პარლამეტის ვიცე-სპიკერი მამანა კობახიძე აცხადებს, რომ 27 სექტემბერს ქვეყანაში თავსმოხვეული კოაბიტაცია დასრულდება. შესაბამისად, დასრულდება ორთაბრძოლა, რომელიც პრეზიდენტსა და მთავრობას შორის 10 თვეა მიმდინარეობს, რამაც მისივე თქმით, მთავრობის და პარლამენტის ეფექტური მუშაობა შეაფარეხა. For.ge-სთან საუბრისას მანანა კობახიძე ამბობს, რომ არავინ არ იდგება კანონზე მაღლა და ყველას, ვისაც საჭირო იქნება, პასუხი მოეთხოვება.
„ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვს, რომ ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესი ბრალდეულის დაუსწრებლად გაიმართოს, რადგან მათივე მტკიცებით, მდგომარეობა არის მძიმე. განსხვავებულია ექიმთა კონსილიუმის დასკვნა. რისი მიღწევა უნდა ყოფილ მმართველ გუნდს?
მანანა კობახიძე: პირველ რიგში, ექიმებმა უნდა თქვან თავისი სათქმელი. თუ მერაბიშვილის სასამართლოზე მიყვანა, მისი ჯანმრთელობისთვის საფრთხეში ჩაგდების ტოლფასია, რა თქმა უნდა, ეს მისი უფლებაა და შეუძლია უარი თქვას სასამართლოზე დასწრებაზე. საინტერესოა რაზე აპელირებენ მისი თანაგუნდელები, როდესაც საწინააღმდეგოს წერენ ექიმები. არანაირი პრობლემა არ ჰქონდა მერაბიშვილს, რომ თვითონ თავისი სურვილის მიხედვით ის ექიმები შეეყვანა, რომელიც მას სურდა და ასეც მოხდა. მის ჯანმრთელობის მდომარეობაზე საუბარი არის გადაჭარბებული.
ცხადია, პატიმარი ბედნიერად ვერ იქნება ციხეში, შეიძლება წონაშიც დაიკლოს, შეიძლება ცოტა უხასიათოდაც იყოს, მაგრამ ის, რომ თურმე მისი მდგომარეობა მძიმეა და მისი პროცესზე ეტაპირება არ შეიძლება, ამით ახლა უკრაინის ყოფილი პრემიერის საქმესთან პარალელებს ავლებენ, ეს სპეკულაციები დასავლეთის წინ კეკლუცობაა, მათ წინაშე ქულების ჩაწერა, რომ რეპრესიის ქვეშ არის ეს პოლიტიკური ძალა და მათი გენერალური მდივანს ადეკვატური პირობები არ აქვს, ადეკვატურად არ მკურნალობენ. თუ მერაბიშვილი ავადაა და მკურნალობა სჭირდება, დარწმუნებული ვარ, რომ ძალისხმევას არ დააკლებს ჯანდაცვის სისტემა.
გასაგებია, რომ ტიმოშენკოსთან ავლებენ პარალელს, მაგრამ თქვენ სულხან მოლაშვილთან გაავლეთ პარალელი, რა მძიმე მდგომარეობაში ჩააგდეს მისი ჯანმრთელობა, C ჰეპატიტი დამართეს, სიგარეტით დაუწვეს მთელი სხეული, ელექტროშოკით წამებაზე აღარ ვლაპარაკობ. ვიდრე სტრასბურგმა არ მიუთითა, რომ ამ ადამიანს მედიკამენტი მიეცით და ექიმი მიუყვანეთო, მანამდე უმძიმეს მდგომარეობაში იყო.
ევროსასამართლოს ჩარევის მერეც კი, სულხან მოლაშვილი ნამდვილად არ იყო უზრუნველყოფილი იმ მინიმალური სტანდარტით, რაც იყო აუცილებელი. დაუკავშირდით იგივე გიორგი ალიმონაქის მამას და ჰკითხეთ რა გადაიტანა მისმა შვილმა და როგორ დაუნგრიეს მას ჯანმრთელობა. დაუკავშირდით გიორგი ოქროპირიძის დედას, ძალიან ბევრი პატიმრის უფლება მე დამიცავს და ვიდრე სტრასბურგის სასამართლო იქიდან განგაშის ზარს არ შემოკრავდა, წამალი არ მიჰქონდათ პატიმრებთან და გაუსაძლის პირობებში ამყოფებდნენ, ჯანმრთელებზე არც მაქვს საუბარი.
მერაბიშვილის ჯანმრთელობას საგანგაშოდ აფასებენ იგივე „ევროპის სახლახო პარტიის“ წევრებიც...
- სამწუხაროდ, „სახალხო პარტიას“ არ უნდა სიმართლის გაგება და სიმართლის მოსმენა. რა სისულეებსაც ავრცელებდა სააკაშვილი, მარტო ამით იკვებებოდნენ. იქაც არიან ადამიანები, რომლებიც, სამწუხაროდ, არადეკვატურად აღიქვამენ რაღაც მოვლენებს. მერე რა, რომ ევროპაა და მერე რა, რომ „ევროპის სახალხო პარტიაა“?
თუმცა, ფაქტია, რომ ეს არაა მთლიანად ევროპის პოზიცია...
- რა თქმა უნდა, იქაც შეიძლება აღმოჩდნენ ადამიანები, ვისაც არ უნდა სიმართლის დანახვა. მერე რა, რადგან ევროპაა, იქ ადამიანები შეცდომას არ სჩადიან? „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა, მინიმუმ, აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის საკითხს მიაღწიოს და მერაბიშვილის დახსნა პატიმრობიდან. თუ მდგომარეობა მძიმეა, ცხადია, ეს აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის საფუძველი შეიძლება ეს იყოს, მაგრამ მერწმუნეთ, რომ ტყუილებით მანიპულირება, უბრალოდ, არ გამოუვათ. რადგან პარტიის გენერალური მდივანი იყო განსაკუთრებული პირობები უნდა ჰქოდეს? უნდა ჰქონდეს ზუსტად ის პირობები, რაც ყველა პატიმარს აქვს.
რაც შეეხება პოლიტიკურ პროცესებს, პრემიერის განცხადება თანამდებობიდან წასვლის შესახებ შეფასდა, როგორც ზეწოლა რუსეთიდან, რომ რუსეთი ივანიშვილისგან მეტისმეტს ითხოვს და სწორედ ამიტომ მიდის, რომ თავიდან აიცილოს რუსეთის ზეწოლა. არსებობს იმის საფრთხე, რომ პრემიერის წასვლის შემდეგ საქართველო რუსეთის ხელში აღმოჩნდეს?
- არანაირი საფრთხეები ჩვენს ქვეყანას არ ემუქრება. ბიძინა ივანიშვილი საკმაოდ მაღალი პასუხისმგებლობის ადამიანია. გუნდი, რომელითაც ის არის მოსული „ქართული ოცნების“ სახით, საკმაოდ მაღალი პასუხიმგებლობით მოქმედებს და იმოქმედებს პრემიერის წასვლის შემდეგაც. ის არსად არ მიდის, დიახ, ის იქნება ჩვენი ხელისუფლების აქტიური მაკონტროლებელი, როგორც სამოქალაქო საზოგადოების წევრი და შეიძლება ბევრად უფრო პოზიტიური იყოს ეს ყველაფერი. დამთავრდა მესიების დრო. მან ძალიან კარგად ახსნა მისი პოლიტიკიდან წასვლის მიზეზები. არ შეიძლება მხოლოდ ერთი ადამიანი იღებდეს ყველაფერზე პასუხისმგებლობას, ერთ ადამიანზე იყოს ჩამოკიდებული ქვეყანა.
დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი იქნება მარგველაშვილი, ის არის ბიძინა ივანიშვილის მიერ ნდობით აღჭურვილი პირი, რომელმაც იცის, როგორ უნდა მართოს ქვეყანა და როგორ უნდა გააგრძელოს ის კურსი, რაც ბიძინა ივანიშვილს აქვს აღებული. გიორგი მარგველაშვილი იქნება გარანტი სტაბილურობისა და ერთიანობის. ჩვენთან ერთად იმუშავებს იმ ამოცანებისა და იმ დაპირებების შესრულებაზე, რაც ჩვენ მივეცით საზოგადოებას.
გასაგებია, მაგრამ გახდება თუ არა ივანიშვილის წასვლა კოალიციის დაშლის საფუძველი?
- შემიძლია გითხრათ, რომ კოალიცია უფრო შეკავშირდება და უფრო გაძლიერდება. არანაირი საფრთხე დაშლის, რაღაცა რუსეთისკენ გადახრის არ გვემუქრება. ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ ჩვენი საგარეო პოლიტიკის კურსის შესახებ. ბოლო პრესკონფერენციაზეც და ამბასადორიალზეც ბატონმა პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დიახაც, ჩვენი მიზანია ევროკავშირში, ნატოში გაწევრიანება. იმიტომ, რომ ეს არის ერთადერთი გარანტია იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს დაცული, იყოს თავისუფალი და დაიბრუნოს ტერიტორიები.
რუსეთისკენ გადახრას რაც შეეხება, მოგეხსენებათ, რომ სომხეთი იძულებული გახდა თანხმობა განეცხადებინა ჯერ არარსებულ ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებაზე, ამ საფრთხეზე საუბრობს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსიც, რომ არსებობს იმის საფრთხე, რომ ივანიშვლის მმართველობის პერიოდში საქართველო აღმოჩნდეს ევრაზიული კავშირის წევრი...
- იუმორით უნდა ვუპასუხო ანდრო ბარნოვის განცხადებას. რომელ ევრაზიულ კავშირზეა საუბარი, როდესაც ქვეყანასთან არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა. ეს საკითხი არ განხილულა და მეტიც, არც კი დასმულა ეს საკითხი. ევრაზიული კავშირის მიმართულებით არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა და ეს არის თითიდან გამოწოვილი. ის, რომ რუსეთი გეგმავს ასეთი კავშირის გაფართოებას, ცხადია, რომ ინფორმაცია უნდა გვქონდეს. ცხადაია ეს ინფორმაცია ექნება ევროკავშირსაც. უნდა დავიტერესდეთ რა ხდება ჩვენს გარშემო, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ ინფორმაციის მოპოვება ემსახურება საქართველოს პოლიტიკურ დაკავშირებას ევრაზიულ კავშირთან. ეს არის გამორიცხული, განმარტებები გააკეთა საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ბატონმა ბიძინამაც.
10 თვის განმავლობაში მხოლოდ ორი ვიზიტი ჰქონდა პრემიერ-მინისტრს, ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ ივანიშვილი საერთაშორისო ასპარეზზე ნაკლებად ამახვილებს ყურადღებას?
- სააკაშვილი, რომ თვითმფრინავიდან ვერ ჩამოვხსენით ამის შედეგი რა იყო? - 2008 წლის აგვისტოს ომი? პასუხი მაქვს ასეთი - მხოლოდ საგარეო ვიზიტებით საგარეო პოლიტიკა არ კეთდება. პრემიერი ძალიან ინტენსიურად მუშაობს საგარეო პოლიტიკური მიმართულებით. ჩვენ ძალიან სერიოზული წარმატება გვექნება ვილნიუსის სამიტზე, რისთვისაც ვემზადებით და პრემიერის ეს ვიზიტიც ამის შემადგენელი ნაწილია. ასე რომ, დაავამშვიდებ იმ ადამიანებს, ვისაც რაიმე შიშები აქვთ ამ მხრივ - ყველაფერი სტაბილურად გვაქვს საგარეო პოლიტიკურ ურთიერთობებში.
ახალი კონსტიტუციის მიხედვით, რომელიც ძალაში პრეზიდენის ფიცის დადების შემდეგ შედის, პრემიერი უძლიერესი ფიგურა ხდება. მიუხედავად იმისა, რომ 27 ოქტომბერს ვირჩევთ პრეზიდენტს, ხომ არაა მანიშნებელი იმისა, რომ პრეზიდენტთან ერთად, ვირჩევთ ძლიერ პრემიერ მინისტრსაც?
- ჩვენ ახლა ვირჩევთ პრეზიდენტს, რომელსაც ექნება ის უფლებამოსილება, რაც კონსტიტუციით ამჟამად არის გაწერილი. თქვენ იცით, რომ ვგეგემავთ ფართო საკონსტიტუციო სახელმწიფო კომისიის შექმნას, რომელიც იმუშავებს კონსტიტუციაში ცვლილებებზე. შესაძლოა, რაღაცა შეიცვალოს, ან რაღაცა დაემატოს.
რაც შეეხება მომავალ პრემიერ-მინისტრს, მის კანდიდატურას დაასახელებს ბატონი ბიძინა ივანიშვილი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის იქნება ის ადამიანი, რომელიც იქნება ნდობით აღჭურვილი მოქმედი პრემიერისგან, იქნება შეუვალი, პრინციპული, კარგი მენეჯერი და კარგი პოლიტიკოსი. ის იქნება ადამიანი, რომელიც იზრუნებს ქვეყანაზე და საკმაოდ ეფექტურად უხელმძღვანელებს მთავრობის მუშაობას. ახალ პრემიერს აირჩევს პარლამენტი მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ფიცს დადებს და მოქმედი მთავრობა მოიხსნის მის წინაშე პასუხისმგებლობას.
ეს იქნება ის პრემიერი, რომელიც იმ გუნდთან ერთად, რომელსაც ტოვებს ივანიშვილი, შეძლებს ეფექტურად მუშაობას?
- დამერწმუნეთ, რომ არასოდეს ქვეყანას არ ჰყოლია ისეთი საზოგადოებაზე ორიენტირებული მთავრობა. ყველაფერი იქნება კარგად, პრემიერი არსად არ მიდის, ის იქნება ჩვენი საზოგადოების წევრი. ყველაზე მეტი კონტროლი სწორედ პრემიერისგან ექნება ამ მთავრობას. სამოქალაქო სექტორიდან უფრო მეტად შეძლებს დაეხმაროს ისევ ჩვენს ქვეყანას. ის ტოვებს გამართულ და პასუხსიმგებლობის მქონე მთავრობას.
მთავრობის პირველი პირის შეცვლას ავტომატურად მოჰყვება გადაადგილებები მინისტრთა კაბინეტში. უშვებთ შესაძლებლობას, რომ შესაძლოა მინისტრთა კაბინეტში მოხდეს ცვლილებები?
- პრეზიდეტის მხრიდან ფიცის დადების შემდეგ მთავრობა იხსნის უფლებამოსილებას ახლად არჩეული პრეზიდენტის წინაშე. ამის შემდეგ ხდება უკვე ახალი მთავრობის ფორმირება, რომელიც უნდა აირჩიოს პარლამენტმა. პარლამენტმა უნდა გამოუცხადოს ნდობა ამ ხალხს, ეს არის მთელი პროცესი. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი დღევანდელი მინისტრები ძალიან კარგად ართმევენ თავს, ძალიან ეფექტურად მუშაობს მთავრობა და ამაზე ბიძინა ივანიშვილიც საუბრობს. ამ ეტაპზე, მსგავსი საკითხი არ განიხილება, მაგრამ თუ ცვლილება მოხდება, მოხდება მხოლოდ უკეთესობისკენ, ესეც ბუნებრივი მოვლენაა და არაფერი ამაში განსაკუთრებული არაა.