საქართველო რეფორმების გზაზე რეალურ პროგრესს აღწევს

საქართველო რეფორმების გზაზე რეალურ პროგრესს აღწევს

კონსტიტუციური და სამართლებრივი რეფორმებისა და ადამიანის უფლებების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური მრჩევლის თომას ჰამერბერგის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელსაც ყველა მოუთმენლად ელოდა, ნათქვამია, რომ საქართველო რეალურ პროგრესს აღწევს და რომ ევროპამ რეფორმების პროგრამას მხარი უნდა დაუჭიროს.

ანგარიშში დადებითადაა შეფასებული ქვეყნის სამართლებრივი სისტემის გარდაქმნისაკენ გადადგმული ბოლოდროინდელი ნაბიჯები, ასევე ანალოგიური ძალისხმევა გაღებული ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა ადამიანის უფლებების დაცვა, შრომის კანონმდებლობა, „ელიტარულ კორუფციასთან“ ბრძოლა და წარსულის დაუსჯელობის აღმოფხვრა.

ჰამერბერგი წერს, რომ საქართველომ შეძლო „ბოლო თვეებში მთელი რიგი გადაუჭრელი და ღრმად ფესვგადგმული, მათ შორის სასამართლო სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტა“. თავის შეფასებას ის ასრულებს საერთაშორისო თანამეგობრობისადმი, და კერძოდ ევროკავშირისადმი მოწოდებით, რომ ამ უკანასკნელმა განაგრძოს მონაწილეობა ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში, რადგან „ევროპის აშკარა ინტერესებშია ის, რომ საქართველოს დემოკრატია განვითარდეს და შემდგმომშიც განმტკიცდეს“.

საქართველო და ევროკავშირი ნოემბერში ასოცირების შეთანხმების პარაფირებას მოახდენენ.

თამარ ჩუგოშვილმა, საქართველოს პრემიერმინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, განაცხადა, რომ მთავრობა „სრულად განახორციელებს ბ-ნი ჰამერბერგის რეკომენდაციებს და ამ მიზნით აამოქმედებს ადამიანის უფლებების სამოქმედო გეგმას. რეფორმების გაგრძელებითა და ევროკავშირთან თანამშრომლობით, და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, მალე საქართველო შეძლებს სრულად მიაღწიოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ქვეყანა შედის „მეორე გარდამავალ პერიოდში მისი დამოუკიდებლობის დღიდან“ (1991 წელი). დოკუმენტი ეხება ასევე რამდენიმე მგრძნობიარე საკითხს, მათ შორის მთავრობის მხრიდან სამართლიანობის აღდგენის ძალისხმევას. „მნიშვნელოვანია დაუსჯელობასთან ბრძოლა, და მათ შორის საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილ დანაშაულებებთანაც“, ვკითხულობთ ანგარიშში.

27 ოქტომბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. ჰამერბერგი აცხადებს, რომ ეს იქნება „ტესტი ყველასათვის, ვინც ჩართულია“ ამ პროცესში, მაგრამ მთლიანობაში გარემო წინა არჩევნებთან შედარებით მშვიდია“ და „მედია გარემოც შედარებით პლურალისტური და თავისუფალია“, ასევე „შეკრების უფლების თავისუფლება უკეთ არის დაცული“.

გასულ კვირაში New Europe-ს რეფორმების შესახებ, საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ესაუბრა.

ეს მთავრობა მემკვიდრეობის სახით დატოვებს ევროპულ დემოკრატიულ სისტემას, რომლის შეცვლაც შეუძლებელი იქნება“, თქვა წულუკიანმა. ეს არის „სისტემა, რომელიც ნებისმიერ მინისტრსა და პოლიტიკოსზე დიდხანს იცოცხლებს“. „დღემდე, ჩვენ გვყავდა ძლიერი ფიგურები ლიდერების სახით, მაგრამ მათი წასვლის შემდეგ, ცხოვრება კვლავ ბინძური რჩებოდა. ჩვენ არ გვჭირდება პერსონები, არამედ გვჭირდება ინსტიტუტები“

foreignpress.ge