აკადემიკოსმა, გენერალ-მაიორმა ელგუჯა მეძმარიაშვილმა თავდაცვის სამინისტროში პროექტის ხიდგამდები „კავკასიონი - 07“ AVLB – T72 MLC – 85 პრეზენტაცია წარადგინა. ესკიზური პროექტის მომზადება, დაახლოებით, სამ თვეში იქნება შესაძლებელი. ელგუჯა მეძმარიაშვილმა სამხედრო-საინჟინრო სფეროში ხიდების მნიშვნელობაზე, მათ ძირითად სახეობებსა და სპეციფიკაზე ისაუბრა. მან ყურადღება საიერიშო ხიდის პრინციპსა და დანიშნულებაზე გაამახვილა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საიერიშო ხიდის პროექტის ერთობლივად განხორციელება შესთავაზა.
როგორც პროექტის ავტორი აცხადებს, საიერიშო ხიდი პირველი იქნება სამხედრო სამამულო ტექნიკაში და ეს ხიდი უპირატესობით გამოირჩევა როგორც ტაქტიკური, ასევე ოპერატიული მაჩვენებლებით. მისი თქმით, მისი შექმნა საქართველოში და ქართული შეიარაღებული ძალებისათვის გადაცემა მეტად მნიშვნელოვანი ნაბიჯია სამხედრო ტექნიკის განვითარებისა და საბრძოლო მოქმედებების მზადყოფნის კუთხით.
„მეორე მხრივ, მას სამოქალაქო სფეროშიც გამოიყენებენ საგანგებო და ექსტრემალურ სიტუაციებში. და ბოლოს, ამ ხიდის შექმნით საქართველო გახდება ერთ-ერთი ძლიერი მოთამაშე მსოფლიო იარაღის ბაზარზე, სადაც შეძლებს წარადგინოს მაღალალკონკურენტუნარიანი და მეცნიერებატევადი ახალი საიერიშო ხიდი“, - აღნიშნა შეხვედრაზე ელგუჯა მეძმარიაშვილმა.
გენერალ-მაიორ მეძმარიაშვილის მიერ წარმოდგენილი პროექტი დადებითად შეაფასა თავდაცვის მინისტრმა და იმედი გამოთქვა, რომ მას უახლოეს მომავალში განახორციელებენ.
„სამხედრო სფეროში ძალიან მნიშვნელოვანია, საინჟინრო ხიდების გადების სისტემა იყოს ჩვენივე წარმოების, რაც მთავარია, ჩვენი რელიეფიდან გამომდინარე. ეს საკითხი ძალიან აქტუალურია ჩვენი სამხედრო ძალებისთვის. ხიდი საგანგებო სიტუაციებისთვისაც შეიძლება იყოს გამოყენებული. ქართულ მეცნიერებაში დიდი პოტენციალი არსებობს, რომელიც შეიარაღებულ ძალებს პრაქტიკულად გამოადგება.
დღევანდელი შეხვედრით ძალიან კმაყოფილი ვარ. პროექტს თავდაცვის სამინისტროში გადაწყვეტილების მიმღებ საბჭოზე განვიხილავთ. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, თანამშრომლობას გავაგრძელებთ და პრაქტიკულ მხარდაჭერას აღმოვუჩენთ როგორც საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, ასევე საგანგებო სიტუაციების სამსახურებს“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
აკადემიკოს გიორგი კვესიტაძის შეფასებით, აღნიშნული ხიდი მოხერხებული და მორგებული კონსტრუქცია იქნება, რომელიც გამოგვადგება როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე საჯარისო სხვადახვა ქმედების დროს. მისი აზრით, კონსტრუქციამ შესაძლებელია საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვოს.
როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, სამინისტრო მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან მემორანდუმის გაფორმებას გეგმავს. მეცნიერთა აკადემიის წევრი თემურ ნანეიშვილი თვლის, რომ სრულყოფილი პროექტია, არა მარტო სამხედრო ტექნიკის ტრანსპორტირების კუთხით, არამედ მათ შორის სახალხო მეურნეობისთვისაც საჭიროა.
„პროექტი ორმაგი დანიშნულების არის. ეს არის ორიგინალური კონსტრუქცია. განხორციელებადი პროექტია, ძალიან გონივრული ვადებია დასახული. მინდა გითხრათ, რომ შედარებით იაფიანი და ორწლიანი პროექტია. პირველ წელს 150 ათასი ლარი დაიხარჯება და დასრულებისთვის კიდევ 200 ათასი ემატება. თავდაცვის მინისტრმა შეაფასა როგორც განხორციელებადი პროექტი.
თავდაცვის მინისტრის გარდა ამ პროექტს მაღალი შეფასება მისცა თვითონ გენერალიტეტმა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება მიღებულია. ბატონმა ირაკლიმ განაცხადა, რომ მე დადებით შეფასებას ვაძლევ ამ პროექტსო და ვფიქობ, რომ არც ჩემი კოლეგები არ იქნებიან წინააღმდეგიო. პარასკევს იქნება საბოლოო პასუხი. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი მეცნიერებათა აკადემიის წიაღში იშვა“, - აცხადებს თემურ ნანეიშვილი.