს ექსპერტთა მასპინძლობის ფორმას უწუნებს და მკაცრად აკრიტიკებს. მმართველი ძალა კი, კოალიციის ლიდერს „მწარე სიმართლის მთქმელ, არაორდინალურ ადამიანს“ უწოდებს და საქციელსაც უწონებს. უფრო მეტიც, უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პრემიერმა ექსპერტები სარკეში ჩაახედა.
როგორც for.ge-ს აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიგლა აგულაშვილმა განუცხადა, მას შემდეგ, რაც პრემიერი პოლიტიკაში გამოჩნდა, ის ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს. მისი შეფასებით, როგორც წესი, ბიძინა ივანიშვილი მწარე სიმართლის პირში მთქმელია, რომელიც სტანდარტებიდან გამოდის და არაორდინალურად იქცევა.
„ივანიშვილისგან არავინ ელოდა განცხადებას პოლიტიკაში მოსვლის თაობაზე, ასევე მისგან არავინ ელოდა იმ შეფასებებს რაც გაჟღერდა, როგორც ოპოზიციური პარტიების მიმართ, ასევე ცნობადი ადამიანების მისამართით. მის მიერ გადადგმული ნაბიჯები ახალია და როგორც წესი, ის სტანდარტებიდან გადის, არაორდინალურად აზროვნებს და არაორდინალურად იქცევა. ხშირად, ეს საზოგადოების გაოცებასა და გაკვირვებას იწვევს, მაგრამ ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ არა გაოცებაზე, არამედ შინაარსზე. ხანდახან, სიმართლის თქმა მწარეა, მაგრამ პრემიერი ყოველთვის მწარე სიმართლის პირში მთქმელია. ის ცხენს არ კაზმავს და სიმართლეს ამბობს“, - აცხადებს აგულაშვილი.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ ამ შეხვედრას ექსპერტებში პოზიტიური გამოძახილი მოჰყვება.
„იყო თუ არა პრემიერის ტონი მკვახე? - შეიძლება, ცალკეულ შემთხვევაში, მკვახე იყო, მაგრამ თუ ექსპერტი ხართ, მაშინ თქვენი მოქმედება გულისხმობს პასუხისმგებლობას, ან პირიქით - უპასუხისმგებლობას. დარწმუნებული ვარ, ამ შეხვედრას თვითონ ექსპერტებში პოზიტიური გამოძახილი ექნება, რადგან ხანდახან, ყველა ჩვეთაგანს სარკეში ჩახედვა სჭირდება, პრემიერმა კი, მოახერხა და ექსპერტები სარკეში ჩაახედა“, - განუცხადა for.ge-ს აგულაშვილმა, რომლის მსგავსადაც, მთავრობის ხელმძღვანელს საქციელს გიორგი ცაგარეიშვილიც უწონებს.
ცაგარეიშვილის შეფასებით, პრემიერს თმენის ვალდებულება აქვს, მაგრამ ის გულწრფელი ადამიანია, რომელსაც ცრუ პროგნოზებზე გული შესტკივა და ექსპერტებმა მისი კრიტიკაც, სწორედ ამის გამო დაიმსახურეს.
„ექსპერტებსა და პრემიერს შორის გამართულ დიალოგს, როგორც დატუქსვას, ისე არ შევხედავ. როცა ექსპერტი ხარ და საექსპერტო დასკვებს არ დებ, ამ ექსპერტზე შეხედულება გიქარწყლდება. ექსპერტი ჩემთვის სწავლული და განათლებული ადამიანია, რომელმაც ჩემზე მეტი იცის, შეცდომებზე მიმითითებს და პროგნოზს მიკეთებს, მაგრამ ეს პროგნოზები, თითქმის, არასოდეს ხდება. თუ შენი ასი პროგნოზიდან ერთიც არ მართლდება, ვანგა ხარ რომ იწინასწარმეტყველო?! თუ ექსპერტი ხარ - იექსპერტე, თუ არადა, იკაკულიე. ხშირად, ექსპერტები აბსოლუტურად არასწორ შეფასებებს აკეთებენ, რომელსაც საზოგადოება ისმენს და აპოკალიფსური სურათი იქმნება. პოლიტიკოს სახელი აქვს გატეხილი, ექსპერტი კი, სიცრუეს ღაღადებს და რა გააკეთოს საზოგადოებამ? სად გაიგოს სიმართლე? პრემიერს თმენის ვალდებულება აქვს, მაგრამ როცა ის ცრუ პროგნოზებს ისმენს, გული სტკივა. პრემიერი სამოქალაქო სექტორში მიდის და ის როგორც ბიზნესში იყო სწორუპოვარი, ასე იქნება ამ სფეროშიც. მან წინა ხელისუფლებას მასტერკლასი ჩაუტარა, ოპოზიციონერებს კი, სული ჩაგვბერა. მართალი გითხრათ, ექსპერტებს ძალიან დიდ პატივს ვცემ და ვისურვებდი, რომ მათი პროგნოზები მართლდებოდეს“, - განუცხადა for.ge-ს ცაგარეიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ მმართველი გუნდის ლიდერებისგან განსხვავებით, ოპოზიციონერები ბიზნესცენტრში გამართული შეხვედრის შეფასებისას, მეტად კრიტიკულები არიან და პრემიერს პრობლემების ძიებას მთავრობაში ურჩევენ.
სერგო რატიანის შეფასებით, ნორმალურ საზოგადოებაში ექსპერტებს ისე არ ექცევიან, როგორც მათ ბიძინა ივანიშვილი მოექცა.
„ამ შეხვედრამ ჩემზე ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დატოვა. პოლიტიკოსებს თმენის ვალდებულება გვაქვს, მაგრამ ექსპერტებისა და ჟურნალისტების მიმართ ასეთი ტონი სრულიად დაუშვებელია. ცოტა ხნის წინ, პრემიერმა შეურაცხყოფა ჟურნალისტებს მიაყენა და სამწუხაროა, რომ პრემიერის სხვა პრობლემებთან ერთად, არ ესმის როგორ უნდა ისაუბროს ხელისუფლებამ“, - განუცხადა for.ge-ს რატიანმა, რომლის პათოსსაც გოკა გაბაშვილიც იზიარებს.
დეპუტატის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი როგორც არ უნდა ღიზიანდებოდეს, ყველა გაიგებს სიმართლეს, რომ ეკონომიკა გაჩერებულია, კრიმინალი იზრდება და ქვეყანა რთულ ვითარებაშია.
„მართალი გითხრათ, ეს იყო უცნაური ტონალობისა და უცნაური ფორმატის შეხვედრა სადაც საქმის გარჩევა ხდებოდა. პრემიერმა უნდა იცოდეს, რომ კრიტიკაზე არ უნდა ღიზიანდებოდეს და პირიქით, მთავრობის საქმიანობაზე უნდა ფიქრობდეს“, - აღნიშნავს კანონმდებელი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ბიძინა ივანიშვილსა და ექსპერტებს შორის შეხვედრა ოთხი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეხვედრა უჩვეულო და დაძაბულ რეჟიმში წარიმართა.