ფქვილის იმპორტზე დაწესებული დროებითი გადასახადის მოქმედების დრო თანდათან იწურება. 5-თვიანი მორატორიუმის ამოწურვამდე 2 თვეზე ნაკლებია დარჩენილი. ვითარება ადგილობრივი წისქვილკომბინატებისთვის გაუმჯობესდა, მაგრამ ისინი უკვე სამომავალო საფთხეზე ალაპარაკდნენ.
2023 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში ხორბლისა და მესლინის იმპორტი გაიზარდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში 26 მლნ 571 ათასი დოლარის ღირებულების 93 028 ტონა ხორბალი შემოვიდა.
ხორბლის მთავარი საიმპორტო ქვეყანა ტრადიციულად წელსაც რუსეთია, საიდანაც 26 მილიონი დოლარის 91 543 ტონა ხორბალი შემოვიდა. შედეგად იმპორტის მოცულობა წლიურად 89.6%-ით გაიზარდა.
7 თვის მონაცემებით, ხორბლის მეორე საიმპორტო ქვეყანა უკრაინაა. ამ ბაზრიდან შეძენილი ხორბლის მოცულობა მცირეა და 1484 ტონას შეადგენდა, რომლის ღირებულება 515 ათასი დოლარი იყო. ამ პერიოდში უმნიშვნელო რაოდენობით ხორბალი გერმანიიდან და ავსტრიიდანაც შევიძინეთ.
რაც შეეხება ფქვილის იმპორტს, იანვარ-ივლისში იმპორტირებული ფქვილის ღირებულება 25.6%-ით შემცირდა, თუმცა მოცულობა თითქმის იგივე დარჩა. კლება მხოლოდ 0.9% იყო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საიმპორტო ბაზარზე გასული წლის 7 თვესთან შედარებით ფქვილი გაიაფდა.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანიდან 94 831 ტონა ფქვილის შესაძენად 26.9 მლნ დოლარი გავიდა, რომლის დიდი ნაწილი რუსეთზე მოდის.
მიუხედავად დადებითი ტენდენციებისა მეწისქვილეები მაინც საფრთხებზე საუბრობენ. წისქვილკომბინატ „ბარაქას“ ხელმძღვანელი ლადო ბიძინაშვილი აცხადებს, რომ ფქვილის იმპორტზე გადასახადის დაწესების დროებითმა, საპილოტე ვერსიამ ადგილობრივ გადამმუშავებლებზე დადებითად იმოქმედა, თუმცა უკვე გამოიკვეთა დეტალები, რომლებმაც დღის წესრიგში ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება დააყენა.
„ფქვილის იმპორტზე გადასახადის დაწესებამ ფქვილის რუს მწარმოებლებთან კონკურენციაში შესვლის შესაძლებლობა მოგვცა, რაც ხორბლის იმპორტის ზრდასა და ჩვენს დატვირთულობაზეც აისახა. აქედან გამომდინარე წისქვილები მინიმუმ 50%-იანი დატვირთვით ვმუშაობთ. პირველი პრობლემა რაც გამოიკვეთა ის არის, რომ ხორბლის იმპორტისა და გადამუშავებისას წარმოებული პროდუქციის 70% ფქვილია, დანარჩენი კი - ქატო. ეს გადასახადი მხოლოდ ფქვილზეა დაწესებული, ქატო კი გათავისუფლებულია საიმპორტო ბაჟისგან. გადასახედია საკითხი, როგორ შეიძლება ეს დაბალანსდეს და შეიძლება თუ არა ქატოზეც დაწესდეს გადასახადი, იქიდან გამომდინარე, რომ სარეალიზაციო ფასი ფქვილის და ქატოს ღირებულების შეკრებით გამოგვყავს.
ამასთან ხუთთვიანი პერიოდი საკმაოდ მცირეა და ფქვილზე დაწესებული საიმპორტო გადასახადი გრძელვადიანად უნდა დაწესდეს, რათა ბიზნესმა გრძელ ვადაში შეძლონ მარაგების, შესყიდვებისა და სხვა საკითხების დაგეგმვა.
სამინისტროსთან ურთიერთობა ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს. რუსეთში დაწესებული ბაჟი ყოველკვირეულად იცვლება და ჩვენ მიერ დაწესებული ბაჟის გადახედვაც შეიძლება მოხდეს.
სანამ რუსეთის მხრიდან ხორბლის ექსპორტზე საბაჟო გადასახადი იარსებებს, თუ სარკისებური გადასახადი არ დაწესდება ფქვილის იმპორტზე, ხორბლის იმპორტიორები ფქვილის იმპორტიორებთან თანაბარ პირობებში ვერ ვიქნებით. შესაბამისად, ადგილობრივ მწარმოებლებს გვჭირდება ბერკეტები, რათა ჩვენი წარმოებები დავიცვათ“, - აღნიშნა „ბარაქას“ ხელმძღვანელმა „ბიზნეს მედიასთან“ საუბრისას.
უნდა აღინიშნოს, რომ შარან ხორბლის ექსპორტი შემცირებული იყო. მიზეზი მთავარ საიმპორტო ბაზარზე - რუსეთში ხორბლის საექსპორტო ბაჟი გახდა, რამაც ამ დასახელების მარცვლეულის შემოტანა, ფქვილთან მიმართებით არარენტაბელური გახადა. (2022 წლის 7 თვე - 19.1 მლნ დოლარი, 55 550 ტონა). წელს საქართველოს მთავრობამ მარცვლეულის მწარმოებელთა და ადგილობრივ გადამმუშავებელთა მოთხოვნით ივნისიდან ფქვილის იმპორტზე დროებით გადასახადი დააწესა, რამაც ხორბლის იმპორტის ზრდასა და ადგილობრივი წისქვილების ამუშავებას შეუწყო ხელი.