უმცირესობა პრეზიდენტით აღფრთოვანდა, უმრავლესობას „კოჭლმა იხვმა“ თავი ვერ მოაწონა

უმცირესობა პრეზიდენტით აღფრთოვანდა, უმრავლესობას „კოჭლმა იხვმა“ თავი ვერ მოაწონა

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 68-ე სესიაზე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას რუსეთის დელეგაციის პროტესტი და დარბაზის დატოვება მოჰყვა, ქართულ პოლიტიკურ წრეებში კი - შეფასებები.

საპარლამენტო უმრავლესობა ელოდა, რომ გაერო-ში პრეზიდენტის გამოსვლა უფრო დახვეწილი იქნებოდა და არა პერსონალურ ხედვებზე დამოკიდებული. უმცირესობა კი, პრეზიდენტის გამოსვლას „საუკეთესოს“ უწოდებს და საქართველოს ხელისუფლებას ტექსტის უკეთ გაცნობას ურჩევს.

როგორც for.ge-ს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ვიქტორ დოლიძემ განუცხადა, გაერო-ში პრეზიდენტის გამოსვლა ლირიული იყო და ის ექსპერტის გამოსვლას უფრო ჰგავდა, ვიდრე ქვეყნის პირველი პირისას.

დეპუტატის შეფასებით, ის ელოდა, რომ პრეზიდენტის რანგში მიხეილ სააკაშვილის ბოლო გამოსვლა უფრო დახვეწილი და განსაკუთრებული იქნებოდა.

„შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეს გამოსვლა უფრო ლირიული და სუბიექტურ ხედვებზე აწყობილი იყო და ამავდროულად, მეტი დრო დაეთმო - პოსტკოლონიურ სისტემებსა და ვლადიმერ პუტინს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა სიტყვას ვეთანხმები, რაც მის მიერ ითქვა, ეს არ არის საპრეზიდენტო გამოსვლა. მართალია, მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა სააკაშვილისგან მსგავს გამოსვლებს არის მიჩვეული, მაგრამ პრეზიდენტის გამოსვლაში ვერ დავინახე თუნდაც მისი მმართველობის გზა, დღევანდელი საქართველოს განვითარების ხედვა და ნატოსა და ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანების პერსპექტივა. ვფიქრობ, რომ ეს არ იყო პრეზიდენტის გამოსვლა, არამედ ეს იყო ვიღაც ექსპერტის ინდივიდვალური ხედვა“, - აცხადებს კანონმდებელი.

ვიქტორ დოლიძე დადებითად აფასებს იმ ფაქტს, რომ პრეზიდენტმა გაერო-ში ქვეყნის „შიდა სამზარეულოზე“ ყურადღება არ გაამახვილა.

„კარგია, რომ მან გარეთ შიდა სამზარეულოზე არ ისაუბრა, როგორც ამას ხშირად აკეთებს. მან ისაუბრა იმპერიალიზმზე, რაც ყველამ ძალიან კარგად იცის. ამაში რევოლუციური და ახალი არაფერი იყო. 2013 წელს, გაერო-ში პრეზიდენტები ასე აღარ გამოდიან“, - განუცხადა for.ge-ს დოლიძემ.

ევროინტერგაციის კომიტეტის თავმჯდომარისგან განსხვავებით, ზაქარია ქუცნაშვილს პრეზიდენტის გამოსვლის ხილვა არ სურს და ამბობს, რომ „კოჭლი იხვის გამოსვლებს თვალს არ ადევნებს“.

ქუცნაშვილის მტკიცებით, მას პრეზიდენტის გამოსვლისთვის არ მოუსმენია, რადგან „სააკაშვილის პოლიტიკური გზავნილებისა და სიტყვების მიმართ ინტერესი ძალიან დაბალია“.

„ამას ვამბობ არა იმის გამო, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი დავამცირო, არამედ იმის გამო, რომ მის საუბარს პოლიტიკური დატვირტვა დაკარგული აქვს. მისი მცდელობა იყო დაეფიქრებინა, რომ ჰქვია პრეზიდენტი, არის თანამდებობაზე და ისევ პოლიტიკოსია. მიხეილ სააკაშვილი მსოფლიოს ესაუბრება როგორც საქართველოს წარმომადგენელი, თუმცა, მას ხალხმა უარი 1-ელ ოქტომბერს უთხრა. მართალი გითხრათ, „კოჭლი იხვის“ გამოსვლებს თვალს არ ვადევნებ“, - განაცხადა ქუცნაშვილმა, რომლის მსგავსადაც, პრეზიდენტის გამოსვლა არ უნახავს თინა ხიდაშელსაც, თუმცა, დეპუტატი გამოსვლას საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული მასალებით გაეცნო.

ხიდაშელი პრეზიდენტს გამოყენებული ტერმინების გამო აკრიტიკებს.

„ეს არ არის ტერმინები, რომელითაც გაერო-ს ტრიბუნიდან პრეზიდენტი უნდა საუბრობდეს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა სიტყვას ვიზიარებ, რაც პრეზიდენტმა რუსეთთან მიმართებაში თქვა, მან ის მაინც ვერ გაიგო, რომ საქართველოს ხელისუფლება დღეს ასე აღარ ლაპარაკობს. კერძოდ, ასეთი ფრაზეოლოგიითა და ტერმინოლოგიით. ეს ჩვენს შორის პრინციპული განსხვავებაა“, - განუცხადა for.ge-ს ხიდაშელმა.

ხელისუფლების წარმომადგენლებისგან განსხვავებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტის რანგში სააკაშვილის ბოლო გამოსვლა საუკეთესო იყო.

სერგო რატიანის განცხადებით, პრეზიდენტმა აქცენტები ყველაზე დიდ გამოწვევაზე - რუსეთზე გააკეთა.

„რუსეთი საფრთხე არის არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის და რუსეთმა ყოველწუთიერად უნდა დაინახოს, რომ საქართველო მარტო არ არის. პრეზიდენტმა მის გამოსვლაში სწორედ ეს აჩვენა. სააკაშვილმა საფრთხეებსა და ევრაზიულ კავშირზე ისაუბრა. მან იცის - თუ რას ნიშნავს რუსეთის მოდერნიზებული იმპერია, განსხვავებით პრემიერისგან და მარგველაშვილისგან, რაც ქვეყნისთვის სამწუხაროა“, - განუცხადა for.ge-ს რატიანმა.

ოპოზიციონერის შეფასებით, პრეზიდენტის გამოსვლა ერთ-ერთი საუკეთესო იყო, რაც კი ოდესმე ყოფილა.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა გაერო-ში ყურადღება მეზობელი ქვეყნების მიმართ რუსეთის იმპერიულ პოლიტიკაზე გაამახვილა და ევროკავშირსა და ევრაზიულ კავშირს შორის განსხვევებებზე ისაუბრა. ამასთან, სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ეს გაერთიანება ეყრდნობა დაპირისპირებას, რომელსაც სათავეში უდგას ძველი კგბ-ს სტრუქტურები და მიზნად ისახავს ძველი იმპერიის გაცოცხლებას“. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის გამოსვლას რუსეთის დელეგაციის პროტესტი მოჰყვა და მათ დარბაზი დატოვეს.