გილოცავთ რთველს! რთველს გაუმარჯოს! უკვე კვირებია, კახეთში ნაცნობ-უცნობები ერთმანეთს ასე ესალმებიან. რთველი 2013 დედოფლისწყაროდან დაიწყო და კახეთის რვავე რაიონში აქტიურად მიმდინარეობს.
ადგილობრივი მევენახეები წლევანდელი მოსავლით კმაყოფილები არიან. მოსწონთ ყურძნის ფასიც. შენიშვნები მხოლოდ მოწეული მოსავლის ჩაბარების დროს წარმოქმნილ რიგებზე აქვთ. კახელი გლეხები ხელისუფლებას რიგების მოწესრიგებაზე მეტ კონტროლს სთხოვენ.
„ადრე 40-45 თეთრი ღირდა ერთი კილოგრამი ყურძენი, ახლა თეთრი ყურძენი ლარი ღირს, საფერავი ლარი და 65 თეთრი და უკმაყოფილო რად ვიქნები?! დასამალი არ არის, ცოტა კონტროლია საჭირო ჩაბარების დროს. ბეჩავი ხალხი საათობით ვდგავართ, კარგი იქნება თუ ამ საკითხსაც მოგვიგვარებენ“, - გვითხრა გურჯაანის რაიონის სოფელ არაშენდას მკვიდრმა ალექსანდრე ზვერიაშვილმა, რომელიც „თბილღვინოს“ ჩამბარებელ პუნქტში რიგში ათამდე გლეხთან ერთად იდგა.
„უმაღლესად მიდის ხარისხის შემოწმება. ჩვენ არკი გვინდა, რაღაც გვიპოვონ ხარჯიანი, მაგრამ ისიც მახარებს, კარგი რომ გავა საზღვარგარეთ, მერე კიდევ მოითხოვენ და ყურძენს ფასიც დაედება. კარგი ყურძენი მოვიდა წლეულს. ოღონდ, ეგეთი მოსავალი იყოს და იყოს რიგები. შარშან ვენახი დამისეტყვა და 20-ტონიანი მოსავალი გაფუჭდა. აი, მაშინ არც ჩაბარებაზე იყო რიგები“, - ამბობს სოლომონ ნონიაშვილი. ის თელავის რაიონში ცხოვრობს, სოფელ სანიორეში.
მევენახე სასოფლო ბარათების პროგრამასაც იხსენებს და კარგ მოსავალს ვენახის კარგად შეწამვლას უკავშირებს.
„ვაუჩერები რომ მოგვცეს, 1200 ლარისა შესაწამლი ვიყიდე, მაღალი დოზა მივეცი. ჰექტარი და 4 პლანი მაქვს. 2000 წელში ჩემი მარჯვენით გაშენებული ვაზიდან 18 ტონა მარტო საფერავი ჩავაბარე. 12 ტონა - თეთრი. სამდური რა უნდა მქონდეს“, - აღნიშნავს ნონიაშვილი.
კახეთში რთველის მიმდინარეობას უშუალოდ აკვირდება სოფლის მეურნეობის სამინისტრო. სამინისტროს ხელმღვანელი პირები რაიონებსა და სოფლებში ჩადიან და ყურძნის კრეფა-დაწურვაში სიმბოლურად თავადვე მონაწილეობენ.
„გლეხებმა 55 ათას ტონაზე მეტი ყურძენი უკვე ჩააბარეს. 70-მდე კერძო კომპანია მუშაობს კახეთის მასშტაბით. წლევანდელი რთველი პრინციპულად განსხვავდება წინა რთველებისგან. სპეციალური ფინანსური ინსტრუმენტი შეიქმნა მეღვინეებისთვის, რათა შეძლებოდათ ყურძნის შესყიდვა. შეიცვალა სუბსიდირების მექანიზმიც - ფერმერთა არაპირდაპირ სუბსიდირებას მეღვინეობის ქარხნების მეშვეობით ვახორცილებთ. რთველის პროცესში სახელმწიფოს ჩარევა წელს გაცილებით მცირეა. მთავარი მოთამაშეები კერძო კომპანიები არიან“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ. მან სოფელ ნაფარეულში, „ტყუპების ღვინის სახლის“ ვენახში, ყურძენი ჟურნალისტებთან ერთად დაკრიფა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მოწყობილი მედიატურის ფარგლებში ჟურნალისტებს ღვინის კომპანიების დათვალიერების შესაძლებლობაც ჰქონდათ.
კომპანია „შუხმან ვაინს ჯორჯია“ 2010 წლიდან ამუშავდა და ქართული ღვინის ექსპორტს 10 ქვეყანაში აწარმოებს. უკვე გადამუშავებული აქვთ 500 ტონამდე ყურძენი და კიდევ 300 ტონის გადამუშავებას გეგმავენ.
„70% გაგვაქვს ექსპორტზე - ძირითადი ქვეყნებია გერმანია, ავსტრია, შვეიცარია, პოლონეთი... ერთადერთი კომპანია ვართ ვინც საფრანგეთში ვყიდით ღვინოს. წელს უკვე მესამედ ვგზავნით პროდუქციას საფრანგეთში - დიდი ასორტიმენტი მიაქვთ. პოპულარული სუპერმარკეტების ქსელში და სასტუმრო-რესტორნებში იყიდება. ჩვენი პროდუქცია ძვირია, მაგრამ აქცენტს ხარისხზე ვაკეთებთ და ამიტომ ღვინოს კარგად ვყიდით“, - აცხადებს კომპანია „შუხმან ვაინს ჯორჯიას“ დირექტორი როლანდ ბურდიაშვილი.
კომპანიამ წელს პროდუქციის წარმოება 30%-ით გაზარდა. დირექტორის თქმით, წარმოების გაზრდისთვის საჭირო ინვენტარი „იაფი კრედიტის“ სამთავრობო პროგრამით შეიძინეს.
„ახალი მარანი ავაშენეთ ჭურჭელი შევიძინეთ, საწყობი გავაკეთეთ მინიმუმ 30%-ით გაიზარდა ჩვენი წარმოება. 180 ათასი აშშ დოლარი სესხი. 13%-იანი სესხიდან 12-ს სახელმწიფო იხდის. ფაქტობრივად, 1%-ს იხდის მეწარმე“, - განმარტავს როლანდ ბურდიაშვილი. კომპანია მომავალი კვირიდან ღვინის ექსპორტს რუსეთშიც გეგმავს.
ღვინის წარმოებას ტურისტულ ინფრასტრუქტურასთან ერთად ავითარებს კომპანია „მეღვინეობა ხარება“. კომპანია 2004 წელს დაარსდა. ამავე წელს შეიძინა სპეციალურად მოწყობილი გვირაბიც, რომელშიც მუზეუმი მოაწყო. 1965 წელს, კომუნისტების დროს, თავდაცვის მიზნით აშენებული გვირაბში დღეს „მეღვინეობა ხარება“ ღვინოს აძველებს. 8 კილომეტრის მოცულობის 15 გვირაბში 30 ათასი ბოთლი ღვინო ინახება. აქ ზამთარ-ზაფხულ ტემპერატურა უცვლელია - 13-14 გრადუსი. ტენიანობა 70%-მდეა, რაც ღვინის შენახვა-დაძველებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის. კომპანია „მეღვინეობა ხარება“ ქვევრის და ცქრიალა ღვინოებს აწარმოებს. „ხარებას“ ვენახები კახეთსა და იმერეთში - 700 ჰექტარზე აქვს გაშენებული.
„კახეთის რთველი ახლა პიკშია. ველით ტემპის ნელ-ნელა კლებას. ყველაფერი ჩვენ მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით მიდის. კარგ მოსავალს კარგი ხარისხის ღვინო მოჰყვება.
53 მიმღები პუნქტია კახეთის რეგიონში. ყველგან სხედან სოფლის მეურნეობისა და ქარხნის წარმომადგენლები და ერთობლივად ვახორციელებთ აღრიცხვას. სისტემის შედეგად, რომელიც ჩვენ დავნერგეთ, ინფორმაციას ყველა ქარხნიდან ვიღებთ. ზუსტად გვეცოდინება, რა ოდენობის ყურძენი მიიღეს და რა ოდენობის ღვინო აწარმოეს“, - განმარტავს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით შერვაშიძე.
კახეთის რთველი მალე დასრულდება. შემდეგ კი ყურძენი იმერეთსა და რაჭაშიც დაიკრიფება. სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამ რეგიონებშიც წარმატებულ რთველს ელის. სამინისტროს ვარუდით, რაჭაში ალექსანდროულის ჯიშის ყურძენი 7 ლარზე ნაკლები არ ეღირება.