მიხეილ სააკაშვილი - რუსული პროექტი

მიხეილ სააკაშვილი - რუსული პროექტი

სააკაშვილის აგენტოფობია ყველასათვის ცნობილია. მისი მმართველობის წლებში შევეჩვიეთ, რომ რუსეთის რამდენიმე აგენტი აუცილებლად უნდა გამოევლინათ და ეს წინა ხელისუფლებისთვის უკვე პარანოიამდე დასულ ნორმად იქცა. „აგენტებს“ ეძებდნენ ყველგან და, როცა მათ ვერ მოიხელთებდნენ, შეთხზულ ისტორიებს გვასმენინებდნენ მათ შესახებ. თუმცა ჩვენს საზოგადოებაში იმთავითვე მსჯელობდნენ იმის შესახებ, რომ სააკაშვილმა საქართველოს სტრატეგიული ობიექტები რუსეთს გადასცა. ყველაზე აქტუალური კი ენგურჰესის თემა იყო, რომელიც აგვისტოს ომიდან ორ-სამ კვირაში საქართველოს მთავრობამ საიდუმლო ხელშეკრულების საფუძველზე რუსეთს გადასცა. ეს მაშინ, როცა არ შეიძლებოდა ქვეყნის სტრატეგიული ობიექტის გასხვისების შესახებ ინფორმაცია ტაბუდადებული ყოფილიყო. სხვათა შორის, ამის შესახებ არც ამერიკის მაშინდელი ელჩი ჯონ ტეფტი იყო საქმის კურსში, არადა, რატომღაც ცნობილი იყო, რომ სააკაშვილი ამერიკელების ნდობით აღსავსე პიროვნება იყო.

ჩრდილოელი მეზობლისთვის ეკონომიკური ბერკეტების გადაცემასთან ერთად, რუსეთმა საჩუქრად მიიღო სამაჩაბლოსა და კოდორის ხეობის ძირძველი ქართული ტერიტორიები, რასაც არაერთი ქართველის სიცოცხლე შეეწირა.

რეალურად, არის თუ არა სააკაშვილი რუსული პროექტი და ახორციელებს თუ არა საქართველოში რუსულ ინტერესებს? ამის შესახებ ექსპერტებს განსხვავებული პოზიცია აქვთ.

პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გია ხუხაშვილი ვერ ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილი კლასიკური რუსული პროექტია და რუსეთზე მუშაობს, თუმცა მიიჩნევს, რომ ის ნამდვილად არის ე.წ. გავლენის აგენტი, რომელმაც შესაძლოა, თვითონაც არ იცის, ისე მუშაობს რუსეთის ინტერესებისთვის. ამის დამადასტურებელი არაერთი ფაქტი არსებობს როგორც ეკონომიკაში, ისე - პოლიტიკაში. გია ხუხაშვილი, განსაკუთრებით, 2008 წლის მოვლენებს იხსენებს, როცა ვერცერთი აგენტი ვერ გაუკეთებდა რუსეთს ისეთ საჩუქარს, როგორიც გაუკეთა სააკაშვილმა იმ ტრაგიკული მოვლენების დროს.

ექსპერტი ფიქრობს, რომ სააკაშვილი თუნდაც ბიძამისის ან რუსული ინტერესების გამტარებელი სხვა ადამიანების მეშვეობით რუსეთის მხრიდან ირიბად იყო მართული და მას ამა თუ იმ ქმედებისა თუ გადაწყვეტილების მიღებისკენ უბიძგებდნენ. ამას კი, საბოლოო ჯამში, მოჰყვებოდა რუსული ინტერესების გატარება.

„ჩემი საფუძვლიანი ეჭვით, ის არ იყო პირდაპირ რუსეთის ხელისუფლებისგან დაქირავებული, მაგრამ მის ქმედებებსა და გადაწყვეტილებებზე გავლენას ახდენდნენ ადამიანები, რომლებიც რუსეთზე მუშაობდნენ. რუსეთისთვის მიშა საჩუქარი იყო. შესაძლოა, ის თავისი ცნობიერებით ანტირუსადაც ჩავთვალოთ, მაგრამ ზუსტად ასეთი ადამიანები ხშირად უკეთესად არიან გამოყენებულნი. საკუთარი ინტერესებისთვის მტრის გამოყენება, თუკი ის არაადეკვატურია და აშლილი ფსიქიკა აქვს, ხშირ შემთხვევაში, უკეთესად შეიძლება, ვიდრე მოყვარის. ზუსტად სააკაშვილის აშლილი ფსიქიკით და ადვილად მართვადობით კარგად სარგებლობდა რუსეთი თავისი ჯაშუშური ქსელის მეშვეობით“, - აცხადებს გია ხუხაშვილი და მიიჩნევს, რომ ცალკე კვლევის საგანია, თუ ვინ იყო გაერთიანებული ამ ჯაშუშურ ქსელში, ბიძამისი - თემურ ალასანია, კახა ბენდუქიძე თუ კიდევ სხვები.

ამასთან, გია ხუხაშვილის აზრით, დღემდე გრძელდება ეს სიმპტომები და სააკაშვილის მართვა რუსეთის მხრიდან, რადგან, ერთი მხრივ, რუსეთი ამტკიცებს, რომ მას სურს საქართველოში ადეკვატური ხელისუფლება, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს ასე არ უნდა იყოს და მათთვის ბევრად უფრო კომფორტული იყო ე.წ. ანტირუსი სააკაშვილი, რომელსაც ადვილად უბიძგებდნენ შეცდომებისკენ. სწორედ ამით ხსნის გია ხუხაშვილი ცხინვალის რეგიონის სასაზღვრო ზოლში შექმნილ გაუგებრობას, რაც ლოგიკაში არ ჯდება, თუკი რუსებს მართლაც სურთ დღევანდელ ხელისუფლებასთან საუბარი.

პრემიერ-მინისტრის მრჩეველი მიიჩნევს, რომ ამ წინარსაარჩევნო პერიოდში რუსები ხელოვნურად ძაბავენ ვითარებას და ჩნდება გარკვეული კითხვები. შესაძლოა, ეს მთლიანად რუსული ხელისუფლების პოლიტიკა არ იყოს, მაგრამ რუსეთში არიან ისეთი ძალებიც, რომლებიც დღევანდელ ხელისუფლებაში უფრო მეტ საფრთხეს ხედავენ, ვიდრე ძველ ხელისუფლებაში, რომელიც მათთვის არაადეკვატური მტერი იყო.

ექსპერტი ვახტანგ მაისაია დარწმუნებულია, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსული პროექტია. ამის დასტურად ექსპერტს უამრავი შემთხვევა ახსენდება. კერძოდ, მისი თქმით, რატომღაც არავინ ამახვილებს ყურადღებას, რომ მიხეილ სააკაშვილმა ოფიციალურად დააპატიმრა ადამიანები და მათ მიუსაჯა ნატოს ჯაშუშობა. საუბარია პირადად მასზე და ნატოს სტრუქტურებში მომუშავე კიდევ ორ პიროვნებაზე. ამდენად, ადამიანი „ნატოს ჯაშუშს“ რომ დაიჭერს, ამით ყველაფერი ნათქვამია.

გარდა ამისა, ვახტანგ მაისაია გამოარჩევს მუხროვანის ამბოხების დროს დაპატიმრებულ სამხედროებს, რომლებიც ცხინვალის რეგიონში უშუალოდ ეკვეთებოდნენ რუს ოკუპანტებს. ასევე, გენერალ კობა კობალაძის დაპატიმრების ფაქტს, რომელმაც ქართულ სამხედრო ისტორიაში პირველად დაამარცხა რუსები და მათ შენაერთებს მოუგო ომი. კერძოდ, კობალაძემ კოდორის ხეობაში რუსეთის დესანტი ალყაში მოაქცია და გააქცია.

„საყურადღებოა სააკაშვილის გარემოცვაც - ვანო მერაბიშვილის პრორუსული მიმართულება პირდაპირ დადასტურებული ფაქტია. მისი კონტაქტები ბელორუსიის უშიშროების საბჭოს მდივანთან, შეიმანთან... გარდა ამისა, მერაბიშვილი 19 აპრილს გარბოდა სომხეთში მაისურაძის სახელზე გაყალბებული პასპორტით. რატომ გარბოდა მაინცდამაინც სომხეთში და არა, ვთქვათ, თურქეთში ან დასავლეთის მიმართულებით? სად იმყოფება ამირან მესხელი, მეგის ქარდავა, რომელიც ოფიციალურად ჩაბარდა რუსეთის უშიშროების ტერორისტულ სამსახურს და მათ გადასცა მთელი დოსიეები, მასალები, რაც სპეცსამსახურების საკითხს ეხებოდა?! სწორედ მეგის ქარდავა იყო ბაჩო ახალაიას მარჯვენა ხელი. დღეს კი მეგის ქარდავა აფხაზეთის ტერიტორიაზეა, მასზე მოქმედებს სპეციალური სახელმწიფო დაცვის პროგრამა, რომელსაც ფედერალური სამსახურის წარმომადგენლები ახორციელებენ და მას აფხაზეთის უშიშროების ანტიტერორისტული სამსახური უშუალოდ მფარველობს“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.

მაიასაია, ასევე, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს იმ ფაქტს, რომ თავის დროზე მიხეილ სააკაშვილი მსახურობდა საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის სასაზღვრო ჯარებში და ის იყო საბჭოთა კავშირის სუკის ოპერატიული თანამშრომელი, ხოლო ბიძამისი, თემურ ალასანია, როგორც სუკის საგარეო დაზვერვის ოფიცერი, „გაიშიფრა“ ნიუ-იორკში და ამერიკის მიერ იგი უკანონო პიროვნებად გამოცხადდა. ვახტანგ მაისაია ყურადღებას ამახვილებს რუსეთის სპეცსამსახურებთან თემურ ალასანიას კონტაქტებზეც. საუბარია იარაღით უკანონო მოვაჭრე ვიქტორ ბუტზე.

„მიხეილ სააკაშვილი შეგნებულად ემსახურებოდა რუსეთს. ის იყო რუსული პროექტი, ორმაგი აგენტი - ქართველი ნორიეგა. ნორიეგაც ერთგულებას ეფიცებოდა ამერიკას, თუმცა თანამშრომელობდა კუბის სპეცსამსახურებთან. სააკაშვილი დღესაც აგრძელებს ამ პოზიციაზე მოღვაწეობას და ხელს უწყობს დესტაბილიზაციას საქართველოში, რაც რუსეთის სპეცსამსახურების ინტერესებშია. ივანოვის ჩამოსვლა ვარდების რევოლუციის დროს, ვანო მერაბიშვილის ფაქტორი, რომელიც კონფიდენციალურად შეხვდა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევს ერევანში. ასე რომ, მერაბიშვილი და სააკაშვილი რუსული სპეცსამსახურების გავლენის აგენტები არიან“, - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ და ამ კონტექსტში კოდორის ჩაბარების ფაქტიც გაიხსენა, მაშინ, როცა კოდორის დაცვა სავსებით შესაძლებელი იყო სამხედრო ოპერატიული თუ სამხედრო სტრატეგიული კუთხით.

მისი თქმით, სააკაშვილმა ეკონომიკური დივერსია მოაწყო და სტრატეგიული ობიექტები გადააბარა რუსეთს. მისი იდეა იყო, გაზსადენების, ნავთობსადენის სისტემა „გაზპრომისთვის“ ჩაებარებინა, თუმცა ე მისი მცდელობა ამერიკელებმა შეაჩერეს. ასევე, ვახტანგ მაისაია რუსული ზეგავლენით ხსნის ზურაბ ჟვანიას მკვლელობის ფაქტს, რაც იმის გამო მოხდა, რომ ფოთის პორტის პრივატიზაცია განხორციელდა ერთ-ერთი კომპანიის მიერ, რომელიც რეალურად რუსული კომპანია იყო და აქ გადაიკვეთა სააკაშვილისა და ჟვანიას ინტერესები. ფაქტობრივად, სააკაშვილს რუსული კომპანია შემოჰყავდა, რასაც შეეწირა ზურაბ ჟვანია.

ასევე, ვახტანგ მაისაიასთვის ამ კუთხით საინტერესოა ლაფანყურის ოპერაციის დეტალები, რომელიც იჩქერიის დევნილი მთავრობის წარმომადგენლის ახმედ ზაკაევის დაკვეთით გამოიძიეს და დასკვნაც დაიდო, რომ ეს ოპერაცია სააკაშვილისა და მერაბიშვილის მხრიდან რუსეთის სპეცსამსახურების უშუალო დაკვეთით განხორციელდა, სადაც განადგურდა ე.წ. ტერორისტების ჯგუფი, რომლებიც, სინამდვილეში, ანტირუსული ორიენტაციის იყვნენ.

„სწორედ ამ ინტერესების დამალვას ემსახურებოდა სააკაშვილის მიერ სხვებისთვის ჯაშუშების დაბრალების ისტერია“, - ფიქრობს ვახტანგ მაისაია და ბარაკ ობამას დისტანცირების ფაქტს იხსენებს სააკაშვილთან მიმართებით. ასევე, აცხადებს, რომ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი არ ელაპარაკებოდა სააკაშვილს და ბუქარესტის სამიტზეც არ მივიღეთ მაპი, რადგან გერმანიამ უნდობლობა გამოუცხადა სააკაშვილის რეჟიმს, როგორც ტროას ცხენს.

***

ახლა კი გთავაზობთ იმ სტრატეგიული ობიექტების ჩამონათვალს, რომლებიც სააკაშვილის დროს გადაეცათ რუსებს:

1. ენგურჰესი - რუსული კომპანია „რაოესი“

2. ჟინვალჰესი - რუსული კომპანია „რაოესი“

3. რიონჰესი - რუსული კომპანია „ენერჯი ინვესტი“

4. გუმათი1 - რუსული კომპანია „ენერგო პრო“

5. გუმათი2 - რუსული კომპანია „ენერგო პრო“

6. ლაჯანურჰესი - რუსული კომპანია „ენერგო პრო“

7. შაორჰესი - რუსული კომპანია „ენერგო პრო“

8. ვარციხე1 - რუსული კომპანია „ენერგო პრო“

9. ვარციხე2 - რუსული კომპანია „ენერგო პრო“

10. ვარციხე3 - რუსული კომპანია „ენერგო პრო“

11. ვარციხე4 - რუსული კომპანია „ენერგო პრო“

12. ხრამი1 - რუსული კომპანია „რაოესი“

13. ხრამი2 - რუსული კომპანია „რაოესი“

14. ხრამი3 - რუსული კომპანია „რაოესი“

15. ხრამი4 - რუსული კომპანია „რაოესი“

16. ხრამი5 - რუსული კომპანია „რაოესი“

17. ყაზტრანსგაზ თბილისი-რუსული კომპანია „გაზპრომი“

18. გაზ.კომპანია „იტერა“ - რუსული კომპანია „გაზპრომის“ შვილობილი კომპანია

19. შავ ზღვაში ნავთობისა და გაზის მომპოვებელი ფირმა „ალექსი“ - რუსული კომპანია „გაზპრომის“ შვილობილი კომპანიაა

20. გარდაბნის მე-9ენერგო ბლოკი-რუსული კომპანია „ინტერ რაო“

21. გარდაბნის მე-10 ენერგო ბლოკი-რუსული კომპანია „ინტერ რაო“

22. მაღალი ძაბვის გადამცემი 500 კილოვატიანი ხაზები-რუსული კომპანია „ინტერ რაო“

23. „მადნეული“ - რუსული კომპანია „პრომიშლენ ინვესტი“

24. „კვარციტი“ - რუსული კომპანია „პრომიშლენ ინვესტი“

25. საბორნე გადაზიდვები ფოთიდან და ბათუმიდან „რუსეთის რკინიგზა“

26. კომპანია „ბილაინი“ - რუსული კომპანიაა

27. „აზოტი“ - რუსული კომპანია „პრომიშლენ ინვესტი“

28. „გაერთიანებული ქართული ბანკი“ -რუსული კომპანია „ვითიბი“

29. „ლუკოილ ჯორჯია“ - რუსული კომპანია „ლუკოილი“

30. „ზესტაფონის „ფერო“ - რუსული კომპანია „პრომიშლენ ინვესტი“

31. ელმავალმშენებელი ქარხანა -რუსული კომპანია „დემა კომპიუტერი“

32. არამიანცის, თბილისის 3¹1 საავადმყოფო-რუსული კომპანია „ბატუსი“

33. თბილისის წყალი-რუსული კომპანია „ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერი“.