ბიზნესცენტრში ბიძინა ივანიშვილისა და ექსპერტების შეხვედრა უჩვეულო და დაძაბულ რეჟიმში წარიმართა. ერთი შეხედვით, ყველაფერს კოაბიტაციის ელფერი დაჰკრავდა და პრემიერი ექსპერტების არგუმენტების მიუხედავად, შეუვალი იყო. გაკეთდა შეფასებებიც, რომ „ივანიშვილმა მასტერკლასი ჩაუტარა ექსპერტებს“.
განსაკუთრებული პაექრობა პრემიერსა და ექსპერტ კახა კახიშვილს, ასევე, ექსპეტ მამუკა არეშიძეს შორის წარიმართა, რომელსაც ივანიშვილი საკუთარ ახლო მეგობრად მოიხსენიებდა და ამიტომაც გაიმეტა მათთვის შენიშვნები.
პრემიერის მხრიდან ისეთი მესიჯები ისმოდა, რომ სამართლიანობის სხვა ფორმით აღდგენა წარმოუდგენელია: „რა ვქნათ? ყველა გავასამართლოთ? ქონების დაბრუნება წარმოუდგენელია, სახელმწიფოს არ აქვს ამის საშუალება“. პრემიერის ნათქვამიდან ისიც გავიგეთ, რომ „არჩილ კბილაშვილი ევროპელებსაც მოსწონთ და ამერიკელებსაც...“, „მართალია, ხშირად, ლაშა ნაცვლიშვილი წყვეტს იმ საკითხებს, რაც კბილაშვილის გადასაწყვეტია, მაგრამ ასეთი კაზუსები შეიძლება...“. მეტიც, პრემიერის თქმით, პროკურორებიც სისტემის მსხვერპლნი იყვნენ, ადეიშვილი კი ნიჭიერი კაცი იყო, რომელიც მისი მთავრობის პირობებში სახელმწიფოში ყველაზე კარგი ჩინოვნიკი იქნებოდა, თუმცა იგი ზეწოლას დაექვემდებარა. უფრო მეტიც, მერაბიშვილი მუდმივად აოცებდა ივანიშვილს თავისი ეკონომიკური ანალიზით და, როდესაც ეკითხებოდა, საიდან იცოდა ამდენი, პასუხობდა - ადეიშვილია ჩემი მასწავლებელიო. ამიტომ, ბიძინა ივანიშვილს სულ აინტერესებდა მისი გაცნობა და ეს ვერ მოახერხა. ამის მიუხედავად, პრემიერი თვლის, რომ პირწავარდნილი ნაცები დღეს „ოცნებაზე“ პირჯვარს იწერენ და სადღეგრძელოებს ამბობენ.
გარდა ამისა, ბიძინა ივანიშვილმა არ დამალა, რომ „ჩვენ უარი ვთქვით ანგარიშსწორებაზე, რადგან მხოლოდ ერთი-ორი კაცი თუ შეიძლება ნახო, რომელიც მუშაობდა პროკურატურაში, ან პოლიციაში და დანაშაულში არ აქვს მონაწილეობა მიღებული“. ასე რომ, პრემიერის თქმით, ახალმა ხელისუფლებამ უარი თქვა ანგარიშსწორებაზე და არ იმოქმედა ყოფილი ხელისუფლების მსგავსად, პროკურორებთან და მოსამართლეებთან მიმართებაში.
„თქვენ გინდათ, რომ სახელმწიფოც შეინარჩუნოთ ასეთი ფორმით, რომ ევროპისკენ გავაგრძელოთ სვლა, გავაგრძელოთ ამერიკელებთან საუბარი, საჯარო მოხელეები შევინარჩუნოთ, თუ ერთბაშად ყველაფერი ავასრულოთ, რასაც რევოლუცია ჰქვია?!“ - იკითხა ივანიშვილმა.
ამ შეხვედრის შემდეგ საზოგადოებამ შეიტყო, რომ სამართლიანობის აღდგენის დიდი ნაწილი შესრულებულია, დანარჩენი - პროცესშია. ამით პრემიერი კახი კახიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, სამართლიანობის აღდგენის დანაპირები არ სრულდება და, რაც ადამიანებს ცხრა წლის განმავლობაში წაართვეს, არავის არაფერი დაბრუნებია, ხოლო პარლამენტის უმრავლესობის მიერ აღიარებული 200 პოლიტპატიმრიდან არც ერთი არ არის რეაბილიტირებული.
პრემიერის განცხადებით, სამართლიანობის აღდგენის პროცესში ყველაზე რთულია წართმეული ქონების საკითხი. მისი თქმით, ეს არის ყველაზე მასიური საქმე, რადგან წინა ხელისუფლების პირობებში, 9700 შემთხვევა არის მხოლოდ ე.წ. „ჩუქება“, როდესაც მოქალაქემ ქონება ხელმოწერით, იძულებით აჩუქა სახელმწიფოს. საერთო თანხა კი 6-7 მილიარდი ლარია და 80%-ის შემთხვევაში, ამ პროცესების თანამონაწილე სახელმწიფოა.
პრემიერი ექსპერტების კომპეტენციასაც შეეხო და მათ მოუწოდა, ნუ გააკეთებენ გაუაზრებელ განცხადებებს. მან მამუკა არეშიძის გამონათქვამების ციტირებით დაიწყო და დაინტერესდა, რას ნიშნავდა არეშიძის ნათქვამი: „პრემიერს ინფორმაციას უმალავენ“; „ივანიშვილის წასვლას რევანშიზმი მოჰყვება“; „ქვეყანაში არ ჩანს სტრატეგიული გათვლა“; „ქაოსია ქვეყანაში“; „ოცნების წარმომადგენლები ნაციონალების მეწილეები არიან“.
ასევე, პრემიერმა ექსპერტ ვაჟა ბერიძის გამონათქვამები დაიწუნა: „პოლიტიკური კრიზისი უკვე არსებობს“, „კოალიცია დაშლილია“, „ივანიშვილი დასავლეთმა არ მიიღო“, „არჩევნების მეორე ტური გარდაუვალია“.
შემდეგ ექსპერტ რამაზ საყვარელიძის ჯერიც დადგა: „ოცნების მხარდაჭერა კლებულობს“, „პრემიერის წასვლა არის გაქცევა“.
სხვათა შორის, ექსპერტებთან შეხვედრისას ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ხშირად ისმოდა სიტყვები: „თქვენ ექსპერტები ხართ, ამის პრეტენზია გაქვთ და დევალვაციას ნუ უკეთებთ საკუთარ სიტყვებს“.
„ექსპერტი ასეთ რამეს რომ თესავს ქვეყნაში, ექსპერტები ასეთ გამონათქვამებს რომ იყენებთ, საზოგადოებამ რა უნდა თქვას? მადლობა საზოგადოებას, რომ ამას არ იძახის. თუ ეს არ გამართლდება, ამით ხომ თქვენ, როგორც ექსპერტებს, ფასი დაგეკარგებათ? თქვენს გამონათქვამებს დიდი მნიშვნელობა აქვს, უფრო მეტი, ვიდრე ჟურნალისტებს, რომლებიც ამას ტირაჟირებას უკეთებენ. რა უფლებით ამბობთ, რომ ვერ ვასრულებთ დანაპირებს, როცა ჯერ გასულია მხოლოდ 10 თვე... შეიძლება, სასამართლოში გადასაცემიც კი იყოს ზოგიერთი თქვენგანი“, -მიმართა ექსპერტებს ბიძინა ივანიშვილმა.
მამუკა არეშიძე მას შეეკამათა, რომ ადამიანები, რომლებსაც სხვისი ქონება აქვთ მითვისებული, კოალიციის ერთ-ერთ პარტიაში იმყოფებიან. მაგალითად, გარდაბნის რაიონის მაჟორიტარი - ფეიქრიშვილი და მისი „მიმყოლები“ დღეს „კონსერვატიული პარტიის“ წევრები არიან, რომლებმაც მიწები მიითვისეს გარდაბნის რაიონში.
მისივე თქმით, ჟურნალისტები სვამენ იმ შეკითხვებს, რაც საზოგადოებაშია და მათაც, როგორც ექსპერტებს, ევალებათ მასზე პასუხის გაცემა. უფრო მეტიც, არეშიძის თქმით, ჟურნალისტები შეკითხვებს თვითონ არ იგონებენ და ესეც საზოგადოებრივი განწყობის მაჩვენებელია, თუკი ისინი ანგაჟირებული ჟურნალისტები არ არიან.
ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ for.ge ექსპერტებსა და პოლიტიკოსებს ესაუბრა.
ექსპერტი კახა კახიშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ პრემიერის კომუნიკაცია ექსპერტებთან მისასალმებელია და კარგი იქნება, თუ პრემიერის მსგავსად, მინისტრებიც გააგრძელებენ საზოგადოებასთან კომუნიკაციას. რაც შეეხება კონკრეტულ კითხვებს, კახა კახიშვილი აცხადებს, რომ მისთვის, ისევე, როგორც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის სამართლიანობის აღდგენის თემა მეტად მნიშვნელოვანია.
„საბოლოოდ პრემიერისგან ის მაინც გავიგე, რომ ამ საკითხზე კითხვები აღარ იქნება და ეს საკითხი მოგვარდება ისე, რომ კითხვები აღარ იარსებებს. თუმცა ვერ გავიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ პროკურატურას არ ჰქონდა დრო, ან საკმარისი რესურსი, რომ დროულად მოეხდინა სამართლიანობის აღდგენის უზრუნველყოფა. რაღაც შედეგი შეიძლებოდა დადებულიყო, დღეს კი ასეთი შედეგი არ არის“, - გვითხრა კახა კახიშვილმა.
პრემიერ-მინისტრის ექსპერტებთან შეხვედრას „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა ისტერიკად აფასებს. მისი აზრით, ამაში მასტერკლასი არაფერი ყოფილა და, სამწუხაროდ, ყველა ექსპერტმა ვერ გამოავლინა პრინციპულობა. თუმცა კახა კუკავა აცხადებს, რომ ექსპერტმა კახა კახიშვილმა პრემიერ-მინისტრს დელიკატურად და კონსტრუქციულად უთხრა სათქმელი, რომ არანაირი ობიექტური მიზეზი სამართლიანობის აღდგენის შეფერხების პროცესში არ არსებობს.
„ამის მიზეზი მხოლოდ პრემიერ-მინისტრის ფარისევლობა და მისი გარემოცვის კორუფციაა. „ქართული ოცნება“ სამართალიანობის აღდგენას არ აპირებს და პრემიერმა პირდაპირ თქვა, რომ ეს შეუძლებელია“, - აღნიშნა კახა კუკავამ.
ჩვენ ექსპერტ ვაჟა ბერიძესაც დავუკავშირდით. მან აღნიშნა, რომ მარტივი არ იყო პრემიერს ექსპერტებისთვის აეხსნა, რომ მათი ზოგიერთი მოსაზრება დასაბუთებული არ იყო და სუბიექტური გახლდათ. სწორედ ამან გამოიწვია კამათი მხარეებს შორის. თუმცა ვაჟა ბერიძე მიესალმება პრემიერის გახსნილობას, რომელიც არ აპირებს მისთვის მიუღებელი მოსაზრებების ავტორებთან კულუარულ ბრძოლას.
„იგი საკუთარ შეხედულებებს ღიად აფიქსირებს. გარკვეული თვალსაზრისით, ეს წამგებიანია, რადგან საზოგადოება შეუმცდარია და მან კარგად იცის, ვინ არის ორ მხარეს შორის მართალი. საკუთარ თავზე არაფერს ვიტყვი, მაგრამ არა მგონია, თავიანთი შეფასების დასაბუთებაში ეშლებოდეთ ისეთ პროფესიონალებს, როგორებიც არიან ზაზა ფირალიშვილი, მამუკა არეშიძე, რამაზ საყვარელიძე, ალექსანდრე რონდელი და ყველა ის ექსპერტი, რომელიც საკამათოდ იყო მიწვეული პრემიერთან. ბევრი მათი პროგნოზი გამართლებულა ბოლო 20 წლის განმავლობაში. პრემიერი პოლიტიკიდან მიდის და მიუხედავად ამისა, კარგია, რომ არენაზე იხარჯება“, - აღნიშნა ვაჟა ბერიძემ.
მისი თქმით, წინა ხელისუფლების დროს ექსპერტების ნათქვამზე არანაირი რეაქცია არ იყო და ექსპერტები წერდნენ და კითხულობდნენ. ამჯერად, როგორც ჩანს, პრემიერი ეცნობა ექსპერტების მოსაზრებებს, თუმცა ვაჟა ბერიძე იმედოვნებს, რომ პრემიერისთვის ცალკეული სამსახურის მიერ მიწვდილი ამონარიდის გარდა, ბიძინა ივანიშვილი მომავალში მაინც ყველა წერილს თავიდან ბოლომდე წაიკითხავს და მხოლოდ ამონარიდით არ შემოიფარგლება.