საქართველოს მთავრობას აგერ უკვე მრავალი წელია მთელი განვითარებული სამყარო ჩასჩიჩინებს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი განავითაროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანაში მნიშვნელოვან ეკონომიკურ წინსვლაზე ლაპარაკი ზედმეტი იქნება. მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მხრივ, თითქმის, არაფერი გაკეთებულა.
მსოფლიო ბანკის ახალი ანგარიშის მიხედვით, სწრაფად მზარდი მეწარმეობის და ინოვაციის მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოში სამუშაო ადგილებისა და სტაბილური ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად.
როგორც მსოფლიო ბანკში განმარტავენ, გლობალურ ეკონომიკაში კერძო სექტორი 10-დან 9 სამუშაო ადგილს ქმნის. აქედან გამომდინარე, მიმზიდველი საინვესტიციო კლიმატის და ახალი ბიზნესის წამოწყებისთვის ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს შექმნა და კერძო სექტორის განვითარება ქვეყანაში სტაბილური ეკონომიკური წინსვლისა და სიღარიბის შემცირების უმთავრესი წინაპირობებია, მაგრამ ამ ყველაფრის წინაპირობა არის მცირე და საშუალო ბიზნესი, რომელმაც საქართველოში ვერა და ვერ წამოიდგა წელი.
„საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესი მთლიანი შიდა პროდუქტის 20 პროცენტზე ნაკლებს შეადგენს, რაც ბევრ მეზობელ ქვეყანაში დაფიქსირებულ მონაცემებთან შედარებით საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია (მაგალითად, სომხეთში მცირე და საშუალო საწარმოები მთლიანი შიდა პროდუქტის 42%-ს შეადგენენ), ხოლო ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მცირე და საშუალო ზომის საწარმოები, საშუალოდ, მთლიანი შიდა პროდუქტის 60 პროცენტს შეადგნენ.
მსოფლიო ბანკის 2013 წლის კვლევის - „მეწარმეობის ხელშეწყობა საქართველოში“ მიხედვით, ქართული ინოვაციური საწარმოები 30%-ით მეტ სამუშაო ადგილებს ქმნიან და ისინი როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ ბაზრებზე არაინოვაციურ საწარმოებთან შედარებით გაცილებით უფრო კონკურენტუნარიანები არიან. აქედან გამომდინარე, მეწარმეობის ზრდის ხელშეწყობა, ინოვაციური და უფრო პროდუქტიული ფირმების განვითარებისა და სწრაფად ზრდისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა ქვეყნის წინსვლასთან დაკავშირებული მიზნების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად უნდა იქცეს“, - აცხადებენ მსოფლიო ბანკში.
საქართველოს ეკონომიკის მინისტრიც ადასტურებს, რომ მეწარმეობის განვითარებას ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს. „გამომდინარე აქედან, გადაწყვეტილი გვაქვს წამოვიწყოთ და მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ ისეთ საქმიანობას, რომელიც შედეგად მოგვცემს დასაქმების მეტ პერსპექტივას, ახალი მცირე და საშუალო ზომის საწარმოების შექმნას და საწყის ეტაპზე მათ მხარდაჭერას“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
1996 წლიდან ევროპამ ჩამოაყალიბა ის კრიტერიუმი, რომელიც მიკრო და მცირე მეწარმეობას განსაზღვრავს და, შესაბამისად, მცირე მეწარმეობის განსაზღვრებაც ჩამოყალიბდა: 1. მიკროსაწარმო, სადაც 9 ადამიანამდე უნდა მუშაობდეს, ბრუნვით 2 მლნ ევრო; 2. მცირე საწარმო, სადაც 10-დან 49 ადამიანამდე უნდა მუშაობდეს, ბრუნვით 10 მლნ. ევრო.
მცირე მეწარმეობის განვითარებას ევროპაში ის ადასტურებს, რომ 1000 მოსახლეზე 45 მცირე საწარმო მოდის, საქართველოში კი, 1000 მოსახლეზე 12 საწარმოა.
ინგლისში შრომისუნარიანი მოსახლეობის 98% მცირე და საშუალო საწარმოებში მუშაობს. აშშ-ის ბიუჯეტი, რომელიც 3.5 ტრილიონი დოლარია, 46%-ით სწორედ მცირე და საშუალო საწარმოებიდან შემოსული თანხით ივსება. ჩვენთან კი, ეს ციფრი, სხვადასხვა წყაროს მიხედვით, 8-დან 14 პროცენტამდეა.
„მცირე მეწარმეობა ნელ-ნელა იძირება და ბევრი საწარმო იხურება მაშინ, როცა მცირე საწარმო ყველაზე სწრაფად ქმნის სამუშაო ადგილებს და სახელმწიფო ბიუჯეტში თანხების სტაბილური შემტანია. სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულები ხელფასს გარანტირებულად როგორ მიიღებენ, თუკი ბიუჯეტში მცირე მეწარმეობიდან ფინანსური ნაკადის შესვლა შეწყდება?
მოკლედ, დღეს მცირე მეწარმეების მდგომარეობა კატასტროფულია. ვინც ზეწოლას გაუძლებს, გადარჩება - საარსებო მინიმუმს იშოვის, მაგრამ ვერ განვითარდება. ვინც ვერ გაუძლებს, ბანკის ვალები კრიზისში ჩააგდებს და განადგურდება. დასკვნა ასეთია: ცვლილება არ შეინიშნება, პირიქით, მეწარმისთვის ეკონომიკური სივრცე გაუარესდა”, - აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი, პროფესორი მალხაზ ცისკარიშვილი.