ვეტერანი დიპლომატი, რომელსაც უყვარს სიგარა, ვისკი და ამერიკის მოტყუება

ვეტერანი დიპლომატი, რომელსაც უყვარს სიგარა, ვისკი და ამერიკის მოტყუება

სახელმწიფო მდივან ჯონ კერის ნათქვამიც კი არ ჰქონდა, თუ როგორ შეძლებდა სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი სირიაზე სამხედრო დარტყმისთვის თავის არიდებას, რომ რუსეთის მტკიცე და ხისტი საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, უკვე სატელეფონო ხაზზე იყო. ასეთ მომენტს ლავროვი ხელიდან არ გაუშვებდა.

ვიდრე კერის თანშემწეები შეფის გამონათქვამის დეზავუირებას ცდილობდნენ, ლავროვი სახელმწიფო მდივნის სიტყვებს ჩაეჭიდა და უთხრა მას, რომ უმალ გაახმოვანებდა რუსეთის წინადადებას სირიის ქიმიური შეიარაღების არსენალის ლიკვიდაციაზე. ამას კერის მხრიდან მკვეთრი რეაქცია მოჰყვა, რომელმაც 14 წუთიანი სატელეფონო საუბრის დროს თქვა: „ჩვენ თამაშში მონაწილეობას არ ვაპირებთ“.

იმ მომენტისთვის, როდესაც ვაშინგტონში კერის თვითმფრინავი დაეშვა, სიტუაცია შეიცვალა და შაბათს, და არა ერთი კვირით გვიან, კერი და ლავროვი გეგმას ჟენევის სასტუმროში, აუზის პირას ათანხმებდნენ.

ამერიკელმა ექსპერტებმა შეიარაღების კონტროლის საკითხებში, ეს პაქტი მაქსიმალურად სწრაფად შეიმუშავეს. თეთრ სახლს მიაჩნია, რომ ის ოპტიმალური საშუალებაა სამხედრო ძალის ამოქმედების გარეშე მომწამვლელი გაზის გამოყენების აკრძალვისათვის. თუმცა, კრემლს აშკარად მიაჩნია, რომ აღნიშნული შეთანხმება რუსეთის და სირიის მთავრობის ინტერესებშია.

ბევრი თვალსაზრისით, ბოლო ექვსი დღის განმავლობაში ლავროვის მიერ შესრულებული სამუშაო მისი კარიერის აპოთეოზად იქცა. მან დაბლოკა, კრემლის აზრით აშშ-ის სახიფათო ცალმხრივი ქმედებები და ამერიკული განცალკევებულობა. საკუთარ ამოცანებს ლავროვი იმდენად ეფექტურად ასრულებს, რომ მას „მისტერ არა“ შეარქვეს, ხოლო მაღალჩინოსანი ამერიკელები, მათ შორის ჰილარი კლინტონი და კონდოლიზა რაისი, აცხადებდნენ, რომ მასთან ურთიერთობას ისინი ხშირად წყობიდან გამოყავდა.

ვლადიმერ პუტინის მთავრობაში ის დიპლომატიის ტექნიკური ოსტატია. ლავროვი შეერთებული შტატების ირგვლივ მანევრირებს, აღკვეთს რა მის ცალმხრივ სამხედრო დარტყმებს და მყარად ამკვიდრებს რუსეთის როლს. ამ დროს კი რუსეთი განაგრძობს ასადის იარაღით მომარაგებას და უზრუნველყოფს მისთვის დიპლომატიურ საფარს, ვიდრე ის აჯანყებას ახშობს.

მაგრამ მთლიანობაში, ლავროვი ცდილობს შეერთებული შტატების დიალოგში ჩაბმას, რადგან კრემლს იმედი აქვს, რომ ეს პრეცედენტს შექმნის და განამტკიცებს რუსეთის როლს საერთაშორისო საქმეებში არა ცივი ომის ცნების მოძველებული სისტემის ბაზაზე, არამედ მისი საკუთარი მსოფლხედველობის საფუძველზე, რომელშიც უპირატესობა ენიჭება სახელმწიფო სუვერენიტეტს და სტაბილურობას სტატუს ქვოს შენარჩუნებასთან ერთად და არა დასავლური ტიპის დემოკრატიას.

ასეთი მოქმედების დროს, ლავროვი თავის მრავალწლიან გამოცდილებას ეყრდნობა, თანაც არამხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრად მუშაობის ათწლიან გამოცდილებას. ის ათ წელიწადზე მეტხანს წარმოადგენდა რუსეთს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, სადაც შეისწავლა უშიშროების საბჭოს ფუნქციონირების ყველა მექანიზმი, ასევე მიიღო მდიდარი საერთაშორისო გამოცდილება განიარაღების საკითხებზე, მათ შორის ერაყში.

„დღეისათვის, ის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალკვალიფიციური დიპლომატია“, – განაცხადა ჟურნალის „რუსეთი გლობალურ პოლიტიკაში“ მთავარმა რედაქტორმა თეოდორე ლუკიანოვმა. „ნამდვილი დიპლომატიის დრო დაბრუნდა“.

ლავროვი დიდი ხანია, რაც მოვლენების მსგავსი განვითარებისათვის ემზადებოდა. 1972 წელს მან მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტი დამთავრა, 1981 წელს ნიუ-ორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში გაემგზავრა ხანმოკლე მივლინების მერე შრი-ლანკას რესპუბლიკასა და მოსკოვში მუშაობის შემდეგ.

გაეროში, მან საკმაოდ მომზადებული და ინფორმირებული ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა, მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით დაბნეული ჩანდა და გაჭიანურებული სხდომების დროს მუდმივად ავტომატურად რაღაცას ხატავდა თავის უბის წიგნაკში.

„ის მუდამ რაღაცას ხატავდა, თითქოს ზარმაცობდა, მაგრამ მისი ტვინი სულ მუშაობდა“, ამბობს ჩარლზ დიულფერი, რომელიც 1990-იან წლებში იყო გაეროს ინსპექტორების ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილე შეიარაღების საკითხებში და ხშირად ხვდებოდა ლავროვს ნიუ-ორკში ამ ორგანიზაციის შტაბ-ბინაში.

დიულფერის თქმით, გაეროს ინსპექტორებთან მუშაობის მდიდარი გამოცდილება, ინსპექტორებთან, რომლებიც ერაყში მასობრივი განადგურების იარაღს ეძებდნენ, ლავროვს დაეხმარა იმაში, რომ სწრაფად გაეანალიზებინა სიტუაცია სირიაში და კერისთან ერთად მსგავსი გეგმა შეემუშავებინა. „მან იცის ამ მხრივ ყველაფერი, რადგან გამოცდილება ერაყის საქმის დროს მიიღო“, ამბობს დიულფერი. „მან იცის, რისი გაკეთება შეიძლება, როდესაც დამოუკიდებელი ინსპექტორები მუშაობენ“.

ლავროვის შესახებ, უფრო ცინიკური შეხედულებაც არსებობს. როგორც ანალიტიკოსები და დასავლელი დიპლომატები ამბობენ, მას პოლიტიკური მიზანი აქვს და არა განიარაღების, და ამ დიპლომატიური ბრძოლის ილეთებით ასადის რეჟიმისთვის დროის მოგებას ცდილობს. სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა თქვა, რომ ამერიკული მხარე გაკვირვებული იყო იმით, რომ ჟენევაში ლავროვის გამოსვლაში კონკრეტიკა არ იყო, რამაც აიძულა ამერიკელი ექსპერტები, რომ გეგმის ამოქმედებისათვის მასში დეტალური მუხლები და ვადები ჩაეწერათ. ლავროვი აქტიური მწეველია. მას ძველი სკოლის დიპლომატად მიიჩნევენ. მინისტრმა არაფრად ჩააგდო გაეროს გენერალური მდივნის, კოფი ანანის მცდელობა ორგანიზაციის შტაბ-ბინაში მოწევა აეკრძალა, განაცხადა რა, რომ შენობა მას არ ეკუთვნის. მას მოსწონს სიგარა და ვისკი, ხოლო სპორტის სახეობებიდან გატაცებულია რაფტინგით და თხილამურზე სრიალით.

ზოგჯერ მას საშინელი გაბრაზებაც სჩვევია. როდესაც ფოტოგრაფმა ლავროვს, კერის და სპეციალურ წარმომადგენელ ლახდარა ბრაჰიმის პოზირება სთხოვა ჟენევაში შეხვედრის შემდეგ, მინისტრმა უთხრა: „ბრძანებებს ნუ გვაძლევთ, თავად დაიჭირეთ მომენტი“.

ლავროვი 63 წლისაა, კერი კი 69 წლის. მათ, როგორც ჩანს, სწრაფად იპოვეს შეხების წერტილები, ვახშმობდნენ რა გვიან, მიირთმევდნენ რა ვისკის ბუხართან და სეირნობდნენ ბაღში. ზოგიერთებისათვის, განსაკუთრებით დასავლეთში, ლავროვის მამაკაცურობა და ძალა, ასევე მისი ძველმოდური რაინდობა სექსიზმის ზღვარზე გადის. მისი თაყვანისმცემლები კი ამბობენ, რომ ეს უბრალოდ ჯენტლმენისთვის დამახასიათებელი შარმია.

ავსტრიის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ქალბატონმა ურსულა პლასნიკმა ლავროვს „მსოფლიო სცენაზე ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი, ინფორმირებული და პატივსაცემი საგარეპოლიტიკური მოთამაშე“ უწოდა. პლასნიკის თქმით, მოსკოვში პირველი ვიზიტის დროს, ლავროვი მას ლეგენდარულ რესტორანთან „პუშკინის კაფესთან“ შეხვდა და ყვითელი ვარდების კონა მიართვა.

„დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებების დროს, მე პერიოდულად ვახსენებდი ლავროვს, რომ მას ჩვენი დატერორება არ უნდა ეცადა, რაზეც მას ჩვეულებრივ ეცინებოდა ხოლმე“, იხსენებს პლასნიკი. „მე აბსოლუტურად არ მიკვირს ის, რომ სირიის კრიზისის დარეგულირების საკითხში მან სცენაზე ასეთი სიმსუბუქით და სიმტკიცით შემოაბიჯა“.

ის, რომ ლავროვი ჟენევაში ძალიან კმაყოფილი იყო, რუს ჟურნალისტებს არ გამოპარვიათ, რომლებიც მოლაპარაკებებში მის მონაწილეობას აშუქებდნენ. მიუხედავად ამისა, ის თითქოს ერთნაირად კმაყოფილიც იყო და უკმაყოფილოც, აღნიშნავენ ისინი. როდესაც შაბათს, დილით, ესპანურენოვანი ტელეარხის ჟურნალისტმა ქალბატონმა მას შეკითხვა დაუსვა, ლავროვმა უპასუხა, რომ ის „ლამაზია“. პრესკონფერენციამდე კი რეპორტიორებთან ხუმრობდა, ბოდიშს იხდიდა დაგვიანებისთვის.

ერთმა ჟურნალისტმა სცადა მოვლენებისთვის გაესწრო და ჰკითხა: „მიიღეთ შეთანხმება?“, ლავროვმა ამ ჟურნალისტზე ცინიკურად წარმოთქვა: „როგორი სისხლისმსმელია“. როდესაც მეორე ჟურნალისტმა ჰკითხა მას, ელაპარაკა თუ არა ის სირიის ხელისუფლების წარმომადგენლებს, მინისტრმა უპასუხა: „მე არა, თქვენ?“

ის კეთილგანოწყობილი ხუმრობდა თავისი შესანიშნავი ინგლისურით, მაგრამ როდესაც მოგვიანებით, პრესკონფერენციის დროს მას სთხოვეს შეკითხვაზე ინგლისურ ენაზე ეპასუხა, ლავროვმა კატეგორიული უარი თქვა და ღონისძიების ოფიციალური ფორმატის გამო მხოლოდ რუსულად პასუხობდა.

მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ინსტიტუტის პოლიტოლოგის გიორგი მირსკის თქმით, სინამდვილეში, სირიული გეგმა – პუტინის იდეაა, მაგრამ მას დამსახურებად ლავროვს ჩაუთვლიან.

„ისტორიის სახელმძღვანელოებში მთავარი გმირები ლავროვი და კერი იქნებიან. ლავროვი, როგორც დიდი ადამიანი, რომელიც გადაარჩენს სირიას ამერიკის დარტყმებისაგან, ასევე გადაარჩენს ბარაკ ობამას დამამცირებელი და უსიამოვნო სიტუაციისაგან კონგრესში“, – ამბობს მირსკი. „ის ჩინოვნიკია, კარგი დიპლომატი. მან იცის რას რა ფასი აქვს. და არასდროს იტყვის ისეთ რამეს, რაც ოფიციალური კურსს შეეწინააღმდეგება“.

მირსკიმ დასძინა: „რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული რისკიც, რადგან ბაშარ ასადმა შეიძლება მთელი ეს სურათი გააფუჭოს. თუკი ის ხელახლა გამოიყენებს ქიმიურ იარაღს, ეს ძალიან უსიამოვნო ფაქტი იქნება“.

foreignpress.ge