ათეულობით ათასი ტონა „განხეთქილების“ ვაშლი

ათეულობით ათასი ტონა „განხეთქილების“ ვაშლი

გორში უკვე იგრძნეს, რომ ვაშლის რეალიზაციას სასიკეთო პირი არ უჩანს. ქართული ხილისთვის რუსეთის ბაზარი ჯერ კიდევ დაკეტილია, აზერბაჯიანელები ნაკლებად აქტიურობენ. არადა, წელს დიდი მოსავალია, იმდენად დიდი, რომ საქართველოს მასშტაბით მისი რეალიზაცია წარმოუდგენელია. თუკი რამე არ შეიცვალა, 70 ათასი ტონა ვაშლი გაუსაღებელი დარჩება.

„წინასაწარი გაანგარიშებით, გორის მუნიციპალიტეტში მოყვანილ 60-70 ათას ტონა ხილის რეალიზაციას ადგილობრივი ბაზარი ვერ უზრუნველყოფს და რეალიზაციის გარეშე რჩება, შესაბამისად, ამ საკითხში სახელმწიფო უნდა დაგვეხმაროს“, - აღნიშნულია გორის მუნიციპალიტეტის აგრარული კომისიის დასკვნაში, რომელიც ოფიციალურად გამოქვეყნდა.

კომისიის თავმჯდომარის სოსო ხუროშვილის განცხადებით, აუცილებელია უცხოელი ინვესტორების მოზიდვა, რომლებიც პროდუქციას ადგილზე დაამზადებენ და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაიტანენ. ასევე უნდა გადაიხედოს საბაჟო ფასები, რის გამოც უცხოელები ხილის შესყიდვაზე უარს ამბობენ“, - აღნიშნავს ხუროშვილი.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, გორის მუნიციპალიტეტში თესლოვან ნარგაობას 10 900 ჰა უკავია. საერთო ჯამში, მოსალოდნელია 110-120 ათასი ტონა ხილის მოკრეფა, რომელშიც უხარისხო (სამრეწველო) და ხარისხიანი ხილი შედის.

„წარმოებული ხილიდან 30% არასტანდარტულია (დაახლოებით 40 ათასი ტონა), გორში მოქმედ გადამამუშავებელ ქარხნებს თავისუფლად შეუძლიათ აღნიშნული არასტანდარტული ხილის მიღება-გადამუშავება, მაგრამ პრობლემად რჩება ხილის ფასის გადახდის საკითხი, მრეწველობა 1 კგ ხილში გლეხს 5-10 თეთრს უხდის, გლეხს კი მისი აკრეფა და გამოტანა 15 თეთრი უჯდება. საკონსერვო მრეწველობამ არასტანდარტული ხილი თვითღირებულების ფასში უნდა მიიღოს“, - წერია მუნიციპალიტეტის მიერ შედგენილი სარეკომენდაციო დოკუმენტში.

„რადგან კერძო საკუთრებასთან გვაქვს საქმე, საჭიროა, გამოინახოს შუამავალი რგოლი, რომელიც ფასების საკითხს დაარეგულირებს, შუამავალი რგოლი კი სახელმწიფოა, რომელიც არეგულირებს ყურძნის და ციტრუსების ფასებს. აქედან გამომდინარე, უნდა ვთხოვოთ ხელისუფლებას, რომ ასეთივე დახმარება გორელ მეხილეებს ხილის რეალიზაციის საქმეში გაუწიოს”, - აღნიშნავს სოსო ხუროშვილი შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბრისას.

ადგილობრივი მკვიდრი ვახტანგ გორელიშვილი წლეულს 25-30 ტონა ვაშლის დაკრეფას აპირებს. მისი ინფორმაციით, ვაშლის ხეებს იმდენი ასხია, რომ დახუნძლული ტოტებისთვის ბიჯგების შეყენება გახდა საჭირო. ახლა მისი წუხილი რეალიზაციაა და თვალი ისევ სახელმწიფოსკენ უჭირავს - იქნებ მთავრობამ რამე გადაწყვეტილება მიიღოს და მოსავლის რეალიზაცია გლეხებს თავის ტკივილად არ ექცეთ.

„რამდენიმე წლის წინ რეალიზაციის პრობლემა არ იყო, ვიცოდით ოსები შემოვიდოდნენ და ერთიანად წაიღებდნენ. შედარებით დაბალი ხარისხის ვაშლი გაგვქონდა ბაზარზე, უფრო ცუდს კი საწარმოში ვაბარებდით. ბოლო წლებში გაყიდვა დიდ პრობლემად გვექცა. მოწეული ხილი თავად დაგვაქვს გორის, თბილისის, ხაშურის ბაზრებზე. ხან ვყიდით, ხან - ვერა.

პრობლემაა ისიც, რომ ვაშლი ერთიანად უნდა მოვიშოროთ, სანამ დალპება. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ მაცივრებიც განადგურდა. შენახვა რომ შეგვეძლოს, ნელ-ნელა გავყიდდით, რადგან გაზაფხულზე უფრო მაღალი ფასია. ჩვენ შემოდგომასვე ჩალის ფასად ვყიდით, ბევრჯერ 10-20 თეთრადაც ჩაგვიბარებია. მერე შემოდის ირანული ვაშლი და კილოგრამი 2-დან-4 ლარამდე იყიდება“, - ამბობს გორელიშვილი.