გიორგი მარგველაშვილის რეიტინგი 11 პროცენტით გაიზარდა

გიორგი მარგველაშვილის რეიტინგი 11 პროცენტით გაიზარდა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) მედიას დღეს პოლიტიკური პარტიების რეიტინგებს წარუდგენს. NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 18 აგვისტოდან 3 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა.  კვლევა, საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ქართულენოვან მოსახლეობას შორის 3,838 ადამიანთან ჩატარდა. მასში ასახულია მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები, ასევე მოსახლეობის დამოკიდებულება დემოკრატიის, რეფორმების და საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის საკითხების მიმართ. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი  პლუს-მინუს ორ პროცენტს შეადგენს.

NDI-ის დირექტორის, ლუის ნავაროს განცხადებით, აღნიშნული შედეგები საზოგადოებრივი აზრის კვლევის „საზოგადოების განწყობა საქართველოში" შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხებია: სამუშაო ადგილები, ტერიტორიული მთლიანობა და ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება.

ჯამურმა მაჩვენებელმა იმ ადამიანებისა, ვინც შეკითხვაზე, ყველაზე მეტად ვის ისურვებდით საქართველოს შემდეგ პრეზიდენტად, უპასუხა „არ ვიცი" , „არც ერთი კანდიდატი", და „უარი პასუხზე", 26 პროცენტი შეადგინა, რაც, როგორც ლუის ნავარომ აღნიშნა, საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია იმისათვის, რომ განისაზღვროს, როგორც არჩევნების პირველი ტურის შედეგები, ასევე ალბათობა იმისა, ჩატარდება თუ არა მეორე ტური.

„ვუახლოვდებით რა 27 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს, გიორგი მარგველაშვილი, ორი ერთთან შეფარდებით, წინ უსწრებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს. დავით ბაქრაძე ორი ერთთან შეფარდებით წინ უსწრებს ყველა სხვა ოპოზიციურ კანდიდატს. თუმცა, არჩევნების საბოლოო შედეგები და მეორე ტურის ალბათობა გადაწყდება იმის მიხედვით, თუ რა არჩევანს გააკეთებს მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც ამ ეტაპზე არც ერთი კანდიდატს არ უჭერს მხარს", - განაცხადა ლუის ნავარომ.

NDI-ის კვლევის თანახმად, კოალიცია „ქართულ ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი პოპულარობას ინარჩუნებენ, გიორგი მარგველაშვილი და დავით ბაქრაძე კი საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის მოწინავე ადგილებზე დგანან. კვლევის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი კვლავ ყველზე პოპულარულ პოლიტიკურ ლიდერად რჩება საქართველოში და მისი მოწონების მაჩვენებელი 69 პროცენტს შეადგენს, გამოკითხულთა 50 პროცენტი კი კოალიცია „ქართულ ოცნებას" მათთან ყველაზე ახლოს მდგომ „პარტიად" მიიჩნევს. პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი და კოალიცია „ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი, ბიძინა ივანიშვილის შემდეგ, კოალიციის ყველაზე მოწონებადი ლიდერები არიან. 

კვლევის თანახმად, „ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის მოწონების მაჩვენებელი, წინა კვლევასთან შედარებით, 11პროცენტით გაიზარდა და 56 პროცენტის შეადგენს. პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მოწონების მაჩვენებელი უცვლელია და ისევ 69 პროცენტია. მოწონების რეიტინგში კვლავ პირველ ადგილზეა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. უწმინდესი გამოკითხულთა 94 პროცენტს მოსწონს.

გამოკითხულთა 60 პროცენტს მოსწონს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი. კიდევ ერთი კანდიდატის, ნინო ბურჯანაძის მოწონების მაჩვენებელი გაიზარდა 21-დან 33 პროცენტამდე გაიზარდა.  ხოლი საქართველოს  პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოწონების მაჩვენებელი 23-დან 26 პროცენტამდე გაიზარდა.

გამოკითხულთა 62 პროცენტი თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილის გადადგომა საპრეზიდენტო აარჩევანზე გავლენას არ მოახდენს. 17 პროცენტი აცხადებს, რომ ნაკლებად მოსალოდნელია ხმა მისცეს „ქართული ოცნების" კანდიდატს, ხოლო 8 პროცენტი ამბობს, რომ უფრო მეტად მოსალოდნელია, რომ ხმას არ მისცემს „ქართული ოცნების" კანდიდატს, 11პროცენტი კი ამბობს, რომ არ იცის. გამოკითხულთა 42-მა პროცენტმა ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დაასახელა. 8 პროცენტმა - „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო", 5-მა პროცენტმა - „ლეიბორისტული პარტია".

ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შორის, გამოკითხულები პოპულარულ ოპოზიციურ ლიდერად დავით ბაქრაძეს მიიჩნევენ. მისი მოწონების მაჩვენებელი 49 პროცენტია. გიორგი თარგამაძის - 36 პროცენტი, შალვა ნათელაშვილის - 34 პროცენტი, ხოლო ნინო ბურჯანაძის - 33 პროცენტი.

კითხვაზე, „ყველაზე მეტად ვის ისურვებდით საქართველოს შემდეგ პრეზიდენტად“, 39 პროცენტით ლიდერობის გიორგი მარგველაშვილი, 18 პროცენტით მას მოჰყვება დავით ბაქრაძე, ნინო ბურჯანაძე - 7პროცენტი,  შალვა ნათელაშვილი და გიორგი თარგამაძე - 3-3 პროცენტი. 16-მა პროცენტმა ჯერ-ჯერობით არ იცის ვის დაუჭერს მხარს, ხოლო 4 პროცენტი მხარს სხვა კანდიდატებს უჭერს.

NDI-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის, ლუის ნავაროს თქმით, „სხვა" მოიცავს სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც 2 პროცენტი ასახელებს, და კობა დავითაშვილს, რომელსაც ასახელებს 1პროცენტი. სხვა კანდიდატების მაჩვენებელი 1პროცენტზე ნაკლებია.

კითხვაზე - „რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს“, გამოკითხულთა 50 პროცენტი კოალიცია „ქართულ ოცნებას" ასახელებს. 16 პროცენტი ამბობს, რომ არც ერთი; 12 პროცენტი - "ნაციონალურ მოძრაობას", 4 პროცენტი -„დემოკრატიულ მოძრაობას",  3 პროცენტი - „ლეიბორისტულ პარტიას",  ხოლო 2 პროცენტი - „ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას". 6-მა პროცენტმა არ იცის, 4 პროცენტი კი პასუხზე უარს ამბობს.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 31პროცენტის აზრით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურია მოსალოდნელი, 31პროცენტის აზრით - არა, 19 პროცენტის პოზიცია ამ კითხვაზე ნეიტრალურია.

კითხვაზე - „ვის აირჩევდით მეორე ტურში, მარგველაშვილს თუ ბაქრაძეს“, 49 პროცენტი მარგველაშვილს, ხოლო 24 პროცენტი ბაქრაძეს ასახელებს; „მარგველაშვილს თუ ბურჯანაძეს“ – 50 პროცენტი მარგველაშვილს, ხოლო 17პროცენტი - ბურჯანაძეს ასახელებს. „მარგველაშვილს თუ თარგამაძეს“, 56 პროცენტი - მარგველაშვილს, 12 პროცენტი - თარგამაძეს ასახელებს; „მარგველშვილს თუ ნათელაშვილს“, 56 პროცენტი მარგველაშვილს, 13 პროცენტი - ნათელაშვილს ასახელებს; „მარგველაშვილს თუ ზურაბიშვილს“, 58 პროცენტი მარგველაშვილს, 8 პროცენტი - ზურაბიშვილს ასახელებს; „მარგველაშვილს თუ კობა დავითაშვილს“, 59 პროცენტი მარგველაშვილს, 6 პროცენტი კობა დავითაშვილს ასახელებს; „მარგველაშვილს თუ სერგო ჯავახაძეს“ - მარგველაშვილს 62 პროცენტი, სერგო ჯავახიძეს - 2 პროცენტი ასახელებს, „მარგველაშვილს თუ კირთაძეს“, მარგველაშვილს 63პროცენტი, კირთაძეს - 3 პროცენტი ასახელებს.

რაც შეეხება მინისტრების საქმიანობის შეფასებას, NDI-ის კვლევის თანახმად, რეიტინგში თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ალასანია ლიდერობს. ირაკლი ალასანიას საქმიანობას 11პროცენტი ძალიან კარგად, 38 პროცენტი - კარგად, ხოლო 7 პროცენტი საშუალოდ აფასებს. მეორე ადგილზეა შს მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობას 9 პროცენტი ძალიან კარგად, 34 პროცენტი კი კარგად აფასებს, საშუალოდ - 39 პროცენტი.

რეიტინგში მომდევნოა იუსტიციის მინისტრი. თეა წულუკიანის საქმიანობას 10 პროცენტი ძალიან კარგად აფასებს, 33 პროცენტი - კარგად, ხოლო 36 პროცენტი საშუალოდ. რაც შეეხება საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის საქმიანობას, 6 პროცენტი ძალიან კარგად, 25 პროცენტი კარგად, 42 პროცენტი საშუალოდ აფასებს. ენერგეტიკის მინისტრის, კახი კალაძის საქმიანობას კი 4 პროცენტი ძალიან კარგად, 26 პროცენტი კარგად, ხოლო 44 პროცენტი საშუალოდ აფასებს. 
ინსტიტუტების საქმიანობასთან დაკავშირებით, აღნიშნულ რეიტინგში პირველ ადგილზეა ჯარი, მეორეზე პოლიცია, მესამეზე „კოალიცია ქართული ოცნება", მეოთხეზე სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ხოლო მეხუთეზე - საქართველოს პარლამენტი.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე თვილს, რომ კოლალიცია „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერთა ზრდა ბუნებრივი პროცესია.

„საერთოდ, ნავაროს შემოტანილ კვლევებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები მაქვს. ამ შემთხვევაში ეს შეეხება „ნაციონალური მოძარობის“ კანდიდატს, დავით ბაქრაძეს. პერსონალურად რომ ბაქრაძე კარგ შთაბეჭდილებას ახდენდეს, ეს გასაკვირი არაა. ძალიან სიმპათიური პოლიტიკოსია, ოღონდ ის პროცენტები, რომელიც ძალიან აშორებს თვითონ „ნაციონალური მოძრაობის“ რეალურ პროცენტს, ცოტა არადამჯერებელია.

თუ მოსახლოებას არ უნდა „ნაციონალური მოძრაობა“ და ძალიან უნდა ბაქრაძე, ეს არის გაუგებარი. ასეთი არალოგიკურობა ტრიალებს შედეგებში და ამ ლოგიკურობას რაღაცა დამაჯერებეილი პასუხი უნდა. რაც შეეხება მეორე ტურს, ნავარო, როგორც არჩევნების წინასწარმეტყველი, ალბათ სანდო არ არის“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.