„კომუნიკაციების ეროვნული კომისია კუდის ბოლო მოქნევის პროცესშია“

„კომუნიკაციების ეროვნული კომისია კუდის ბოლო მოქნევის პროცესშია“

„თელიასონერა“ საქართველოდან გასვლისა და ინვესტიციების გატანის საკითხს განიხილავს“, - კომპანია „ჯეოსელის“ წარმომადგენელის მიერ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გაკეთებული ეს განცხადება ინვესტიციების ბუმის მოლოდინში მყოფ ქვეყანაში სკანდალად იქცა. თუმცა, მოგვიანებით, მოვლენების რადიკალურად განვითარების სცენარი თავად კომპანია „თელიასონერას“ წარმომადგენლის ოფიციალური განცხადებით გაბათილდა.

„თელიასონერა კვლავინდებურად განაგრძობს თავის საქმიანობას საქართველოს ბაზარზე. ქართული ბაზარი მზარდია და ამ ეტაპზე „ჯეოსელი“ საქართველოს ბაზარზე არსებობას განვიხილავთ გრძელვადიანი მომავლის პერსპექტივით,“- აღნიშნავს საგანგებო განცხადებაში „თელიასონერას“ ევრაზიის რეგიონის კორპორაციული კომუნიკაციების ვიცე-პრეზიდენტი.

 „ჯეოსელის“ წარმომადგენელი პარლამენტში საკუთარი განცხადებით კომუნიკაციის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებდა, რომლის თანახმადაც, კომპანიას ლიცენზიისთვის დაწესებული გადასახადი 14 მილიონი ლარით გაეზარდა. საუბარია უწყების მიერ 17 ივლისს მიღებულ დებულებაზე, რომლის საფუძველზეც მობილურ კომპანიას ლიცენზიის გასაგრძელებლად წინა წლებში გადახდილი 34 მილიონი ლარის ნაცვლად 48 მილიონის გადახდა მოუწია.

„როგორც ახსნეს, ეს არის დაზუსტება და როგორი დაზუსტებაა, როცა ერთი და იგივე მუხლის ინტერპრეტაცია 14-მილიონიან სხვაობას იძლევა?!“ - სვამს კითხვას „ჯეოსელის“ წარმომადგენელი და იქვე განმარტავს, თუ კომისიის ეს გადაწყვეტილება მართებულია, მაშინ კომისიის წევრები წლების განმავლობაში ცდებოდნენ და დაბალი გადასახადის განსაზღვრით, სახელმწიფო ბიუჯეტს აზარალებდნენ.

კომპანიის წარმომადგენლის კითხვებს ლოგიკურს, პრეტენზიებს კი სამართლიანს უწოდებს პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელი თინა ხიდაშელი. იგი For.ge-სთან საუბრისას კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის სხვა გადაწყვეტილებებსაც იხსენებს.

„ვფიქრობ, მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილება ღიად დისკრიმინაციული იყო, არა მხოლოდ „ჯეოსელის“, არამედ ბევრი კომპანიის მიმართ. „ბილაინისთვის“ მარეგულირებელ კომისიას განსხვავებული წესები ჰქონდა დადგენილი. თუკი ურთიერთჩართვის დროს სხვა მობილური კომპანიები მომსახურებაში ერთმანეთს წუთში 8 თეთრს უხდიდნენ, „მაგთის“, „ჯეოსელს“ და „ახალ ქსელებს“ 11 თეთრის გადახდა ჰქონდათ დაკისრებული. მარეგულირებელმა კომისიამ მათ, პრაქტიკულად, „ბილაინის“ სუბსიდირება დაავალა“, - აცხადებს ხიდაშელი.

პარლამენტარი პორტირების გადასახადზეც საუბრობს და განმარტავს, რომ მარეგულირებელმა კომისიამ ამ სერვისისთვის მობილური ოპერატორებიდან 7 მილიონი ლარი ამოიღო, მაშინ, როცა კომპანიებს სერვისის განხორციელება ერთმანეთთან შეთანხმებით 600 ათას ლარად შეეძლოთ.

 „ჯეოსელი“ არ არის ერთადერთი კომპანია, რომელიც უკანონო გადასახდის დაკისრებას აპროტესტებს, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გადასახადის არასწორი დათვლის საკითხი დასვა „სუპერTV-მაც“ – კომპანიის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ ახალი „ფორმულით“ გადასახადი 460 ათას ლარამდე გაიზარდა, რაც 200-300-ჯერ აღემატება აქამდე არსებულ გადასახადს.

პროტესტს გამოთქვამს მობილური კომპანია „მაგთიკომიც“. პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე „მაგთის“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ 2004 წელს პროკურატურის ფონდიდან ფიქტიურად შეძენილი 70 მილიონი ლარის ღირებულების ლიცენზიით, ფიჭური კომპანიებისთვის დაწესებული სალიცენზიო მომსახურების ფასი ხელოვნურად გაიზარდა.

„კომუნიკაციების ეროვნული კომისია ივლისის მერე გააქტიურდა, როგორც ჩანს, კუდის ბოლო მოქნევის პროცესშია და ცდილობს თავისი პოლიტიკა სრულმაშტაბიანად გაატაროს, ვიდრე ამის დრო და შესაძლებლობა აქვს“, - აცხადებს თინა ხიდაშელი.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიმართ გამოთქმულ პრეტენზიებზე პოზიციის გამოხატვა for.ge-მ უწყების პრესმდივანს სთხოვა.

„დადგენილებაში შესული ცვლილებები გასაჩივრებულია სასამართლოში. სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე, ნებსიმიერი მხარის მიერ რამე კომენტარის გაკეთება, შესაძლოა, აღქმული იქნას სასამართლოზე ზეწოლად. ამიტომ კომისია ამ საკითხის კომენტირებაზე თავს იკავებს“, - განაცხადა ხატია ყურაშვილმა.

კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას გასაუქმებელ უწყებად მოიხსენიებს ახალი ეკონომიკური სკოლის დამფუძნებელი პაატა შეშელიძე.

„გადაწყვეტილებები, რომლებსაც კომუნიკაციების ეროვნული კომისია იღებს, ბიზნესს აფერხებს, მომხმარებელს აზიანებს, ინვესტრორებს მადას უკარგავს და, შესაბამისად, საბოლოო ჯამში, ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაზე და თავდაცვისუნარიანობაზე აისახება. ინსტიტუტი, რომელიც ბიზნესს აფერხებს, არ უნდა არსებობდეს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას შეშელიძე.

უწყების გაუქმებაზე არა, მაგრამ მისთვის გარკვეული უფლებების კანონით შეზღუდვაზე უკვე საუბრობს პარლამენტში შექმნილი სპეციალური კომისიის ხელმძღვანელი თინა ხიდაშელი. მისი განმარტებით, საპარლამენტო კომისია სპეციალურ ანგარიშს მოამზადებს, რომელშიც კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის განკუთვნილი რეკომენდაციებიც აისახება. მოკვლევის შედეგად მოპოვებული მასალები პროკურატურას გადაეცემა, მარეგულირებელ კომისიას მანიპულაციების შესაძლებლობა კი სპეციალური საკანომდებლო ცვლილებებით შეეზღუდება.