„გიორგი მარგველაშვილს არ სჭირდება დიდი პიარ-კამპანია“

„გიორგი მარგველაშვილს არ სჭირდება დიდი პიარ-კამპანია“

საქართველოში გარკვეული წარმოდგენა პიარის სფეროსადმი უკვე ყველას აქვს და მას განიხილავენ, როგორც პოლიტიკის და მით უმეტეს არჩევნების აუცილებელ შემადგენელ ნაწილს. სხვა საკითხებში თუ არა, პიარ-კამპანიის სფეროში პირველობას „ნაციონალური მოძრაობა“ ამ დრომდე ინარჩუნებს. მაშინ როდესაც არჩევნებამდე სულ ერთი თვეა დარჩენილი, მმართველი გუნდი ჯერ კიდევ არაფერს უპირისპირებს მათ მიერ ტელესივრცეში გაპიარებულ ვიდეორგოლს, სადაც „ქართული ოცნების“ შეუსრულებელ დაპირებებზეა საუბარი. ამის გამო ხშირად ისმის უკმაყოფილება მმართველი გუნდის მხარდამჭერებში, ისინი პიარის გააქტიურებას სოციალური ქსელებითაც ხშირად მოითხოვენ.

ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ ყოფილი გენერალური დირექტორი და „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატის ახლო მეგობარი ლუბა ელიაშვილი for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ გიორგი მარგველაშვილს დიდი პიარ-კამპანია არ სჭირდება, თუმცა მიიჩნევს, რომ მოსახლეობა კარგად უნდა იყოს ინფორმირებული დღევანდელი ხელისუფლების მიღწევების შესახებ.
- გიორგი მარგველაშვილს არ სჭირდება დიდი პიარ-კამპანია. ის გზა, რაც მას აქვს არჩეული, რომ ადამიანებს შეხვედრისას ელაპარაკოს, ყველაზე სწორი გზაა და ამართლებს კიდეც. 

არ მიგაჩნიათ, რომ მმართველი გუნდის მხარდამჭერებისთვის გამაღიზიანებელია მხოლოდ ნაციონალური მოძრაობისვიდეორგოლების მოსმენა ტელევიზიით, იმის შესახებ, რომ ოცნება არ მუშაობს“?
- გეთანხმებით, რომ საზოგადოებამ მართლაც არ იცის ბევრი ისეთი რამ, რაც ახალმა ხელისუფლებამ გააკეთა, რაც სხვათაშორის, არ არის კარგი. ცუდია, რომ „მეცხრე არხი“ გავიდა ტელესივრციდან, რადგან იგი საქართველოს რეგიონებისთვის ხელმისაწვდომი იყო. თუმცა, ჩემთვის გასაგები არის პრემიერის დამოკიდებულებაც, რომ განსხვავებულ მდგომარეობაში არავის არ აყენებს. მგონია, რომ კარგი იქნება თუ თანაბარ პირობებში იქნებიან ყველა კონკურენტები, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ასე მგონია წელს ხელმომჭირნეობის წელიწადია. ჩემი თვალთახედვით, საზოგადოება ნელ-ნელა მიდის სოლიდარული საზოგადოებისკენ. იმას ვგულისხმობ, რომ ადამიანების გადარჩენის კამპანიები გახშირდა, რაშიც ჩვენი კოლეგებიც არიან ჩართული აქტიურად. ადამიანები საკუთარი ძალისხმევით ცდილობენ დაეხმარონ სხვებს, რათა გაიკეთონ ძვირადღირებული ოპერაციები, ანუ დატვირთვა გადმოვიდა საზოგადოებაზე.

.. მიიჩნევთ, რომ კონკურენტები თანაბარ ტელე-პიარს აწარმოებენ, თუ თვლით, რომ ტელე-პიარი არ არის საარჩევნო კამპანიისთვის ეფექტური ნაწილი
- მართალი გითხრათ, ძალიან დაკავებული ვარ და ვერ ვიცლი ვადევნო თვალყური ტელევიზიებს. უფრო შეხვედრებზე დავდივარ, მათ შორის პრეზიდენტობის კანდიდატთან ერთად და იმით ვარ ინფორმირებული, რაც შეხვედრებზე ხდება. ვეცდები მონიტორინგი გავაკეთო და გამოვაქვეყნო „ინფო 9-ზე“.

საპრეზიდენტო კანდიდატის პიარის სამსახურის ხელმძღვანელი შალვა რამიშვილი facebook-ის საკუთარ გვერდზე საზოგადოებას ეკითხება - თანახმა არიან თუ არა, რომ ამ ხელისუფლებამაც წინამორბედივით იხადოს დიდი საბიუჯეტო ფული საკუთარი საქმეების ტელე-პიარში. როგორც პასუხებიდან ჩანს საზოგადოება ითხოვს მეტ პიარს.
- ვეთანხმები შალვას იმაში, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პიარ-კამპანიაში ხარჯავდა ხალხისთვის განკუთვნილ დიდ თანხებს. ყველაფერი მხოლოდ არჩევნებს ხმარდებოდა და არა საზოგადოებას. ეს რაღაცა გამოგონილი პროექტები, ორ კვირიანი დასაქმებები, ცაში გასროლილი დიდი ფეერვერკები, კონცერტები, იყო აბსოლუტურად მხოლოდ პიარი. ახლა კი არის ადამიანური რესურსის და თანხების სწორად გადანაწილების წელიწადი, მათ შორის - საარჩევნო ფულისაც. ნაციონალები ისევ დიდი ფულს ხარჯავენ იმაში, რომ ისე წარმოაჩინონ, თითქოს, ამ ხელისუფლების მიერ არაფერი გაკეთებულა. ამასთანავე იმედია ტელეეთერებით მალე გამოჩნდება ის რგოლები, თუ რა გაკეთდა ამ ერთი წლის განმავლობაში. ასეთი კი ბევრია, თუნდაც უფასო მშობიარობის საკითხი, უფასო სახელმძღვანელოები, რომელიც ყველამ მიიტანა სახლში. მერე რა, რომ ტელევიზიით არ ესმით ეს ყოველ წუთას? სახლში ხომ ნამდვილად მიიტანეს? ნაციონალები, რომ ამბობდნენ ყველაფერი კარგად არის და მშვენივრად ხართო, სახლში რომ მაცივარს აღებნენ ადამიანები, ხომ ხედავდნენ, რომ ეს ასე არ იყო. პიარზე რომ არ არის გადარეული სახელმწიფო ეს კარგია, მაგრამ, რა თქმა უნდა, საჭიროა ადამიანებს დაანახო რა არის სიმართლე და რა გაკეთდა. მაგალითად ვიცი, რომ რთველის კამპანია კახეთში ახლა მიდის ძალიან კარგად, მაგრამ ტელეეთერებით ნეგატივი მეტი ისმის. 

სწორედ მეტი პოზიტივის მოსმენას ითხოვენ მმართველი გუნდის მხარდამჭერები...
- ის პოზიტიური კამპანიაა, რომელსაც ახლა მარგველაშვილი აწარმოებს და ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის თავისი გამარჯვებისკენ, ეს გამარჯვება გარდაუვალია. საზოგადოებამ სწორად უნდა განსაჯოს, რადგან ყოველთვის საზოგადოება იმსახურებს ისეთ ხელისუფლებას როგორიც ჰყავს. რაც შეეხება ტელე-პიარს, ჯერ კიდევ არის დრო წინ და იმედია პიარ-კამპანიაც გააქტიურდება.