საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდი 2013 წლის ბოლო კვარტალში მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზრდას ელოდება, თუმცა ციფრები და პროგნოზი ერთმანეთს მაინც აცდენილია. როგორც ჩანს, მთავრობაში აღარც 4%-იან მაჩვენებელზე გასვლის იმედი აღარ აქვთ და ახალი სამიზნე 3%-იანი მინიმუმის შესრულებაა.
როგორც ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, 6%-იანი ზრდის პროგნოზი, სამწუხაროდ, ვერ შესრულდება, თუმცა ეკონომიკა იზრდება და ორი კვარტლის მონაცემებით ზრდა დადასტურებულად 1,9%-ია. ბოლო კვარტალში კი სერიოზული ზრდაა მოსალოდნელი და ამის თქმის საფუძველს იძლევა ნაკრები იმ პროექტებისა, რომლებიც ეკონომიკის სამინისტროში და საინვესტიციო სააგენტოშია.
მინისტრის განცხადებით, მომზადებულია პროექტები, რომელთა განხორციელება მომავალი წლიდან დაიწყება, ხოლო მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დააკმაყოფილოს მოთხოვნები, რომელიც ინვესტორებს გააჩნიათ. მინისტრის ცნობითვე, წელს ეკონომიკური ზრდა 3%-ზე თუ ავიდა, ეს იქნება ძალიან კარგი მაჩვენებელი: „ჩვენ ზრდას ველოდებით ბოლო კვარტალშიც, აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ წლის ბოლოსთვის 2,5-3%-მდე ზრდაა მოსალოდნელი. არ ვამბობ, რომ ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია, ჯობდა 6%-იანი მოლოდინი შესრულებულიყო, თუმცა ეს მაინც მნიშვნელოვანია“, - განუცხადა კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს.
მას მომავალი წლის უფრო ეიმედება: „ძალიან მკვეთრი პრიორიტეტები უნდა ავირჩიოთ და მიზანმიმართული კამპანია ჩავატაროთ, რაც, სამწუხაროდ, წინა წლებში არ კეთდებოდა. ჩვენ კონკრეტულ პრიორიტეტებზე უნდა დავხარჯოთ მთელი ძალისხმევა“, - განმარტა მინისტრმა.
სხვათა შორის, დაახლოებით იგივე პოზიციაზეა ქვეყნის ფინანსთა მინისტრი, რომელიც ასევე ეკონომიკურ წინსვლას წინასწარმეტყველებს, ოღონდ კონკრეტულ ციფრებს არ ასახელებს. ნოდარ ხადური ბოლო დროს მშპ-ს ზრდის წლიურ მაჩვენებლად 4%-ს ასახელებდა, მაგრამ რამდენად გამართლდება მისი პროგნოზი, ძნელი სათქმელია. იმისათვის, რომ ქვეყანა 4%-იან მაჩვენებელზე გავიდეს, დარჩენილ თვეებში დაახლოებით 6,5-7%-იანი მატება უნდა დაფიქსირდეს, რაც საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ შეუძლებელია.
სწორედ ამიტომ ვარაუდობს საპარლამენტო უმცირესობის წევრის ზურაბ მელიქიშვილი, რომ 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მთავრობა პარლამენტში ბიუჯეტის პროექტის ცვლილებით შევა.
მისი ინფორმაციით, შემოსავლები შემცირებულია, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში სერიოზული დანაკლისია და საუბარია, რომ უკვე წინა თვის ანგარიშის მიხედვით შემოსავლებში 350 მილიონიანი გარღვევაა. ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, მიზეზი ბევრია, მაგრამ მთავარ მიზეზი გაჩერებული პროექტებია.
„ბევრი მაგალითია, რომ ქვეყნები თვითონ იგონებდნენ პროექტებს, რომ ქვეყანა ეკონომიკური რეცესიიდან ამოეყვანათ და ბიზნესმენებისთვის მიმზიდველობა გაეზარდათ. რომელი ბიზნესმენი შემოვა, როდესაც ქვეყანა თვითონ ამბობს უარს სტრატეგიული პროექტების განხორციელებაზე?!“, - განაცხადა დეპუტატმა.
მელიქიშვილის განცხადებით, ზუსტად 27 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ერთი თვის განმავლობაში საქართველოს მთავრობა პარლამენტში ბიუჯეტის პროექტის ცვლილებით შევა, რომლის მიხედვით მთლიანი პარამეტრი 8 მილიარდ 600 მილიონიდან დაახლოებით 400 მილიონი ლარით შემცირდება. „ვინ არის მართალი ზუსტად მას შემდეგ გაირკვევა“, - დასძინა მან.
ბიუჯეტისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ეკონომიკური ზრდის შემცირება მსოფლიო პრობლემა უფროა, ვიდრე კონკრეტულად საქართველოსი. ორიოდე დღის წინათ წამყვანმა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ Fitch-მა მსოფლიო ეკონომიკის განვითარების პროგნოზი კიდევ ერთხელ დაწია. ირკვევა, რომ წელს საერთო შიდა პროდუქტი მსოფლიოში ნაცვლად 2,4%-სა, მხოლოდ 2,3 %-ით მოიმატებს. მომავალი, 2014 წელის პროგნოზმაც 0,2%-იანი უკუსვლა განიცადა და ახლა 2,9%-ის ნიშნულზეა.
რაც შეეხება ცალკეულ ქვეყნებს: ჩინეთის ეკონომიკური განვითარება წელს მოიმატებს მხოლოდ 7,5 %-ით, ხოლო 2014 წელს ზრდა 7%-მდე შემცირდება. რუსეთის საერთო შიდა პროდუქტი 2013 წელს მოიმატებს სულ 2%-ით, ხოლო 2014 წელს - 2,8%-ით. შეერთებული შტატების ეკონომიკის ზრდაში წელს 1,6%-იანი ზრდაა მოსალოდნელი, 2014 წელს კი - 2,6%-იანი.