„ამხელა პროექტზე უარის თქმა, წარმოუდეგენელია“

„ამხელა პროექტზე უარის თქმა, წარმოუდეგენელია“

გარემოს დაცვის სამინისტროს „ხუდონჰესის“ გარემოზე ზემოქმედებასთან დაკავშირებით დასკვნა გაცემული არ აქვს. გარემოს დაცვის მინისტრი, ხათუნა გოგალაძე აცხადებს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, მხოლოდ წინასწარი განხილვაა დაწყებული. მინისტრის განცხადებით, „ხუდონჰესთან“ დაკავშირებით არის ორი ძირითადი საკითხი, რასაც ყურადღება უნდა მიექცეს - ერთი არის გარემოზე ზემოქმედების, მეორე კი სოციალური ასპექტები. გარემოსთან დაკავშირებით მხოლოდ წინასწარი განხილვაა დაწყებული. რაც შეეხება სოციალურ ასპექტებს, მინისტრის განცხადებით, სოციალური ასპექტები ამ მხრივ არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს არაა მხოლოდ გარემოს დაცვის სამინისტროს გადასაწყვეტი.

ხათუნა გოგოლაძის განცხადებით, ამაში ჩაერთვება მთელი მთავრობა და გადაწყვეტილება მიღებული იქნება საზოგადოების აზრის გათვალისწინებით.

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ეს არის ძალიან მსხვილი ენერგეტიკული ინვესტიცია საქართველოში და შესაბამისად, მაქსიმალურად გათვალისწინებულია მოსახლეობის ინტერესები.

ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები აცხადებდნენ, რომ სვანეთში გიგანტური ჰესის მშენებლობა არ შეიძლება, რადგან ის გამოიწვევს სოფლების დატბორვას და ისტორიული ადგილების განადგურებას.

რამდენად არის სოციალური ასტექტები გათვალისწინებული?

ილია ელოშვილი: დატბორვა ეს არის ყველაზე რთული და ყველაზე მწვავე საკითხი. მოხდება მოსახლეობის განსახლება და შესაბამისად, ამ ადგილას აშენდება კაშხალი. განსახლება, ხშირად, თან ახლავს არა მარტო ჰესების მშენებლობებს, არამედ ხშირად ხიდების და გზების მშენებლობასაც. ნებისმიერი დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი შეიძლება იწვევდეს განსახლებას. ამ შემთხვევაში „ხუდონჰესის“ მშენებლობის პარალელურად მოხდება 200-მდე ოჯახის განსახლება, რომელიც ცხოვრობს სოფელ ხაიშში.

თუ ადგილობრივი მოსახლეობის განსახლება მაინც მოხდება, მაშინ რა განსხვავებაა წინა ხელისუფლებისა და ამ ხელისუფლების მიდგომებს შორის?

- წინა მთვარობის პირობებში საერთოდ არ აინტერესებდათ ვინ რას ფიქრობდა. ინვესტორი გაფრთხილებული იყო, რომ არ ჩარეულიყო ამ პროცესებში. მთავრობა კი ზუსტად იმ ფორმით, როგორც ამას აკეთებდა, ერთ დღესაც ყველას გადაასახლებდა და ამით დასრულდებოდა ეს პროცესი. რაც მთავარია, არავინ არ შეეკითხებოდა ამ ადამიანებს სად დაასახლებდნენ.

იყო ინფორმაცია, რომ ლაზიკაში მოხდებოდა მათი დასახლება...

- ასეთი ინფორმაცია ნამდვილად იყო. ჩვენი მიდგომა არის განსხვავებული. ჩვენ ვეუბნებით ამ ხალხს, რომ განსახლება მოხდება საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. რაც ნიშნავს, რომ ინვესტორი ვალდებულია მივიდეს, დაელაპარაკოს თითოეულ ოჯახს, გაიგოს მათი აზრი. როდესაც ყველა ოჯახს ცალ-ცალკე დაელაპარაკება და მთლიანობაში გვეცოდინება მოსახლეობის აზრი, აქედან გამომდინარე, ჩვენ გვეცოდინება განსახლების რა სტრატეგია შევთავაზოთ. ანუ, ურჩევნიათ იქვე გვერდზე აშენდეს სოფელი, ქალაქში ურჩევნიათ გადასვლა თუ კომპენსაციის გაცემა. ეს არის ახალი მიდგომა.

კომპენსაციის თანხა, როგორ განისაზღვრება?

- მოსახლეობის კომპენსირება და განსახლება მსოფლიო ბანკის 4/12 სტანდარტებით განხორციელდება, რაც მოსახლეობის ინტერესების მაქსიმალურ დაკმაყოფილებას გულისხმობს. როდესაც ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტის მშენებლობა ხორციელდება, მთვარობა 200 და გნებავთ 800 კაცის შეკრების გამო, ასეთ პროექტზე უარს ვერ იტყვის. ასე არ კეთდება პროექტები. ნებისმიერ პროექტს აქვს თავისი მიდგომა, ყველაფერს მივყვებით საერთაშორისო სტანდარტებით. ჩვენ არ ვართ პირველები ვინც ამას აკეთებს და არც უკანასკნელი არ ვიქნებით.

მას შემდეგ რაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, გადახედა თავის პროგრამას, შიგნიდან შეხედა სიტუაციას, რა ხდება, როგორ მიმდინარეობს პროცესები და თქვა - მოდი, შევიტანოთ „ხუდონჰესის“ მშენბლობის საკითხი. შევისწავლეთ ეს საკითხი, შევცვალეთ მემორამდუმები, ჩავრთეთ მთელი საზოგადოება, მათ შორის - არასამთავრობო სექტორი, შევხვდით ინვესტორებს და გავაუმჯობესეთ ეს საკითხი. ახალ ხელშეკრულებაში ჩავწერეთ, რომ განსახლების გეგმა უნდა მოხდეს მსოფლიო ბანკის სტანდარტების მიხედვით. შესაბამისად, დიახ, შეასრულა „ქართულმა ოცნებამ“ დანაპირები. მან გადახედა ამ მშენბლობებს და ეს მშენებლობები დაიწყება საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით და არა ისე, როგორც კეთდებოდა.

ამ ჰესის მშენებლობას ჰყავს როგორც მოწინააღმდეგე, ისე მომხრეებიც. პროცესები რომელიც ამ საკითხის ირგვლივ ვითარდება, ხომ არ არის პოლიტიკურად მართული?

- რამდენიმე კუთხით შეიძლება ამის განხილვა. ერთი არის ადამიანური ფაქტორი, ისინი ცდილობენ, რომ თავი წარმოაჩინონ გმირებად, რომ თითქოს, მათ გარდა არავის არ უყვარს ეს ქვეყანა. მეორე ნაწილია, რომელიც ცდილობს მატერიალურ გამორჩენას, ხელფას იღებენ ამაში. მესამე ნაწილი ეს არის პოლიტიკურად დაინტერესებული მხარე, მეოთხე ნაწილი ეს არის მართლა პატრიოტი ადამიანები, რომლებსაც არც პარტიული და არც ფინანსური დაინტერესება არ აქვთ, მაგრამ სჯერათ, რომ ეს ცუდია. თუმცა, ეს ადამიანები ცდებიან. ისინი ამბობენ, რომ სვანეთი დაიტბორებაო. რას ნიშნავს ეს, როგორ დაიტბორება სვანეთი, როდესაც 500 ჰექტარი იქნება ეს წყალსაცავი, რომელიც დაემატება სვანეთის ტერიტორიას.

ზამთრის პერიოდში დამატებით, 400 მილიონ კვტ/სთ ელექტროენერგია მოგვემატება. რაც დაახლოებით 25-30% -ია ჩვენი იმპორტი, შესაბმისად, 50-დან 100 მილიონამდე ყოველწელიწადს აღარ გავა რუსეთში, ან ნებისმიერ მეზობელ ქვეყანაში ჩვენგან, უკვე ადგილზე გვექნება. პლუს ამას, ყოველ წელიწადს „ხუდონჰესი“ ქონების გადასახადის სახით, 4 მილიონ ლარს  შეიტანს ბიუჯეტში. ეს არის უდიდესი თანხა სვანეთისთვის, ეს იქნება სვანეთის აღორძინება. ეს ნიშნავს მშენებლობაზე დასაქმებულ ადამიანებს და მშენებლობის შემდეგ დასაქმებულ ადამიანებს. ამხელა პროექტზე უარის თქმა, წარმოუდეგენელია. მაშინ ჩვენ, უბრალოდ, ვერ განვვითარდებით და თუ ეს გვინდა, მაშინ, ვთქვათ. ეს არის ძალიან მსხვილი ენერგეტიკული ინვესტიცია საქართველოში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მაქსიმალურად გათვალისწინებულია მოსახლეობის ინტერესები.